განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.02.2018
საქმის ნომერი
330310017002183323
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
09.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002183323

საქმე №3ბ/170-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

09 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი

მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე

ლევან მურუსიძე

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტები - ჯ---–----- ე-–---ა, ც----ა გ-------–---ი

წარმომადგენლები - მ------ ა-------, ფ-------- ს-----–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

წარმოამდგენელი - მზია ცერაძე

 

დავის საგანი - ქმედების უკანონოდ აღიარება, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.აპელანტების მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ---–----- ე-–---ას და ც----ა გ-------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

მოსარჩელეებმა, 2017 წლის 14, 15, 16 და 17 ნოემბერს პროტესტის გამოხატვის მიზნით დაიწყეს შეკრება საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის წინ და განათავსეს კარავი საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის მიმდებარედ. (ს.ფ. 24; 44).

 

მოსარჩელეთა მიერ, საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის მიმდებარედ, კარავის განთავსება აღკვეთილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ. (ს.ფ. 24; 44).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეები 2017 წლის 14 ნოემბრიდან დღემდე (2017 წლის 30 ნოემბერი) შეკრებილები არიან საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის წინ და თავისუფლად გამოხატავენ პროტესტს. შესაბამისად, მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარის მიერ ქმედების განხორციელებით (კარავის განთავსების აღკვეთა) არ შეზღუდულა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება - წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ(ს.ფ. 46-55).

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად: 1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. 2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. 3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა, აგრეთვე სხვებთან გაერთიანების თავისუფლებისა, მათ შორის, უფლება პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანებისა საკუთარი ინტერესების დასაცავად. დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს, დააწესოს კანონიერი შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ.

 

ამდენად, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებისათვის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს. შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი. კონვენციის მე-11 მუხლი არ იცავს მათ, ვისაც გააჩნია ძალადობრივი მიზნები, რომლებიც შემდეგ გადაიზრდება საზოგადოებრივ არეულობაში. მითითებული უფლებით დაცულ სფეროში შედის კერძო შეხვედრები, შეხვედრები ქუჩაში და სხვა საჯარო ადგილებში, მსვლელობები, პროცესიები, მჯდომარე აქციები. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით შეკრების (მანიფესტაციის) შესაძლებლობა დემოკრატიული მმართველობის განუყოფელი ნაწილია. ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. ამასთან ერთად, შეკრების და მანიფესტაციის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. ამ უფლების, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლების სხვა ფორმების, შეზღუდვა დასაშვებია კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის, სხვა კონსტიტუციური უფლებებისა და პრინციპების უზრუნველყოფის მიზნით. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული მუხლებით დაცული უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს ამავე მუხლებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. კერძოდ, შეზღუდვა მართლზომიერად რომ ჩაითვალოს, უნდა იყოს კანონის შესაბამისი და ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს (ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესის, უწესრიგობის ან დანაშულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის ან ზნეობოს სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად), ამასთან, აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. შეზღუდვის მართლზომიერების განსაზღვრისას, პირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ძირითად უფლებაში ჩარევის ფორმალური საფუძველი - შეზღუდვა დაწესებულია თუ არა კანონმდებლობით, ხოლო შემდგომ შეფასდეს ემსახურება თუ არა აღნიშნული შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს.

 

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით. აღნიშნული კანონი, ასევე, აწესრიგებს პირების მიერ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების განხორციელებას − წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. მითითებული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს: ა) საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ მიმართული; ბ) კანონით გათვალისწინებული; გ) დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი; დ) არადისკრიმინაციული; ე) პროპორციულად შემზღუდველი; ვ) ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხის ქმედებით (კარავის განთავსების აღკვეთა) არ შეზღუდულა მოსარჩელეთა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება - წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ, ვინაიდან მოსარჩელეები 2017 წლის 14 ნოემბრიდან დღემდე (2017 წლის 30 ნოემბერი) შეკრებილები არიან საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციის შენობის წინ და თავისუფლად გამოხატავენ პროტესტს, შეიზღუდა მხოლოდ კარავის, როგორც შეკრების უფლების განხორციელებისთვის საჭირო ერთ-ერთი ფორმის, განთავსების უფლება.

 

ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს, თუ რამდენად შესაბამისობაშია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ქმედება - კარავის განთავსების აღკვეთა მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

სასამართლომ, საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის წინ მოსარჩელეთა მიერ კარვის განთავსების საკითხთან მიმართებაში, განმარტა, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროისა, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობას. ამასთან, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას ორი, თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი გააჩნია: პირველი ამ უფლების ფორმალური მხარე, რომელიც შეკრებასა და მანიფესტაციაში გამოიხატება და მეორე - კონკრეტული აზრი, რომელსაც შეკრება ან მანიფესტაცია ემსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეკრება (მანიფესტაცია), რომელიც მოკლებულია შინაარსობრივ დატვირთვას და არ ემსახურება აზრის, ინფორმაციის გაზიარებას ან გავრცელებას, ვერ იქნება მიჩნეული კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებად, რამდენადაც შეკრებას (მანიფესტაციას) კონსტიტუციით დაცულ უფლებად მისი მიზანი და შინაარსი აქცევს. შესაბამისად, შეკრება (მანიფესტაცია), რომელიც აზრის გამოხატვას არ ემსახურება, არ თავსდება კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ სფეროში.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ კარვის განთავსებას არა აქვს შინაარსობრივი დატვირთვა, ამასთან, მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, რომ კარვის განთავსება წარმოადგენს შეკრების ორგანიზებისა და განხორციელების აუცილებელ საშუალებას, უფრო მეტიც, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეები (აქციის მონაწილეები) 2017 წლის 14 ნოემბრიდან დღემდე (2017 წლის 30 ნოემბერი) შეკრებილები არიან საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციის შენობის წინ და თავისუფლად გამოხატავენ პროტესტს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც კარავს არა აქვს შინაარსობრივი დატვირთვა და ამასთან, კარვის განთავსება არ წარმოადგენს შეკრების უფლების განხორციელებისთვის აუცილებელ საშუალებას, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ქმედება - კარავის განთავსების აღკვეთა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა ძირითადი უფლების შეზღუდვა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 14-17 ნოემბერს განხორციელებული ქმედების კანონიერად მიჩნევის საფუძველია.

 

მოსარჩელეთა მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოსარჩელეთა მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვა, მოსარჩელეებს ხელი არ შეეშალოთ და მიეცეთ შესაძლებლობა (აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად) განათავსონ კარავი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმდებარედ, მოსარჩელეთა მიერ შერჩეულ ადგილზე (ადგილი, სადაც მოსარჩელეებს, 2017 წლის 14-17 ნოემბერს, ჰქონდათ კარავის განთავსების მცდელობა).

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ნოემბრიდან დღემდე მოსარჩელეები (აქციის მონაწილეები) შეკრებილები არიან საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციის შენობის წინ და თავისუფლად გამოხატავენ პროტესტს. აღნიშნულის გათვალისწინინებით, სარჩელის მოთხოვნა - მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოსარჩელეთა მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვა, უსაფუძვლოა. ასევე, უსაფუძვლოა მოთხოვნა- მოსარჩელეებისათვის (აქციის მონაწილეებისათვის) საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის მიმდებარედ, მოსარჩელეთა მიერ შერჩეულ ადგილზე (ადგილი, სადაც მოსარჩელეებს, 2017 წლის 14-17 ნოემბერს, ჰქონდათ კარავის განთავსების მცდელობა) კარავის განთავსების უფლების მიცემასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლოს მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ქმედება (კარავის განთავსების აკრძალვა) კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული.

 

სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ყურადღება გაამახვილოს დავის განხილვის პროცედურასა და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლით რეგლამენტირებულია კანონისა და სამართლის ანალოგიის პრინციპი. კერძოდ, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რაიმე სახის ქმედების სასამართლოში გასაჩივრების პროცედურა, კანონის ანალოგიის პრინციპის გათვალისწინებით, გამოყენებულ უნდა იქნეს მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რაიმე სახის ქმედება, თავისი შინაარსით, წარმოადგენს ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მსგავს ურთიერთობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განხილვის, ასევე, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მიმართ გავრცელებულ უნდა იქნეს ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი რეგულაციები. კერძოდ, კანონმდებელმა შეკრების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში განხილვის საკითხთან მიმართებაში ცალსახად დაადგინა გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება სასამართლოს თითოეული ინსტანციის მიერ, რისთვისაც სასამართლოს თითოეულ ინსტანციას განუსაზღვრა 3 დღიანი ვადა.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

აპელანტების აზრით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებსა და აქციაზე მყოფ სხვა დაზარალებულებს თავისი აზრის გამოსახატავად არ მიეცათ მშვიდობიანი აქციის ჩატარების შესაძლებლობა, რომელიც გამოხატული იქნებოდა კარვის გაშლის ფორმით. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაზარალებულებს პროტესტის გამოხატვაში შეუშალეს ხელი, ხელშეშლა კი გამოიხატა კარვის განთავსების შეზღუდვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში.

 

მოსარჩელეებმა და აქციის მონაწილე სხვა დაზარალებულებმა ადგილზე მიიღეს ზომები და გადაწყვიტეს თავიანთი პროტესტი გამოეხატათ კარვის დადგმით, ამის შემდგომ კი საქართველოს მთავარ პროკურატურასთან დაიწყებოდა 24 საათიანი მჯდომარე აქცია. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო არც ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები და აქციაზე მყოფი სხვა დაზარალებულები თავიანთ პროტესტს გამოხატავდნენ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან კანონით დადგენილი ზღვარის მოშორებით ისე, რომ მათი პროტესტი და პროტესტის გამოსახატავად გატარებული ღონისძიებები ხელს არ უშლიდა სხვა, მესამე პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს; შესაბამისად, არ აფერხებდა საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილებას, ამასთან საფრთხეს არ უქმნიდა არც აქციის მონაწილეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 2017 წლის 14 ნოემბრიდან პერმამენტულად მიმდინარეობდა აქციების ჩატარება საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, ამ ხნის განმავლობაში აქციის მონაწილეთა მხრიდან არ ყოფილა არანაირი ძალადობის მაპროვოცირებელი ქმედებების განხორციელება, შესაბამისად სასამართლოს თავის გადაწყვეტილების დასაბუთებაში არ უნდა აღენიშნა ის ფაქტი რომ საქართველოს კონსტიტუცია და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი არ იცავს იმ ადამიანთა უფლებებს, ვისაც გააჩნია ძალადობრივი მიზნები, რომელიც შემდგომ გადაიზრდება საზოგადოებრივ არეულობაში. დაზარალებულების მიზანი რომ ყოფილიყო საზოგადოებაში არეულობისა და ძალადობის პროვოცირება 2017 წლის 30 იანვრის შემდგომ, მას შემდეგ, რაც ბავშვთა სამყარო დაიწვა, ისინი თავის პროტესტს გამოხატავდნენ ძალადობის ფორმით და არა მშვიდობიანი აქცია-მანიფესტაციით.

 

აპელანტებმა აღნიშნეს, რომ ერთ-ერთი კანონი, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა არის საქართველოს კონსიტიტუცია, რომლის თანახმადაც -

1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა , თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა დატრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება .

3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

აქციის მონაწლეების პროტესტი, ხელს არ უშლიდა საავტომობილო მოძრაობისა და ქვეითთა მოძრაობის შეფერხებას. რაც შეეხება წინამდებარე მუხლის მე-3 ნაწილს, აქციის მონაწილეთა მხრიდან არ ყოფილა არანაირი კანონსაწინააღმდეგო ხასიათის ქმედებები განხორციელებული, რომელიც შემდგომ გადაიზრდებოდა ძალადობაში და რომელიც საწინდარი იქნებოდა იმისა, რომ საპატრულო პოლიციას მიეღო უკიდურესი ზომები აქციის შესაწყვეტად. მოცემულ შემთხვევაში უფლებაში ჩარევის და მისი შეზღუდვის, არანაირი ლეგიტიმური მიზანი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს არ ჰქონიათ, შესაბამისად, ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, მათი მხრიდან ჩარევა მოხდა არაპროპორციულად.

 

აპელანტებმა, გარდა ამისა, მიუთითეს, რომ მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად და აღნიშნა, რომ კონვენციის მე-11 მუხლი არ იცავს მათ, ვისაც გააჩნია ძალადობრივი მიზნები, რომელიც შემდეგ გადაიზრდება საზოგადოებრივ არეულობაში. ასევე სასამართლომ ამ მუხლის შესაბამისად განმარტა, რომ კონვენციის მე-11 მუხლი იცავს მხოლოდ კერძო ხასიათის შეკრებებს, შეხვედრებს მსვლელობებს, პროცესიებს, მჯდომარე აქციებს და სხვა. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვთა სამყარო დაიწვა 2017 წლის 30 იანვარს, დაზარალებულები მიუხედავად ძალიან დიდი მატერიალური ზიანის მიყენებისა თავიან პროტესტს გამოხატავდნენ მშვიდობიანი აქციების ჩატარების გზით. შესაბამისად მათი მიზანი არასდროს ყოფილა ძალადობის პროვოცირება, რაზეც სასამართლომ გაამახვილა ყურადღება. ამის ნათელი მაგალითია მათ მიერ ჩატარებული უამრავი აქცია-მანიფესტაცია, რომლითაც ითხოვდნენ დარღვეული უფლებების აღდგენას და გამოძიების სწრაფ რეაგირებას აღნიშნულთან მიმართებაში.

 

აპელანტების აზრით, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ცალსახად ნათელია ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეები არ იყვნენ ძალადობისკენ მიმართულები და ისინი მშვიდობიან რეჟიმში განაგრძობდნენ თავინთი დარღვეული უფლებებისთვის პროტესტის გამოხატვას, უფრო მეტიც, ძალადობის პროვოკაცია თვითონ საპატრულო პოლიციის მხრიდან იქნა გამოყენებული სწორედ მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს თავინთი პროტესტის გამოსახატავად პროკურატურის სიახლოვეს, სხვა მესამე პირების უფლებების შეზღუდვის გარეშე გაეშალათ კარავი და დაეწყოთ იქ 24 საათიანი მჯდომარე აქცია-პროტესტი. სწორედ ამიტომ, მოსამართლის მხრიდან გადაწყვეტილების ასეთი დასაბუთება საფუძველს არის მოკლებული, მით უფრო რომ მას მოსარჩელე მხარის წარმომადგენლისგან მიეცა შესაძლებლობა წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე აღექვა რეალური სურათი და ამის შესაბამისად მიეღო სწორი და კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. ყურადღებაა გასამახვილებელი ასევე იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე თავად მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღიარა, რომ კარვის განთავსება ხდებოდა ისეთ ადგილას, საიდანაც სხვა მესამე პირის უფლებების დარღვევა არ ხდებოდა და ის იყო დაშორებული პროკურატურის შენობიდან, კანონით განსაზღვრული მანძილით.

 

აპელანტებმა მიუთითს სასამართლო გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, ამ უფლების ისევე, როგორც გამოხატვის თავისუფლების სხვა ფორმების, შეზღუდვა დასაშვებია კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის სხვა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის მიზნით. ამის დასასაბუთებლად კი მოსამართლეს მაგალითად მოჰყავს რიგი გადაწყვეტლებები. აპელანტებმა აღნიშნეს, რომ თითოეული საქმის გადაწყვეტისას მოსამართლემ უნდა იხელმძღვანელოს წარმოდენილი მტკიცებულებებითა და ფაქტობრივი გარემოებებით. ამ შემთხვევაში ცალსახად ნათელია ის ფაქტი, რომ საპატრულო პოლიციის მხრიდან გახორციელებული ქდებები არანაირ ლეგიტიმური მიზნის მიღწევას არ ემსახურებოდა. გარდა ამისა, მოცემული საქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ ასაბუთებს თუ რატომ უნდა მომხდარიყო საპატრულო პოლიციის მხრიდან მოსარჩელეთა უფლებების შეზღუდვა და რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული შეზღუდვა. შეზღუდვა მართლზომიერად რომ ჩაითვალოს, უნდა იყოს კანონის შესაბამისი და ემსახურებოდეს კანონიერი მიზანს მიღწევას, ამასთან აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ შეზღუდვის მართლზომიერების განსაზღვრისას, პირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ძირითად უფლებებში ჩარევის ფორმალური საფუძველი - შეზღუდვა დაწესებულია თუ არა კანონმდებლობით, ხოლო შემდგომ შეფასდეს ემსახურება თუ არა აღნიშნული შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს. მოცემულ შემთხვევაში კი პროტესტის გამოხატვის ასეთი ფორმით, როგორც აღინიშნა არ ილახებოდა სხვა მესამე პირთა უფლებები და შესაბამისად მის შესაზღუდად არ არსებობდა არანაირი ფორმალური თუ მატერიალური საფუძველი. ამასთან მოსამართლის ამგვარი მითითება, მართალია, გაკეთებულია გადაწყვეტილებაში, მაგრამ არ არის წარდგენილი სასამართლოს დასაბუთებულობა ან/და მოცემულ საქმეში გაკეთებული შეფასება.

 

გარდა ამისა, აპელანტებმა აღნიშნეს, რომ სასამართლომ იხელმძღვანელა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით და აღნიშნა, რომ შეკრება არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის გზით. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის მიერ გამოყენებულია აღნიშნული მუხლი, გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული თუ რომელ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა საპატრულო პოლიციის მიერ აღნიშნული შეზღუდვის განხორციელება. შესაბამისად, ცალსახად ნათელია ის ფაქტი, რომ სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ვერ დაასაბუთა ვერც ფორმალური საფუძვლის და ვერც ლეგიტიმური მიზნის არსებობის ფაქტი. სასამართლომ იმსჯელა, რომ შეკრება რომელიც მოკლებულია შინაარსობრივ დატვირთვას და არ ემსახურება აზრის, ინფორმაციის გაზიარების ან გავრცელებას, ვერ იქნება მიჩნეული კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლებად, რამდენადაც შეკრებას კონსტიტუციით დაცულ უფლებად მისი მიზანი და შინაარსი აქცევს, შესაბამისად თითქოსდა შეკრება, რომელიც აზრის გამოხატვას არ ესახურება, არ თავსდება კონსტიტუციის 25 მუხლით დაცულ სფეროში. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდნინარე, არა მხოლოდ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არამდე თვითონ მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით შეუზღუდა მოსარჩელეებს და აქციის სხვა მონაწილეებს საკუთარი პროტესტის გამოხატვის უფლება ამ ფორმით, მიიჩნია რომ მათი პროტესტი ყველანაირ აზრს იყო მოკლებული და შესაბამისად არ უნდა მოხდეს ამ ქმედებების კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ სიკეთედ მიჩნევა, რაც თავის მხრივ ალოგიკურია და ამავე უფლების დამრღვევი, ვინაიდან და რადგანაც წინამდებარე მუხლი იცავს აზრის და შესაბამისად პროტესტის გამოხატვას, აღნიშნული ფორმით პროტესტის გამოხატვა კი მოსარჩელეთათვის მისაღები ფორმა იყო. შესაბამისად კარვის განთავსებაც აზრის გამოხატვის ერთ-ერთ აუცილებელ ფორმას წარმოადგენდა და სასამართლოს არ უნდა აღექვა ეს შეკრების უფლების განხორციელებისათვის არააუცილებელ და აზრს მოკლებულ საშუალებად.

 

რაც შეეხება მოსარჩელეთა მეორე მოთხოვნას, აპელანტებმა აღნიშნეს, მართალია, 2017 წლის 14 ნოემბრიდან მოსარჩელეები და აქციის სხვა მონაწილეები პერმამენტულად აგრძელებდნენ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქციის გამართვას და მათი დაშლა არ ხდებოდა, 2017 წლის 17 ნოემბერს საპატრულო პოლიიციის მხრიდან მოხდა მოსარჩელე ჯ---–----- ე-–---ასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. შესაბამისად, მოსარჩელეთა მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა დაყენებული იქნა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ შემდგომში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან კიდევ არ განმეორებულიყო ასეთი ქმედებების განხორციელება და საფრთხე არ შექმნოდა აქციის მონაწილეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელეებმა, 2017 წლის 14, 15, 16 და 17 ნოემბერს პროტესტის გამოხატვის მიზნით დაიწყეს შეკრება საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის წინ და განათავსეს კარავი საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის მიმდებარედ. (ს.ფ. 24; 44).

 

მოსარჩელეთა მიერ, საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის მიმდებარედ, კარავის განთავსება აღკვეთილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ(ს.ფ. 24; 44).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეები 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრამდე შეკრებილები იყვნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის წინ და გამოხატავდნენ პროტესტს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, თუ სად იყო განთავსებული კარავი, ან კონკრეტულად რა ადგილას აპირებდნენ კარავის გაშლას, არ დასტურდება.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არასწორად განმარტა კანონი, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტების მოთხოვნას წარმოადგენს უკანონოდ იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 14, 15, 16 და 17 ნოემბერს განხორციელებული ქმედებები (რომლითაც მოსარჩელეებს შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარავის განთავსების საშუალება). ასევე, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოსარჩელეთა მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვა, მოსარჩელეებს ხელი არ შეეშალოთ და მიეცეთ შესაძლებლობა (აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად) განათავსონ კარავი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმდებარედ, მოსარჩელეთა მიერ შერჩეულ ადგილზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად: 1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. 2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. 3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

 

პალატა განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ დემოკრატიის პრინციპის ძირითად ელემენტს. აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. მისი შეზღუდვა დასაშვებია კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის, სხვა კონსტიტუციური უფლებებისა და პრინციპების უზრუნველყოფის მიზნით. ნორმა იძლევა მხოლოდ საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის, სხვა ადამიანების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შემთხვევაში თავისუფლების გარანტიას და ამავდროულად, ამ თავისუფლებას საკანონმდებლო შეზღუდვას უქვემდებარებს. ამით კონსტიტუციის 25-ე მუხლი ანგარიშს უწევს იმ გარემოებას, რომ შეკრების თავისუფლების განხორციელებისათვის, გარე სამყაროსთან შეხების გამო, განსაკუთრებული, სახელდობრ, ორგანიზაციული და პროცესუალურ-სამართლებრივი რეგულირების საჭიროება არსებობს, რათა ერთი მხრივ თავისუფლების განხორციელების რეალური წინაპირობები შეიქმნას, ხოლო მეორე მხრივ სხვათა ინტერესები იქნეს დაცული. კანონმდებელს უფლება აქვს, შეზღუდოს შეკრების თავისუფლების განხორციელება მხოლოდ სხვა თანაბარი ფასეულობის მქონე სამართლებრივი სიკეთეების დასაცავად და პროპორციულობის პრინციპის მკაცრი გათვალისწინებით. შეკრების თავისუფლების სფეროში თავისუფლების შემზღუდავი ჩარევის აუცილებლობა შეიძლება იქიდან გამომდინარეობდეს, რომ დემონსტრანტი ამ უფლების განხორციელებისას მესამე პირთა ინტერესებს აყენებს ზიანს.

 

სააპელაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცის მე-11 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გართიანების თავისუფლება, ისევე როგორც პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ამ უფლებათა განხორციელებისათვის რაიმე შეზღუდვების დაწესება, გარდა კანონით გათვალისწინებულისა და ისეთისა, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს, დააწესოს კანონიერი შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე შეირაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ აღნიშნული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, რის გამოც, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აღნიშნული უფლების განხორციელებაზე შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების დაწესება.

 

მე-11 მუხლი იცავს ორ განსხვავებულ და ზოგ შემთხვევაში, ერთმანეთთან დაკავშირებულ თავისუფლებას, კერძოდ, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, რომელთა საერთო მიზანს წარმოადგენს პიროვნებებისათვის ერთად შეკრების შესაძლებლობის მიცემა, თავიანთი საზოგადოებრივი ინტერესების გამოხატვისა და დაცვისათვის. მე-11 მუხლი ანალოგიურად იცავს ინდივიდთა უფლებას შეკრებასა და გაერთიანებაზე საკუთარი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური ინტერესების გასაღრმავებლად და დასაცავად. მე-11 მუხლი იცავს პოლიტიკური დემონსტრაციის ორგანიზების უფლებას. იგი ასევე მოიცავს კერძო ხასიათის შეხვედრებს, ისევე როგორც შეხვედრებს საზოგადოებრივი თავშეყრისა და მოძრაობის ადგილებში, მარშირების და მიტინგის უფლებას. ერთადერთი შეზღუდვა, რაც ამ დროს შეიძლება დაწესდეს, არის ის, რომ ყველანაირი შეკრება მშვიდობიან ხასიათს უნდა ატარებდეს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, იმ გარემოების შესახებ, რომ კარავს არა აქვს შინაარსობრივი დატვირთვა და ამასთან, კარვის განთავსება არ წარმოადგენს შეკრების უფლების განხორციელებისთვის აუცილებელ საშუალებას, რადგან კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულია უფლება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს პირს, მისი შეხედულებისამებრ აირჩიოს გამოხატვის ფორმა, საშუალება და ადგილი. კერძოდ, მას კანონით გარანტირებული აქვს უფლება, საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი ქუჩის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლის მიზანშეწონილად. აზრის გამოხატვა არა მხოლოდ საუბრით, განცხადებებით, არამედ მდუმარე ფორმით ან დროებითი კონსტრუქციების აგებით, შესაძლებელია თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა 2017 წლის 14, 15, 16 და 17 ნოემბერს პროტესტის გამოხატვის მიზნით, დაიწყეს შეკრება საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის წინ და განათავსეს კარავი საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის მიმდებარედ. თუმცა, მოსარჩელეთა მიერ, საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის მიმდებარედ, კარავის განთავსება აღკვეთილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ.

 

სააპელაციო პალატა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა”ქვეპუნქტის ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ „შეკრება” არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით; ხოლო, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს შეზღუდვებს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას გარკვეულ შენობებთან და მათ შესასვლელებთან, კერძოდ, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე: საქართველოს პროკურატურის, პოლიციის, პენიტენციური დაწესებულებებისა და სამართალდამცავი ორგანოების შენობებში;

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარკვეულ დაწესებულებათა კუთვნილი შენობებიდან („შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შენობებისა) 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების აკრძალვა ემსახურება იმ გარემოებას, რომ ხელი არ შეეშალოს აღნიშნული „ობიექტების დანიშნულებისამებრ სრულფასოვნად ფუნქციონირებას“, რაც თავის მხრივ საზიანო იქნებოდა საჯარო უსაფრთხოების და წესრიგის დაცვისთვის, ვინაიდან, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია ზუსტად ის ადგილი, სადაც მოსარჩელეები აპირებდნენ კარვების დადგმას და, სადაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ზიანს მიაყენებს ზემოაღნიშნულ სიკეთეებს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვა პროკურატურის შენობის მიმდებარედ მჯდომარე ბლოკადის სახით, რაც გულისხმობს კარვების გაშლას, დასაშვებია მხოლოდ შენობის შესასვლელიდან ოცი მეტრის მოშორებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი მხრივ ხელი შეეშლება დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნული ხალხის მოძრაობა მიზანდასახული ხელის შეშლაა.

 

პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად არ არის დადგენილი მოსარჩელეთა მიერ კარვის განთავსების ადგილმდებარეობა, არ დასტურდება კანონის დაცვით 20 მეტრის რადიუსს გარეთ კარავის განთავსების ფაქტი. სარჩელზე დართულია CD დისკები, რომელთა მიხედვითაც სხვადასხვა ტელევიზიების მიერ იქნა გაშუქებული 14, 15, 16, 17 ნოემბრის შეკრებები და ასევე წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც, როგორც პოლიციელები, ისე შეკრების მონაწილეები არიან ასფალტირებული ტროტუარის სავალ ნაწილზე, საიდანაც ჩანს პროკურატურაში შესასვლელი ჭიშკარი, თუმცა იმის დადგენა, ეს 20 მეტრიან რადიუსშია, თუ ამის იქით, შეუძლებელია. იმ პირობებში, როდესაც ვერ დგინდება კარავის განთავსების ადგილმდებარეობა, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 14, 15, 16 და 17 ნოემბერს განხორციელებული ქმედებების (რომლითაც მოსარჩელეებს შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარავის განთავსების საშუალება) უკანონოდ მიჩნევის საფუძველი. ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას რომ მოსარჩელეები 2017 წლის 14 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით თავისუფლად გამოხატავდნენ პროტესტს საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის წინ. შესაბამისად, მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარის მიერ ქმედების განხორციელებით (კარავის განთავსების აღკვეთა) არ შეზღუდულა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება - წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ, ხოლო კარვის განთავსების ნაწილში შეზღუდვის არსებობა განაპირობა იმ გარემოებამ, ხელი არ შეშლოდა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი შეხვედრების ჩატარებისთვის წინასწარი ნებართვის მისაღებად არსებული პროცედურა, თავისთავად, არ წარმოადგენს მე-11 მუხლის დარღვევას და არ ეწინააღმდეგება მის არსს, თუ წინასწარი ნებართვა აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ხელისუფლებას უზრუნველეყო შეკრების მშვიდობიანი ხასიათი.

 

უფრო მეტიც, საზოგადოებრივი დემონსტრაციის ჩატარების დროებითი აკრძალვა ამა თუ იმ ქალაქში, შესაბამისობაშია მე-11 მუხლთან ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუკი ასეთი დემონსტრაციის ჩატარების შემთხვევაში ეროვნულ უშიშროებას თუ წესრიგს საფრთხე ექმნება.

 

სასამართლოს განმარტებით, ნამდვილი, ეფექტური შეკრების თავისუფლების არსი არ შეიძლება დაყვანილი იქნას სახელმწიფოს მხოლოდ იმ ვალდებულებაზე, რომ მან თავი შეიკავოს ჩარევისაგან. ამგვარი განმარტება, სასამართლოს შეხედულებით, შეუსაბამო იქნებოდა მე-11 მუხლის მიზანთან და არსთან. მე-11 მუხლი, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფოსაგან მოითხოვს კონკრეტული ქმედების განხორციელებას, თუნდაც საქმე ეხებოდეს კერძო პირებს შორის ურთიერთობას.

 

საქმეზე „ჰერი ბატასუნა და ბატასუნა ესპანეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა: იმასთან დაკავშირებით დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩარევა იყო თუ არა საჭირო და პროპორციული, სასამართლოს ჯერ უნდა დაედგინა მომჩივნის პარტიის დაშლა წარმოადგენდა თუ არა „მწვავე სოციალურ საჭიროებას“, სანამ დაადგენდა იმას, იყო თუ არა ეს ქმედება „დასახელებული მართლზომიერი მიზნის თანაზომიერი“ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მომხდარიყო არეულობის პრევენცია და მომხდარიყო სხვების უფლებების და თავისუფლებების დაცვა მე-11 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.

 

მაშინ, როდესაც ხდება სახელმწიფოს მხრიდან მე-11 მუხლით გარანტირებულ თავისუფლებაში ჩარევა, საკმარისი არ არის, რომ ეს კანონით იყოს გათვალისწინებული, ან ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. სავალდებულოა, რომ ჩარევა აუცილებელი იყოს დემოკრატიული საზოგადოებისათვის. თანაფარდობის პრინციპი მოითხოვს ბალანსს მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და იმ მოთხოვნებს შორის, რაც დაკავშირებულია იმ პიროვნებათა მიერ საკუთარი აზრის სიტყვით, ჟესტით თუ უბრალოდ დუმილით გამოხატვასთან, რომლებიც ატარებენ შეკრებებს ქუჩებში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. სამართლიანი ბალანსის დაწესების მიზანმა არ უნდა მიიყვანოს სახელმწიფო ისეთი მკაცრი სანქციის დაწესებისკენ, რომლის შიშის გამოც პიროვნება თავს შეიკავებდა საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ ჩამოყალიბებისაგან და გამოთქმისაგან. განსახილველ შემთხვევაში, კარვების განთავსების ნაწილში შეზღუდვის არსებობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ა“ პუნქტის მოთხოვნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოსარჩელეთა მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვა, მოსარჩელეებს ხელი არ შეეშალოთ და მიეცეთ შესაძლებლობა (აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად) განათავსონ კარავი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმდებარედ, მოსარჩელეთა მიერ შერჩეულ ადგილზე. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მშვიდობიანი შეკრების უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ძირითად უფლებას, რომლის განხორციელებისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ დასტურდება მისი შუზღუდვა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმის სამომავლოდ დავალება, რაც მხარეთა უფლებას წარმოადგენს, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჯ---–----- ე-–---ას და ც----ა გ-------–---ის სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, აპელანტების ჯ---–----- ე-–---ას და ც----ა გ-------–---ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება; ჯ---–----- ე-–---ას და ც----ა გ-------–---ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. აპელანტების - ჯ---–----- ე-–---ას და ც----ა გ-------–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ჯ---–----- ე-–---ას და ც----ა გ-------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);

 

თავმჯდომარე: მანანა ჩოხელი

 

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

 

ლევან მურუსიძე