განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2018
საქმის ნომერი
010210016001649475
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001649475

საქმე №2/ბ-379-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი: სს ,,ს--–- რ------ ბ----”

წარმომადგენელი: ზ------ ჯ--------–---–-

მოწინააღმდეგე მხარე: ს---–---- ხ------- უფლებამონაცვლე ვ------- თ------–---–-

დავის საგანი: შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინება

 

გამოარკვია:

2016 წლის 19 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,ს--–- რ------ ბ----"-მა, მოპასუხედ დაასახელა თ----- კ-----–--- და ს---–---- ხ------ და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა მოითხოვა.

2017 წლის 24 იანვარს, ს---–---- ხ------- წარმომადგენელმა თ----- კ-----–---მ შეგებებული სარჩელი წარადგინა სს ,,ს--–- რ------ ბ----ს" მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

შეგებებული სარჩელის ავტორმა იმავდროულად იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ს--–- რ------ ბანკს" აეკრძალოს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ბანკსა და ს---–---- ხ------ თანასაკუთრებაში გააჩნდათ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებული იყო, როგორც ბ----ს, ისე ს. ხ------- საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები.

ს---–---- ხ------- საკუთრებაში არსებული შენობა ნაგებობების საერთო ფართი შეადგენდა 391,70 კვმ-ს.

2013 წელს, სს ,,ს--–- რ------ ბანკმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში და თანასაკუთრების გაუქმება მოითხოვა. იმის გამო, რომ თანასაკუთრების გაყოფა ნატურით შეუძლებელი იყო, საზიარო უფლების გაუქმება დადგინდა აუქციონზე იძულებითი გაყიდვისა და ამონაგები თანხის მესაკუთრეთა შორის თანაბარ წილად განაწილების გზით.

აუქციონზე სს ,,ს--–- რ------ ბანკმა შეიძინა ს---–---- ხ------- რეგისტრირებული ქონება 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 106.8 კვმ შენობა ნაგებობა, თუმცა რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბ----ს მიერ ძეძენილი ქონება შეადგენს 600 კვმ მიწის ნაკვეთს და 213, 60 კვმ შენობა ნაგებობას, ე.ი. შეძენილ მიწის ნაკვეთს გაჰყვა ს---–---- ხ------- არარეგისტრირებული 284,9 კვმ შენობა ნაგებობა, რითაც ბ---- გამდიდრდა.

გარდა ამისა, ბ---- იმითაც გამდიდრა, რომ მიწის რეგისტრირებული ნაკვეთი შეადგენს 600 კვმ. ფაქტიურად კი, 696. 00 კვმ.

ვინაიდან, წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს, უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ქონების ღირებულების (299 610 ლარი) ანაზღაურებას, ამასთან შესაძლოა ბანკმა გააასხვისოს ან უნებართვოდ დატვირთოს მის სახელზე რეგისტრირებული ქონება ან შეწყვიტოს საქმიანობა ამა თუ იმ მიზეზის გამო ან/და გახდეს გადახდისუუნარო, შეუძლებელი გახდება ან გაძნელდება სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილების აღსრულება.

ამდენად, აუცილებელია, ქ. ბ------–----------------------, მის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების გამოყენებით მოხდეს სარჩელის უზრუნველყოფა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით, ს---–---- ხ------- განცხადება შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; სს ,,ს--–- რ------ ბანკს" (ს/კ 2--------) აეკრძალა, თანასაკუთრებაში არსებული, ქ.ბ------------------------------ში მდებარე უძრავი ქონების - ს/კ 0----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნისა და მოსარჩელის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოსარჩელის საკუთრებაში შესაბამისი აქტივების არსებობაზეც. თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსება მოსარჩელის დაკმაყოფილების საშუალებამ, მაგალითად, მოპასუხის აქტივში არსებული ქონების გასხვისების გამო, გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი. სასამართლომ კი, უნდა უზრუნველყოს სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულება.

ს---–---- ხ------- განცხადებამ სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით შეიძლება გაძნელდეს გადაწყვეტილების აღსრულება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნების აღსრულება შესაძლებელი იქნება უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის გამოყენებით.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სს ,,ს--–- რ------ ბ----ს” წარმომადგენელმა ზ------ ჯ--------–---–-- და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, შეგებებული სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება. მოპასუხე წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელსაც ნებისმიერი რისკის დასაფარად გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი. ეს ინფორმაცია საჯაროა და განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე.

მართალია, შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა, თუმცა მისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, არ არსებობს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა 2017 წლის 07 ივნისს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 07 ივნისის განჩინებით შეჩერდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინებაზე სს ,,ს--–- რ------ ბ----ს” საჩივართან დაკავშირებული №2/ბ-379 სამოქალაქო საქმის წარმოება მოწინააღმდეგე მხარის, ს---–---- ხ------- გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის განჩინებით განახლდა, სს ,,ს--–- რ------ ბ----ს” საჩივართან დაკავშირებული №2/ბ-379 სამოქალაქო საქმის წარმოება, მოწინააღმდეგე მხარის, ს---–---- ხ------- უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ვ------- თ------–---–- და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინებაზე გაგრძელდა საქმის განხილვა საერთო წესით.

 

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სს ,,ს--–- რ------ ბ----ს" საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2016 წლის 19 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,ს--–- რ------ ბ----"-მა, მოპასუხედ დაასახელა თ----- კ-----–--- და ს---–---- ხ------ და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა მოითხოვა.

დადგენილია, რომ 2017 წლის 24 იანვარს, ს---–---- ხ------- წარმომადგენელმა თ----- კ-----–---მ შეგებებული სარჩელი წარადგინა სს ,,ს--–- რ------ ბ----ს" მიმართ, უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ქონების ღირებულების-299610 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

შეგებებული სარჩელის ავტორმა იმავდროულად იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ს--–- რ------ ბანკს" აეკრძალოს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით, ს---–---- ხ------- განცხადება შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; სს ,,ს--–- რ------ ბანკს" (ს/კ 2--------) აეკრძალა, თანასაკუთრებაში არსებული, ქ.ბ------------------------------ში მდებარე უძრავი ქონების - ს/კ 0----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სს ,,ს--–- რ------ ბ----ს” წარმომადგენელმა ზ------ ჯ--------–---–-- და მისი გაუქმება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის ეს ჩანაწერი თავისთავად გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას (სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში), რასაც მოსარჩელე მოითხოვს. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს, მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან, პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები უნდა შექმნას.

თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

შეგებებული სარჩელის შინაარსით ირკვევა, რომ დავის საგანია უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული 299 610 ლარის დაკისრება.

პალატა განმარტავს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა შესაძლოა წარმოიშვას მაშინ, თუ უდავოდ დგინდება, რომ მოპასუხეს არ შესწევს უნარი აღასრულოს სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების აღსრულების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ასევე უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვის ვარაუდი რომ მოპასუხის მიერ ადგილი ექნება არაკეთილსინდისიერ ქმედებას (ქონების გასხვისებას), რაზედაც ს. ხ------- განცხადებაში მითითებული არ არის.

იმის გათვალისწინებით, რომ სს ,,ს--–- რ------ ბ----” საკრედიტო დაწესებულებაა, რომელსაც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი გაჩნია, პალატა მიიჩნევს, რომ მისი უძრავი ქონების ნაწილზე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადების გარეშეც, ხელი არ შეეშლება 299 610 ლარის დაკისრების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის ს---–---- ხ------- უფლებამონაცვლის, ვ------- თ------–---–-ს შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებულ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას- დაუსაბუთებელია, აღნიშნული კი, სს ,,ს--–- რ------ ბ----ს” საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ს---–---- ხ------- უფლებამონაცვლის, ვ------- თ------–---–-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ს---–---- ხ------- უფლებამონაცვლე ვ------- თ-----აშვილმა და იმ საფუძვლით რომ მხარეთა შორის მოხდა მოლაპარაკება, ბ--------------------------ში მდებარე ს.კ. 0----------- სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა მოითხოვა.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარეც, არსებობს სს ,,ს--–- რ------ ბ----ს” საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 386-ე მუხლების შესაბამისად, სს ,,ს--–- რ------ ბ----ს“ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მოიხსნას სს ,,ს--–- რ------ ბ----ს" (ს/კ 2--------) მიმართა დადგენილი აკრძალვა, თანასაკუთრებაში არსებული, ქ.ბ------------------------------ში მდებარე უძრავი ქონების - ს/კ 0----------- გასხვისებასა და იპოთეკით დატვირთვაზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს ,,ს--–- რ------ ბ----ს“ საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

3. გაუქმდეს, სს ,,ს--–- რ------ ბ----ს" (ს/კ 2--------) თანასაკუთრებაში არსებულ, ქ.ბ------------------------------ში მდებარე, ს/კ 0----------- უძრავ ქონებაზე დადგენილი გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა;

4. ს---–---- ხ------- უფლებამონაცვლე, ვ------- თ------–---–-ს შუამდგომლობა შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

5. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე