განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017001869992
(3/ბ-140-18წ)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
22 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
სააპელაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ლ-------------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის განკარგულების) ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება
2017 წლის 04 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ-------------------ემ მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წინააღმდეგ და მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N207801 და 2017 წლის 25 მარტის N226380 განკარგულებების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ლ-------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მხარეებს განემარტათ სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, 2018 წლის 21 თებერვალს, სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ-------------------ემ (ს.ფ. 181-196).
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ-------------------ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მხრიდან დისციპლინური დარღვევა იწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას. დამრღვევს დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი - დაეკისრება დისციპლინური სახდელი (პატიმრობის კოდექსის 81-ე მუხლი). დისციპლინური პასუხისმგებლობის (სახდელის) გამოყენების შესახებ გამოიცემა დაწესებულების დირექტორის განკარგულება.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2017 წლის 20 მარტის N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის N207801 განკარგულებით ლ-------------------ეს საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსის’’ მე-80 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტითა დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევისათვის შეეფარდა დისციპლინური სახდელი - აეკრძალა მომდევნო კუთვნილი ხანმოკლე პაემანი, ხოლო 2017 წლის 25 მარტის N226380 განკარგულებით ლ-------------------ეს საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსის’’ მე-80 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევისათვის შეეფარდა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება. ზემოაღნიშნული განკარგულებები სახდელდადებულის მიერ გასაჩივრდა პირველი ინსტანციის სასამართლოში (ბათუმის საქალაქო სასამართლო).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ლ-------------------ის სარჩელი 2017 წლის 20 მარტის და 2017 წლის 25 მარტის განკარგულებების (N------------------- ბათილად ცნობის შესახებ - არ დაკმაყოფილდა.
ლ-------------------ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში.
პატიმრობის კოდექსის 86.1 მუხლით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესს და მიუთითებს, რომ განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სასამართლოში - მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 ოქმის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 23.02.2000 წ დადგენილებით) მე-2 მუხლით ყველას, ვინც სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, აქვს უფლება, მისი მსჯავრდება ან მისთვის დანიშნული სასჯელი გადაასინჯვინოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამ უფლების განხორციელება, იმ საფუძვლების ჩათვლით, რომლებზე დაყრდნობითაც ის შეიძლება განხორციელდეს, მოწესრიგებულია კანონით. ამ წესიდან გამონაკლისი დასაშვებია მცირე მნიშვნელობის დანაშაულთა მიმართ, როგორც ეს განსაზღვრულია კანონით, ან როდესაც შესაბამისი პირი პირველი ინსტანციის წესით გაასამართლა უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ, ან მსჯავრი დაედო მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გადასინჯვის შედეგად.
პალატის აზრით, კანონის დათქმა განკარგულების სასამართლოში ერთჯერადად გასაჩივრების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის კოდექსი პირდაპირ არ მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების დაუშვებლობაზე, უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნორმის ამგვარი განმარტება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი არ ავალდებულებს მონაწილე ქვეყნებს შექმნან სააპელაციო სასამართლოთა სისტემა. ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ გამომდინარეობს მე-6 მუხლიდან. კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლის (რომელიც გასაჩივრების უფლებას განსაზღვრავს) მე-2 პუნქტი გასაჩივრების უფლების რეგულირების საკითხს სახელმწიფოთა დისკრეციას განაკუთვნებს მსუბუქ სამართალდარღვევათა შემთხვევაში. მითუმეტეს ვერ შეიზღუდება ეს უფლება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში (მათ შორის ბრალდებული/მსჯავრდებული პირის მიმართ).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
ლ-------------------ის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველი;
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
მოსამართლე მაკა გორგოძე