განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310116001664374
საქმე N3ბ/20-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
10 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
სააპელაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს ,,ჯ-----------ი“;
წარმომადგენელი - ნ-----------ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
წარმომადგენელი - თ---------------–აძე;
დავის საგანი – ნორმატიულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ”გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის--- ბრძანების მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგი დანაწესი - ”ასევე თუ პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე.”
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შპს ,,ჯ-----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”ა“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის--- ბრძანებით დამტკიცებული იქნა ”გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი,” რომლის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ტენდერისთვის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების შემდეგ, პრეტენდენტს უბრუნდება ელექტრონული გარანტია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე, თუ პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
4.2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 14 ოქტომბერს გამოცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი N-----------, რომელიც გულისხმობდა №4 ზონაში გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებს სამი წლის განმავლობაში, თანხით 12 933 968.00 ლარი. ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დრო განსაზღვრული იყო წინადადების მიღების დაწყებიდან - 2016 წლის 30 ოქტომბრის 00:08 სთ-დან, 04 ნოემბერი 12:00 საათამდე, როდესაც წინადადების მიღება მთავრდებოდა. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობდა შპს ”ჯ-----------ი.” (ს.ფ. 16).
4.3. 2016 წლის 04 ნოემბერს შპს ”ჯ-----------მა” ხელი მოაწერა ა-----------ს პირობებს, წარადგინა სს ”პ----------------კის” მიერ გაცემული ელექტრონული სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის (129 339.68 ლარი) შესაბამისი კოდები, გადაიხადა წინადადების წარდგენის საფასური 50 ლარი და 11:35 სთ-დან 11:47 სთ-მდე ტვირთავდა სატენდერო დოკუმენტაციას, შემდეგ კი წარადგინა მისი სატენდერო წინადადების საწყისი ფასი 12 517 260.00 ლარის ოდენობით. 11:51 საათზე, წინადადების მიღების (ვაჭრობის ძირითადი დროის) დამთავრებამდე 09 წუთით ადრე, ტექნიკური ხასიათის შეცდომის აღმოჩენის გამო, პრეტენდენტმა წაშალა/გადახაზა მისი იმ დროისათვის წარდგენილი სატენდერო წინადადება. (ს.ფ 16-22).
4.4. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სს ”პ----------------კს” მოსთხოვა სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის - 129 340 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ. (ს.ფ 24).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიუთითა ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის--- ბრძანებით დამტკიცებული ”გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი” და განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის--- ბრძანებით დამტკიცებული ”გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ”ჩ” ქვეპუნქტის მიხედვით, სატენდერო წინადადება არის ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული სატენდერო წინადადების ფასი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 04 ნოემბერს 11:51 საათზე, წინადადების მიღების (ვაჭრობის ძირითადი დროის) დამთავრებამდე 09 წუთით ადრე, ტექნიკური ხასიათის შეცდომის აღმოჩენის გამო, პრეტენდენტმა (შპს ”ჯ-----------მა”) წაშალა/გადახაზა მისი იმ დროისათვის წარდგენილი სატენდერო წინადადება.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის ის განმარტება, რომ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ერთპროცენტიანი ელექტრონული გარანტიის წარდგენა ხორციელდება იმ მიზნით, რომ პრეტენდენტებს ტენდერში შესვლის შემდეგ არ ჰქონდეთ აღნიშნული ტენდერის დატოვების უფლება, ეს არის შემაკავებელი მექანიზმი, რათა პრეტენდენტების სახელმწიფო შესყიდვებს მიუდგნენ მეტი სერიოზულობით.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის ბათილად ცნობის არგუმენტაცია დასაბუთებულია მიზანშეწონილობის მოტივებით და განმარტა, რომ სადავო ნორმის მიზანშეწონილობის განსაზღვრა არ წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას. სასამართლო აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას ითვალისწინებს სამართლებრივ ასპექტებს და არ იხილავს სოციალურ ან ეკონომიკურ მიზანშეწონილობას.
6. შპს ,,ჯ-----------ის“ სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.1. შპს ,,ჯ-----------ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა შემდეგი ფაქტი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ის დანაწესი, რომლის საფუძველზეც წარმოიშვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოთხოვნა და უშუალო ზიანი მიადგა შპს “ჯ-----------ს’’ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; თუმცა რომელ კანონთან მოდის იგი შეუსაბამობაში, მოსარჩელე არ განმარტავს.
აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელშიც და საქმის განხილვის დროსაც მოსარჩელე უთითებდა საქართველოს კანონმდებობის იმ ნორმაზე, რომლებსაც გასაჩივრებული ნორმატიულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დანაწესი ეწინააღმდეგებოდა. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღის ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციულ საქმეზე #ბს-906-192-(კ-05) და განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი აწესებს კანონის ნორმების ერთმანეთთან ისე შეხამების ვალდებულებას, რომ ესა თუ ის მოქალაქე არ აღმოჩნდეს დაუცველი ურთიერთსაწინააღმდეგო მოვალეობისაგან. კანონმდებლობით საქმიანობის განხორციელებისას კანონმდებელი შეზღუდულია ნორმატიული, სოციალური, ლოგიკური და სხვა სახის შეზღუდვებით, კერძოდ კანონმდებლის ნორმატიული შეზღუდვა კონსტიტუციიდან და სამართლებრივი სისტემის კონსტიტუციით დაცულ ნორმათა კომპლექსიდან გამომდინარეობს. აპელანტის განმარტებით, სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დანაწესი ვერ პასუხობს აღნიშნულ მოთხოვნებსაც.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
პალატა მიუთითებს ”გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის--- ბრძანების მე-16 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ტენდერისთვის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების შემდეგ, პრეტენდენტს უბრუნდება ელექტრონული გარანტია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე, თუ პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
პალატა ყურადღებას ამახვილებს ’’ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
პალატა განმარტავს, რომ შპს „ჯ-----------ი“ წარდგენილ სარჩელში ზოგადად უთითებს, რომ ნორმატიულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ის დანაწესი, რომლის საფუძველზეც წარმოიშვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოთხოვნა და უშუალო ზიანი მიადგა, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, თუმცა კონკრეტულად რომელ კანონთან მოდის იგი შეუსაბამობაში, მხარე არ განმარტავს.
პალატა ასევე განმარტავს: ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად ფუნქციას სამართალგამოყენება, ნორმათშეფარდება წარმოადგენს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტების კანონქვემდებარე აქტებად მიჩნევას განაპირობებს, მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციული ორგანოს ნორმაშემოქმედებითი უფლებამოსილებით აღჭურვა საკანონმდებლო აქტების აღსრულების მიზნით ამგვარი კომპეტენციის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელებას მოითხოვს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის--- ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტებს (ბრძანებებს), რომელთა შესრულება სავალდებულოა შემსყიდველი ორგანიზაციებისა და შესყიდვების მონაწილე სხვა პირებისათვის, ამავე კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა 2011 წლის 1 მაისამდე უზრუნველეყო გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ ”გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის--- ბრძანება გამოცემულია უფლებამოსილი პირის მიერ, საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად.
7.2. პალატა ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის--- ბრძანებით დამტკიცებული ”გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ”ჩ” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სატენდერო წინადადება არის ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული სატენდერო წინადადების ფასი.
პალატის მიერ დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 14 ოქტომბერს გამოცხადებულ N-----------, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიზნით, ნოემბერს შპს ”ჯ-----------მა” 2016 წლის 04 ხელი მოაწერა ა-----------ს პირობებს, წარადგინა სს ”პ----------------კის” მიერ გაცემული ელექტრონული სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის (129 339.68 ლარი) შესაბამისი კოდები, გადაიხადა წინადადების წარდგენის საფასური 50 ლარი და 11:35 სთ-დან 11:47 სთ-მდე ტვირთავდა სატენდერო დოკუმენტაციას, შემდეგ კი წარადგინა მისი სატენდერო წინადადების საწყისი ფასი 12 517 260.00 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულით დასტურდება, რომ დასახელებულ ტენდერში მონაწილეობას იღებდა შპს ”ჯ-----------ი.”
ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 04 ნოემბერს 11:51 საათზე, წინადადების მიღების (ვაჭრობის ძირითადი დროის) დამთავრებამდე 09 წუთით ადრე, ტექნიკური ხასიათის შეცდომის აღმოჩენის გამო, პრეტენდენტმა (შპს ”ჯ-----------მა”) წაშალა/გადახაზა მისი იმ დროისათვის წარდგენილი სატენდერო წინადადება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის--- ბრძანებით დამტკიცებული ”გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით ა-----------ს პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წინადადების წარდგენის დროს პრეტენდენტმა პირველ რიგში სისტემაში უნდა ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ და ხარისხობრივ აღწერას. ამის შემდეგ პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი (ეროვნულ ვალუტაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის ღირებულებას ან უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე სულ მცირე ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტს უფლება აქვს, უარი თქვას სატენდერო წინადადებაზე ხელშეკრულების დასადებად მოწვევამდე. სატენდერო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტაციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ერთპროცენტიანი ელექტრონული გარანტიის წარდგენა ხორციელდება იმ მიზნით, რომ პრეტენდენტებს ტენდერში შესვლის შემდეგ არ ჰქონდეთ აღნიშნული ტენდერის დატოვების უფლება, ეს არის შემაკავებელი მექანიზმი, რათა პრეტენდენტების სახელმწიფო შესყიდვებს მიუდგნენ მეტი სერიოზულობით.
როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, მხარის მიერ ვერ იქნა მითითებული და დასაბუთებული კანონმდებლობის რა ნორმები იქნა დარღვეული სადავო ნორმატიული აქტის დანაწესის მიღებისას.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის იმ განმარტებას, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის ბათილად ცნობის არგუმენტაცია დასაბუთებულია მიზანშეწონილობის მოტივებით, თუმცა სადავო ნორმის მიზანშეწონილობის განსაზღვრა არ წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას. სასამართლო აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას ითვალისწინებს სამართლებრივ ასპექტებს და არ იხილავს სოციალურ ან ეკონომიკურ მიზანშეწონილობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი არათუ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, არამედ დარღვეულად ნაგულვები სამართლებრივი ნორმების მითითებაც კი.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება -მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინტანციის სასამართლოს შედეგს და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ჯ-----------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -