განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2018
საქმის ნომერი
010210017002076357
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210017002076357

საქმე 2/ბ-298-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

25 აპრილი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: შპს ,,ლ-------– ჯო-----ა”

წარმომადგენელი: ვ--–------ გი-----აძე

მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ბ-------- ნა----------------–ი’’

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინება

დავის საგანი: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 06 სექტემბერს, შპს ”ლ-------–-ჯო-----ას” წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ბ-------- საქალაქო სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა შპს ”ბ-------- ნა----------------–ი” და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ქმედების განხორციელების დავალდებულება მოითხოვა.

ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს ”ლ-------– ჯო-----ას” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა და შპს ”ბ-------- ნა----------------–ის” უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტი, კერძოდ 1 088 327 (ერთი მილიონ რვაასოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92 და იგი გადაეცა მფლობელობაში შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს;

მოსარჩელე შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტის, კერძოდ, 1 088 327 (ერთი მილიონ რვაასოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92-ის მოპასუხე შპს „ბ-------- ნა----------------–ი“-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და შპს „ლ-------–- ჯო-----ა"-სათვის მფლობელობაში გადაცემის მიზნით, მოპასუხეს დაევალა, შპს „ბ-------- ნა----------------–ის“ მფლობელობაში არსებული რეზერვუარებიდან, მოსარჩელის მიერ წარდგენილ რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთოს, მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული 1088327 (ერთი მილიონრვაასოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92;

შპს ”ბ-------- ნა----------------–ს” დაეკისრა, შპს ”ლ-------– ჯო-----ას” სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.

ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნით განცხადება წარადგინა შპს ,,ლ-------– ჯო-----ას” წარმომადგენელმა და მიუთითა რომ მოსარჩელე მხარეს ყოველდღიურად ადგება მნიშვნელოვანი ზიანი.

ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით, შპს ,,ლ-------– ჯო-----ას“ განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის №2-3428/17 გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის აუცილებლობა, ვინაიდან სასამართლოს მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს გადამხდევინებელს.

სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება სამართლებრივი თვალსაზრისით არ ართმევს მხარეს უფლებას, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება, სრულად ისარგებლოს შესაბამისი სამართალწარმოების ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით და სადავო გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში მიაღწიოს გაუქმებული გადაწყვეტილებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას, რამდენადაც ეს პრაქტიკულად განხორციელებადი იქნება.

გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ გადამხდევინებელს შეიძლება ზიანი მიაყენოს იმის გამო, რომ ქონება მის საკუთრებაში დაუყოვნებლივ არ გადადის და მას არ შეუძლია ამ ქონებით სარგებლობა, მართვა და მასზე მესაკუთრის სხვადასხვა უფლებამოსილების განხორციელება, თუმცა, ამ მხრივ, მოწინააღმდეგე მხარესაც მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიადგეს სადავო ქონების მისი მფლობელობიდან გატანით.

დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, კანონი ითვალისწინებს საქმის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებას, შეაფასოს, აწონ- დაწონოს სავარაუდო ზიანი, რომელიც მხარეებს ასეთი გადაწყვეტილების მიღების ან მიუღებლობის შედეგად შეიძლება მიადგეს.

შესაბამისად, სასამართლომ მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლები.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,ლ-------– ჯო-----ას” წარმომადგენელმა ვ--–------ გი-----აძემ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორი შეფასება გაუკეთა ფაქტობრივ გარემოებებს, არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთანავე ვერ დაასაბუთა განჩინებაში მითითებული ზოგიერთი ფაქტობრივი გარემოება, რამაც დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო განჩინების მიღება გამოიწვია.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ შპს ,,ლ-------– ჯო-----ას“ სარჩელთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენს სადაო ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, არამედ დავის საგანია სადაო ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. ამდენად, სსკ 268-ე მუხლის ,,ზ: ქვეპუნქტის მითითება ადასტურებს სასამართლოს მხრიდან ამ მუხლის არასწორ განმარტებას და გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობას.

გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია სხვა თვალსაზრისითაც, კერძოდ სასამართლო უთითებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს გადამხდევინებელს.

მოცემული მსჯელობა ადასტურებს, რომ სასამართლოს მხრიდან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას არ მომხდარა მტკიცებულებების სრულყოფილად შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ასეთ დასკვნას არ გააკეთებდა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რომ მოსარჩელეს ყოველთვიურად ადგება მნიშვნელოვანი ზიანი და სახეზეა გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსასრულებლად გადაცემის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

დადგენილია რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომლის დაუყოვნებლივ აღსრულებასაც ითხოვს განმცხადებელი, შპს ”ბ-------- ნა----------------–ის” უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა შპს შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტი, კერძოდ 1088327 (ერთი მილიონ რვაასოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92 და მფლობელობაში გადაეცა შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს, ამასთან ამ მოქმედების განხორციელებისთვის, მოპასუხე შპს „ბ-------- ნა----------------–ს“ დაევალა მის მფლობელობაში არსებული რეზერვუარებიდან, მოსარჩელის მიერ წარდგენილ რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთოს, მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული 1088327 (ერთი მილიონრვაასოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92.

დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნით წარდგენილ შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს განცხადებაზე თანდართული აუდიტორული დასკვნით (ტ.2.ს.ფ.151-165) ირკვევა, რომ ზიანი, რომელზედაც მოსარჩელე მიუთითებს, წარმოშობილია 2017 წლის 07 აგვისტოდან-2018 წლის 5 იანვრამდე პერიოდში საწვავის საბითუმო და სარეალიზაციო ფასთა შორის სხვაობითა და მისი სრულად რეალიზაციის პირობებში მიღებული თანხის საბანკო ანგარიშზე განთავსებით დამატებითი სარგებლის მიუღებლობით, რაც შეადგენს 216 481,21 ლარს, ხოლო 2018 წლის 05 იანვრიდან ყოველდღიურად 398,74 ლარს.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები, თუ:

ა) განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან

ბ) გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

პალატას მიაჩნია, რომ მომჩივანმა ზემოხსენებული გარემოებები ვერ დაამტკიცა.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი მეწარმეა და კანონიერი უფლების რეალიზაციის დაყოვნებამ მას, შესაძლებელია, ზიანი მართლაც მიაყენოს, თუმცა მხოლოდ ეს დაშვება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი არ არის.

კანონის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მისაქცევად, მოსარჩელისათვის სავარაუდოდ მიყენებულ ზიანთან ერთად, „განსაკუთრებული გარემოებაც“ უნდა არსებობდეს, ეს კი მოსარჩელის უფლების რეალიზაციის შეუძლებლობას ან მისი რეალიზაციის არსებითად გართულებას ნიშნავს;

ე.ი. განსაკუთრებული გარემოება იარსებებს, თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის გარეშე მოსარჩელეს მიადგება იმგვარი ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც მოპასუხე ვერ მოახერხებს ანდა ეს სამართალწარმოებაში მოსარჩელის მონაწილეობას სათუოდ გახდის (მაგ: გადახდისუუნარობის გამო და ა.შ.). ჩვეულებრივ, ამგვარი განსაკუთრებული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება.

პალატას მიაჩნია, რომ მომჩივანმა ზემოხსენებული ფაქტები ვერ დაამტკიცა, კერძოდ, ვერ დაამტკიცა, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიუქცევლობის შემთხვევაში, მას მიადგებოდა იმგვარი ზიანი, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე ვერ აანაზღაურებდა ანდა აღნიშნული სამართალწარმოების პროცესში მის მონაწილეობას სათუოდ გახდიდა. ამ თვალსაზრისით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საჭიროება არ არსებობს.

გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ”ბ-------- ნა----------------–ის” უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა არაეთილირილებული ბენზინი RON-92.

საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ მომჩივანისათვის ამ საწვავის მასალის გადაცემის დაყოვნებამ შეიძლება მისი განადგურება ან არსებითი თვისობრივი ან ხარისხობრივი ცვლილება გამოიწვიოს.

ეს ნიშნავს, რომ მომჩივანის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდება, ე.ი. მას არაეთილირილებული ბენზინი RON-92 გადაეცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღის მიუხედავად.

ამრიგად, შპს „ლ-------–-ჯო-----ას" მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ლ-------– ჯო-----ას“ (წარმომადგენელი - ვ--–------ გი-----აძე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის შესახებ;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე