განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2018
საქმის ნომერი
330210116001258287
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
13.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210116001258287

საქმე №2ბ/1961-2017

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - გელა ქირია, ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - ე---------ე შ--–---–---–ი

წარმომადგენელი - ნ-----–ა ს-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,კ-------– ბანკი’’

წარმომადგენელი - გ----ზ ნ-–-----ე

 

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ნაწილობრივ ცვლილების შეტანა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ე---------ე შ--–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა ნოტარიუს ნ-------ა ჯ---------–ის მიერ 2015 წლის 8 ოქტომბერს გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელში, იმ სახით, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ძირი თანხის ნაწილში განისაზღვრა - 32 533 აშშ დოლარით, ხოლო დარიცხული საპროცენტო სარგებელი 2 913 აშშ დოლარი ჩაითვალა გადახდილად და განულდა. სს კ-------– ბ----- ე---------ე შ--–---–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო სახელმწიფო ბაჟის 448.63 ლარის გადახდა. ე---------ე შ--–---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ სარჩელზე 23/02/2016 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1134.18 ლარი (საგადასახადო დავალება №1).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2013 წლის 29 ივლისს ე---------ე შ--–---–---–ს და სს „ი----------თან“ (ამჟამად კ-------– ბანკი) დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 60 კალენდარული თვე. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხის ლიმიტი შეადგენდა 80 000 ლარს, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი 24%-ს.

 

სასამართლო დაეყრდნო საბანკო კრედიტის/საბანკო პროდუქტის გაცემის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 19-24)

 

2.2. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში შემადგენელი საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულება N---------------- თანახმად, გაცემული სესხის ოდენობა შეადგენს - 30 000 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი 24%, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 12 თვე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- შემადგენელი საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულება (25-26)

- კრედიტის გაცემისა და დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 27)

 

2.3. 2014 წლის 31 მარტს ე---------ე შ--–---–---–ს და სს „კ-------– ბ----- შორის გაფორმდა დაზუსტებული ხელშეკრულება და კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 36 650 აშშ დოლარით, ხოლო მოქმედების ვადა 12 თვით, საპროცენტო სარგებელი 18%. ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა 703.23 აშშ დოლარით, რომელიც მოიცავდა როგორც ძირითად თანხას ასევე საპროცენტო სარგებელს.

 

სასამართლო დაეყრდნო - საბანკო კრედიტის/საბანკო პროდუქტის გაცემის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 28)

 

2.4. 2014 წლის 31 მარტის შემადგენელი საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულების 4.2.1 პუნქტის თანახმად, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო კლიენტი/მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის (სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის) 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო დაეყრდნო - 2014 წლის 31 მარტის შემადგენელი საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულება (ს.ფ 30-31)

 

2.5. დადგენილია, რომ 2015 წლის 31 მარტს ე---------ე შ--–---–---–ს და სს „კ-------– ბ----- შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის/სესხის გაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 35 650 აშშ დოლარით, ხოლო მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით, საპროცენტო სარგებელი 18%. ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა 650 აშშ დოლარით, რომელიც მოიცავდა როგორც ძირითად თანხას ასევე საპროცენტო სარგებელს.

 

სასამართლო დაეყრდნო - 2015 წლის 31 მარტის საბანკო კრედიტის/სესხის გაცემის შესახებ ხელშეკრულება; სესხის დაფარვის გრაფიკი (33-36)

 

2.6. 2013 წლის 29 ივლისის საბანკო კრედიტის/საბანკო პროდუქტების გაცემის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის - სს „კ-------– ბანკი“-ს მიმართვის საფუძველზე ნოტარიუს ნ-------ა ჯ---------–ის მიერ 2015 წლის 8 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც გაიწერა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2015 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით: სესხის თანხაა - 38 620 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 35 650 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი 2 913 აშშ დოლარი, პირაგასამტეხლო 57 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულების მიზნით აღსასრულებლად მიექცა ე---------ე შ--–---–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

 

სასამართლო დაეყრდნო - 2015 წლის 8 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელი (37-38)

 

2.7. კრედიტორ სს „კ-------– ბანკი“-ს მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება. კერძო აღმასრულებლის 2015 წლის 8 ოქტომბრის წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ A---------------- წინადადებით მოვალის - ე---------ე შ--–---–---–ის მიერ აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 35 650 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 913 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 57 აშშ დოლარი, ჯამში 38 620 აშშ დოლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო - წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ 39-42)

 

2.8. 2015 წლის 25 ნოემბერს ე---------ე შ--–---–---–მა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს, რომლის თანახმად მოვალე მოითხოვს მისი დავალიანების განაწილვადებას 12 თვეზე იმგვარად, რომ პირველ გადახდას განახორციელებს 2015 წლის 5 დეკემბრიდან 11 თვის განმავლობაში თანხის 650 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მეთორმეტე თვეს დარჩენილი დავალიანების ნაწილს დაფარავს სრულად.

 

სასამართლო დაეყრდნო -2015 წლის 25 ნოემბრის განცხადება (ს.ფ 43)

 

2.9. დადგენილია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, განახლდა ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 8 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. ამავე წარმოების ფარგლებში ყადაღა დაედო ე---------ე შ--–---–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, ა------------------------------------------

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი (ს.ფ 49-50)

- კერძო აღმასრულებლის მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს.ფ 48)

 

2.10. დადგენილია, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან 2015 წლის 8 ოქტომბრიდან 2016 წლის 25 იანვრამდე მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის ოდენობამ შეადგინა - 6030 აშშ დოლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის დაფარვის ისტორია (ს.ფ 291-296)

- სალაროს შემოსავლის ორდერები, (ს.ფ 115-116; 118-119; 120-126).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.11. 2015 წლის 31 მარტის საბანკო კრედიტის/სესხის გაცემის შესახებ ხელშეკრულებით გაიცა რა სესხის თანხა 35650 აშშ დოლარზე, შესაბამისად შედგა სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც სესხის ძირ თანხაზე დასარიცხი სარგებლის ოდენობა გრაფიკის მიხედვით 2017 წლის 31 მარტამდე განისაზღვრა 12 369 .33 აშშ დოლარით. შესაბამისად შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა საერთო ჯამში 48 019.33 აშშ დოლარით. 2015 წლის 25 ნოემბერს ე.შ--–---–---–მა მიმართა რა, განცხადებით კერძო აღმასრულებელ დ---–--------–---–ს მოითხოვა სწორედ ბანკის წინაშე არსებული დავალიანების 48019.33 აშშ დოლარის განაწილვადება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-2015 წლის 31 მარტის საბანკო კრედიტის/სესხის გაცემის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.28-35)

-სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 36)

-ე---------ე შ--–---–---–ის განცხადება (ს.ფ. 43)

-მოპასუხის ახსნა განმარტება (იხ. 2017 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმი)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

ამდენად მხარეებს შორის ვალდებულება წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილზე, რომლის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში საბანკო ხელშეკრულება იყო სარგებლიანი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ნოტარიუს ნ-------ა ჯ---------–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელის გაცემის შემდეგ, რა მოცულობით შესრულდა ე.შ--–---–---–ის მიერ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულება და შესაბამისად შესრულებული ვალდებულების პროპორციულად უნდა შესულიყო თუ არა ცვლილება ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქმის განმხილველი სასამართლო მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

 

დადგენილია, რომ (3.2.1. 3.2.2.) მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2013 წლის 29 ივლისის საბანკო კრედიტის/საბანკო პროდუქტების გაცემის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის - სს „კ-------– ბანკი“-ს მიმართვის საფუძველზე ნოტარიუს ნ-------ა ჯ---------–ის მიერ 2015 წლის 8 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლშიც გაიწერა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2015 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით: სესხის ძირითადი თანხა - 38 620 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 35 650 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი 2 913 აშშ დოლარი, პირაგასამტეხლო 57 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულების მიზნით აღსასრულებლად მიექცა ე---------ე შ--–---–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. 2015 წლის 25 ნოემბერს ე---------ე შ--–---–---–მა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს, რომლის თანახმად მოვალემ მოითხოვა მისი დავალიანების განაწილვადება 12 თვეზე იმგვარად, რომ პირველ გადახდას განახორციელებდა 2015 წლის 5 დეკემბრიდან 11 თვის განმავლობაში თანხის 650 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მეთორმეტე თვეს დარჩენილი დავალიანების ნაწილს დაფარავდა სრულად.

 

სასამართლომ არ გაიზიარა გადაწყვეტილების 3.2 პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 2015 წლის 25 ნოემბერს ე.შ--–---–---–მა მიმართა რა, განცხადებით კერძო აღმასრულებელ დ---–--------–---–ს მოითხოვა სწორედ ბანკის წინაშე არსებული დავალიანების 48019.33 აშშ დოლარის განაწილვადება და რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ გადახდილი თანხით გაიქვითა სწორედ აღნიშნული დავალიანება.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ მიმართა რა, ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, ამით შეწყვიტა მსესხებელთან სასესხო ურთიერთობა და მოპასუხისავე ინიციატივით სააღსრულებო ფურცლით განისაზღვრა შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა - საერთო ჯამში 38 620 აშშ დოლარის ოდენობით . შესაბამისად, საკრედოტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება შეადგენდა 38 620 აშშ დოლარს და არა 48019.33 აშშ დოლარს.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.8 პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 25 ნოემბერს ე---------ე შ--–---–---–მა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს თხოვნით არსებული დავალიანების 12 თვეზე განაწილვადების თაობაზე იმგვად, რომ პირველ გადახდას განახორციელებდა 2015 წლის 5 დეკემბრიდან 11 თვის განმავლობაში თანხის 650 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მეთორმეტე თვეს დარჩენილი დავალიანების ნაწილს დაფარავდა სრულად. აღნიშნული განცხადება არ შეიცავდა მითითებას, რაიმე კონკრეტულ თანხაზე, არამედ საუბარი იყო დავალიანების განაწილვადებაზე ზოგადად, გარკვეული პირობებით.

 

სასამართლოს მოსაზრებით განმცხადებელის ნება მიმართული იყო სწორედ იმ ვალდებულების შესრულებისაკენ, რომელიც მას 2015 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით უფიქსირდებოდა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

 

სასამართლო გადაწყვეტილების 3.1.10 პუნქტით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან 2015 წლის 8 ოქტომბრიდან 2016 წლის 25 იანვრამდე მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის ოდენობამ შეადგინა - 6030 აშშ დოლარი. მათ შორის 2015 წლის 25 ნოემბრის შემდეგ, 2015 წლის 05 დეკემბერს გადახდილია 650 აშშ დოლარი შეთანხმებისამებრ, ხოლო 2016 წლის 25 იანვარს 150 აშშ დოლარი. აღნიშნული კი მოსარჩელე მხარეს შეთანხმების დარღვევად ჩაეთვალა და განახლდა სააღსრულებო წარმოება სააღსრულებო ფურცლით გათვლისწინებული შესასრულებელი ვალდებულების მოცულობით, ისე რომ არ იქნა გაქვითული გადახდილი 6030 აშშ დოლარი.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მიერ მოცემულ ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 8 ოქტომბრიდან 2016 წლის 25 იანვრამდე მიღებული 6030 აშშ დოლარი წარმოადგენს მხოლოდ საპროცენტო სარგებელს და სესხის ძირითადი თანხა უნდა დაიფაროს ერთიანად. აღნიშნულის საპირწონედ საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 08 ოქტომბრის შემდეგ სესხის დაფარვის ისტორია და სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლითაც მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულება ფიქსირდება 6030 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან საგულისხმოა, რომ ნოტარიუსის სააღრულებო ფურცლით სესხის ძირი თანხა განისაზღვრა 35 650 აშშ დოლარით, ხოლო სესხის სარგებელი 2913 აშშ დოლარით, რაც სასამართლოს აძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოვალის მიერ შესრულებული ვალდებულება 6030 აშშ დოლარი ცალსახად აღემატება სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ სარგებლის ოდენობას, ანუ 2913 აშშ დოლარს, შესაბამისად სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ შესრულებული ვალდებულების გათვალისწინებით უნდა განულდეს სარგებლის ოდენობა და დარჩენილი თანხით შემცირდეს ძირი თანხა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

სასამართლომ აღნიშნა რომ, მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს შესაძლოა წარმოადგენდეს მხარეთა შორის დადებული გარიგება, თუმცა მოსარჩელეს არ შეიძლება მოეთხოვოს იმაზე მეტის შესრულების განხორციელება ვიდრე მან ხელშეკრულებით იკისრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულება ძირი თანხის ნაწილში უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 32 533 აშშ დოლარით, ხოლო საპროცენტო სარგებლის ოდენობა 2 913 აშშ დოლარი ჩაითვალოს გადახდილად და განულდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გაითვალისწინა მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის შემდეგ 2015 წლის 08 ოქტომბრიდან 2016 წლის 25 იანვრამდე გადახდილი თანხის 6030 აშშ დოლარის ოდენობა, არ გაითვალისწინა 2013 წლის 29 ივლისიდან სააღსრულებლო ფურცლის გაცემამდე გადახდილი თანხის 15 563 აშშ დოლარის ოდენობა. ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა და მეტიც საერთოდ არ უმსჯელია სააღსრულებო ფურცლის მე-5 პუნქტზე, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს დოკუმენტს, რომელიც უნდა აღსრულდეს სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე. აპელანტის მითითებით სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია 2013 წლის 29 ივნისის ხელშეკრულება და ხელშეკრულების ძირითადი პირობები.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა 2014 წლის 31 მარტის ხელშეკრულების ძირითადი პირობა, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიური შენატანებით უნდა დაფარულიყო ძირითადი თანხა პლიუს პროცენტი. სასამართლომ სრულიად უკანონოდ მიიჩნია გადახდილი თანხა ყოველთვიურ სარგებლად, რაც ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობას.

 

აპელანტმა აღნიშნა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, სს ,,კ-------– ბანკი'" ახორციელებდა გარიგებებს, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგებოდა. სწორედ აღნიშნული კანონსაწინაარმდეგო ქმედებებისდა გამო, სს ,,კ-------– ბანკს", საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის 2----–-–---------------------------------–-----, გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია, ამავე განკარგულებით დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი.

 

აპელანტის განმარტებით, 2016 წლის 05 დეკემბერს მიმართა სსიპ ლ-----------------–--------------–-- ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა ბანკთან არსებული დავალიანების და გადახდების შესაბამისად გრაფიკის შედგენა, ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, (ძირი პლიუს პროცენტი). აღნიშნული განცხადების პასუხად, მიიღო შუალედური პასუხი, რომლითაც, ექსპერტიზის სრულყოფილად ჩასატარებლად აპელანტს დაევალა გარკვეული დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის მოპოვება ვერ შევძლო, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ მოთხოვნის მიუხედავად, არ გადასცა. აპელანტის მითითებით, მიიღო ზეპირი განმარტება, რომ მიმდინარეობდა ლიკვიდაციის პროცესი და მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას გაეცათ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, საქმეზე მტკიცებულების სახით დართვის და სხდომის გადადების შესახებ.

 

აპელანტის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აპელანტის მითითებით განსახილველ შემთხვევაში არ მიეცა შესაძლებლობა ემტკიცებინა მის მიერ მითითებული გარემოებები. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიკვლია სრულად და ობიექტურად საქმის გარემოებები, დარღვეულ იქნა შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა უტყუარი მტკიცებულებები, მაშინ როდესაც სასამართლო მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარეს დაავალა წარმოედგინა ე---------ე შ--–---–---–ის საბანკო ამონაწერი, მის მიერ ,,კ-------– ბანკიდან’’ სესხის აღების დღიდან 2016 წლის ბოლომდე. (იხ საქმის მასალა) ხოლო აპელანტის განცხადებით, მას შეეზღუდა უფლება.

 

აპელანტმა აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულება ხელმოწერილია ლიკვიდატორის მიერ, საქმის განხილვის მომენტისათვის მოპასუხის წარმომადგენელს არ ჰქონდა საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილ მინდობილობას ხელს აწერს პირი რომელსაც, საქმის განხილვის მომენტისათვის შეზღუდული ქონდა უფლება მოსილებები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ე---------ე შ--–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.12. პუნქტები).

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და ასევე, სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედაგადაც სასამართლო მივიდა დასაბუთებულ გადაწყვეტილებამდე.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

დადგენილია, რომ (3.2.1. 3.2.2.) მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2013 წლის 29 ივლისის საბანკო კრედიტის/საბანკო პროდუქტების გაცემის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის - სს „კ-------– ბანკი“-ს მიმართვის საფუძველზე ნოტარიუს ნ-------ა ჯ---------–ის მიერ 2015 წლის 8 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლშიც გაიწერა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2015 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით: სესხის ძირითადი თანხა - 38 620 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 35 650 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი 2 913 აშშ დოლარი, პირაგასამტეხლო 57 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულების მიზნით აღსასრულებლად მიექცა ე---------ე შ--–---–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. 2015 წლის 25 ნოემბერს ე---------ე შ--–---–---–მა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს, რომლის თანახმად მოვალე მოითხოვს მისი დავალიანების განაწილვადებას 12 თვეზე იმგვარად, რომ პირველ გადახდას განახორციელებს 2015 წლის 5 დეკემბრიდან 11 თვის განმავლობაში თანხის 650 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მეთორმეტე თვეს დარჩენილი დავალიანების ნაწილს დაფარავს სრულად.

 

პალატა მიუთითებს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

 

ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ.

 

ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველ ინსტანციის მსჯელობას რომ, მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს შესაძლოა წარმოადგენდეს მხარეთა შორის დადებული გარიგება, თუმცა მოსარჩელეს არ შეიძლება მოეთხოვოს იმაზე მეტის შესრულების განხორციელება ვიდრე მან ხელშეკრულებით იკისრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პიველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულება ძირი თანხის ნაწილში უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 32 533 აშშ დოლარით, ხოლო საპროცენტო სარგებლის ოდენობა 2 913 აშშ დოლარი ჩაითვალოს გადახდილად და განულდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო ოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე---------ე შ--–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. ე---------ე შ--–---–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 411 ლარის ოდენობით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

ოთარ სიჭინავა