განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2018
საქმის ნომერი
330210015001111394
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 330210015001111394

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2537-16 21 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტები - რ----–------------, ი-----------------

წარმომადგენელი - შ-----------–------

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „------------------------------–--------------------

წარმომადგენელი - მ-----------------–-

 

დავის საგანი – ქირის გადახდა, ხელშეკრულების მოშლა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შემცირდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო 0,5% - 0,0001%-მდე, ი-----------------სა და რ----–------------ს მიერ პირგასატეხლოს სახით გადახდილი 9 653 აშშ დოლარი ჩაითვალოს სესხის ძირ თანხაში, სესხის ძირი თანხა განისაზღვროს - 100 აშშ დოლარით;

 

1.2. შემცირდეს სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 1 511 აშშ დოლარი - 50 აშშ დოლარამდე;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით რ----–------------ს და ი-----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა - რ----–------------მ და ი-----------------ა და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვეს. კერძოდ, სააპელაციო საჩივრით აპელანტები ითხოვენ შემცირდეს სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 1511 აშშ დოლარიდან 50 აშშ დოლარამდე.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

4. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

7. 2015 წლის 18 ივნისს ერთის მხრივ შპს „-------------------------------–-------------------- და მეორეს მხრივ, ი----------------- შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 9753 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა - 35 თვე, პროცენტის გადახდის თარიღი - ყოველი თვის 18 რიცხვი, წლიური სარგებელი - 18%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - დარჩენილი სესხის თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ

 

8. 2015 წლის 18 ივნისს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ერთის მხრივ, შპს „-------------------------------–-------------------- და მეორეს მხრივ, რ----–------------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა რ----–------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ------------------------------------------------------------------------

 

იპოთეკის ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.

 

9. დადგენილია, რომ 2015 წლის 18 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული დადგენილ ვადებში და წესით. არსებული მდგომარეობით 2015 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების მოცულობა შეადგენს სესხის ძირითადი თანხის სახით - 9753 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებლის დავალიანება შეადგენს - 292.60 აშშ დოლარს და პირგასამტეხლო - 1511.27 აშშ დოლარს.

 

10. ნოტარიუს ც-------------ის მიერ 2015 წლის 19 აგვისტოს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი N1--------, რომლის საფუძველზეც შპს „------------------------------–--------------------- მიმართ აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: 11 556 აშშ დოლარი, საიდანაც 9 753 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, დარიცხული პროცენტი - 292.60 აშშ დოლარი და 1 511.72 აშშ დოლარი. აღსასრულებელი თანხის ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა რ----–------------ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონება, მდებარე: ქ---------------------------------------------------------------------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0-------------------

 

11. აპელანტი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ოდენობის 1 511.72 აშშ დოლარის შემცირებაზე უარის თქმის ნაწილში და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

 

12. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრული პირგასამტეხლოს მოცულობის (1 511.72 აშშ დოლარის) შემცირების საფუძველი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. კერძოდ:

 

13.1. აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 420-ე მუხლების გამოყენების მართებულობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.

 

13.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

13.3. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

13.4. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

13.5. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

 

13.6. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

 

13.7. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

13.8. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრედიტორის მიერ არ მომხდარა ვადის ბრალეული გაჭიანურება, რამაც პირგასამტეხლოს ხელოვნურად გაზრდა გამოიწვია, ამასთან პირგასამტეხლოს დარიცხვა შეჩერებულია, პალატას მიაჩნია, რომ დარიცხული პირგასამტეხლო გონივრული და სამართლიანია და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივ - სამართლებრივი წინაპირობები.

 

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

15. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

16. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ----–------------მ და ი-----------------ა სესხის სახით მიღებული თანხა შეთანხმებულ ვადაში არ დააბრუნეს. კრედიტორმა ხელშეკრულების პირობის თანახმად ნოტარიუსს მიმართა, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.

 

17. გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრული შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის (1 511.72 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს) შემცირების საფუძველი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

19. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. რ----–------------ს და ი-----------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე