განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.05.2018
საქმის ნომერი
030210017002051860
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210017002051860

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-43-2018 20 მარტი, 2018 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი - ზ------ კ-----–--

მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ნინო ანდღულაძე

 

დავის საგანი - სამართალმემკვიდრედ ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ზ------ კ-----–--ს სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ეპს „ლ-------ს“ სამართალმემკვიდრედ ზ------ კ-----–--ს ცნობის თაობაზე. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.2. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ეპს „ლ-------ს“ სამართალმემკვიდრედ მისი დამფუძნებლის - ზ------ კ-----–--ს ცნობა. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებია: ა) რეგისტრაცია; ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირებისთვის მეთოდური და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება; დ) საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეების განხორციელება; ე) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების დამისამართება, ნუმერაცია და მათი მისამართების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა; ვ) უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემთა აღრიცხვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომ − ინსტრუქცია) დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე - არის პირი, რომელმაც მოსარჩელის განცხადებით დაარღვია ან სადავო გახადა მისი უფლება. მოსარჩელეს აქვს მოპასუხის დასახელების ვალდებულება, რასაც ადასტურებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი. არასათანადო მხარეები ეს არიან ისეთი პირები, ვინც თავდაპირველად მიჩნეულნი იყვნენ სადავო მატერიალური სამართალურთიერთობის მონაწილეებად, მაგრამ გაირკვა, რომ ისინი არ არიან ასეთი ურთიერთობის მონაწილენი. სასამართლოს უფლება არ აქვს არ მიიღოს სარჩელი იმ მოტივით, რომ იგი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ დააყენოს საკითხი არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის შესახებ. ასეთი შეცვლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მოსარჩელის თანხმობით. იმ შემთხვევაში, კი თუ მოსარჩელე არაა თანახმა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო განიხილავს საქმეს და უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე თავისი გადაწყვეტილებით. მოცემულ შემთხვევაში, ეპს „ლ-------ს“ სამართალმემკვიდრედ ზ------ კ-----–--ს ცნობა, სცილდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს, შესაბამისად, ის წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს. მოსარჩელემ უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის შეცვლაზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზ------ კ-----–--მ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. მოსამართლე ვერ გაერკვა ცნებებში - ფირმის რეგისტრაციის გაუქმებასა (რასაც "მეწარმეთა შესახებ"კანონის 5.8 პუნქტი ითვალისწინებს) და ფირმის გაუქმებაში. 3.2. აპელანტი ზოგადად ითხოვს ე.პ.ს. ფირმა "ლ-------"-ს ქონების სამართალმემკვიდრედ მისი დამფუძნებლის, ფიზიკური პირის ზ------ კ-----–--ს ცნობას. 3.3. აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა უამრავი მასალა, რომელიც სავსებით საკმარისი იყო ნებისმიერ მიუკერძოებულ და კვალიფიცირებულ მოსამართლისთვის ადვილად დაედგინა მოპასუხის მხრიდან მოსარჩლის ბანალური დაყაჩაღების ფაქტს. 3.4. სასამართლომ სრულად უგულვებელყო მის მიერ გადაწყვეტილებაში გაზიარებული მოპასუხის პოზიციის გამამყარებელი 85-ე მუხლი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ქალაქ ფოთის მერის 1993 წლის 28 ივნისის განკარგულებით დარეგისტრირდა ერთი პირის საწარმო „ლ-------“. 4.2. ამ საწარმოს დამფუძნებელი იყო ზ------ კ-----–--. 4.3. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ კანონით დადგენილი წესით საწარმოს ხელმეორედ რეგისტრაცია არ მომხდარა. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. პირველ ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ ერთი პირის საწარმო „ლ-------“, რომლის ქონების სამართალმემკვიდრედ ცნობასაც ითხოვს აპელანტი, დაფუძნებული იყო სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის საფუძველზე. 4.4.1. ამ კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი პირის საწარმო წარმოადგენდა ერთი პირის მიერ შექმნილ შეზღუდული პასუხისმგებლობის ნაირსახეობას, რომლის ქონებაც მას ეკუთვნოდა საკუთრების უფლებით. საწარმოს ჰქონდა საწესდებო კაპიტალი, რომელიც იქმნებოდა დამფუძნებლის შენატანით. 4.4.2. ამის შესაბამისად, ერთი პირის საწარმო იყო იურიდიული პირი, სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტი. 4.5. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებით სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონი გაუქმდა, ხოლო ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული საწარმოები დაექვემდებარნენ ხელმეორე რეგისტრაციას. 4.6. უდავოდ არის დადგენილი, რომ ერთი პირის საწარმო „ლ-------ს“ ხელმეორე რეგისტრაცია აღარ გაუვლია. ამის შესაბამისად, იგი კანონის საფუძველზე ჩაითვალა ლიკვიდირებულად. 4.7. ლიკვიდაციის შემდეგ საწარმოს ქონების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილება საქმეში წარმოდგენილი არ არის და მასზე არც აპელანტს მიუთითებია. 4.8. პალატა აღნიშნავს, რომ საწარმოს ლიკვიდაციისა და ქონების განაწილების წესს განსაზღვრავს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი და იგი ლიკვიდაციის შემთხვევაში უფლებამონაცვლეობას არ ითვალისწინებს. 4.9. პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობების მემკვიდრეობა, ე.ი. მესამე პირზე უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა იმ სახით, რა სახითაც ისინი უფლებრივ წინამორბედს ჰქონდა, ანუ - უფლებამონაცვლეობა წარმოიშობა კანონის ან გარიგების საფუძველზე. 4.9.1. რადგან საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაში კანონი უფლებამონაცვლეობას არ ითვალისწინებს ეპს „ლ-------ს“ ლიკვიდაციის შემდეგაც იგი ვერ წარმოიშობოდა, ე.ი. აპელანტი ეპს „ლ-------ს“ უფლებამონაცვლე არ არის. 4.10. ამის გამო, მისი სარჩელი უსაფუძვლოა. 4.11. საქმის მასალებითა და აპელანტის განმარტებით ჩანს, რომ, სინამდვილეში, მას ფოთში, ჩ-----ის ქ. #2-ში მდებარე 5898 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების დადგენა სურს. 4.12. პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ, ამ შემთხვევაში, აპელანტს სარჩელი არასათანადო მოპასუხის მიმართ აქვს აღძრული. 4.13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ზემოხსენებული ქონება ფოთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. 4.14. იგივე გამომდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდანაც. 4.15. ამის შესაბამისად, თუ რეალურად, აპელანტის ინტერესს ზემოხსენებულ ნაკვეთზე უფლების დადგენა წარმოადგენს, მან სარჩელი სათანადო მოპასუხის, ე.ი. ფოთის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ უნდა აღძრას. 4.16. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ზ------ კ-----–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

ნანა კალანდაძე