განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001382496 (3ბ/1784-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,მ---------------------ი“
წარმომადგენელი - გ---------------–---–ი, ა--------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეროვნული ბანკი
წარმომადგენელი - მ------------------ი
მესამე პირი - სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
წარმომადგენელი - თ--------–----ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,მ---------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 06 აპრილის N------ განკარგულების ,,შპს ,,ე--------------ის’’ შემოწმების თაობაზე’’ თანახმად, დაევალა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებს შეამოწმონ შპს ,,ე--------------ის’’ მიერ 2015 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 1 აპრილამდე პერიოდში ,,უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის’’ დებულების მოთხოვნის შესრულება. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 7 აპრილიდან 2016 წლის 29 აპრილამდე პერიოდი.
2.2. ,,შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე----------------ს“ (საერთო თანხა - 29 100 ლარი) და მის დირექტორსათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე’’ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 17 მაისის N------ განკარგულების თანახმად: 1. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დარღვევის 10 ფაქტის გამო, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე---------------ს“ (სარეგისტრაციო №------) დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითეულ ფაქტზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 10 000 ლარი; 2. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი, მე-102, მე-15 პუნქტებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-6 მუხლის მე-102-ე, მე-20, 21-ე პუნქტების დარღვევის 42 ფაქტის გამო შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე---------------ს“ (სარეგისტრაციო №------) დაეკისრა ფულადი ჯარიმა 300 ლარის ოდენობით, დარღვევის თითეულ ფაქტზე საერთო თანხით 12 600 (თორმეტი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით; 3. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-10 მუხლის მოთოვნის დარღვევის 15 ფაქტის გამო შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე---------------ს“ (სარეგისტრაციო №------) დაეკისრა ფულადი ჯარიმა 300 ლარის ოდენობით, დარღვევის თითეულ ფაქტზე საერთო თანხით 4500 ლარი; 4. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნების დარღვევის გამო შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე---------------ს“ (სარეგისტრაციო №------) დაეკისრა ფულადი ჯარიმა 300 ლარის ოდენობით, დარღვევის თითეულ ფაქტზე საერთო თანხით დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; 5. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე---------------ს“ (სარეგისტრაციო №------) დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 29 100 (ოცდაცხრა ათას ასი) ლარის ოდენობით; 6. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-4 მუხლი მე-3 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე----------------ს“ (სარეგისტრაციო №------) დირექტორს ი---------------------------ი (0----------, პასპორტის №1-------) დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. განიმარტა თანხის გადახდის, განკარგულების გასაჩივრების ვადა და წესი.
2.3. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლების 11.05.2016 წლის მოხსენებითი ბარათით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ეცნობა ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 6 აპრილის №------ განკარგულებით დანიშნული შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე----------------ს“ შემოწმების შედეგები და ეთხოვა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. მოხსენებით ბარათს თან დაერთო ,,შემოწმების აქტი’’ 19 ფურცლად.
2.4. შპს ,,მ---------------------ის“ 2016 წლის 11 მაისის შემოწმების №------ აქტის თანახმად, შესწავლილ იქნა ორგანიზაციის მიერ გაცემული და მიღებული სესხები, რის შედეგადაც გამოვლინდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაუცემელი ოპერაციების 10 შემთხვევა. ამასთან, გამოვლინდა ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-6 მუხლის დარღვევის 42 ფაქტი, კერძოდ, დადგინდა, რომ არ ხდებოდა კლიენტებისათვის შესაბამისი რისკის კატეგორიის მინიჭება და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი ზომების გატარება, საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დადგენა, საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, ასევე სათანადო სკრინინგი. ასევე დადგენილ იქნა მითითებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის 15 შემთხვევა. შემოწმების აქტის მიხედვით გამოირკვა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ გააჩნდა რისკის მართვის სისტემა, ასევე მონაცემთა სათანადო ელექტრონული ბაზა, რამაც უნდა უზრუნველყოს საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1. მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. ,,დ’’ მუხლის მიხედვით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 17 მაისის №------ განკარგულება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. ,,დ’’ მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში უნდა შემოწმდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, სადავო აქტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 1.1. მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 6.1. მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკი არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება საკუთრივ ეროვნული ბანკისაგან და მასთან არსებული სააგენტოსაგან, ხოლო 15.2. მუხლით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 2017 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქციის 4711 მუხლის მიხედვით, საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკთან იქმნება სააგენტო. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 2017 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქციის 48.1. მუხლის შესაბამისად, სააგენტოს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადასახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 2017 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქციის 50.1. მუხლის შესაბამისად, სააგენტო მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ზედამხედველობას უწევს რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმებისა და სანქციების დაწესების გზით. იმავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააგენტო ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ზედამხედველობას უწევს მხოლოდ ყალბი ფულის მიმოქცევის აღსაკვეთად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, მინიმალური მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. ამრიგად, ზემოთ მითითებულ ნორმათა იმპერატიული დანაწესის თანახმად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, განახორციელოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობა, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს სანქციები, რაც განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული იქნა შპს ,,მ---------------------ის“, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ.
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, ეს კანონი არეგულირებს საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოვლენასთან და აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ამ კანონით გათვალისწინებულ საამისოდ უფლებამოსილ ორგანოებსა და შესაბამის პირებს შორის, აგრეთვე ურთიერთობებს, ერთი მხრივ, საქართველოს და, მეორე მხრივ, სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, ხოლო მე-3 ნაწილით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე. მითითებული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უკანონო შემოსავალი არის პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება; ბ) ქონება არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; დ) მონიტორინგი არის ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ზ) ზედამხედველობა არის ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოების მიერ მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი პირების საქმიანობის ზედამხედველობა; თ) საეჭვო გარიგება არის გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან; ლ) პირის იდენტიფიკაცია არის პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას; ნ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირი არის ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს; რ) ბენეფიციარი მესაკუთრე არის ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე; შ) კლიენტი არის ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით. იმავე კანონის მე-3 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით, საზედამხედველო ორგანოა საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისათვის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტებისათვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისათვის, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ი“, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არის მონიტორინგის განმახორციელებელ პირი, რომლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს გარიგებების (ოპერაციების) მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა (კომერციული ბანკების, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიების, ადვოკატებისა და საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების საშუალებით შესრულებული გარიგებების, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს დაქვემდებარებული ქმედებების გარდა), თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში; ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. იმავე კანონის 9.1. მუხლის შესაბამისად, თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან მცდელობის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება ან თუ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება, იგი ვალდებულია ამის შესახებ ცნობა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. ანგარიშგება უნდა გაიგზავნოს იდენტიფიკაციის შეუძლებლობის ან საიდენტიფიკაციო მონაცემების ან გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის გაჩენის დღესვე, ხოლო თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება ამ კანონის მე-5 მუხლით დადგენილ ზღვარს - გარიგების დადებიდან ან შესრულებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაკავშირებულია მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ინფორმაციის მიღების დღესვე გაუგზავნოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგება თავის ხელთ არსებულ ყველა სათანადო მასალასთან და დოკუმენტთან ერთად. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს გამონაკლისები, როდესაც სამსახურს ცნობა არ მიეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება. როგორც წესი, ეს დებულება გამოიყენება იმ შემთხვევისათვის, როდესაც გარიგება საეჭვო არ არის ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე.
2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1. მუხლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით. იმავე ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა უფლებამოსილი, თავის საფირმო სახელწოდებაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა შეიტანოს ტერმინი „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“ ან მისი აბრევიატურა „მისო“, ხოლო მე-4 ნაწილით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააფრთხილოს იგი, დააკისროს ფულადი ჯარიმა ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. იმავე კანონის 4.1. მუხლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა: ა) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა; ამ მიზნით საკრედიტო საგადახდო ბარათის გამოშვება; ე) მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ვ) სესხების (კრედიტების) მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები: მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, ვალუტის გადაცვლა, თამასუქების, ობლიგაციების გამოშვება, რეალიზაცია, გამოსყიდვა და ამ ფინანსურ მომსახურებებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები. იმავე კანონის 5.1. მუხლის მიხედვით, მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 50000 (ორმოცდაათი ათას) ლარს.
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცდა ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულება, რომლის 3.1. მუხლის თანახმად, ამ დებულების მიზნებისთვის მონიტორინგს ექვემდებარება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის განსაზღვრული საქმიანობიდან გამომდინარე პირის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებული გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) გარიგების ან გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში; ბ) გარიგება არის საეჭვო ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, შპს ,,მ---------------------ის“, როგორც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის 2015 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 01 აპრილამდე პერიოდის შემოწმება, შემოწმების აქტის შედგენა და შემოწმების შედეგების მიხედვით, განკარგულების გამოცემა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას.
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 68.4. მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 11 მაისის შემოწმების №------ აქტი და სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები აღნიშნულზე და განმარტა, რომ შემმოწმებლების მიერ შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში შპს ,,მ---------------------ის“ მიერ გაცემული და მიღებული სესხები. შემოწმებით გამოვლინდა დარღვევები, კერძოდ: 1) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაუცემელი ოპერაციების 10 შემთხვევა; 2) ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-6 მუხლის დარღვევის 42 ფაქტი, კერძოდ, არ ხდებოდა კლიენტებისათვის შესაბამისი რისკის კატეგორიის მინიჭება და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი ზომების გატარება, საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დადგენა, საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი და სათანადო სკრინინგი (გადამოწმება); 3) ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის 15 შემთხვევა; 4) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ გააჩნდა რისკის მართვის სისტემა, ასევე მონაცემთა სათანადო ელექტრონული ბაზა, რასაც უნდა უზრუნველეყო საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენა. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე არ დაეთანხმა ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების 3.1. მუხლის მოთხოვნის დარღვევის 10 ფაქტის გამო ფულადი ჯარიმის, დარღვევის თითეულ ფაქტზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 10 000 ლარის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით, შემოწმების აქტში გამოვლენილი ,,მნიშვნელოვანი ხარვეზები’’ არის დაუსაბუთებელი და შესაბამისად, დაკისრებული ჯარიმა უკანონო, ვინაიდან დარღვევის ფაქტად მიჩნეული შპს ,,მ---------------------------ს’’, მონათესავე კომპანიის შპს ,,ე-----------------’’-ის (ს/კ 4--------) მიერ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში სესხების გაცემა და ამ ტრანზაქციების ,,დარღვევის ფაქტად’’ მიჩნევა და შემდგომში დაჯარიმება არის უსაფუძვლო, ვინაიდან ორივე ორგანიზაციას ჰყავს საერთო დამფუძნებელი/მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, შესაბამისად, შპს ,,მ---------------------------ს’’ სესხის გაცემა ფაქტიურად წარმოადგენს დამფუძნებლის ინვესტიციას და არ მიიჩნევა ,,საექჭვო გარიგებად’’. მოსარჩელის მითითებით, არ მომხდარა ,,საეჭვოდ’’ მიჩნეული გარიგებების შესახებ ინფორმაციის მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენა, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევას და არ შეიძლება შეფასდეს დარღვევად. ამ საკითხთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე ადასტურებს, რომ შპს ,,ე-----------------’’-თან გარიგების (სესხი) შემთხვევებში ინფორმაციას არ აწვდიდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ვინაიდან მიაჩნდა, რომ აღნიშნული წარმოადგენს კანონის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევას და არ შეიძლება შეფასდეს დარღვევად. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმის დანაწესის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს გამონაკლისები, როდესაც სამსახურს ცნობა არ მიეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება. იმავე ნორმის იმპერატიული დანაწესის თანახმად, როგორც წესი, ეს დებულება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, როდესაც გარიგება საეჭვო არ არის ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლი და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-3 მუხლი არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას იმის თაობაზე, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს (,,მონათესავე კომპანიების" ცნება საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული) შორის დადებული გარიგების ან გარიგებათა (თანხის გადაცემა) ერთობლიობის თანხა, თუ აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში მონიტორინგს არ უნდა დაექვემდებაროს და ასეთ შემთხვევებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობა არ უნდა მიეწოდოს. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 68.4. მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აღნშნულის საწინააღმდეგო სხვა რაიმე გარემოებების არსებობა. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება აღნიშნულზე.
2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის შესაბამისად, მონიტორინგის განმახორციელებელ პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე შემდეგ შემთხვევებში: ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) კლიენტს სურს განახორციელოს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვა, რომლის თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); გ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში; დ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. იმავე ნორმის 102 ნაწილის მიხედვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, ხოლო მე-15 ნაწილით განისაზღვრა, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობას, ან რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 11 მაისის შემოწმების №------ აქტი და სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები აღნიშნულზე და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს ,,მ---------------------ის“ მიერ გაცემულია და მიღებულია სესხები. შემოწმებით გამოვლინდა ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-6 მუხლის დარღვევის 42 ფაქტი, კერძოდ, არ ხდებოდა კლიენტებისათვის შესაბამისი რისკის კატეგორიის მინიჭება, აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი ზომების გატარება, საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დადგენა, საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი და სათანადო სკრინინგი (გადამოწმება). საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე არ იზიარებს აღნიშნულს და განმარტავს, რომ შპს ,,მ--------------------ი’’, ისევე როგორც სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, გასცემს არამიზნობრივ სესხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტი უფლებამოსილია მიღებული თანხა გამოიყენოს მისთვის სასურველი ნებისმიერი მიზნობრიობით, სესხის განაცხადის ეტაპზე საკრედიტო ექსპერტის მიერ ხდება სესხის საჭიროების შესახებ გამოკითხვა და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით სესხის მიზანს წარმოადგენს ,,ავტომობილის შეძენა’’ ან ,,ბიზნესი’’. მოსარჩელის მითითებით, 42 ,,დარღვევის ფაქტიდან’’ 15 წარმოადგენს დამფუძნებლის ინვესტიციას, ხოლო 27 ფაქტის შემთხვევაში გაცემულია არამიზნობრივი სამომხმარებლო სესხები. ამდენად, მოსარჩელის მითითებით, მიზნობრიობის გადამოწმების არც უფლება და არც შესაძლებლობა არ გააჩნდათ, ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონით მისო უფლებამოსილია გასცეს სამომხმარებლო სესხები, რაც თავის მხრივ გულისხმობს კლიენტის მიერ მიღებული თანხის არა კონკრეტული მიზნით, არამედ მისთვის სასურველი სამომხმარებლო მიზნით გამოყენების უფლებამოსილებას. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე ფულადი თანხა გაიცემა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს, როგორც მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება, კერძოდ: ა) მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში; ბ) მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად; გ) აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი (კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვა, არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლება და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობა, გარიგების დეტალურ შესწავლა, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობას, ან რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას). საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას ურთიერთდამოკიდებულ პირებთან (,,მონათესავე კომპანიების’’ ცნება საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული) მიმართებაში, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგებები მონიტორინგს არ უნდა დაექვემდებაროს და ასეთ შემთხვევებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შესაბამისი ინფორმაცია არ უნდა მიეწოდოს. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 68.4. მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ის“ მიერ არ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებების არსებობა. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებები აღნიშნულზე.
2.12. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 7.1. მუხლის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტები), აგრეთვე კლიენტის ანგარიშის შესახებ დოკუმენტაცია, საქმიანი კორესპოდენცია და იმავე კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები (მათ შორის, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით მოწოდებული) მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს, და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას დაუყოვნებლივ წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოებს. იმავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) და გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ინახება ინფორმაციის (დოკუმენტის) ასლი, დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად მიმღები პირის (მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ. დამოწმებას არ საჭიროებს კლიენტის იდენტიფიკაციისათვის ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი და მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ გადამოწმებული მონაცემები. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების 10.2. მუხლის თანახმად, ოპერაციის (გარიგების) შესახებ, მათ შორის, კლიენტის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია ასლების სახით. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შიდა ინსტრუქციით ან სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს, ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით კლიენტის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გადამოწმებული მონაცემები. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 11 მაისის შემოწმების №------ აქტი (დანართი №3) და სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები აღნიშნულზე და მიიჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე----------------ს“ მიერ შპს ,,ე---------------“-გან სესხის მიღებისას განხორციელებული ოპერაციების დროს (15 ფაქტი) დარღვეულია კლიენტის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტების შენახვის წესი, კერძოდ, 15 (თხუთმეტი) შემთხვევაში არ იყო ბენეფიციარი მესაკუთრე პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი სათანადო წესით დამოწმებული. საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება აღნიშნულზე და მიიჩნია, რომ მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელესა და შპს ,,ე---------------“ -ს ჰყავთ ერთიდაიგივე დამფუძნებელი (ბენეფიციარი) და ორივე კომპანიაში წილის მფლობელი პარტნიორი, რომლის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია წარდგენილია და ინახება როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში კომპანიის რეგისტრაციის ეტაპზე, ისე საქართველოს ეროვნულ ბანკში - კომპანიის მისოდ რეგისტრაციის ეტაპზე, უპირობოდ არ ათავისუფლებს მოსარჩელეს ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-10 მუხლით დადგენილი კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებისაგან, კერძოდ, კლიენტის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვის ვალდებულებისაგან. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 11 მაისის შემოწმების №------ აქტი (დანართი №3) და სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები აღნიშნულზე და მიიჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე---------------ს’’ არ გააჩნდა რისკის მართვის სისტემა, ასევე მონაცემთა სათანადო ელექტრონული ბაზა, რასაც უნდა უზრუნველეყო საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მუხლსი მე-6 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს/შეინახოს გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც (რომლებიც) შეეხება: ა) გარიგების (ოპერაციის) შინაარსს; ბ) გარიგების დადების თარიღსა და ადგილს, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობას და ვალუტას, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს; გ) გარიგების მონაწილე პირის (მათ შორის, კლიენტის) იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილ ამ კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას (დოკუმენტებს); დ) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება; ე) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომელიც მესამე ან სხვა პირის დავალებით დებს ან ასრულებს გარიგებას. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების 9.1. მულისა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.6. მუხლის საფუძველზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია (დოკუმენტები) გარიგების და/ან ოპერაციის შესახებ. იმავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის მოთხოვნა ვრცელდება როგორც თვით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დადებულ გარიგებებზე და შესრულებულ ოპერაციებზე, ასევე კლიენტების დავალებით შესრულებულ ოპერაციებზე და იმ გარიგებებზე, რომლებიც ოპერაციის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს. იმავე მუხლის მე-5 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირების, სისტემატიზაციისა და შენახვის მიზნით მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სისტემა. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 68.4. მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ის“ მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სხვა რაიმე საწინააღმდეგო გარემოებების არსებობა.
2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 8.1. მუხლის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით განახორციელოს შიდა კონტროლი. იმავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია (შიდა კონტროლის წესი) და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი შესრულების მიზნით. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის (მისი ფილიალისა და წარმომადგენლობის) შიგნით კლიენტისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესები და პროცედურები ამ კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნისათვის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებისა და შესრულებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს მიუთითოს ამ ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი შესწორება. მოსარჩელის განმარტებით, მიკროსაფინასო ორგანიზაციაში არსებობს შიდა ინსტრუქციის მსგავსი დოკუმენტი და აგრეთვე სხვა შიდა ნორმატიული ბაზა. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 68.4. მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ის“ მიერ მტკიცებულების სახით არ იქნა წარმოდგენილი ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 8.1. მუხლით დადგენილი წესით შედგენილი ,,შიდა ინსტრუქცია’’, ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დაცულია ამ დოკუმენტისათვის დაწესებული კანონის მოთხოვნები. კერძოდ, საქმის მასალებს ერთვის ,,შინაგანაწესი - შიდა მარეგულირებელი ნორმები, რომელიც მისი შინაარსის გათვალისწინებით არ მიიჩნევა შიდა კონტროლის ეფექტურ მექანიზმად’’. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე----------------ს“ შემოწმების აქტის გრაფაში ,,ფულის გათეთრების“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების შესახებ მითითებულ გარემოებას, კერძოდ: ,,ორგანიზაციაში არ არსებობს სტრუქტურული ერთეული ან პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია მონიტორინგის პროცესის ადეკვატურ წარმართვაზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის შესაძლებლობას დაადგინოს, შეაფასოს, მონიტორინგი გაუწიოს და გააკონტროლოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობაში არსებული ML/FT რისკები’’. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არ არსებობდა შიდა კონტროლის მექანიზმები, შესაბამისად, დარღვეულია ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნები. საქალაქო სასამართლოს მითითებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 68.4. მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ის“ მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სხვა რაიმე საწინააღმდეგო გარემოებების არსებობა.
2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6011. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
2.15. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 17 მაისის განკარგულება №------ არ ეწინააღმდეგება მოქმედი ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშესაბამისი. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილება შეიცავს არაერთ ფაქტობრივ შეცდომას, რაც გამოვლინდა როგორც ტექნიკურ დეტალებში, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტების უგულებელყოფაში. მაგალითად, სასამართლოს არასწორად აქვს გადაწყვეტილებაში მითითებული თავად მოსარჩელის სახელწოდება - ნაცვლად შპს „მ---------------------ისა“, სასამართლო საუბრობს შპს „ე--------------ზე“, რაც გარკვეულწილად დამაბნეველიცაა იქიდან გამომდინარე, რომ დაჯარიმების განკარგულება, რომლის ბათილობასაც აპელანტი ითხოვს, დაკავშირებულია სწორედ ამ სუბიექტთან - შპს „ე----------------“-თან არსებულ ურთიერთობასთან. შესაბამისად, ამგვარი შეცდომა არსებითია მოცემულ შემთხვევაში, რადგან იწვევს ფაქტების აღრევას. ასევე შეცდომაა თარიღებშიც, შპს „მ---------------------ის“ შემოწმება განხორციელდა 2016 წლის 07 აპრილიდან, გადაწყვეტილებაში კი საუბარია, რომ შემოწმების ვადა მოიცავდა 2017 წლის 07 აპრილიდან 2016 წლის 29 აპრილამდე პერიოდს. აპელანტის მითითებით, ამგვარ უსწორობას სხვა შემთხვევაში შესაძლებელია არც მიექცეს ყურადღება, მაგრამ ეს მიუთითებს სასამართლოს მხრიდან საქმის შესწავლის, განხილვის და გადაწყვეტის მიმართ არასიღრმისეულ მიდგომაზე, რაც გამოვლინდა როგორც დეტალებში, ასევე საბოლოო კვლევაში და აისახა გადაწყვეტილებაზეც.
3.2. აპელანტის მითითებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, აპელანტს დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ არც შემოწმების აქტში და არც ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებაში არ არის სამართლებრივი დასაბუთება აღნიშნული ჯარიმის დაკისრების თაობაზე, პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე აპელანტი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემტკიცებინა დარიცხვის არამართლზომიერება. ეროვნული ბანკი არც განკარგულებაში უთითებს იმ გარიგებებზე, რომლებზეც აპელანტს კანონის მოთხოვნები აქვს დარღვეული და არც სასამართლოში გაუკეთებია რაიმე ზეპირი განმარტება აღნიშნულის თაობაზე. სასამართლომ კი არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მისოს მხრიდან დარღვევას ჰქონდა ადგილი და არ ჩათვალა საჭიროდ აღნიშნული საკითხის დამატებითი გამოკვლევა.
3.3. აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი შიდა ინსტრუქცია, რომლის შინაარსი შეიცავს კონტროლის ეფექტურ მექანიზმებს. ის, თუ რამდენად ეფექტურია შემუშავებული ინსტრუქცია, არის შეფასებითი კატეგორია, შესაძლებელია, სხვა კონკურენტ სუბიექტებს ჰქონდეთ კიდეც უკეთესი შინაგანაწესი, მაგრამ სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელეს უდავოდ არ გააჩნია მსგავსი ხასიათის დოკუმენტი, არასწორია.
3.4. პელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მ--------------------ი და ე---------------- არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები და მათზე არ ვრცელდება გამონაკლისი. იმის დასადასტურებლად, რომ ორივე კომპანიას ჰყავს ერთიდაიგივე ბენეფიციარი მესაკუთრე, აპელანტის მხრიდან წარდგენილი იქნა შესაბამისი მტკიცებულება - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, როგორც ე----------------ის, ასევე მ--------------------ის შესახებ. გარდა ამისა, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ისედაც საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომია სამეწარმეო რეესტრში. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია კომპანიებს შორის არსებული ურთიერთობა (საერთო ბენეფიციარი მესაკუთრის არსებობის ფაქტი), უფრო მეტიც, იგი ადასტურებდა კიდეც იმ გარემოებას, რომ „ე----------------“ და „მ--------------------ი“ ურთიერთდამოკიდებულ პირებს წარმოადგენენ. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებას.
3.5. აპელანტის მითითებით, მოცემულ მომენტში კომპანიაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რაც გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მძიმე ფინანსური და ეკონომიკური ფაქტორებით, რაც თან ახლავს ეროვნული ვალუტის - ლარის გაუფასურებას. რეორგანიზაციის ფარგლებში ხორციელდება შტატების და სახელფასო ფონდების შემცირება და ხარჯების მინიმალიზაცია. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს არ უნდა გამოეყენებინა სანქციის უკიდურესი ზომა - დაჯარიმება და დარღვევის სიმძიმიდან, ხარისხიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოფარგულიყო უფრო მსუბუქი სანქციით - მხოლოდ გაფრთხილებით, რაზეც არაერთხელ გააკეთა აპელანტმა აპელირება პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დროს და რაც მხედველობაში არ იქნა მიღებული სასამართლოს მხრიდან.
3.6. აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, გადაწყვეტილების მიღების მომენტში არ გამოიყენა ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 9.4. პუნქტი, რომელიც საუბრობს, რომ თუ სახეზე არ არის გარიგების საეჭვოობის საკითხი, ეს არის ის საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც ფინანსური მონიტორიგის სამსახურისათვის გარიგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება არაა სავალდებულო. მოცემულ შემთხვევაში გარიგების მხარეები (მ--------------------ი და ე---------------) წარმოადგენდნენ ერთიდაიგივე სუბიექტის მიერ დაფუძნებულ პარტნიორ კომპანიებს, რომელთა იურიდიული და ფაქტობრივი მისამართიც იდენტურია და ხელმძღვანელი პირიც (დირექტორი). შესაბამისად, საეჭვოობის საკითხი დღის წესრიგში არც იდგა და არც გარიგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება წარმოეშობოდა მისოს. აპელანტის მითითებით, სასამართლოს განმარტება, თითქოს ხსენებული 9.4. პუნქტი არ ითვალისწინებს დათქმას იმის თაობაზე, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე არ ვრცელდება ეს დანაწესი (გადაწყვეტილების გვერდი 11, ბოლო აბზაცი), არასერიოზულად ჟღერს, ვინაიდან კანონმდებელი ვერ გაწერს თითოეულ შესაძლო შემთხვევას და სწორედ ამისათვის დაადგინა ზოგადი ჩანაწერი – „თუ გარიგება არაა საეჭვო“, რაც უნდა იქნეს მორგებული თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე და რაც ამ შემთხვევას აბსოლუტურად მიესადაგება. აპელანტის მოსაზრებით, ასევე არასწორია სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ არ წარადგინა მტკიცებულება, რაზეც ამყარებდა თავის პოზიციას „დაკავშირებულ საწარმოსთან“ დაკავშირებით. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ისედაც საჯარო და ხელმისაწვდომია ყველასათვის, ნათელს ხდის იმ საკითხს, რომ კომპანიებს აქვთ იდენტური იურიდიული მისამართი, დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი, საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმცია და კანონითაა განსაზღვრული, ყოველგვარი დამატებითი მტკიცების საჭიროების გარეშე. გარდა ზემოაღნიშნულისა, აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასამართლოს მიერ მითითებული „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ზუსტი ფორმულირება ჟღერს შემდეგნაირად: „მონიტორინგს ექვემდებარება კლიენტის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებული გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) გარიგების ან გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში; ბ) გარიგება არის საეჭვო.“ ნორმა თვითონვე იმთავითვე ხაზს უსვამს იმ დეტალს, რომ გარიგებების (მისი თანხების) დანაწევრების შემთხვევაში დაანგარიშება უნდა მოხდეს გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობით, მათი თანხების ჯამური ოდენობის მიხედვით. ზემოაღნიშნული დანაწესის მიზანი მხოლოდ ის კი არ არის, რომ რომელიმე სუბიექტმა არ განახორციელოს გარიგებების (თანხების) დანაწევრება და ამ გზით თავი არ აარიდოს მონიტორინგს, არამედ ასევე ისიც, რომ ერთიდაიგივე სუბიექტთან რამოდენიმე გარიგების არსებობის შემთხვევაში ეს ურთიერთობა მოაზრებულ უნდა იქნეს ერთ ოპერაციად, ერთ ტრანზაქციად და კანონმდებლობის მოთხოვნებიც მასზე უნდა გავრცელდეს როგორც ერთ მთლიან ოპერაციაზე. პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დროს არაერთხელ იყო ხაზგასმული, რომ სახეზე იყო ერთი გარიგების ფარგლებში გაცემული სესხის რამოდენიმე ტრანში, რომელიც მსესხებლის მიერ ეტაპობრივად იქნა ათვისებული და არა სხვადასხვა გარიგებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ, თუ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო აპელანტის სასარჩელო დასაბუთება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გარიგებები საერთოდ არ ექვემდებარებოდა მონიტორინგს (აპელანტის წარმომადგენელმა ეს ზემოთ აღნიშნა), მისი გადაწყვეტილება მაინც დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამოა. ეროვნული ბანკის განკარგულება დაჯარიმების თაობაზე, როგორც მინიმუმ, იმ ნაწილში უნდა ყოფილიყო ბათილად ცნობილი, სადაც ეროვნულ ბანკს საუბარი ჰქონდა გარიგებათა სათითაოდ დაჯარიმებაზე. ეროვნული ბანკის მიერ, დაჯარიმების საფუძვლის არსებობის პირობებშიც, ერთჯერადად უნდა ყოფილიყო გამოყენებული 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა.
3.7. აპელანტის განმარტებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის თანახმად, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.“ ამასთან, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ კანონის თანახმად, მისო „ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე.“ იგი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობას, ან რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას. აპელანტის მითითებით, სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე განმარტა, რომ ფიზიკური პირების შემთხვევაში ვინაობის დადგენა ხდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან/და პასპორტის საფუძველზე. სესხის დამტკიცებამდე კომპანიის საკრედიტო განყოფილების მიერ ხდება კლიენტის იდენტიფიკაცია, მოწმდება კლიენტის საკრედიტო ისტორია ე.წ. ,,კ---------------”-ში, დგინდება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, მოწმდება მის მიერ სესხის განაცხადის ეტაპზე მოწოდებული 4 საკონტაქტო ნომერი. აღნიშნულის შემდეგ კომიტეტზე ზუსტადაც რომ დგინდება კლიენტის რისკის კატეგორია და მის საფუძველზე: ა) სრულად მტკიცდება სესხი, ბ) მტკიცდება მოთხოვნილზე ნაკლები თანხა ან ბ) მოითხოვება დამატებითი უზრუნველყოფა. აპელანტის წარმომადგენლისთვის გაუგებარია, ამ ყოველივეს შემდეგ რას ითხოვს ან ეროვნული ბანკი და ან სასამართლომ რატომ არ მიიჩნია აღნიშნული კანონშესაბამისად.
3.8. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, ეროვნული ბანკი აცხადებს და ამაში სასამართლოც ეთანხმება, რომ მონიტორინგის განხორციელების ვალდებულება მისოს მიერ დაირღვა ასევე შპს „ე----------------“-თან მიმართებაში. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაშიც ცალსახად ადგილი აქვს სასამართლოს მხრიდან კანონის არასწორ განმარტებას, რადგან შპს „ე----------------“-თან დადებულ 15 ხელშეკრულებაზე სათითაოდ მოხდა სანქციის ნორმის გამოყენება და თითოეულ დადებულ გარიგებაზე განხორციელდა ჯარიმის დაკისრება. აპელანტის მითითებით, მათი მხრიდან ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, შპს „ე----------------“-თან დადებულ ხელშეკრულებებთან მიმართებაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ერთი სანქცია. ლოგიკურია, თუ მისოს ევალება გადაამოწმოს მისი კლიენტი, მაშინ აღნიშნული ვალდებულება ერთ კონკრეტულ კლიენტზე 15-ჯერ როგორ უნდა შესრულდეს. ან თუ მისოს ევალება კონკრეტული კლიენტის პერიოდული კონტროლი და მონიტორინგი, რადგან კონკრეტულ კლიენტთან 15 ხელშეკრულება არის გაფორმებული, აღნიშნული მონიტორინგი „15-მაგი ძალისხმევით“ უნდა განხორციელებულიყო თუ რას გულისხმობს ან ეროვნული ბანკი, ან სასამართლო. აპელანტის მოსაზრებით, არასწორად მოხდა სასამართლოს მხრიდან კიდევ ერთი ნორმის განმარტება, კერძოდ, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მისო უფლებამოსილია გასცეს სამომხმარებლო სესხები, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს კლიენტის მიერ მიღებული თანხის არა კონკრეტული მიზნით, არამედ მისთვის სასურველი სამომხმარებლო მიზნით გამოყენების უფლებამოსილებას. მიზნობრიობა არის კრედიტის არა სავალდებულო ელემენტი, რომელიც ემატება კრედიტს იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამის პროდუქტზეა საუბარი (მაგ: იპოთეკური სესხი ბინის შეძენის მიზნით). სადავო შემთხვევაში კი, აპელანტის წარმომადგენლის აზრით, მისოს მიერ გაცემულია არამიზნობრივი სამომხმარებლო სესხები და ამდენად, კომპანიას არ გააჩნდა მიზნობრიობის გადამოწმების არც უფლება, არც ვალდებულება და არც შესაძლებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ, თუ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო აპელანტის სასარჩელო დასაბუთება ჯარიმის უკანონობის თაობაზე, სასამართლო გადაწყვეტილება მაინც დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამოა. ეროვნული ბანკის განკარგულება დაჯარიმების თაობაზე, როგორც მინიმუმ, იმ ნაწილში უნდა ყოფილიყო ბათილად ცნობილი, სადაც ეროვნულ ბანკს საუბარი ჰქონდა შპს „ე----------------“-ის ნაწილში 15-ჯერ ჯარიმის გამოყენებაზე, აღნიშნული გარიგების ფარგლებში მისოს ჰყავდა ერთი კონტრაგენტი/ერთი კლიენტი – შპს „ე----------------” და აპელანტის წარმომადგენელისთვის გაუგებარია, თუ რატომ იქნა 15 დამოუკიდებელ დარღვევის ფაქტად მიჩნეული და რატომ მოხდა ერთი სუბიექტის მიმართ კანონის მოთხოვნების დარღვევით ურთიერთობის დამყარების გამო 15-ჯერ დაჯარიმება. ეროვნული ბანკის მიერ დაჯარიმების საფუძვლების არსებობის პირობებშიც კი გამოყენებული უნდა ყოფილიყო ჯარიმა 300X27=8100 ლარის ოდენობით.
3.9. აპელანტის მითითებით, ეროვნული ბანკის განკარგულების თანახმად, მისოს მიერ ასევე არ განხორციელდა შპს „ე----------------“-ის ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლის სათანადო წესით დამოწმება. აპელანტის წარმომადგენელმა ყურადღება გაამხვილა იმ მიზანზე, რასაც ემსახურება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი: კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ ეპიზოდში ადგილი აქვს სასამართლოს მხრიდან კანონის არასწორ განმარტებას. აპელანტის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც ორივე ორგანიზაციას ჰყავს საერთო დამფუძნებელი/მნიშვნელოვანი წილის მფლობელი – ჰონგ კონგში რეგისტრირებული კომპანია „ზ----------------------------–------დ“, არალოგიკურია იმაზე საუბარი, რომ მოცემულ შემთხვევაში მისოს ბრალეულობით არ იქნა მიღწეული კანონის მოთხოვნის მიზანი და არ შემოწმდა (დამოწმდა) კლიენტის შესახებ ინფორმაცია (ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი) სათანადო წესით. ლოგიკის ფარგლებში არ ჯდება მოთხოვნა, რომ მისოს მხრიდან უნდა მომხდარიყო თავისივე დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლის შემოწმება, სათანადო წესით დამოწმება და შენახვა, რათა ამით თავიდან აეიცილებინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და ტერორიზმის დაფინანსება. თუ ამის რისკი უნდა დაენახა შპს „მ---------------------ს“ შპს „ე--------------“-სთან გარიგების დადებისას, გამოდის იგი იმთავითვე აღიარებდა ან ეჭვქვეშ აყენებდა თავის რეპუტაციას და უშვებდა იმის ალბათობას, რომ მისი დამფუძნებელი პარტნიორი ახდენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან/და ტერორიზმის დაფინანსებას. ამგვარი ვარაუდის არსებობის შემთხვევაში აპელანტის წარმომადგენლისთვის საერთოდ გაუგებარია, რატომ მოხდა ამ ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ დაფუძნებული კომპანიის მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაცია. აპელანტის მოსაზრებით, კანონის განმარტება არ უნდა მომხდარიყო სიტყვასიტყვითი განმარტების გზით, სასამართლო ვალდებული იყო ამ საკითხზე მსჯელობისას ჩასულიყო სიღრმეებში და გაეთავისებინა ის მოთხოვნა და მიზანი, რასაც ემსახურება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონი. აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს კანონის არასწორ განმარტებას იმ ნაწილში, რომ ერთი დარღვევისათვის (არ იყო სათანადო წესით დამოწმებული შპს „ე----------------“-ის ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი) ჯარიმა გამოყენებულ იქნა 15-მაგი ოდენობით. ეროვნული ბანკის განკარგულება დაჯარიმების თაობაზე, როგორც მინიმუმ, იმ ნაწილში უნდა ყოფილიყო ბათილად ცნობილი, სადაც ეროვნულ ბანკს საუბარი ჰქონდა შპს „ე----------------“-ის ნაწილში 15-ჯერ ჯარიმის გამოყენებაზე და ეროვნული ბანკის მიერ, დაჯარიმების საფუძვლის არსებობის პირობებშიც, ჯარიმა გამოყენებული უნდა ყოფილიყო ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.
3.10. აპელანტის მითითებით, ეროვნული ბანკის განკარგულებით, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, მისოს დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ არც შემოწმების აქტში და არც ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებაში არ არის სამართლებრივი დასაბუთება აღნიშნული ჯარიმის დაკისრების თაობაზე, აპელანტის წარმომადგენელმა პირველ ინსტანციაში არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ აპელანტი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემტკიცებინა დარიცხვის არამართლზომიერება. ამასთან, ეროვნული ბანკი მოცემულ დავაში თავად იყო ვალდებული თავის თავზე აეღო მტკიცების ტვირთი (სასკ 17.2.), მაგრამ არც განკარგულებაში და არც სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს ეროვნული ბანკის მიერ არ განხორციელებულა იმ გარიგებებზე მითითება, რომლებთან მიმართებაშიც მოხდა კანონის მოთხოვნების დარღვევა, ხოლო სასამართლომ აღნიშნული საკითხი დამატებითი გამოკვლების გარეშე მიიჩნია დადგენილად/გამოკვლეულად და სასკ-ის 17.2. უგულებელყოფით (იმ პირობებში, როცა მტკიცების ტვირთი ამ ნაწილში ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და მტკიცების ტვირთი არასწორად გადაანაწილა) განმარტა გადაწყვეტილებაში, რომ მოსარჩელემ არ წარადგინა ამ ნაწილის გამოკვლევისათვის საჭირო რაიმე სახის მტკიცებულება (გვერდი 16, პირველი აბზაცი).
3.11. აპელანტის მითითებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კანონის მე-8 მუხლისა და დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, შპს ,,მ---------------------ის” დირექტორს ი-------------------------ს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, კანონისა და დებულების საფუძველზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომელსაც უნდა გაეცნოს ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი. აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისოში არსებობს მსგავსი ხასიათის დოკუმენტი და აგრეთვე სხვა შიდა ნორმატიული ბაზა, რაზეც გააკეთა კიდეც მან აპელირება და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ აპელანტის მსჯელობა ამ მიმართულებით არ განავითარა და კანონიერად მიიჩნია ეროვნული ბანკის პოზიცია ამ ნაწილში. აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ ეს საკითხი სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს. ის, თუ რამდენად ეფექტურია შემუშავებული ინსტრუქცია, არის შეფასებითი კატეგორია, შესაძლებელია, სხვა კონკურენტ სუბიექტებს ჰქონდეთ კიდეც უკეთესი შინაგანაწესი, მაგრამ სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია მსგავსი ხასიათის დოკუმენტი, რაც არასწორია. აპელანტის მითითებით, კომპანიაში დარღვევის არსებობის პირობებშიც კი, თუ დარღვევა იმდენად უმნიშვნელოა, რომ უკავშირდება მისივე პარტნიორ კომპანიასთან ურთიერთობას და არ ქმნის რეალურ საფრთხეს, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე ამ ოდენობის ჯარიმის დაკისრება აბსოლუტურად არაგონივრულია. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №25/04-ის 2.1. პუნქტის თანახმად, „თუ ეროვნული ბანკი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: (1) გააფრთხილოს იგი; (2) გამოიყენოს მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი სანქცია; (3) მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.“ შესაბამისად, სანქციის შერჩევა უნდა მოხდეს დარღვევის ხარისხის და სიმძძიმის გათვალისწინებით. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყოველივე შეფასებითია, სასამართლოს სწორედაც რომ უნდა ემსჯელა იმ საკითხზე, რამდენად სწორად შეაფასა ეროვნულმა ბანკმა დარღვევის ხარისხი და სიმძიმე და რამდენად ჯდებოდა დაკისრებული ჯარიმა გონივრულობის ფარგლებში. მაგრამ მიუხედავად აპელანტის მოთხოვნისა, სასამართლომ საერთოდ არ განავითარა მსჯელობა ამ ნაწილში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 06 აპრილის N------ განკარგულების ,,შპს ,,ე--------------ის’’ შემოწმების თაობაზე’’ თანახმად, დაევალა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებს შეამოწმონ შპს ,,ე--------------ის’’ მიერ 2015 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 1 აპრილამდე პერიოდში ,,უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის’’ დებულების მოთხოვნის შესრულება. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 7 აპრილიდან 2016 წლის 29 აპრილამდე პერიოდი.
4.3. ,,შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე----------------ს“ (საერთო თანხა - 29 100 ლარი) და მის დირექტორსათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე’’ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 17 მაისის N------ განკარგულების თანახმად: 1. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დარღვევის 10 ფაქტის გამო, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე---------------ს“ (სარეგისტრაციო №------) დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითეულ ფაქტზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 10 000 ლარი; 2. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი, მე-102, მე-15 პუნქტებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-6 მუხლის მე-102-ე, მე-20, 21-ე პუნქტების დარღვევის 42 ფაქტის გამო შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე---------------ს“ (სარეგისტრაციო №------) დაეკისრა ფულადი ჯარიმა 300 ლარის ოდენობით, დარღვევის თითეულ ფაქტზე საერთო თანხით 12 600 (თორმეტი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით; 3. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-10 მუხლის მოთოვნის დარღვევის 15 ფაქტის გამო შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე---------------ს“ (სარეგისტრაციო №------) დაეკისრა ფულადი ჯარიმა 300 ლარის ოდენობით, დარღვევის თითეულ ფაქტზე საერთო თანხით 4500 ლარი; 4. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნების დარღვევის გამო შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე---------------ს“ (სარეგისტრაციო №------) დაეკისრა ფულადი ჯარიმა 300 ლარის ოდენობით, დარღვევის თითეულ ფაქტზე საერთო თანხით დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; 5. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე---------------ს“ (სარეგისტრაციო №------) დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 29 100 (ოცდაცხრა ათას ასი) ლარის ოდენობით; 6. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-4 მუხლი მე-3 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე----------------ს“ (სარეგისტრაციო №------) დირექტორს ი---------------------------ი (0----------, პასპორტის №1-------) დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. განიმარტა თანხის გადახდის, განკარგულების გასაჩივრების ვადა და წესი.
4.4. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლების 11.05.2016 წლის მოხსენებითი ბარათით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ეცნობა ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 6 აპრილის №------ განკარგულებით დანიშნული შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე----------------ს“ შემოწმების შედეგები და ეთხოვა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. მოხსენებით ბარათს თან დაერთო ,,შემოწმების აქტი’’ 19 ფურცლად.
4.5. შპს ,,მ---------------------ის“ 2016 წლის 11 მაისის შემოწმების №------ აქტის თანახმად, შესწავლილ იქნა ორგანიზაციის მიერ გაცემული და მიღებული სესხები, რის შედეგადაც გამოვლინდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაუცემელი ოპერაციების 10 შემთხვევა. ამასთან, გამოვლინდა ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-6 მუხლის დარღვევის 42 ფაქტი, კერძოდ, დადგინდა, რომ არ ხდებოდა კლიენტებისათვის შესაბამისი რისკის კატეგორიის მინიჭება და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი ზომების გატარება, საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დადგენა, საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, ასევე სათანადო სკრინინგი. ასევე დადგენილ იქნა მითითებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის 15 შემთხვევა. შემოწმების აქტის მიხედვით გამოირკვა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ გააჩნდა რისკის მართვის სისტემა, ასევე მონაცემთა სათანადო ელექტრონული ბაზა, რამაც უნდა უზრუნველყოს საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენა.
სამართლებრივი დასაბუთება
4.6. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.9. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 1.1. მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 6.1. მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკი არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება საკუთრივ ეროვნული ბანკისაგან და მასთან არსებული სააგენტოსაგან, ხოლო 15.2. მუხლით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 2017 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქციის 4711 მუხლის მიხედვით, საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკთან იქმნება სააგენტო. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 2017 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქციის 48.1. მუხლის შესაბამისად, სააგენტოს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადასახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 2017 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქციის 50.1. მუხლის შესაბამისად, სააგენტო მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ზედამხედველობას უწევს რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმებისა და სანქციების დაწესების გზით. იმავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააგენტო ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ზედამხედველობას უწევს მხოლოდ ყალბი ფულის მიმოქცევის აღსაკვეთად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, მინიმალური მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. ამრიგად, ზემოთ მითითებულ ნორმათა იმპერატიული დანაწესის თანახმად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, განახორციელოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობა, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს სანქციები, რაც განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული იქნა შპს ,,მ---------------------ის“, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ.
4.10. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა. იმავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, ეს კანონი არეგულირებს საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოვლენასთან და აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ამ კანონით გათვალისწინებულ საამისოდ უფლებამოსილ ორგანოებსა და შესაბამის პირებს შორის, აგრეთვე ურთიერთობებს, ერთი მხრივ, საქართველოს და, მეორე მხრივ, სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, ხოლო მე-3 ნაწილით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე. მითითებული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უკანონო შემოსავალი არის პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება; ბ) ქონება არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; დ) მონიტორინგი არის ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ზ) ზედამხედველობა არის ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოების მიერ მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი პირების საქმიანობის ზედამხედველობა; თ) საეჭვო გარიგება არის გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან; ლ) პირის იდენტიფიკაცია არის პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას; ნ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირი არის ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს; რ) ბენეფიციარი მესაკუთრე არის ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე; შ) კლიენტი არის ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით. იმავე კანონის მე-3 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით, საზედამხედველო ორგანოა საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისათვის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტებისათვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისათვის, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ი“, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არის მონიტორინგის განმახორციელებელ პირი, რომლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს გარიგებების (ოპერაციების) მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენა. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა (კომერციული ბანკების, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიების, ადვოკატებისა და საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების საშუალებით შესრულებული გარიგებების, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს დაქვემდებარებული ქმედებების გარდა), თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში; ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. იმავე კანონის 9.1. მუხლის შესაბამისად, თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან მცდელობის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება ან თუ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება, იგი ვალდებულია ამის შესახებ ცნობა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. ანგარიშგება უნდა გაიგზავნოს იდენტიფიკაციის შეუძლებლობის ან საიდენტიფიკაციო მონაცემების ან გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის გაჩენის დღესვე, ხოლო თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება ამ კანონის მე-5 მუხლით დადგენილ ზღვარს - გარიგების დადებიდან ან შესრულებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაკავშირებულია მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ინფორმაციის მიღების დღესვე გაუგზავნოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგება თავის ხელთ არსებულ ყველა სათანადო მასალასთან და დოკუმენტთან ერთად. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს გამონაკლისები, როდესაც სამსახურს ცნობა არ მიეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება. როგორც წესი, ეს დებულება გამოიყენება იმ შემთხვევისათვის, როდესაც გარიგება საეჭვო არ არის ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე.
4.11. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1. მუხლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით. იმავე ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა უფლებამოსილი, თავის საფირმო სახელწოდებაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა შეიტანოს ტერმინი „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“ ან მისი აბრევიატურა „მისო“, ხოლო მე-4 ნაწილით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააფრთხილოს იგი, დააკისროს ფულადი ჯარიმა ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. იმავე კანონის 4.1. მუხლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა: ა) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა; ამ მიზნით საკრედიტო საგადახდო ბარათის გამოშვება; ე) მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ვ) სესხების (კრედიტების) მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები: მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, ვალუტის გადაცვლა, თამასუქების, ობლიგაციების გამოშვება, რეალიზაცია, გამოსყიდვა და ამ ფინანსურ მომსახურებებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები. იმავე კანონის 5.1. მუხლის მიხედვით, მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 50000 (ორმოცდაათი ათას) ლარს.
4.12. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცდა ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულება, რომლის 3.1. მუხლის თანახმად, ამ დებულების მიზნებისთვის მონიტორინგს ექვემდებარება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის განსაზღვრული საქმიანობიდან გამომდინარე პირის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებული გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) გარიგების ან გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში; ბ) გარიგება არის საეჭვო ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, შპს ,,მ---------------------ის“, როგორც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის 2015 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 01 აპრილამდე პერიოდის შემოწმება, შემოწმების აქტის შედგენა და შემოწმების შედეგების მიხედვით, განკარგულების გამოცემა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას.
4.13. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 68.4. მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. საქალაქო სასამართლომ სწორად გაიზიარა მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 11 მაისის შემოწმების №------ აქტი და სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები აღნიშნულზე და მართებულად განმარტა, რომ შემმოწმებლების მიერ შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში შპს ,,მ---------------------ის“ მიერ გაცემული და მიღებული სესხები. შემოწმებით გამოვლინდა დარღვევები, კერძოდ: 1) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაუცემელი ოპერაციების 10 შემთხვევა; 2) ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-6 მუხლის დარღვევის 42 ფაქტი, კერძოდ, არ ხდებოდა კლიენტებისათვის შესაბამისი რისკის კატეგორიის მინიჭება და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი ზომების გატარება, საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დადგენა, საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი და სათანადო სკრინინგი (გადამოწმება); 3) ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის 15 შემთხვევა; 4) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ გააჩნდა რისკის მართვის სისტემა, ასევე მონაცემთა სათანადო ელექტრონული ბაზა, რასაც უნდა უზრუნველეყო საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენა. მოსარჩელე არ დაეთანხმა ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების 3.1. მუხლის მოთხოვნის დარღვევის 10 ფაქტის გამო ფულადი ჯარიმის, დარღვევის თითეულ ფაქტზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 10 000 ლარის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით, შემოწმების აქტში გამოვლენილი ,,მნიშვნელოვანი ხარვეზები’’ არის დაუსაბუთებელი და შესაბამისად, დაკისრებული ჯარიმა უკანონო, ვინაიდან დარღვევის ფაქტად მიჩნეული შპს ,,მ---------------------------ს’’, მონათესავე კომპანიის შპს ,,ე-----------------’’-ის (ს/კ 4--------) მიერ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში სესხების გაცემა და ამ ტრანზაქციების ,,დარღვევის ფაქტად’’ მიჩნევა და შემდგომში დაჯარიმება არის უსაფუძვლო, ვინაიდან ორივე ორგანიზაციას ჰყავს საერთო დამფუძნებელი/მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, შესაბამისად, შპს ,,მ---------------------------ს’’ სესხის გაცემა ფაქტიურად წარმოადგენს დამფუძნებლის ინვესტიციას და არ მიიჩნევა ,,საექჭვო გარიგებად’’. მოსარჩელის მითითებით, არ მომხდარა ,,საეჭვოდ’’ მიჩნეული გარიგებების შესახებ ინფორმაციის მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენა, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევას და არ შეიძლება შეფასდეს დარღვევად. ამ საკითხთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ ყურადღება მართებულად მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე ადასტურებს, რომ შპს ,,ე-----------------’’-თან გარიგების (სესხი) შემთხვევებში ინფორმაციას არ აწვდიდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ვინაიდან მიაჩნდა, რომ აღნიშნული წარმოადგენს კანონის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევას და არ შეიძლება შეფასდეს დარღვევად. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მითითებული ნორმის დანაწესის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს გამონაკლისები, როდესაც სამსახურს ცნობა არ მიეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება. იმავე ნორმის იმპერატიული დანაწესის თანახმად, როგორც წესი, ეს დებულება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, როდესაც გარიგება საეჭვო არ არის ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლი და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-3 მუხლი არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას იმის თაობაზე, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს (,,მონათესავე კომპანიების’’ ცნება საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული) შორის დადებული გარიგების ან გარიგებათა (თანხის გადაცემა) ერთობლიობის თანხა, თუ აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში მონიტორინგს არ უნდა დაექვემდებაროს და ასეთ შემთხვევებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობა არ უნდა მიეწოდოს. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მართებულად მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 68.4. მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აღნშნულის საწინააღმდეგო სხვა რაიმე გარემოებების არსებობა. ამრიგად, სააპელაციო პალატაც უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას აღნიშნულზე.
4.14. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის შესაბამისად, მონიტორინგის განმახორციელებელ პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე შემდეგ შემთხვევებში: ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) კლიენტს სურს განახორციელოს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვა, რომლის თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); გ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში; დ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. იმავე ნორმის 102 ნაწილის მიხედვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, ხოლო მე-15 ნაწილით განისაზღვრა, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობას, ან რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას. საქალაქო სასამართლომ სწორად გაიზიარა მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 11 მაისის შემოწმების №------ აქტი და სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები აღნიშნულზე და მართებულად მიიჩნია, რომ საქმის მასალების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში შპს ,,მ---------------------ის“ მიერ გაცემულია და მიღებულია სესხები. შემოწმებით გამოვლინდა ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-6 მუხლის დარღვევის 42 ფაქტი, კერძოდ, არ ხდებოდა კლიენტებისათვის შესაბამისი რისკის კატეგორიის მინიჭება, აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი ზომების გატარება, საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დადგენა, საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი და სათანადო სკრინინგი (გადამოწმება).მოსარჩელე არ იზიარებს აღნიშნულს და განმარტავს, რომ შპს ,,მ--------------------ი’’, ისევე როგორც სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, გასცემს არამიზნობრივ სესხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტი უფლებამოსილია მიღებული თანხა გამოიყენოს მისთვის სასურველი ნებისმიერი მიზნობრიობით, სესხის განაცხადის ეტაპზე საკრედიტო ექსპერტის მიერ ხდება სესხის საჭიროების შესახებ გამოკითხვა და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით სესხის მიზანს წარმოადგენს ,,ავტომობილის შეძენა’’ ან ,,ბიზნესი’’. მოსარჩელის მითითებით, 42 ,,დარღვევის ფაქტიდან’’ 15 წარმოადგენს დამფუძნებლის ინვესტიციას, ხოლო 27 ფაქტის შემთხვევაში გაცემულია არამიზნობრივი სამომხმარებლო სესხები. ამდენად, მოსარჩელის მითითებით, მიზნობრიობის გადამოწმების არც უფლება და არც შესაძლებლობა არ გააჩნდათ, ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონით მისო უფლებამოსილია გასცეს სამომხმარებლო სესხები, რაც თავის მხრივ გულისხმობს კლიენტის მიერ მიღებული თანხის არა კონკრეტული მიზნით, არამედ მისთვის სასურველი სამომხმარებლო მიზნით გამოყენების უფლებამოსილებას. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც განმარტავს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე ფულადი თანხა გაიცემა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს, როგორც მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება, კერძოდ: ა) მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში; ბ) მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად; გ) აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი (კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვა, არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლება და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობა, გარიგების დეტალურ შესწავლა, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობას, ან რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას). საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას ურთიერთდამოკიდებულ პირებთან (,,მონათესავე კომპანიების’’ ცნება საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული) მიმართებაში, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგებები მონიტორინგს არ უნდა დაექვემდებაროს და ასეთ შემთხვევებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შესაბამისი ინფორმაცია არ უნდა მიეწოდოს. საქალაქო სასამართლომ ყურადღება ასევე სწორად მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 68.4. მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ის“ მიერ არ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებების არსებობა. ამრიგად, სააპელაციო პალატაც უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებებს აღნიშნულზე.
4.15. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 7.1. მუხლის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტები), აგრეთვე კლიენტის ანგარიშის შესახებ დოკუმენტაცია, საქმიანი კორესპოდენცია და იმავე კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები (მათ შორის, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით მოწოდებული) მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს, და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას დაუყოვნებლივ წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოებს. იმავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) და გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ინახება ინფორმაციის (დოკუმენტის) ასლი, დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად მიმღები პირის (მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ. დამოწმებას არ საჭიროებს კლიენტის იდენტიფიკაციისათვის ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი და მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ გადამოწმებული მონაცემები. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების 10.2. მუხლის თანახმად, ოპერაციის (გარიგების) შესახებ, მათ შორის, კლიენტის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია ასლების სახით. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შიდა ინსტრუქციით ან სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს, ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით კლიენტის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გადამოწმებული მონაცემები. საქალაქო სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 11 მაისის შემოწმების №------ აქტი (დანართი №3) და სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები აღნიშნულზე და სწორად მიიჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე----------------ს“ მიერ შპს ,,ე---------------“-გან სესხის მიღებისას განხორციელებული ოპერაციების დროს (15 ფაქტი) დარღვეულია კლიენტის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტების შენახვის წესი, კერძოდ, 15 (თხუთმეტი) შემთხვევაში არ იყო ბენეფიციარი მესაკუთრე პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი სათანადო წესით დამოწმებული. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება აღნიშნულზე და მიიჩნია, რომ მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელესა და შპს ,,ე---------------“ -ს ჰყავთ ერთიდაიგივე დამფუძნებელი (ბენეფიციარი) და ორივე კომპანიაში წილის მფლობელი პარტნიორი, რომლის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია წარდგენილია და ინახება როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში კომპანიის რეგისტრაციის ეტაპზე, ისე საქართველოს ეროვნულ ბანკში - კომპანიის მისოდ რეგისტრაციის ეტაპზე, უპირობოდ არ ათავისუფლებს მოსარჩელეს ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მე-10 მუხლით დადგენილი კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებისაგან, კერძოდ, კლიენტის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვის ვალდებულებისაგან. საქალაქო სასამართლომ სწორად გაიზიარა მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 11 მაისის შემოწმების №------ აქტი (დანართი №3) და სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები აღნიშნულზე და მართებულად მიიჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე---------------ს’’ არ გააჩნდა რისკის მართვის სისტემა, ასევე მონაცემთა სათანადო ელექტრონული ბაზა, რასაც უნდა უზრუნველეყო საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენა. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მუხლსი მე-6 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს/შეინახოს გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც (რომლებიც) შეეხება: ა) გარიგების (ოპერაციის) შინაარსს; ბ) გარიგების დადების თარიღსა და ადგილს, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობას და ვალუტას, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს; გ) გარიგების მონაწილე პირის (მათ შორის, კლიენტის) იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილ ამ კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას (დოკუმენტებს); დ) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება; ე) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომელიც მესამე ან სხვა პირის დავალებით დებს ან ასრულებს გარიგებას. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების 9.1. მულისა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.6. მუხლის საფუძველზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია (დოკუმენტები) გარიგების და/ან ოპერაციის შესახებ. იმავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის მოთხოვნა ვრცელდება როგორც თვით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დადებულ გარიგებებზე და შესრულებულ ოპერაციებზე, ასევე კლიენტების დავალებით შესრულებულ ოპერაციებზე და იმ გარიგებებზე, რომლებიც ოპერაციის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს. იმავე მუხლის მე-5 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირების, სისტემატიზაციისა და შენახვის მიზნით მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სისტემა. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 68.4. მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ის“ მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სხვა რაიმე საწინააღმდეგო გარემოებების არსებობა.
4.16. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 8.1. მუხლის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით განახორციელოს შიდა კონტროლი. იმავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია (შიდა კონტროლის წესი) და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი შესრულების მიზნით. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის (მისი ფილიალისა და წარმომადგენლობის) შიგნით კლიენტისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესები და პროცედურები ამ კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნისათვის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებისა და შესრულებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს მიუთითოს ამ ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი შესწორება. მოსარჩელის განმარტებით, მიკროსაფინასო ორგანიზაციაში არსებობს შიდა ინსტრუქციის მსგავსი დოკუმენტი და აგრეთვე სხვა შიდა ნორმატიული ბაზა. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 68.4. მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ის“ მიერ მტკიცებულების სახით არ იქნა წარმოდგენილი ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 8.1. მუხლით დადგენილი წესით შედგენილი ,,შიდა ინსტრუქცია’’, ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დაცულია ამ დოკუმენტისათვის დაწესებული კანონის მოთხოვნები. კერძოდ, საქმის მასალებს ერთვის ,,შინაგანაწესი - შიდა მარეგულირებელი ნორმები, რომელიც მისი შინაარსის გათვალისწინებით არ მიიჩნევა შიდა კონტროლის ეფექტურ მექანიზმად’’. საქალაქო სასამართლომ ყურადღება სწორად მიაქცია შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ე----------------ს“ შემოწმების აქტის გრაფაში ,,ფულის გათეთრების“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების შესახებ მითითებულ გარემოებას, კერძოდ: ,,ორგანიზაციაში არ არსებობს სტრუქტურული ერთეული ან პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია მონიტორინგის პროცესის ადეკვატურ წარმართვაზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის შესაძლებლობას დაადგინოს, შეაფასოს, მონიტორინგი გაუწიოს და გააკონტროლოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობაში არსებული ML/FT რისკები’’. ამდენად, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არ არსებობდა შიდა კონტროლის მექანიზმები, შესაბამისად, დარღვეულია ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნები. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 68.4. მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ის“ მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სხვა რაიმე საწინააღმდეგო გარემოებების არსებობა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტი მიერ სააპელაციო საჩივარზე გახადილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,მ---------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე