განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 090310017001908429 (3/ბ-150-2018წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე მაკა გორგოძე
მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი---- გ-------–---–ის კერძო საჩივარი ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებაზე და გამოარკვია:
2017 წლის 02 მაისს, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ი---- გ-------–---–მა მოპასუხე ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.
2017 წლის 31 მაისს ამბროლაურის რაონულ სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მან (ი---- გ-------–---–მა) მიმართა ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას და საჯარო ინფორმაციის სახით მოითხოვა მრპ ფერმების სამშენებლო–სანებართვო დოკუმენტები, რომელიც ჩაბარდა 2017 წლის 07 თებერვალს, რის შემდეგაც, მრპ ფერმების სამშენებლო - სანებართვო დოკუმენტებთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ერთჯერადად გასაჩივრების პრინციპიდან გამომდინარე, გაასაჩივრა ონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ხოლო შემდეგ ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში. მოსარჩელე მხარემ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესი არ დაურღვევია და მის მიერ წარმოდგენილი სარჩელი დასაშვებად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განჩინებით ი---- გ-------–---–ის სარჩელზე შეწყდა წარმოება.
ზემოაღნიშნული გაჩინება ი---- გ-------–---–ის მიერ გასაჩივრებულ იქნა კერძო საჩვრით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აგვისტოს განჩინებით ი---- გ-------–---–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად სარჩელის დასაშვებობის ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა დიანა ლაზიშვილმა განმარტა, რომ იგი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და მიაჩნია, რომ სარჩელი ცნობილი უნდა იქნას დასაშვებად.
მოპასუხე ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ირმა მაისურაძე არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას და განმარტა, მოსარჩელეს აქტის გასაჩივრების ვადა აქვს დარღვეული, ამასთან მიუთითა, რომ მოსარჩელე ვერ აკონკრეტებს თუ რა ზიანი მიადგა მას და წარმოადგინა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება, რომ მოსარჩელე ი---- გ-------–---–სა და შპს ,,დოლამისს’’ შორის, სადაც ფაქტობრივად დადგენილია, მოსარჩელე ი---- გ-------–---–ს არავითარი ზიანი არ ადგება, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტების გამოცემით.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება N3/2–18 ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელე ი---- გ-------–---–ის სარჩელისა გამო, მოპასუხე ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, დაუშვებლობის გამო.
ამავე განჩინებით განემარტა მოსარჩელეს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მომართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ შეიძლება.
მოსარჩელეს დაუბრუნდა გადახდილი ბაჟის ნახევარი – 50 ლარის ოდენობით.
აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი შეიტანა ი---- გ-------–---– (ს.ფ. 365-444), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნება _ განსახილველად.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის (ი---- გ-------–---–ი) არის სოფელ გლოლაში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე, რომელსაც აქვს კანონით მინიჭებეული აბსოლიტური უფლება, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს მისი კუთვნილი ნივთით, ისე რომ არ დაუშვას სხვა პირთა უკანონო მოქმედებებით მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესის ხელყოფა. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ ი---- გ-------–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ 8----------- და 8----------- ს/კ-ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმა, რომელიც განკუთვნია 100 სული მრპ საქონლის შესანახად და არ გააჩნია სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ნაკელის შესაგროვებელი ადგილი, რის გამოც ფერმებიდან გამოტანილი ნაკელის დაყრა ხდება ღიად, დაუცველ ტერიტორიაზე, ფერმის უშუალო სიახლოვეს გრუნტის ზედაპირზე მომდინარე ბუნებრივ წყალთან და ი---- გ-------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან 50 მ. მანძილის დაცილებით.
საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულია ფერმიდან მომდინარე ზემოქმედება, კერძოდ: სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი საექსპერტო დასკვნით ,,საქართველოს სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" ,,სოფლის მეურნეობის საწარმოების გენერალური გეგმები" დასახლებათა სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას ახორციელებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს მინიჭებული აქვთ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების სტატუსი, რის გამოც მათზე პირველ რიგში შესაძლებელია სოფლის მეურნეობის დანიშნულების საწარმოო ობიექტების მშენებლობა. მშენებლობის დროს საჭიროა გათვალისწინებული იქნას სანიტარული, ვეტერინარული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები". ამავე დასკვნის შესაბამისად, ,,იმისთვის რომ დადგინდეს რამდენად დაცულია აღნიშნული ნორმები, საჭიროა წინასწარ გაირკვეს რა კატეგორიის საწარმოსთან გვაქვს საქმე. როგორც ასეთი მრპ ფერმა რთული ინფრასტრუქტურის დაწესებულებაა და შეიცავს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების ერთობლიობას. ზოგადად ესენია: საქონლის სადგომი, გამომუშავებული ორგანული მასის (ნაკელის) გადამამუშავებელი, სანიტარულ-ვეტერინალური, საქონლის ხორცის მწარმოებელი (სასაკლაო) ნაგებობები და საკარანტინო ზონა დაავადებული პირუტყვის მოსათავსებლად, სამკურნალოდ. ადგილზე ჩასვლითა და ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ დღეისთვის ადგილი არ აქვს ასეთი ტიპის დაწესებულებას. მხოლოდ არსებობს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სადგომი შენობა". ,,სხვა რაიმე შენობების არსებობა ან მათი სავარაუდო მშენებლობის ნიშნები ტერიტორიაზე არ ფიქსირდება. მხოლოდ უნდა აღინიშნოს, რომ აშენებული სადგომის მარცხენა მხარეს 6,0 მ-ის დაცილებით მოწყობილია ნაკელის შეგროვების ღია ადგილი, რომელიც დაუცველია და ატმოსფერული ნალექების შედეგად შესაძლებელია. მისგან წარმოქმნილი წყალში გახსნილი მასის გადინება და გარემოს დაბინძურება. ამდენად, დარღვეულია სანიტარული ნორმები, კერძოდ ნაკელის შეგროვების ადგილი 6-8 მეტრითაა დაცილებული ცხოველთა სადგომიდან, ნაცვლად 60 მ-ის, ხოლო 60-50 მ-ით, ყველაზე ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლიდან (ივ. გ-------–---–ის სახლი) ნაცვლად 300 მ-ის. საჭიროა აღნიშული საკითხის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა (გვ. 2/6, აბზაცი - 3,4,5)". ამდენად, დადასტურებული იქნა, რომ მრპ ფერმებს არ გააჩნია მოქმედი სავალდებულო სტანდარტის შესაბამისად მოწყობილი ორგანული მასის (ნაკელის) გადამამუშავებელი ნაგებობა.
ამდენად უდაოა, რომ მოქალაქის კანონით დაცული ინტერესი მნიშვნელოვნად ზარალდება. ადგილზე არსებული ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნი, ივ.გ-------–---–ს უსპობს მისი ქონებით სარგებლობის უფლებას. გარდა ამისა, ფერმების ფუნქიონირება ქმნის დაავადებების გავრცელების საშიშროებას. არსებული მდგომარეობის გამო, ი---- გ-------–---–ის საკურორტო ზონაში მდებარე სახლის ღირებულებაც შემცირდა (დამატებით საქმეზე დანიშნული იყო საინჟინრო-სასაქონლო ექსპერტიზები). ყოველივე ზემოაღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს, რომ ივ.გ-------–---–ის კანონით დაცული უფლებები დარღვეულია.
გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ი---- გ-------–---–ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით, ხოლო 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ი---- გ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს - ბათილად იქნას ცნობილი:
- 2014 წლის 16 სექტემბრის №36 ბრძანება
- მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ 2014 წლის 22 დეკემბერს გაცემული N08 მშენებლობის ნებართვა
ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი:
- 8----------- ს/კ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შენობა – ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლოატაციაში მიმღები) კომისიის 2016 წლისს 16 სექტემბრის N05 აქტი
- ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 28.09.2016 წლის N1060 ბრძანება, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში შპს ,,დ---–-----ს’’ საკუთრებაში არსებულ N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) შესახებ,- ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2017 წლის 15 მარტს გაცემული N04–693 პასუხი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს (ინდივიდუალურ) აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას; სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში - უშუალოდ ზიანის მიყენებიდან – 3 თვის ვადაში.
საქმეში დაცული ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ი---- გ-------–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ 8----------- და 8----------- ს/კ-ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმა, რომელიც განკუთვნია 100 სული მრპ საქონლის შესანახად და არ გააჩნია სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ნაკელის შესაგროვებელი ადგილი, რის გამოც ფერმებიდან გამოტანილი ნაკელის დაყრა ხდება ღიად, დაუცველ ტერიტორიაზე, ფერმის უშუალო სიახლოვეს გრუნტის ზედაპირზე მომდინარე ბუნებრივ წყალთან და ი---- გ-------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან 50 მ. მანძილის დაცილებით.
სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06.06.2016 წლის N003210816 დასკვნით და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვექტორის’’ 05.10.2016 წლის №09/03 სანიტარულ-ჰიგიენური დასკვნით ირკვევა, რომ ფერმის ნაკელის შეგროვების ადგილის დაცილება ი---- გ-------–---–ის საცხოვრებელი სახლისგან, არ შეესაბამება მოქმედი ნორმატიული დოკუმენტის მოთხოვნებს და ნორმით გათვალისწინებულზე დაახლოვებით 3-ჯერ ნაკლებია. ცხოველური ნივთიერებები და მიკროორგანიზმები ვრცელდება ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში და შესაბამისად, აბინძურებს არა მარტო ი.გ-------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიას, არამედ გარე გარემო ობიექტებსაც, რაც ინფექციური და ივაზიური დაავადებების გავრცელების წყაროა.
ამდენად პალატა თვლის, რომ აღძრული სარჩელი აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებს.
ინტერესის ცნების დეფინიციას გარკვეულწილად იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ან უნდა გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ან რეალაქტი.
დაინტერესებული მხარის ცნების მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ იგი უკავშირდება პირის უფლებას მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ანუ გამოვიდეს მხარედ სასამართლოში.
პირის დაინტერესებულ მხარედ მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენება მის სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე, ანუ სარჩელის შემტანს მასში დასმული საკითხებისადმი უშუალო უფლებადამცავი ინტერესი უნდა ჰქონდეს.
მოსარჩელის უფლება ან ინტერესი კანონიერი უნდა იყოს, ანუ კანონით უნდა იქნას დაცული. სიტყვა კანონი გულისხმობს როგორც კანონს, ისე კანონქვემდებარე აქტს.
უფლება სხვა არაფერია, თუ არა სამართლებრივად დაცული ინტერესი. უფლება შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირს მიმართოს სახელმწიფო ორგანოებს და სასამართლოს თავისი უფლების დასაცავად. პროცესის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება. ინტერესის არსებობის საკითხს წყვეტს სასამართლო. ინტერესის არსებობისათვის არ კმარა მის შესახებ მოსარჩელის განცხადება. მისი არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენენ უფლების დარღვევა ან დარღვევის საშიშროება, რომლებზედაც მოსარჩელემ უნდა მიუთითოს. სარჩელი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს მხოლოდ იმ პირმა, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დაირღვა გასაჩივრებული აქტით.
შესაბამისად, მოსაჩელის მოსაზრებით დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების (ინტერესის) კანონით გათვალისწინებული საშუალებებით დაცვა შესაძლოა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგენს იურიდიული ფაქტების გარკვეულ წყებას, რომლითაც დასტურდება როგორც თვით უფლების ან ინტერესის არსებობა, ასევე მისი დარღვევა ან სადავოდ ქცევა. დავაში მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის მტკიცების ტვირთი მასვე ეკისრება.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით კერძო საჩივრის ავტორის (მოსარჩელის) კანონიერი უფლება და ინტერესი დარღვეულა.
ამასთან სააპელაციო სასამარღლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ამბროლაურის რაიონული სასამარლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებაში სასამართლო საუბრობს მხოლოდ ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ი---- გ-------–---–ის მოთხოვნა (სამოქალაქო საქმეზე), სადაც მოპასუხე მხარედ დასახელებულის შპს ,,დ---–-----“ არ დაკმაყოფილდა ქმედების აკრძალვისა და ზიანის ანაზრაურების შესახებ, ზიანის არარსებობის გამო.
საჩივარზე დართული მასალით ირკვევა, რომ ი---- გ-------–---–ის მიერ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი---- გ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შპს „დოლამისს“ აეკრძალა, ონის რაიონის, სოფ. გლოლაში, ი---- გ-------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან არანაკლებ 300 მეტრისა, მის საკუთრებაში არსებული რქოსანი პირუტყვის ფერმის ექსპლოატაციისას, ღია და დაუცველ ტერიტორიაზე ნაკელის შეგროვების ადგილის მოწყობა;
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ეწინააღმდეგება საპროცესო სამართლის ნორმებს.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად საქმე ხელახლა განსახილველად სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპიდან უნდა დაუბრუნდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით დადგენილი და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი---- გ-------–---–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად სარჩელის დასაშვებობის ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მაკა გორგოძე
მოსამართლე