განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/6116-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ანა გოგიშვილი
სხდომის მდივანი – ოთარ ბუკია
აპელანტი - ზ---ა თ----------–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ა------ს საჯარო სკოლა;
წარმომადგენელი - ვ--------------ი;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება;
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
1. აპელანტის მოთხოვნა
1.1. აპელანტ - ზ---ა თ----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ---ა თ----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მოსარჩელე ზ---ა თ----------–--ე მუშაობს ა------ს საჯარო სკოლაში პედაგოგად და შესაბამისად იღებს სახელფასო ანაზღაურებას, რომელიც გათვალისწინებულია მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგებისათვის.
2.2. მოსარჩელემ 2016 წელს მოახდინა თავისი უმაღლესი განათლების დიპლომის შეცვლა. მის სახელზე გაიცა დიპლომი S-----------, სადაც კვლავ არ იყო ჩანაწერი, რომ მისი განათლება უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.
2.3. 2--- წელს, მოსარჩელემ მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, სადაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2--- წლის 9--------ს #------ წერილით დაადასტურა, რომ ზ---ა თ----------–--ის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.4. მოსარჩელე ზ---ა თ----------–--ეს 2--- წლის სექტემბრიდან 2--- წლის მარტამდე სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით შეუწყდა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგის ხელფასი და ეძლეოდა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგის ხელფასი.
2.5. მოსარჩელეს 2--- წლის 1 სექტემბერს ანაზღაურება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის კოეფიციენტით შეუჩერდა იმ მიზეზით, რომ დასაქმებულმა სკოლას წარმოუდგინოს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.6. 2--- წელს ა------ს საჯარო სკოლის დირექტორმა გააფრთხილა სკოლის პედაგოგები რათა მიემართათ სსიპ „განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში“ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2.7. მოწმე მ----------–--ის ახსნა-განმარტებით ( ზ.თ----------–--ის მიერ მოწმის სახით დასაბარებელ პირთა სიაში მითითებელი მოწმე) დადასტურდა, რომ 3-4 წლის წინ ა------ს სკოლის დირექტორმა ყველა სკოლის პედაგოგთან ზ---ა თ----------–--ის თანდასწრებით გააფრთხილა, რათა პედაგოგებს მიემართათ სსიპ „განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში“ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2.8. ზ---ა თ----------–--ე 2016 წლამდე მუშაობდა 2002 წელს მის სახელზე გაცემული დიპლომით #---------- და 2016 წელს მოახდინა თავისი უმაღლესი განათლების დიპლომის შეცვლა. მის სახელზე გაიცა ახალი დიპლომი S-----------
2.9. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2--- წლის 9--------ს გადაწყვეტილებით, დადასტურებულ იქნა მოსარჩელის ახალი დიპლომი S----------- და აღიარების საფუძველზე 2--- წლის 20 მარტიდან იღებს ანაზღაურებას მაგისტრის ან აკადემიური ხარისხის კოეფიციენტით.
2.10. სსიპ -ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------ს საჯარო სკოლის 0----------------.2--- წ. უწყისებით, მხარეთა განმარტებით დგინდება რომ ზ---ა თ----------–--ის მიმართ სკოლას დავალიანება არ გააჩნია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა.
სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, შრომის ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის #959 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების“ მე-4 მუხლის „ ვ“ პუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის #126/ნ ბრძანების პირველი მუხლით დადგენილი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების “ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და თანამდებობრივ სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს. ამავე წესის მე-5 მუხლის თანახმად, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის ხუთი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები: ა) სრული ზოგადი განათლება - 0.8; ბ) პროფესიული განათლება - 0.9; გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.0; დ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4 - წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება - 1.1; ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.2.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102.1. მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო 102.3. მუხლის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ზ---ა თ----------–--ეს სრულად აქვს მიღებული 2----2--- წლებში შესრულებული სამუშაოსთვის, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით დადგენილი შრომის ანაზღაურება (იხ. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები). მოსარჩელე მხარემ ვერ დაუსაბუთა სასამართლოს მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.
სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა, 2----2--- წლებში მის მიერ მაგისტრის ხარისხთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაოსთვის კუთვნილი ანაზღაურების მიუღებლობა, რამაც განაპირობა მოსარჩელე ზ---ა თ----------–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტები და არასწორად მიიჩნია, რომ აპლენატს მიღებული აქვს კუთვნილი ხელფასი. მაგისტრის აკადემიური ხარისხის პედაგოგს ერთ საათში ეძლევა 30 ლარი, ხოლო ბაკალავრის აკადემიური ხარისხის პედაგოგს 21 ლარი. ზ---ა თ----------–--ეს 2--- წლის სექტემბრიდან 2--- წლის მარტამდე ჩატარებული აქვს 388.5 საათი, რომლის სხვაობა - 3496.5 ლარი არ მიუღია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანების მესამე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და თანამდებობრივ სარგოზე ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს. ბრძანების მე-5 მუხლის თანახმად, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის ხუთი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები: ა) სრული ზოგადი განათლება - 0.8; ბ) პროფესიული განათლება - 0.9; გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.0; დ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული ოთხწლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება - 1.1; ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.2.
დადგენილია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2--- წლის 9--------ს გადაწყვეტილებით, დადასტურებულ იქნა მოსარჩელის ახალი დიპლომი S----------- და აღიარების საფუძველზე 2--- წლის 20 მარტიდან იღებს ანაზღაურებას მაგისტრის ან აკადემიური ხარისხის კოეფიციენტით. სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ იგი წარმოადგენს პირს, მათ შორის, სადავო პერიოდის განმავლობაშიც, რომელზეც უნდა გავრცელებულიყო ზემოდასახელებული ბრძანებით მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო. თუმცა, ზ---ა თ----------–--ემ კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად (სსსკ-ის 102-ე მუხლი) ვერ უზრუნველყო მტკიცება იმისა, თუ რას წარმოადგენს სხვაობა მიღებულ და მისაღებ ანაზღაურებას შორის.
აღნიშნულის მიუხედავად, შესაგებელში წარმოდგენილი ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, სადავო ფაქტს სასამართლო აფასებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის კონტექსტში, სახელდობრ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა სახეები (მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტის დასკვნა), რომლითაც უნდა დადასტურდეს მხარეების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება, როგორც ზემოთ აღინიშნა, პროცესის მონაწილეებს ეკისრებათ, თუმცა, აღნიშნული წესისგან გამონაკლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი ითვალისწინებს. კერძოდ, მოხმობილი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარე თავისუფლდება ისეთი არსებითი გარემოების (ფაქტის) მტკიცებისაგან, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ იქნა აღიარებული და რაზედაც დაფუძნებული იყო მისი მოთხოვნა თუ შესაგებელი. ამგვარი აღიარებისას კი, სასამართლო უფლებამოსილია მასზე დააყრდნოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს ან უარი თქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით აღიარა, რომ 2--- წლის 1 სექტემბრიდან 2--- წლის 20 მარტამდე ზ---ა თ----------–--ის ხელფასის სხვაობა შეადგენს 922.59 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარების გათვალისწინების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ა------ს საჯარო სკოლას ზ---ა თ----------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკსიროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 922.59 ლარის ოდენობით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ზ---ა თ----------–--ის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სსიპ ა------ს საჯარო სკოლას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 27.69 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ზ---ა თ----------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ზ---ა თ----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სსიპ ა------ს საჯარო სკოლას ზ---ა თ----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 922.59 ლარის ოდენობით.
5. სსიპ ა------ს საჯარო სკოლას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 27.69 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა გოგიშვილი