განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210015001128587
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 244
10 მაისი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე
აპელანტი: ო---- ჯ--–--–--–---–ი
წარმომადგენელი: ს--–---- ო-----ე
მოწინააღმდეგე მხარე: რ-------- ს-----ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელის მოთხოვნა:
1. ო---- ჯ--–--–--–---–მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შ--–-- და რ-------- ს-----ეების მიმართ მოძრავი ნივთების ნასყიდობის თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოსარჩელის განმარტებით: 1996 წლის 4 აპრილს მოსარჩელემ დავა დაიწყო სასამართლოში ამავე მოპასუხეების მიმართ ქონების ნასყიდობის საფასურის _ 6 800 000 მანეთის დაკისრების მოთხოვნით, თუმცა, სასამართლო სხდომა არ შედგა მოპასუხეების მიმალვის გამო. მოგვიანებით, სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, რის გამოც მოსარჩელემ განმეორებით მიმართა სასამართლოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 12 მაისის განჩინებით სარჩელი უმოძრაოდ იქნა დატოვებული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით. სარჩელის თანახმად, მოთხოვნილი 6 800 000 მანეთი შეადგენს 18 010 ლარს. 3. ო---- ჯ--–--–--–---–ის განმარტებით: 1994 წელს, მას ვალდებულება ჰქონდა შესასრულებელი, რის გამოც მოპასუხე შ--–-- ს-----ეს მიჰყიდა ავეჯი, ასევე, მსუბუქი ავტომობილი. გარიგება დაიდო ზეპირად, მოწმეთა დასწრებით. ავტომობილი გადაფორმდა რ-------- ს-----ის სახელზე. მოპასუხემ პირობა დადო, რომ 15 დღის ვადაში გადაუხდიდა შეძენილი ქონების საფასურს, ეს პირობა მამა-შვილმა დაარღვია.
3. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, განმარტა, რომ ავტომანქანა რომლის ღირებულება სარჩელის აღძვრის დროისათვის მოქმედი კურსით 10000 ლარის ექვივალენტი იყო, გაფორმებული იქნა რ-------- ს-----ის სახელზე, მამა-შვილმა ასევე ერთად შეიძინეს სარჩელში მითითებული ავეჯი, რომლის ღირებულების ნახევარი 4005 ლარიც უნდა დაეკისროს რ-------- ს-----ეს ო---- ჯ--–--–--–---–ის სასარგებლოდ.
4. აღნიშნულ გარემოებათა გამო ო---- ჯ--–--–--–---–მა მოითხოვა მოპასუხე რ-------- ს-----ეს დაკისრებოდა ო---- ჯ--–--–--–---–ის სასარგებლოდ 14005 ლარის გადახდა;
მოპასუხეების პოზიცია:
5. სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარდგენილა, სასამართლოს სხდომაზე კი, რ-------- ს-----ემ განმარტა, რომ მოსარჩელესთან ნასყიდობა არ დაუდია, მოსარჩელემ ავტომანქანა გაატანა რუსეთში გასაყიდად, თუმცა, არც შეთანხმების დრო და არც ავტომობილის ღირებულება არ ახსოვს, გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა კი მან გადასცა მოსარჩელეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, ო---- ჯ--–--–--–---–ის სარჩელი რ-------- ს-----ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
7. სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. დადგენილი იქნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ო---- ჯ--–--–--–---–ის სარჩელი და მოპასუხეებს შ--–-- და რ-------- ს-----ეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 18010 ლარის გადახდა (იხ.ს.ფ.46.ტ1);
9. ამავე სასამართლოს 2001 წლის 4 სექტემბრის განჩინებით შ--–-- და რ-------- ს-----ეების საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვებული იქნა ძალაში (იხ.ს.ფ.71.ტ1);
10. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ--–-- და რ-------- ს-----ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2001 წლის 4 სექტემბრის განჩინება. საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისისი საქალაქო სასამართლოს (იხ.ს.ფ.90.ტ1);
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 22 მარტის განჩინებით ო---- ჯ--–--–--–---–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.(იხ.ს.ფ.116-117.ტ1);
12. 2015 წლის 09 ოქტომბერს ო---- ჯ--–--–--–---–მა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2001 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
13. გამომდინარე იქედან, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნების შემდეგ ო---- ჯ--–--–--–---–ის სარჩელი არ განხილულა, 2015 წლის 3 ნოემბერის განჩინებით დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა.
14. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული რ-------- ს-----ის განმარტებით მისი მამა შ--–-- ს-----ე გარდაიცვალა რუსეთში, მას სამკვდრო ქონება არ დარჩენია და არც მისი გარდაცვალების თარიღი ახსოვს.
15. სარჩელის განმხილველი სასამართლოს მითითებით მოსარჩელემ ვერ შესძლო შ--–-- ს-----ის გარდაცვალების თარიღის და უფლებამონაცვლის დადგენა, მისივე განმარტებით შ--–-- ს-----ეს სამკვიდრო ქონება არ დარჩენია, შესაბამისად შ--–-- ს-----ის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.
16. სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა რ-------- ს-----ის მიმართ უსაფუძვლოდ მიიჩნია, იმაზე მითითებით, რომ დაუდასტურებელია უშუალოდ რ-------- ს-----ესთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი, მოსარჩელემ ვერ დაასახელა გარიგების დრო, პირობები და გაყიდული საქონლის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. რაც შეეხება მოპასუხეს, მან საერთოდ უარყო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში. სასამართლოს მითითებით შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი გადადის მოსარჩელეზე, რომელმაც უნდა ამტკიცოს მოპასუხისათვის ნივთის მიყიდვის ფაქტი, ამ გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში კი სასარჩელო მოთხოვნა საფუძველსაა მოკლებული, რადგან შეუძლებლია მსჯელობა იმ საკითხზე, შეასრულა თუ არა მყიდველმა პირობა.
აპელანტის მოთხოვნა:
17. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება, მტკიცებულებათა გამოთხოვა და სარჩელის დაკმაყოფილება.
18. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
19. 1996 წლის 4 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელით იგი ადასტურებდა, რომ ავეჯის გარნიტური და ავტომანქანა "ჟიგული" ვაზ-2107, 1994 წელს მიყიდა შ--–-- და რ-------- ს-----ეებს, მამა-შვილს და ერთი ოჯახის წევრებს, რის გამოც სოლიდარულად ითხოვდა მათგან თანხის გადახდას, იმ დროისათვის ისინი გაყოფილი არ იყვნენ, ერთად ცხოვრობდნენ, ერთად სარგებლობდნენ მისგან ნაყიდი ქონებით, შეძენილი ნივთები იყო მათი ოჯახის თანასაკუთრება. შესაბამისად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სოლიდარულად დაეკისრათ 18010 ლარის გადახდა, რის გამო არასწორია გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილში მითითებული პუნქტში მოყვანილი გარემოება, თითქოს შ--–-- ს-----ეს მიყიდა ავეჯი და ა/მანქანა, ვინაიდან მამა-შვილმა ავეჯიც და მანქანაც შეიძინა ოჯახის საერთო სარგებლობისათვის.
20. არასწორია გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 2.1 პუნქტში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, თითქოს რ-------- ს-----ემ უარყო მისგან ქონების შეძენა, პირიქით რ-------- ს-----ე უადგილოდ და უტაქტოდ, თუმცა გასაგებად აპელირებდა, რომ მას გადახდილი ქონდა მოსარჩელის ვალი და შეკითხვაზე, თუ როდის და რამდენი გადაიხადა, უპასუხა, რომ თანხა არ ახსოვდა და ქურდებს გადასცა მასზე მისაცემი თანხა, რაც ფაქტიურად აღიარება იყო მოპასუხის მხრიდან, თუმცა სასამართლომ ამას სათანადო შეფასება არ მისცა.
21. ძირითადი და არსებითი არის ის, რომ სასამართლომ გვერდი აუარა 1996 წლიდან 2015 წლამდე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად შესული სამოქალაქო საქმის გადამალვით, საჯარო მოხელის სასამართლოს თანამშრომლის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტს და გადავიდა მოსამზადებელი სხდომის ჩანიშვნაზე, თუმცა საყურადღებოა რა საქმის მოსამზადებელი სხდომა ინიშნებოდა, მოსამართლე, როცა ფაქტიურად სხდომაზე არ იყო მისი 1996 წლის სარჩელი და თანდართული მტკიცებულებები, რომელიც მოპასუხეების ხანგრძლივი დროით მიმალვის და ვალუტის კურსის დაუდგენლობის მოტივით 2000 წლამდე განუხილველად იყო დატოვებული. სასამართლოს არ უნდა განეხილა მხოლოდ 2000 წელს მის მიერ შეტანილი განმეორებითი განცხადება, ვინაიდან განმეორებითი განცხადება შეეხებოდა ძირითადი სარჩელის შეჩერების მოტივების აღმოფხვრის საფუძვლებს და არ ერთვოდა მტკიცებულებები, რაც მას თავდაპირველ სარჩელზე ქონდა თანდართული. სასამართლოს უნდა მოეძია სასამართლოში მის მიერ შეტანილი ძირითადი სარჩელი და ის უნდა განეხილა, რის თაობაზეც მან არაერთგზის მიმართა მოსამართლეს და ითხოვდა ძირითადი სარჩელის მოძიებას სასამართლოში, თუმცა უშედეგოდ; დღემდე გაურკვეველია ძირითადი სარჩელი სასამართლოშია თუ განადგურებულია.
22. აპელანტის მითითებით არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, თითქოს მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რასაც ემყარებოდა სასარჩელო მოთხოვნა, ვინაიდან ვერ ნახეს სასამართლოში შეტანილი ძირითადი სარჩელი, რომელსაც თან ერთვოდა მტკიცებულებები და დაახლოებით 20 წლის წინ ქსეროქსიც არ იყო, მას არ გადაუღია ასლები და ვერც წარმოიდგენდა, სასამართლოში თუ დაიკარგებოდა მტკიცებულებები. აპელანტი მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო და უკანონოა სასამართლოს მხრიდან 20 წლის შემდეგ მტკიცებულებების ხელახალი წარდგენის მოთხოვნა და გადაწყვეტილებაში აღნიშნულზე აპელირება.
23. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
24. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
25. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ო----ი ჯ--–--–--–---–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით შესაბამისი მითითებით დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
27. მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებათა უპირატესი გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ო---- ჯ--–--–--–----–- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს I ინსტანციის სასამართლოს შედეგ გარემოებათა გამო:
31. დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ზეპირი ფორმით დადებული მოძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის საფასურის დაკისრება.
32. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ო---- ჯ--–--–--–---–ის სარჩელი და მოპასუხეებს შ--–-- და რ-------- ს-----ეებს მის სასარგებლოდ დაეკისრათ 18010 ლარის გადახდა (იხ.ს.ფ.46.ტ1);
33. ამავე სასამართლოს 2001 წლის 4 სექტემბრის განჩინებით შ--–-- და რ-------- ს-----ეების საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვებული იქნა ძალაში (იხ.ს.ფ.71.ტ1);
34. დადგენილია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ--–-- და რ-------- ს-----ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2001 წლის 4 სექტემბრის განჩინება. საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისისი საქალაქო სასამართლოს (იხ.ს.ფ.90.ტ1);
35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 22 მარტის განჩინებით ო---- ჯ--–--–--–---–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.(იხ.ს.ფ.116-117.ტ1);
36. ნაცვლად იმისა, რომ საქმის ხელახალი განხილვა განხორციელებულიყო, მითითებული სამოქალაქო საქმე განთავსდა სასამართლოს არქივში.
37. დადგენილია, რომ 2015 წლის 09 ოქტომბერს, ო---- ჯ--–--–--–---–მა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა 2001 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემა. აღნიშნული განცხადების განხილვისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით სასამართლოს არქივიდან გამოთხოვილი იქნა სამოქალაქო საქმე. გამომდინარე იქედან, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნების შემდეგ ო---- ჯ--–--–--–---–ის სარჩელი არ განხილულა, 2015 წლის 3 ნოემბერის განჩინებით დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა.
38. დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელის წარდგენიდან მოყოლებული აღნიშნავდა, რომ წინამდებარე საქმეში არსებული მასალები არ იყო სრულყოფილი, რადგან მტკიცებულებებთან ერთად მის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარდგენილი იყო 1996 წელს, სწორედ ამ სარჩელს ახლდა მტკიცებულებები. მოსარჩელე აღნიშნავს სასამართლოში არსებულ სხვა სარჩელზე, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, 2000 წლის 12 მაისს დატოვა უმოძრაოდ.
39. საქმის მასალების ასლების გადაღების შესახებ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ საქმეში თავდაპირველი სარჩელი და შესაბამისი მტკიცებულებები არ იყო განთავსებული, რის გამოც მან არაერთხელ ითხოვა საქმის მასალების არქივიდან გამოთხოვა. მართალია სარჩელის განხილვისას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხორციელდა სასამართლოს არქივიდან საქმის გამოთხოვა, თუმცა სასამართლომ გამოითხოვა 2000 – 2002 წელს განხილული საქმე ო---- ჯ--–--–--–---–ისა და რ-------- და შ--–-- ს-----ეების მონაწილეობით, მოსარჩელე კი განმარტავს, რომ მან სათანადო მტკიცებულებები დაურთო თავის მიერ, 1996 წელს, ქუთაისის სასამართლოში აღძრულ სარჩელს (რომელი სარჩელის განმხილველი მოსამართლეც იყო გ.კილასონია) და სწორედ მის გამოთხოვას ითხოვს არქივიდან.
40. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იმსჯელოს მოსარჩელის ამ შუამდგომლობაზე, თუ მივა იმ დასკვნამდე, რომ იგი საფუძვლიანია, უნდა გამოითხოვოს ქუთაისის სასამართლოს არქივიდან 1996 წელს ო---- ჯ--–--–--–---–ის მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებული საქმის მასალები, (რომელ სარჩელსაც ერთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან მოპოვებული ასლები, (როგორც მოსარჩელე მიუთითებს)), ხოლო თუ აღნიშნული საქმის მასალების მიღება ვერ გახდება შესაძლებელი, მაშინ სასამართლომ უნდა გაარკვიოს მოსარჩელის მოთხოვნა განხილული ხომ არ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3511-3516 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნად (დაკარგული საქმის წარმოების აღდგენა ). ამ მხრივ მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებად შეიძლება იქნას განხილული, როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სადაც საუბარია სარჩელში მითითებული კონკრეტული ფაქტების დადგენილად მიჩნევის წინაპირობებზე), ისე _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება. (სწორედ ამ შეფასებას აკეთებს საქართველოს უზენაესი სასამართლო, რომლის სამართლებრივი შეფასებაც სავალდებულოა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის).
41. შ--–-- ს-----ესა და ო---- ჯ--–--–--–---–ს შორის გაფორმებული იყო ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულება, როგორც ავეჯის, ისე _ ავტომანქანის, ხოლო, რ-------- ს-----ესთან იმავდროულად ავტომანქანის ნასყიდობის თაობაზე. ამ მხრივ სასამართლო ეყრდნობა რ-------- ს-----ის განმარტებებს, რომელიც, მისი შეფასებით, ადასტურებს ვალდებულების შესრულების ფაქტს (სკ-ის 429-ე მუხლი). საქმის ხელახალი განხილვისას აღნიშნული საკითხი გამოკვლეული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ და მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილების შედეგად უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
42. სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებათა გათვალისწინებით, ასევე უნდა გაარკვიოს შ--–-- ს-----ის მიმართ აღძრული სარჩელის საფუძვლიანობის საკითხიც.
43. ზემოთაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გამო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ზემოთაღნიშნულ მითითებათა გათვალისწინებით საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
საპროცესო ხარჯები:
საპროცესო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწვეტილების მიღებისას.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. ო---- ჯ--–--–--–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება; ო---- ჯ--–--–--–---–ის სარჩელი განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;
3. საპროცესო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწვეტილების მიღებისას.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდო----ე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
სიმონ ჩხაიძე