განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.03.2018
საქმის ნომერი
330310016001474281
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
22.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-30310016001474281

საქმე №-ბ/2428-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

22 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,მ----------------ა“;

წარმომადგენელი (დირექტორი) - მ---------–-ძე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო;

წარმომადგენელი - თ---------------–-ძე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ,,თ---–-------------------------------ია“;

წარმომადგენლები - რ-------- ბ-------–ი, ნ------–-------–ი;

 

მესამე პირი (16.2) - შპს ,,ჯ------------------ი“;

წარმომადგენელი - თ-------------–-ძე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,თ---–-------------------------------იის“ სატენდერო კომისიის 2016 წლის 6 ივლისის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.2. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.2. მოპასუხე შპს ,,თ---–-------------------------------იის” წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.

 

2.3. სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებული, შპს ,,ჯ------------------ის“ წარმომადგენელი მხარს უჭერს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენელის პოზიციას.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

შპს ,,მ----------------ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. შპს ,,თ---–-------------------------------იის“ მიერ ს-–--- - ს------ მასალების შესყიდვის მიზნით, 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი S-----------, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ორი პრეტენდენტი: შპს ,,ჯ------------------ი“ და შპს ,,მ----------------ა“.

 

შპს ,,თ---–-------------------------------იის“ სატენდერო დოკუმენტაციის ნაწილი 1-ით განისაზღვრა ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის; ნაწილი 1-ის 1.3 პუნქტით გათვალისწინებულია: გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 1.4. პუნქტით განისაზღვრა, რომ დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 1.5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმნეტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 1.6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, როემლიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. პუნქტის 1.7-ის თანახმად, ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით ან/და სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად წარმოდგენის ან ისეთი საკვალიფიკაციო დოკუმენტების/სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც არ პასუხობს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ან/და სატენდერო დოკუმენტაციის ყველა მოთხოვნას, შესაძლებელია გამოიწვიოს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

 

ნაწილი 2-ით განისაზღვრა ტექნიკური დოკუმენტაცია. ნაწილი 2-ის პირველი პუნქტი ითვალისწინებდა შესყიდვის ოქბიექტს; 2.1.1 - შესყიდვების ობიექტს წარმოადგენს - გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალება ს-–---ის - (CPV 2-------; 2------------------) (შემდგომში - საქონელი) სახელმწიფო შესყიდვა. 2.1.2. - შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებელები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის შესაბამისად (შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება). ნაწილი 2.2. ითვალისწინებს საქონლის მიწოდების ვადას და ადგილს. ნაწილი 2.3-ით გათვალისწინებულია სატენდერო წინადადების ღირებულება; 2.4 -ით ანგარიშსწორების პირობები; 2.5-ით საგარანტიო პირობები; 2.6-ით ალტერნატიული წინადადება; ნაწილი 2.7-ით განსაზღვრულია პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია; ნაწილი 2.8-ით დამატებითი ინფორმაცია; ნაწილი 2.9-ით განსაზღვრულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება.

 

4.2. შპს ,,თ---–-------------------------------იის“ მიერ ს-–----ს------ მასალების შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2016 წლის 28 ივნისის №2 საოქმო გადაწყვეტილებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N- ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ჯ------------------ს“ ეთხოვა წარდგენა: დაზუსტებული დანართი N- ზემოაღნიშნული შენიშვნისა და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად სისტემაში დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ღირებულების გათვალისწინებით; სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.6 და 2.8.7 ქვეპუნქტებით გათვალისწინებლი დოკუმენტები (ნოტარიულად დამოწმებული ქართულ თარგმანითურთ). შპს ,,ჯ------------------ს“ დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის ვადად განესაზღვრა 3 (სამი) სამუშაო დღე, არაუგვიანეს 2016 წლის 01 ივლისისა.

 

4.3. დადგენილია, რომ დაზუსტების ეტაპზე, შპს ,,ჯ------------------მა“ წარადგინა დაზუსტებული ინფორმაცია, რის შედეგადაც სატენდერო კომისიის 2016 წლის 06 ივლისის №- საოქმო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შპს ,,ჯ------ ტ---------ის“ მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ს-–---ის სახელმწიფო შესყიდვის განხორცილების მიზნით გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ჯ------------------ი“. სატენდერო კომისიის აპარატს დაევალა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N- ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, არაუგვიანეს 2016 წლის 13 ივლისისა უზურუნველყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, შპს ,,ჯ------ ტ---------ის“ მოწვევა და ხელშეკრულების გაფორმება.

 

თბილსის სატრანსპორტო კომპანიის 2016 წლის 06 ივლისის N0------ წერილით, შპს ,,ჯ------------------ს“ ეცნობა, რომ შპს ,,თბილსის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ ს-–---ის (S-----------) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით წარმოდგენილი სატენდერო წინადადება შეესაბამება სატენდერო განცხადებითა და დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამავე წერილით, შპს ,,ჯ------------------ს“ განემარტა, რომ ს-–---ის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადებულიყო არაუგვიანეს 2016 წლის 13 ივლისისა.

 

4.4. 2016 წლის 07 ივლისს შპს ,,მ------------------ამ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა N D--------------- საჩივრით და მოითხოვა ს-–---ის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2016 წლის 06 ივლისის №- ოქმის გაუქმება.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 18 ივლისის N- ოქმის თანახმად, გაიმართა ზეპირი განხილვა შპს ,,მ------------------ას“ მიერ წარდგენილ N D--------------- საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.

 

4.5. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს ,,მ----------------ას“ N D--------------- საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილებაში საბჭომ ყურადღება გაამახვილა შპს ,,თ---–-------------------------------იის“ სატენდერო კომისიის 2016 წლის 28 ივნისის სხდომის N- ოქმზე, რომლის შესაბამისად, შპს ,,ჯ------------------ს“ განესაზღვრა 3 (სამი) სამუშაო დღის ვადა გარკვეული ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისთვის. აღნიშნულ ოქმში, მათ შორის მითითებულია შემდეგი: ,,დანართი N--ში ცხრილის მე-6 გრაფა, ...მე-2, მე-3... და მე-9 პოზიციებზე არ შეიცავს ინფორმაციას შემოთავაზებული საქონლის მოდელის შესახებ (არსებობის შემთხვევაში) და არც მითითებას, რომ შემოთვაზებული საქონელს მოდელი არ გააჩნია. აღნიშნულ პოზიციებზე ნაცვლად მოდელისა, პრეტენდენტის მიერ მითითებულია საქონლის ტიპი.

 

სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.6 და 2.8.7. ქვეპუნქტების თანახმად, პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად, ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს დანართი N--ის, მე-2 და მე-3 პოზიციებზე მითითებულ სტანდარტებთან (გოსტ 21150-87; გოსტ 19791-74) შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანითურთ), ხოლო დანართი N--ის მე-9 პოზიციაზე - შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებული საცხი გრაფიტული გამოიყენება სალიანდაგო იპოლირებული პირაპირების ზესადებების გასაპოხად (ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანითურთ). სატენდერო დოკუმენტაციის აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად პრეტენდენტის მიერ წარდგენილი იქნა უცხოენოვანი დოკუმენტები ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანის გარეშე“.

 

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით დადგენილ ვადაში წარადგინა დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც სატენდერო კომისიამ განიხილა 2016 წლის 6 ივლისის სხდომის N- ოქმით. აღნიშნულ ოქმში მითითებულია შემდეგი: ,,სტრუქტურული ერთეულების უფროსების დასკვნის თანახმად, ს-–---ის გამარტივებული ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის შპს ,,ჯ------------------ის“ მიერ შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები შეესაბამება მათი სამსახურების მოთხოვნებს“. აღნიშნულ ოქმს თან ერთვის შესაბამისი სამსახურის უფროსების მიერ გაცემული დასკვნები.

 

საბჭომ ხაზი გაუსვა სატენდერო კომისიის სხდომის N- ოქმში მითითებულ შემდეგ ჩანაწერს: ,,დანართი N--ში ცხრილის მე-6 გრაფა, ...მე-2, მე-3.. და მე-9 პოზიციებზე არ შეიცავს ინფორმაციას შემოთავაზებული საქონლის მოდელის შესახებ (არსებობის შემთხვევაში) და არც მითითებას, რომ შემოთავაზებულ საქონელს მოდელი არ გააჩნია. აღნიშნულ პოზიციებზე ნაცვლად მოდელისა, პრეტენდენტის მიერ მოთითებულია საქონლის ტიპი...“. საბჭომ, ასევე ხაზი გაუსვა ზემოაღნიშნულ პოზიციებზე პრეტენდენტის მიერ წარდგენილ როგორც თავდაპირველ, ასევე დაზუსტებულ ფასების ცხრილში შეთავაზებულ საქონელს და მიიჩნია, რომ პრეტენდენტის მიერ სამივე, სადავოდ გამხდარ პოზიციებზე შეთავაზებული იქნა უკრაინული წარმოშობის საქონელი, ფირმა - ,,ა--------–ი“, რომლებსაც არ გააჩნია შესაბამისი მოდელი.

 

სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის თანახმად, ,,გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი“. ასევე, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულია პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, მათ შორის: ,,2.7.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.6 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები (ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანითურთ). 2.7.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.7. ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ი (ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანითურთ).

 

საბჭოს მიერ განმარტებულია, რომ შპს ,,ჯ------------------ის“ მიერ თავდაპირველად, შეთავაზების ველში წარმოდგენილი საქონლის შესაბამის სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებლად წარმოდგენილი იქნა უცხოენოვანი დოკუმენტაცია, რომელსაც არ ახლდა ნოტარიული წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. შესაბამისად, საბჭოს აღნიშნული დოკუმენტაციის (უცხოენოვანი) განხილვის ვალდებულება არ გააჩნდა.

 

საბჭომ აქვე განმარტა, რომ შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა ითვალისწინებს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების შესაძლებლობას. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N- ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.

 

საბჭომ განმარტა, რომ სატენდერო კომისიის დისკრეციულ უფლებას წარმოადგენს, იმსჯელოს იმ საკითხზე, თუ რამდენად შესაძლებელია ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება. ასეთი დაზუსტებისას არ უნდა მოხდეს სატენდერო წინადადების ფასის გაზრდა ან/და ტექნიკური დოკუმენტაციის არსებითი ცვლილება. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების პროცედურა ემსახურება იმ მიზანს, რომ შემსყიდველმა ორგანიაციამ მიიღოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია. ამ ეტაპზე შემსყიდველ ორგანზაციას უნდა შეექმნას სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად აკმაყოფილებს პრეტენდენტი სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

საბჭომ განმარტა, რომ შესაძლებელია არა მხოლოდ იმ მონაცემების დაზუსტების მოთხოვნა, რაც უკვე წარმოდგენილია სატენდერო წინადადების ფარგლებში, არამედ შესაძლებელია, რომ პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მიზნით წარმოადგინოს ახალი მონაცემი/დაკუმენტი. თუმცა, პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაცით მოთხოვნილი რომელიმე დოკუმენტის ერთიან ელექტრონულ სისტემაში თავიდანვე წარმოუდგენლობა ზრდის მისი დისკვალიფიკაციის საფრთხეს, რადგან შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ტექნიკური დოკუმენტაციის განმეორებით დაზუსტების შესაძლებლობას. შესაბამისად, საბჭო მიუთითებს პრეტენდენტებს, რომ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ყოველთვის თავიდანვე სრულად წარადგინონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

საბჭომ მიუთითა, რომ პრეტენდენტის მიერ დაზუსტების ეტაპზე წარდგენილი იქნა შემდეგი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, კერძოდ: ფასების ცხრილის სადავოდ გამხდარ მე-2 და მე-3 პოზიციებთან მიმართებით, სატანდერო დოკუმენტაციის 2.8.6 პუქნტის მოთხოვნების შესაბამისად, გოსტ 21 150-87 და გოსტ 19 797-74 სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.

 

ფასების ცხრილის მე-9 პოზიციასთან მიმართებით წარმოსადგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით საბჭომ განმარტა, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.7 პუნქტში არ არის დაკონკრეტებული წარმოსადგენი დოკუმენტების ტიპი, მთავარია აღნიშნული ადასტურებდეს, რომ პრეტენდენტის მიერ სადავო პოზიციაზე შემოთავაზებული საცხი გრაფიტული გამოყენება სალიანდაგო იზოლირებული პირაპირების ზესადებების გასაპოხად. აღნიშნულთან მიმართებაში, პრეტენდენტმა დაზუსტების ეტაპზე წარადგინა ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ს------ მასალა - ა--------–ის „კ--------------ს“ ხარისხის პასპორტი - Т-------------------------- და ასევე, ბროშურა, სადაც მათ შორის მითითებულია, რომ ,,ს------ მასალა ა--------–ის „კ--------------“ გამოყენება რელსის ზესადებების და პირაპირების გაპოხვისათვის, რელსის პირაპირის სხვადასხვა კლიმატურ ზონაში მდგრადი ელექტროგამტარიანობის უზურუნველსაყოფად. შეიცავს გრაფიტს“.

 

საბჭომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, სატანდერო კომისია იხილავს და აფასებს თუ რამდენად შეესაბამება პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია (ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები) შესაბამისი ტენდერის სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს და სწორად აღნიშნულის გათვალისწინებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. იმის გათვალისწინებით, რომ პრეტენდენტის - შპს ,,ჯ------------------ის“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებით/დოკუმენტაციით განსზღვრულ მოთხოვნებს შორის შეუსაბამობა არ დგინდება, საბჭომ მიიჩნია, რომ შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ სატენდერო კომისიის 2016 წლის 6 ივლისის სხდომის N- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და შპს ,,მ----------------ას“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

4.8. 2016 წლის 29 ივლისს, შპს ,,თ---–-------------------------------იასა“ და შპს „ჯ------------------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N----------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ს-–---ის (შემდგომში ,,საქონელი“) სახელმწიფო შესყიდვა. 3.1. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 90 900 (ოთხმოცდაათი ათას ცხრაასი) ლარით. ხოლო 16.1. მუხლით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელის მოწერის დღიდან მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე - 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტა, რომ ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

 

ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად. მე-3 პუნქტში კი, მოცემულია იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროსაც სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამ შემთხვევაში სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა (წესის“ მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი).

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სატენდერო კომისია იხილავს და აფასებს პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ ტექნიკური (დაზუსტებული) დოკუმენტაციის შესაბამისობას ტენდერის სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებთან. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების პროცედურა სატენდერო კომისიას აძლევს შესაძლებლობას, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიქმნას წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. ასევე საყურადღებოა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დაზუსტებას შესაძლოა საჭიროებდეს სხვადასხვა მონაცემი, შესაბამისად, ტერმინი „არსებითი ცვლილება“ შეფასების საგანია თითოეულ საქმეში და უნდა გადაწყდეს თითოეული მათგანისათვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, სარტენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ არსებობდა პრეტენდენტისათვის დაზუსტების მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა, რაც არ გამოიწვევდა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდიდა წინადადების ფასს. პრეტენდენტის შპს ,,ჯ------------------ის“ მიერ დამატებით წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაციისა და სატენდერო განცხადებით/დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის არსებობდა შესაბამისობა, რაც დადგინდა სატენდერო კომისიის მიერ განხილვა- შეფასების შემდეგად, რის გამოც მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვით. ამასთან, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში ასახული მსჯელობა მართებულია და არ არსებობდა კომისიის 2016 წლის 6 ივლისის N- სხდომის ოქმის გაუქმების საფუძვლები, ვინაიდან შპს "ჯ------------------ის“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ გამოვლენილა შეუსაბამობები პრეტენდენტის მიერ წარდგენილ მონაცემებს, ასევე დაზუსტებული ტექნიკურ დოკუმენტაციასა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს შორის. სატენდერო დოკუმენტაცია კი სადავო არ გამხდარა. ამდენად, არ არსებობს შპს ,,თ---–-------------------------------იის“ სატენდერო კომისიის 2016 წლის 6 ივლისის N- სხდომის ოქმისა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

6. შპს ,,მ----------------ას“ სააპელაციო მოთხოვნა:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6.1. შპს ,,მ----------------ას“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები. ამასთან, ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლოს არ მოუპოვებია ფაქტობრივი გარემოებები და დამატებითი მტკიცებულებები. მიიჩნევს, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელიც აპელანტის განმარტებით, მან წარადგინა.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2016 წლის 17 თებერვალს გამოცხადებული ტენდერი ჩატარდა ტექნიკურად არასწორად. მისივე განმარტებით, ტენდერში მოთხოვნილი პროდუქციის ნაცვლად წარმოდგენილი იქნა ის პროდუქტები, რომლებიც ვერ ცვლიან მოთხოვნილ პროდუქციას. მიუთითებს, რომ სასამართლოს არ გაუთვალისწინებია სარჩელში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც გულისხმობს, რომ პრეტენდენტს ალტერნატიული წინადადების წარმოდგენის უფლება არ აქვს. აღნიშნულ შემთხვევაში, პრეტენდენტმა თავდაპირველად შესთავაზა საცხი „გ-----------ა“, ხოლო დაზუსტების დროს სრულიად სხვა პროდუქტი. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა განმარტა, რომ შპს ,,ჯ------------------მა“ ელექტრონულ სისტემაში შპს „მ----------------ის“ მიერ ატვირთული მასალების საფუძველზე ატვირთა დოკუმენტაცია, რადგან ისინი არაკომპეტენტურენი არიან იმ საქმიანობაში, რომელთან დაკავშირებითაც მიირეს მონაწილეობა ტენდერში.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

 

კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანოა ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომლის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და მათ შესაბამისად შემუშავებული სააგენტოს დებულება.

 

ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად. მე-3 პუნქტში კი, მოცემულია იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროსაც სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით. ამავე კანონის მე-121 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს სატენდერო კომისია. მე-5 პუნქტის თანახმად კი, სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი; დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; ე) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს; ვ) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში); ზ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა); ი) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას; კ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ; მ) საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

7.2. პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი. მე-3 პუნქტის თანახმად კი, წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.

 

ამდენად, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი წარმოადგენს სპეციალურ რეგულაციას გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის და შესაბამისად, მითითებულ სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია არის შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტების საკავალიფიკაციო მოთხოვნების აღწერის მიზნით სატენდერო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონის 121 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს და შედგენილი უნდა იქნეს კანონის 121 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და ამ წესის მოთხოვნათა დაცვით. ამავე წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით.

 

ამავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხოლო მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით, ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

 

პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ (წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე) მინიჭებისთანავე სისტემა ავტომატურად აჯგუფებს პრეტენდენტებს (მათი არსებობის შემთხვევაში) წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია ყველაზე დაბალი თანაბარი ფასი, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების ყველაზე დაბალი ფასი. მე-4 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიამ, ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ წინადადებების მიღების ეტაპზე სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. ამ პუნქტში მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი. მე-5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ხოლო, მე-8 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სატენდერო კომისია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დაწესებულ ვადაში, მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. სატენდერო კომისია ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს პრეტენდენტს დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ. თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში დაზუსტებული დოკუმენტაცია არ იქნება წარდგენილი, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მე-9 პუნქტის თანახმად, ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ ტენდერისთვის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში. დაუშვებელია დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის განმეორებით დაზუსტება. მე-11 პუნქტის თანახმად, თუ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო კომისია ვალდებულია მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს.

 

აღნიშნული წესის მე-13 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას; ბ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე; გ) თუ მის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას; დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში; ე) თუ ის არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით; ვ) თუ ის არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; ზ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

 

7.3. განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,თ---–-------------------------------იის“ მიერ ს-–----ს------ მასალების შესყიდვის მიზნით, 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი S----------- და შეიქმნა შესაბამისი სატენდერო კომისია. ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტების სახით მონაწილეობას იღებდნენ შპს ,,ჯ------------------ი“ და შპს ,,მ----------------ა“. დადგენილია, რომ სატენდერო კომისიამ წესის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ პრეტენდენტის შპს ,,ჯ------------------ს“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია მოიცავდა გარკვეულ ხარვეზებს, რის აღმოსაფხვრელადაც, კომისიამ განუსაზღვრა ვადა 3 დღე. ასევე დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული ხარვეზის შევსების მიზნით, შპს ,,ჯ------------------ის“ მიერ დამატებით წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რის შედეგად, სატენდერო კომისიამ განიხილა საკითხი და 2016 წლის 6 ივლისის სხდომის N- ოქმით გადაწყვიტა, რომ (სტრუქტურული ერთეულების უფროსების დასკვნის თანახმად) ს-–---ის გამარტივებული ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის შპს ,,ჯ------------------ის“ მიერ შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები შეესაბამება მათი სამსახურების მოთხოვნებს.

 

კომისიის გადაწყვეტილება გასაჩივრდა ტენდერში მონაწილე შპს ,,მ----------------ას“ მიერ, რომელიც საჩივარში უთითებდა, რომ შემსყიდველის მიერ გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რიგი დკუმენტები უნდა ყოფილიყო ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად. საბუთების დაზუსტების თაობაზე შემსყიდველის მოთხოვნის შემდეგ, პრეტენდენტმა ნაცვლად შესაბამისობის საბუთისა, ატვირთა პროდუქცია სხვა კოდით. პრეტენდენტის მიერ ატვირთული პასპორტის მონაცემები არ შეესაბამებოდა შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ პროდუქციას და მის მიერ წარმოდგენილი ,,გ-----------ა“ არის ანტიფრაქციული საცხი და გამოიყენება სხვა დანიშნულებით. ასევე, პრეტენდენტს უფლება არ აქვს წამოადგინოს ერთი და იგივე პროდუქციაზე ორის სხვადასხვა წინადადება, რაც დარღვევით არის გამოყენებული. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, შემსყიდველს უნდა გაეთავლისწინებინა აღნიშნული ფაქტები და მოეხდინა პრეტენდენტის დისკვალფიკაცია. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს ,,მ----------------ას“ N D--------------- საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

7.4. პალატა ყურადღებას მიაქცევს სატენდერო დოკუმენტაციაში არსებულ ნაწილი 1- ის 1.3 პუნქტზე, რომლითაც გათვალისწინებული იყო, რომ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. შესაბამისად, სატენდერო კომისიას, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების გზით უფლება ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, პრეტენდენტისათვის მოეთხოვა მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება, რისთვისაც განუსაზღვრა გონივრულ ვადა 3 (სამი) დღე. ამავე პუნქტით განსაზღვრულია, რომ თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში დაზუსტებული დოკუმენტაცია არ იქნება წარდგენილი, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ პრეტენდენტის შპს ,,ჯ------ ტ---------ის“ მიერ დამატებით წარდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიამ განიხილა და შეაფასა პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული და აგრეთვე, დამატებით წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის, კონკრეტული ტენდერის სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რაც საფუძვლად დაედო სატენდერო კომისიის მეირ მიღებულ გადაწყვეტილებას. კერძოდ, დაზუსტების ეტაპზე შპს ,,ჯ------------------მა“ წარადგინა

დაზუსტებული დოკუმენტაცია - ფასების ცხრილის სადავოდ გამხდარი მე-2 და მე-3 პოზიციებთან მიმართებით, სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.6 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, გოსტ 21 150-87 და გოსტ 19 797-74 სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ნათარგმნი იყო ქართულად და დამოწმებული ნოტარიულად. ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.7 პუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტის სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად, ერთიან ელექტრონულ სისტემაში, უნდა ატვირთულიყო დანართი N--ის მე-9 პოზიციაზე - შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც დაადასტურებდა, რომ შემოთავაზებული საცხი გრაფიტული გამოიყენება სალიანდაგო იზოლირებული პირაპირების ზესადებების გასაპოხად, ნათარგმნი ქართულად და დამოწმებული ნოტარიულად. დადგენილია, ფასების ცხრილის რიგითი მე-9 პოზიციასთან დაკავშირებით წარსადგენ დოკუმენტებს, სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.7 პუნქტში არ არის დაკონკრეტებული წარსადგენი დოკუმენტაციის ტიპი. ამ მოთხოვნასთან მიმართებაში, შპს ,,ჯ------------------მა“ დაზუსტების ეტაპზე წარადგინა ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ს------ მასალა - ა--------–ის „კ--------------ს“ ხარისხის პასპორტი Т-------------------------- და ბროშურა, სადაც მითითებულია, რომ ,,ს------ მასალა ა--------–ის „კ--------------“ გამოიყენება რელსის ზესადებების და პირაპირების გაპოხვისათვის, რელსის პირაპირის სხვადასხვა კლიმატურ ზონაში მდგრადი ელექტროგამტარიანობის უზურუნველსაყოფად შეიცავს გრაფიტს“.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამ შემთხვევაში სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა (წესის“ მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა შემდეგი: ზემოაღნიშნული ჩანაწერი ადგენს, რომ კანონმდებლობა სატენდერო კომისიას უდგენს პირობას, რა დროსაც კომისიამ პრეტენდენტს უნდა მისცეს დაზუსტების შესაძლებლობა. აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათი წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

 

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სატენდერო კომისია იხილავს და აფასებს პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ (დაზუსტებულ) დოკუმენტაციის შესაბამისობას ტენდერის სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებთან. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების პროცედურა სატენდერო კომისიას აძლევს შესაძლებლობას, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიქმნას წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. ასევე საყურადღებოა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დაზუსტებას შესაძლოა საჭიროებდეს სხვადასხვა მონაცემი, შესაბამისად, ტერმინი „არსებითი ცვლილება“ შეფასების საგანია თითოეულ საქმეში და უნდა გადაწყდეს თითოეული მათგანისათვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, სარტენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ არსებობდა პრეტენდენტისათვის დაზუსტების მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა, რაც არ გამოიწვევდა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდიდა წინადადების ფასს. პრეტენდენტის შპს ,,ჯ------------------ის“ მიერ დამატებით წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაციისა და სატენდერო განცხადებით/დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის არსებობდა შესაბამისობა, რაც დადგინდა სატენდერო კომისიის მიერ განხილვა- შეფასების შემდეგად, რის გამოც მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

7.5. პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ,,სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაზე. აღნიშნული ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია: ა) სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი; ბ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, თუ საბჭოს მიერ საჩივრის და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად დადასტურდება საჩივრის სამართლიანობა, საბჭო უფლებამოსილია: ა) მიუთითოს შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ გადაწყვეტილებაზე/ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობის დაცვით განხორციელება; ბ) მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილებების/ქმედების გადასინჯვა ან გაუქმება; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ა) მისი მიღების დრო და ადგილი, საბჭოს წევრთა ვინაობა, მომჩივნისა და მოპასუხის, მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისა და საქმეში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა და დავის საგანი; ბ) საბჭოს მიერ დადგენილი გარემოება ან/და მტკიცებულება, რის საფუძველზეც დადასტურდა ან უარყოფილ იქნა ესა თუ ის მტკიცებულება, ასევე, სამართლებრივი აქტის შესაბამისი ნორმა, რომლითაც ხელმძღვანელობდა საბჭო; გ) საბჭოს გადაწყვეტილება საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ; დ) მისი გასაჩივრების ვადა და წესი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვით. ამასთან, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში ასახული მსჯელობა მართებულია და არ არსებობდა კომისიის 2016 წლის 6 ივლისის N- სხდომის ოქმის გაუქმების საფუძვლები, ვინაიდან შპს

,,ჯ------------------ის“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ გამოვლენილა შეუსაბამობები პრეტენდენტის მიერ წარდგენილ მონაცემებში, ასევე დაზუსტებული ტექნიკურ დოკუმენტაციასა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს შორის. სატენდერო დოკუმენტაცია კი სადავო არ გამხდარა.

 

პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან და არ გაზრდის წინადადების ფასს. განსახილველ შემთხვევაში პრეტენდენტის შპს ,,ჯ------------------ს“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია მოიცავდა გარკვეულ ხარვეზებს, რის აღმოსაფხვრელადაც, კომისიამ განუსაზღვრა ვადა 3 დღე. ასევე დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული ხარვეზის შევსების მიზნით, შპს ,,ჯ------------------ის“ მიერ დამატებით წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, კერძოდ ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ს------ მასალა - ა--------–ის ფირმის „კ--------------ს" ხარისხის პასპორტი და ასევე ბროშურა, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული ს------ მასალა გამოიყენება რელსის ზესადებების და პირაპირების გაპოხვისათვის, რელსის პირაპირის სხვადასხვა კლიმატურ ზონაში მდგრადი ელექტროგამტარიანობის უზრუნველსაყოფად, შეიცავს გრაფიტს. აღნიშნულის შედეგად, სატენდერო კომისიამ განიხილა საკითხი და 2016 წლის 6 ივლისის სხდომის N- ოქმით გადაწყვიტა, რომ ს-–---ის გამარტივებული ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის შპს ,,ჯ------------------ის“ მიერ შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები შეესაბამება მათი სამსახურების მოთხოვნებს. რაც შეეხება აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არაქართულ ენაზე ატვირთული დოკუმენტი და ხარვეზის შევსების შემდგომ ქართულ ენაზე ატვირთული დოკუმენტი სხვადასხვაა, პალატა განმარტავს, რომ არაქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტის შინაარსის კვლევაში არ შესულა ადმინისტრაციული ორგანო, ვერც შევიდოდა, რადგან წარდგენილი იყო არასახელმწიფო ენაზე; მოცემულ შემთხვევაში, არაქართულ ენაზე წარდგენილი დოკუმენტის შინაარსობრივი კვლევა გასცდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს. ხოლო რაც შეეხება მოსაზრებას, რომ შპს „ჯ------------------მა“ შპს „მ----------------ის“ მიერ ატვირთული დოკუმენტებით იხელმძღვანელა, რადგან ისინი ამ საკითხში არაკომპეტენტურენი არიან, პალატა განმარტავს, რომ კომპანიის კომპეტენტურობის კვლევა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის საგანს და ასევე, თუნდაც მომხდარიყო ამგვარი რამ, კანონმდებლობით ამგვარი ქმედება - კონკურენტის მიერ ატვირთული დოკუმენტების მიხედვით საკუთარი დუკუმენტების მოდიფიცირება, მოცემული ეტაპისათვის კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,თ---–-------------------------------იის“ სატენდერო კომისიის 2016 წლის 6 ივლისის N- სხდომის ოქმისა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ განმარტებას, რომ 2016 წლის 17 თებერვალს გამოცხადებული ტენდერი ჩატარდა ტექნიკურად არასწორად. ასევე ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელიც მხარემ წარადგინა და ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლომ არ მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

 

პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა - განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,მ----------------ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ასორმოცდაათი) ლარი, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №-2) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

ილონა თოდუა -

 

გიორგი გოგიაშვილი -