განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.06.2018
საქმის ნომერი
330310018002261212
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
თანხის დაკისრება
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002261212

საქმე N3ბ/973-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

14 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ლ---- ვ-–------ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე )- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ნ---- ს------–---–ი;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ლ---- ვ-–------ის სასარგებლოდ 1998-1999 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების - 949 ლარის ანაზღაურება;

 

1.2. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ლ---- ვ-–------ის სასარგებლოდ ყოველდღიურად, 2006 წლის მაისიდან დღემდე დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07 % პროცენტის - 2826 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ლ---- ვ-–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2017 წლის 14 დეკემბრის M---------------- ცნობის თანახმად, ლ---- ვ-–------ის მიმართ 1998 წლის დარიცხული სახელფასო დავალიანება, მათ შორის თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო, პრემია და კვება შეადგენს 621,64 ლარს, აქედან დაქვითულია 73,22 ლარი; 1999 წლის დარიცხული სახელფასო დავალიანება, მათ შორის თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო, პრემია და კვება შეადგენს 479,9 ლარს, აქედან დაქვითულია 79,31 ლარი. ხელზე მისაღები თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 949,01 ლარს.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 19 დეკემბრის M---------------- წერილის თანახმად, ლ---- ვ-–------ს მისი 2017 წლის 25 ივლისის N------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იყო გამოყოფილი, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ. (ს.ფ. 16).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე შრომით - სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ლ---- ვ-–------ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 1998-1999 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც შეადგენს 949,01 ლარს, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს ყოველდღიურად, 2006 წლის მაისიდან დღემდე დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07 % პროცენტის - 2826 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს 1998-1999 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა (გარდა კვების კომპენსაციის), აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოსარჩელის მოთხოვნა – კვების კომპენსაცია წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამდენად, მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ასევე ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- ვ-–------ის ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა მიჩნეული იქნა ხანდაზმულად. შესაბამისად, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2006 წლის მაისიდან დღემდე დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07 % პროცენტის - 2826 ლარის ანაზღაურების საკითხზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სახელფასო დავალიანების დროულად გადაუხდელობისათვის ყოველი დღისათვის 0.07%-ის ოდენობით თანხის დაკისრების შესახებ სამართლებრივი ნორმა პირველად გათვალისწინებულ იქნა 2006 წლის 25 მაისის შრომის კოდექსით, რადგან ასეთ დათქმას არ ითვალისწინებდა 2006 წლის 25 მაისამდე მოქმედი ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი“. აღნიშნული ნორმა ასევე გათვალისწინებულ იქნა 2010 წლის 17 დეკემბრის კოდექსით. ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 53-ე მუხლიდან გამომდინარე, კოდექსის მოქმედება ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დღისა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 31-ე მუხლის მესამე ნაწილი ვერ გავრცელდება 1998-1999 წლებში არსებულ ურთიერთობაზე, რამდენადაც აღნიშნულ ნორმას არ გააჩნია უკუქცევითი ძალა და არც ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, იგი არ აწესრიგებს მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ შრომით - სამართლებრივ ურთიერთობებს. მითუმეტეს, რომ მოსარჩელე იმ პერიოდში საჯარო მოხელეს წარმოადგენდა, რის გამოც მასზე შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას საჯარო კანონმდებლობის მოთხოვნები უნდა გავრცელდეს, ხოლო საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტები არ ითვალისწინებდა ხელფასის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველი დღისათვის დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07%-ის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

6. სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

6.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დამდგარ შედეგს და განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ უარყოფს დავალიანების არსებობას, მაგრამ ვერ გასცემს დავალიანებას დაფინანსების არ არსებობის გამო, თუმცა აღიარებს წარმოქმნილ სახელფასო დავალიანებას. სამინისტრომ სახელფასო დავალიანებების გადაუხდელობის გამო, გაცემა გადაავადა შესაბამისი ასიგნების გამოყოფამდე.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს 2017 წლის 9 დეკემბრის წერილი, სახელფასო დავალიანების შესახებ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ვალის აღიარების შესახებ და არა ინფორმაცია. აპელირებს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის რეკომენდაციებზე ადმინისტაციული სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე და განმარტავს, რომ მე-8 საკითხში განხილულია აღნიშნული პრობლემა სადაც ცალსახად დადგენილია, რომ ასეთი ცნობა წარმოადგენს აღიარებას.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

მოცემულ შემთხვევაში ლ---- ვ-–------ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს - მოპასუხეს დაევალოს მის სასარგებლოდ 1998-1999 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც შეადგენს 949,01 ლარს, ასევე დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ლ---- ვ-–------ის სასარგებლოდ ყოველდღიურად, 2006 წლის მაისიდან დღემდე დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07 % პროცენტის - 2826 ლარის ანაზღაურება.

 

დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით -სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით - სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.

 

პალატა მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ხოლო, მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს.

 

აღნიშნული მუხლი ასევე მიუთითებს, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რაც თავისთავად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ვალდებულებას გასცეს შრომითი გასამრჯელო, ხელფასი.

 

ამდენად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამ კანონის 57-ე მუხლით ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოხელეთა შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარის მოთხოვნას წარმოადგენს 1998-1999 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე. აღნიშნული მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა (გარდა კვების კომპენსაციის), აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან.

 

პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოსარჩელის მოთხოვნა – კვების კომპენსაცია წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამდენად, მოსარჩელის მიმართ საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად გაავრცელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ასევე ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

 

აქვე, პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ (ს.ფ. 16) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის წერილზე, რომელშიც წლებისა და კომპონენტების მიხედვით ჩამოთვლილია ლ---- ვ-–------ისათვის გადასაცემი თანხები. პალატა აღნიშნავს, რომ წერილის შინაარსი არ განიმარტება ვალდებულების აღიარებად, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ იმოქმედებდა ხანდაზმულობის ვადებზე; აღნიშნული წერილი მხოლოდამხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა. ამ თვალსზრისით, აპელანტის მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, არარელ----ტურია მოცემული დავის მიმართ, რადგანაც უზენაესი სასამართლოს ხსენებული პრაქტიკა აგებულია ადმინისტრაციულ ორგანოთა იმგვარ წერილებზე, რომლებშიც ცალსახად იკითხება ვალის აღიარება და მისი გადახდის დაპირება შესაბამისი თანხების არსებობისას, რასაც, ადგილი არ აქვს განსახილველ შემთხვევაში.

 

ამდენად პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ლ---- ვ-–------ის სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების გაცემის ნაწილში ხანდაზმულია, შესაბამისად მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უნდა მის დაკმაყოფილებაზე.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2006 წლის მაისიდან დღემდე დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07 % პროცენტის - 2826 ლარის ანაზღაურების საკითხზე, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველის ინტანციის სასამართლოს შედეგს აღნიშნულ ნაწილშიც.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება - მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მხარე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი მოთხოვნა და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ლ---- ვ-–------მა ვერ დაასაბუთა მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1 აპელანტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ლ---- ვ-–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე

 

შოთა გეწაძე -