განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018001261627
საქმე №2/ბ-481-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 ივნისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი:თ------ პ-------------
წარმომადგენელი: ზ------ ჯ---–--
მოწინააღმდეგე მხარე: ლ---- ლ--------
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე განჩინების კანონიერება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ------ პ-------------ს წარმომადგენელმა და გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნით განცხადების წარდგენამდე, განცხადების უზრუნველყოფის მიზნით, ლ---- ლ--------- სახელზე რიცხულ სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა.
განმცხადებლის მითითებით, ამჟამად, უკრაინაში მცხოვრები თ----- პ-------------ს მოთხოვნით, უნდა მოეწესრიგებინა ქ. წყალტუბოში, თამარ მ----------------–- მდებარე, მარწმუნებლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დოკუმენტაცია, რათა შემდგომში გაეყიდა.
საჯარო რეესტრში მიმართვისას გაირკვა, რომ უძრავი ქონება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, სხვა პირის, კერძოდ, ლ---- ლ--------- სახელზეა დარეგისტრირებული.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია მოპასუხის მამის, გ------ ლ--------- სარჩელის შესაბამისად, რომლითაც მოთხოვნილი იყო უცნობი თარიღის შინაურული ნასყიდობის საფუძველზე, თ------ პ-------------ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე მესაკუთრედ ცნობა.
თ------ პ------------- აპირებს სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვას გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, ვინაიდან, არ დაუწერია არანაირი ხელწერილი, არ აუღია სადავო უძრავ ქონებაში არანაირი თანხა, ამასთან 2000 წელს, საქართველოში ჩამოსვლისას უპრობლემოდ ცხოვრობდა მის საკუთარ სახლში და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაირღვა მისი უფლება.
იმისათვის, რომ დავის დასრულებამდე არ მოხდეს სადავო უძრავი ქონების გასხვისება, განმცხადებელმა მოითხოვა, ყადაღა დაედოს ლ---- ლ--------- სახელზე რიცხულ სადავო უძრავ ქონებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით, თ------ პ-------------ს წარმომადგენლის, ზ------ ჯ---–--ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ლ---- ლ--------- სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარეს: ქ. ქუთაისი თამარ მ---------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №2-------------------
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ------ პ-------------ს წარმომადგენელმა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა (ს.ფ.39-44).
განმცხადებლის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ, ისე იქნა გამოტანილი, რომ სარჩელის არსებობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი თ------ პ-------------სათვის, რომელიც იმ პერიოდში იმყოფებოდა რუსეთში და ბუნებრივია, საჯარო შეტყობინების შესახებ არაფერი გაუგია.
სასამართლოს, სხვა კანონიერი გზით, თუნდაც სატელეფონო შეტყობინებით, რომ ეცნობებინა განმცხადებლისათვის მიმდინარე დავის შესახებ, იგი აუცილებლად გამოცხადდებოდა სასამართლოში.
შესაბამისად, გადაწყვეტილება ცნობილი უნდა იქნას ბათილად და განახლდეს საქმის წარმოება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, თ------ პ-------------ს განცხადება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული.
2017 წლის 17 აგვისტოს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ---- ლ--------- წარმომადგენელმა მ---- დ----------- და ამავე სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება, რაც შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად აღარ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა, თ------ პ-------------ს წარმომადგენლის, ზ------ ჯ---–--ს განცხადების საფუძველზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ლ---- ლ--------- სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარეს: ქ. ქუთაისი თ----- მ---------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №2-------------------
სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან, თ------ პ-------------ს განცხადება არ დაკმაყოფილდა, არ არსებობდა ამ განცხადების უზრუნველსაყოფად, ლ---- ლ--------- სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე ყადაღის არსებობის საფუძველი.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა თ------ პ-------------ს წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, თუკი მოხდება სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა, მხარეს ექნება საშუალება სახლი გაასხვისოს, მყიდველი კი გახდება კეთილსინდისიერი შემძენი.
გარდა ამისა, მხარეთა შორის დავა ისევ მიმდინარეობს, რაზედაც საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ განმცხადებელმა მოითხოვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების უზრუნველყოფა და მოწინააღმდეგე მხარის ქონებაზე ყადაღის დადება.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი, რომელიც თავისი შინაარსით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს ეხება.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება სარჩელის წარდგენამდე ან მისი წარდგენის შემდეგ იმ სასამართლოს მიერ, რომელიც განიხილავს ამ სარჩელს.
ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, თ------ პ-------------ს მიერ წარდგენილია განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე და არა სარჩელი, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებათა გამო, ასეთი სამართლებრივი საფუძვლით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზანშეუწონელია.
ამდენად, არ არსებობდა ასეთ მოთხოვნასთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი წანამძღვრები და პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინება, რომლითაც გაუქმდა არასწორად გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არსებითად სწორია.
გარდა ამისა, პალატა დამატებით განმარტავს, თუკი 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული იქნებოდა პროცესუალური ნორმების დაცვით, განცხადების განუხილველად დატოვება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, გამოიწვევდა ამ განცხადების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმებასაც.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, არ არსებობს თ------ პ-------------ს საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ლ---- ლ--------- სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე ყადაღის არსებობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ------ პ-------------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინება.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე