განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001995330
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1849-18 31 მაისი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – თამარ ალანია
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - თ----------–--–-ძე
წარმომადგენელი - ი-----–-----------ძე
მოწინააღმდეგე მხარე - მ---------------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ---------------–---–მა მიმართა თბილისის საქალაქო სამართლოს მოპასუხე თ----------–--–-ძის მიმართ და 2016 წლის 2------------- მომხდარი ავტოავარიის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის 3500 ლარის ოდენობით ანაზღაურება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე თ----------–--–-ძეს მ---------------–---–ის სასარგებლოდ 3500 ლარის, სახელმწიფო ბაჟის - 105 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის სანაცვლოდ - 210 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება თ----------–--–-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2016 წლის 2--------------------–--–-- ა. ბ------ის ქუჩაზე, ვ------------------ ძეგლის მიმდებარედ, ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით R-----, რომელსაც თ----------–--–-ძე მართავდა, მ---------------–---–ის კუთვნილ ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით N-----, შეეჯახა (ს.ფ. 16-17, მხარეთა ახსნა-განმარტება 2018 წლის 5 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).
6. 2016 წლის 2-------------, მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა და საჯარიმო ქვითარი Nა---------- გამოიწერა, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით, დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით R----- მძღოლი თ----------–--–-ძე (ს.ფ. 16, მხარეთა ახსნა-განმარტება 2018 წლის 5 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).
7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–------------–-------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ 2--- წელს დამზადებულ მსუბუქ ავტომობილ „----------------- სახელმწიფო ნომრით N-----, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 3 500 ლარს (ს.ფ. 19-30).
8. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტ მხარეს, მ---------------–---–ის მიმართ, მიყენებული ზარალის 3500 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. საქართველოს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დელიქტურ სამართალში მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს.
ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შესაბამისად, აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენებისას სასამართლოს კვლევის საგანს ნორმის შემადგენელი თითოეული ელემენტის დადგენა წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას ის ფაქტი, რომ 2016 წლის 2-------------, თბილისში ა. ბ------ის ქუჩაზე, ვ------------------ ძეგლის მიმდებარედ, ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აპელანტი მხარე მართავდა შეეჯახა მოსარჩელის მანქანას, რამაც მისი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება გამოიწვია. ამავე დღეს, კანონით დადგენილი წესით, შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც აპელანტი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი. შესაბამისად ცალსახაა, რომ არა აპელანტის გაუფრთხილებელი ქმედება არ მოხდებოდა ავარია და შესაბამისად, არც აპელანტის მანქანა დაზიანდებოდა, ამიტომ სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ზემოთჩამოთვლილი წინაპირობები (ბრალეულობის გარდა) განხორციელებულად უნდა იქნეს მიჩნეული, ამასთანავე, განსახილველი დავის კატეგორიის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს დამფუძნებელი ნორმის ერთ-ერთი ელემენტის - პირის ბრალეულობის დადგენას (იხ. განჩინების მე-10 პუნქტი).
9. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ან/და ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, განსახილველ შემთხვევაში თ----------–--–-ძე, სწორედ ვალდებულ პირს წარმოადგენს, რადგან საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იგი იმ მანქანის მფლობელი იყო, რომლითაც მოსარჩელის მანქანას ზიანი მიადგა, ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, აპელანტი სწორედ ის პირია, რომლემაც მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის გამო პასუხი უნდა აგოს.
უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია, შედეგად, ბრალის მიუხედავად, დგება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას.
10. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა მხარემ სადავოდ გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი. აღნიშნულ მოსაზრებას სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მისი დაუსაბუთებლობის გამო. მტკიცების ტვირთის ობიექტურად გადანაწილების პირობებში მოსარჩელე მხარეს ეკისრება ვალდებულება ამტკიცოს თუ რა სახისა და მოცულობის ზიანი განიცადა იმ ავტოსარტანსპორტო შემთხვევის შედეგად, როდესაც კანონით დადგენილი წესით, თ----------–--–-ძე სამართალდამრღვევად იქნა მიჩნეული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების სამტკიცებლად მოსარჩელემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა წარმოადგინა, რომლის თანახმად დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ მანქანას, 2--- წელს დამზადებულ „--------------, სახელმწიფო ნომრით N------, შასის ნომრით S-------------, ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მის ძარასა და ძარის გადაკრულობის წინა და უკანა ნაწილზე აღინიშნება ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებები, რთული და საშუალო დეფორმაციების სახით. კერძოდ დეფორმირებულია: საბარგულის კარი, უკანა განივი ძელი, ძარის უკანა ნაწილისა და მის ფრთასხმულობას შორის დარღვეულია ღიობების ზომები. დაზიანებულია ასევე: წინა ბამპერი, უკანა ბამპერი, საბარგულის მარჯვენა პლასტმასის მოპირკეთება, წინა ბამპერის აბსორბერი, მარჯვენა წინა მაშუქის სამაგრები, კონდინციონერის რადიატორი, მაყუჩი, უკანა მარცხენა მაშუქი, უკანა ბამპერის მარცხენა და მარჯვენა სამაგრი, წინა ბამპერის სამაგრები და ა.შ. ავტომობილზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოებისა და შესაცვლელი დეტალების რაოდენობისა და მათი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ავტომობილის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისთვის, მატერიალური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. აღნიშნულ ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საორიენტაციოდ 3500 ლარს შეადგენს. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ობიექტური დამკვირვებლის თვალით, ექსპერტიზის დასკვნით გაკეთებული დასკვნა რელევანტურია და შეესაბამება ექსპერტის მიერ გამოყენებულ მეთოდს, დასკვნაში მოყვანილი დაზიანებების მხედველობაში მიღებით, განსაზღვრული ზიანის საორიენტაციო ოდენობა არ არის გადაჭარბებული ან/და არაგონივრული.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, აპელანტმა მხარემ ეჭვქვეშ დააყენა წარდგენილი დასკვნის ვალიდურობა და განაცხადა, რომ ექსპერტიზის დაკვნით ვერ დასტურდებოდა აღწერილი დაზიანებების ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიყენება. სამოქალაქო პროცესში არსებული ზოგადი პრინციპის თანახმად, ყოველმა მხარემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომელზეც იგი თავის მოთხოვნას/შესაგებელს ამყარებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითად ინსტრუმენტად კვალიფიციური შესაგებლის წარდგენაა განმტკიცებული. თუ მოპასუხე სარჩელში მოყვანილ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას არ ეთანხმება, იგი ვალდებულია ამის მიზეზი მიუთითოს და შესაბამისი არგუმენტაციით დაასაბუთოს რადგან მტკიცებას ექვემდებარება, როგორც სარჩელის ასევე შესაგებლის საფუძვლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება დაურთოს. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები.
აპელანტი მხარე საკუთარი პოზიციის დაცვის დროს, ზეპირი განმარტებით შემოიფარგლა, მას სარჩელის უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის უარყოფის მიზნით არ მიუთითებია ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, როლითაც იგი საკუთარ პოზიციას ასაბუთებდა, გაქარწყლება მოპასუხის მტკიცების ტვირთია, რომელიც განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა დაძლეული, რადგან აპელანტს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დამტკიცდებოდა ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებებისა და მომხდარ ავტოსატრანსპორტო შემთხვევას შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობა.
11. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის მართებულად გადანაწილებით მხარეთათვის უზრუნველყოფილი იქნა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპზე (საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მესამე ნაწილი) დაყრდნობით საქმის გამოკვლევა და შესწავლა, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რაც აპელანტის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 160 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ----------–--–-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე თამარ ალანია