განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002043295
საქმე N3ბ/942-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
28 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე ) - ძ--–---- შ-------ე;
წარმომადგენელი - ნ-------–---;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად
ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს
2017 წლის 15 ივნისის N-------------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 ივლისის №-------------- გადაწყვეტილება.
1.3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ძ--–---- შ-------ის ოჯახის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელ ფართში განსახლების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ძ--–---- შ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 15 ივნისის N-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, ასევე ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 ივლისის №-------------- გადაწყვეტილება. დაევალა მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ძ--–---- შ-------ის ოჯახის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელ ფართში განსახლების თაობაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. მოსარჩელე ძ--–---- შ-------ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან სახელმწიფო ბაზაში და მინიჭებული აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. მოსარჩელის ოჯახი არის ორსულიანი, მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე მ------ თ------ე, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. 2007 წელს მეწყერმა დაუნგრია სახლი, ამჟამად ცხოვრობს თუნუქით შეკრულ 10 კვ.მ. ფართში. (ს.ფ 91-94; 96).
4.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 29.07.2016) დასტურდება, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, გ-–-----, გ-------–------- ტერიტორია (ნაკვეთი 36), საკადასტრო კოდი 7-----------, რეგისტრირებულია ძ--–---- შ-------ის საკუთრების უფლება. (ს.ფ 16-17).
4.3. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული ვიზუალურ საინჟინრო-გეოდინამიკური დასკვნის თანახმად, მოქალაქე ძ--–---- შ-------ის საცხოვრებელი სახლის (მდებარე, ქ. თბილისი, გ-------–------- დასახლება, 9-------–-- ქუჩა 1--–-) დაზიანების მიზეზი მეწყერული მოვლენებია. მიზანშეწონილია ძ--–---- შ-------ეს გამოეყოს სხვა, გეოლოგიურად მდგრადი მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. (ს.ფ 20-23).
4.4. 2017 წლის 03 მაისის 01-106072 განაცხადის თანახმად, ძ--–---- შ-------ის ოჯახს მინიჭებული აქვს 17,5 ქულა. საცხოვრებელ სახლს მინიჭებული აქვს დაზიანების პირველი კატეგორია. (ს.ფ 69).
4.5. ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, ს------- შ------ის ქუჩა N-, ბ--------, ფართი 46.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი 7------------------, ძ--–---- შ-------ემ 2016 წლის 23 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლება გადასცა ს-------- შ-------ეს. (ს.ფ 72-75)/
4.6. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 20 მაისის გადამოწმების ოქმის მიხედვით, ძ--–---- შ-------ის და მ------ თ------ის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, გ-------–-----ა, 9-------–-- ქუჩა. ოჯახის ძირითადი შემოსავალია პენსია და სოციალური შემწეობა. საცხოვრებელ სახლს მინიჭებული აქვს დაზიანების პირველი კატეგორია, საკარმიდამო ნაკვეთში არსებული ხის ნაგებობა ააშენეს 2016 წელს და ცხოვრობენ 2016 წლიდან. (ს.ფ 87-90).
4.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 15 ივნისის N-------------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიხედვით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ძ--–---- შ-------ის ოჯახი ამ ეტაპზე არ საჭიროებს განსახლებას. (ს.ფ 31).
4.8. მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა კომისიის 2017 წლის 15 ივნისის N-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და განმცხადებლის ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი აქტის გამოცემა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 ივლისის №-------------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. (ს.ფ 64; 91-94).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის №779 ბრძანებით დამტკიცებული ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესი’’ და განმარტა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზრალებულთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დაზარალებული ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, ის, რომ პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დაზარალებული ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან დააზუსტოს დაზარალებული ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებებით.
საქმის მასალებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოქალაქე ძ--–---- შ-------ის საცხოვრებელი სახლის (მდებარე, ქ. თბილისი, გ-------–------- დასახლება, 9-------–-- ქუჩა 1--–-) დაზიანების მიზეზი მეწყერული მოვლენებია. მიზანშეწონილია ძ--–---- შ-------ეს გამოეყოს სხვა, გეოლოგიურად მდგრადი მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. ასევე დადგენილია, რომ
2017 წლის 03 მაისის 01-106072 განაცხადის თანახმად, ძ--–---- შ-------ის ოჯახს მინიჭებული აქვს 17,5 ქულა. საცხოვრებელ სახლს მინიჭებული აქვს დაზიანების პირველი კატეგორია.
სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ 2016 წლის 23 სექტემბერს ძ--–---- შ-------ემ უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი 7------------------ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა შვილიშვილს, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ძ--–---- შ-------ის და მ------ თ------ის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, გ-------–-----ა, 9-------–-- ქუჩა. ოჯახის ძირითადი შემოსავალია პენსია და სოციალური შემწეობა. საცხოვრებელ სახლს მინიჭებული აქვს დაზიანების პირველი კატეგორია, საკარმიდამო ნაკვეთში არსებული ხის ნაგებობა ააშენეს 2016 წელს და ცხოვრობენ 2016 წლიდან. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ძ--–---- შ-------ე და მისი მეუღლე მ------ თ------ე, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ცხოვრობენ თუნუქით შეკრულ 10 კვ.მ. ფართში, სადაც არ არის საცხოვრებლად უსაფრთხო პირობები.
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ მოქალაქე ძ--–---- შ-------ის ოჯახს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დადგენილი განსახლების კრიტერიუმების საფუძველზე, 2017 წლის 3 მაისს, სამინისტროს მიერ (დაზიანების I კატეგორიის გათვალისწინები) მიენიჭა წინასწარი 17,5 ქულა. ჩატარებული მონიტორინგის პროცესში, სამინისტროსათვის ცნობილი გახდა, რომ ძ--–---- შ-------ის საკუთრებაში 2016 წლის 23 სექტემბრამდე ფიქსირდებოდა საცხოვრებელი ბინა მისამართზე ქალაქი თბილისი, რაიონი გ-–-----, ზ----ი, ქუჩა მ–--------ს N-, ბინა N-- (ახალი მისამართი: ქალაქი თბილისი, ს------- შ------ის ქუჩა N-, ბინა 3-), საკადასტრო კოდით: 7------------------, რომელიც მდებარეობს დაზარალებული მისამართიდან 10 კილომეტრში. აღნიშნული ბინა საჯარო რეესტრის მონაცემებისა და ძ--–---- შ-------ის განცხადების მიხედვით 2016 წლის 23 სექტემბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა, ძ--–---- შ-------ის შვილიშვილის ს-------- შ-------ის საკუთრებად.
აღნიშნული გარემოების გამოვლენის შემდეგ, მონიტორინგის ჯგუფი დაინტერესდა თუ რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ძ--–---- შ-------ე მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადმოვიდა დაზარალების მისამართზე მდებარე საცხოვრისში, რაზეც ძ--–---- შ-------ემ განაცხადა, რომ ქალაქ თბილისში, ს------- შ------ის ქუჩა N-, ბინა 3--ში მდებარე ბინაში ცხოვრება შეუძლებელი იყო, ვინაიდან აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა მისი ორი შვილი ოჯახებით, რაც ჯამში 7 სულს შეადგენს. გარდა ამისა, ძ--–---- შ-------ემ ზეპირად განაცხადა, რომ მისი შვილები და მათი ოჯახის წევრები არ არიან დასაქმებულები არ გააჩნიათ შემოსავლის წყარო. ოჯახი დამატებით გადამოწმდა ქ. თბილისი, ს------- შ------ის ქუჩა N-, ბინა N-- მისამართზე, რა დროსაც გაირკვა, რომ მითითებულ მისამართზე 7 პირის ნაცვლად რეალურად ცხოვრობს 3 წევრი, ძ--–---- შ-------ის ერთი შვილი კ------- შ-------ე მის ორ შვილთან ს-------- და ბ---- შ-------ეებთან ერთად, ხოლო მისი მეუღლე უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება საზღვარგარეთ (ისრაელში), ხოლო ძ--–---- შ-------ის მეორე შვილი კ---- შ-------ე 2000 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს გერმანიაში და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. რაც შეეხება კ--- შ-------ეს, ის დასაქმებულია და მუშაობს სადისტრიბუციო კომპანიაში.
აპელანტის განმარტებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ძ--–---- შ-------ეს მის მეუღლესთან ერთად აქვს შესაძლებლობა შეუზღუდავად იცხოვროს ქ. თბილისი, ს------- შ------ის ქუჩა N-, ბინა 3- მისამართზე. შესაბამისად, ოჯახი მოცემულ ეტაპზე არ საჭიროებს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას (ეკომიგრანტთა დეპარტამენტის 2017 წლის 15 ივნისის N-------------- წერილი).
სააპელაციო საჩივრის ავტორი აპელირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მულხის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი არის განცალკევებულ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის 11(2) პუნქტის თანახმად, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დაზარალებული ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრებს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.
რაც შეეხება საგამონაკლისო წესით დაზარალებული ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველოფას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ზემომითებული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს განსაკუთრებით მძიმე ფაქტობრივი მდგომარეობის მქონე (რისკების ზონაში მცხოვრები) დაზარალებულის განსახლება.
აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოსარჩელის მიერ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობა იმ მისამართზე, რასაც სამინისტრო უთითებდა.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
7.2. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (შემდგომში - „დაზარალებული“) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესი“.
მითითებული კანონქვემდებარე აქტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი (შემდგომში - „დაზარალებული“) არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ძ--–---- შ-------ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან სახელმწიფო ბაზაში და მინიჭებული აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. მოსარჩელის ოჯახი არის ორსულიანი, მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე მ------ თ------ე, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. 2007 წელს მეწყერმა დაუნგრია სახლი, ამჟამად ცხოვრობს თუნუქით შეკრულ 10 კვ.მ. ფართში.
7.3. პალატა ყურადღებას ამახვილებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონკრეტული დაზარალებულის განცხადებების განხილვაზე, მათთვის საცხოვრებელი სახლის შეთავაზებაზე, მათი განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთრებაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში - კომისია). მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საგულისხმოა ამავე მუხლის მე-11 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: დაზარალებულის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი მონაცემების მოთხოვნას დაზარალებულებისაგან; ასევე, მოპოვებული და დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, თითოეული დაზარალებულის მდგომარეობის (მისი ოჯახის მდგომარეობის) შეფასებას და წინასწარი ქულების მინიჭებას ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მეშვეობით. მე-15 პუნქტი ადგენს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) ეცნობება დაზარალებულს წერილობით, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პალატა დამატებით მიუთითებს, "სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებას, რომლის N- დანართით განისაზღვრა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა. აღნიშნული პროცედურის მე-11 მუხლის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის 142 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ ფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.
პალატა განმარტავს, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზრალებულთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დაზარალებული ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, ის, რომ პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დაზარალებული ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან დააზუსტოს დაზარალებული ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებებით.
განსახილველ შემთხვევაში ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 29.07.2016) დასტურდება, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, გ-–-----, გ-------–------- ტერიტორია (ნაკვეთი 36), საკადასტრო კოდი 7-----------, რეგისტრირებულია ძ--–---- შ-------ის საკუთრების უფლება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული ვიზუალურ საინჟინრო-გეოდინამიკური დასკვნით, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოქალაქე ძ--–---- შ-------ის საცხოვრებელი სახლის (მდებარე, ქ. თბილისი, გ-------–------- დასახლება, 9-------–-- ქუჩა 1--–-) დაზიანების მიზეზი მეწყერული მოვლენებია. მიზანშეწონილია ძ--–---- შ-------ეს გამოეყოს სხვა, გეოლოგიურად მდგრადი მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 03 მაისის 01-106072 განაცხადის თანახმად, ძ--–---- შ-------ის ოჯახს მინიჭებული აქვს 17,5 ქულა. საცხოვრებელ სახლს მინიჭებული აქვს დაზიანების პირველი კატეგორია.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ განმარტებას, რომ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე მოსარჩელე განსახილველ ეტაპზე არ საჭიროებს დაუყოვნებლივ განსახლებას და მათ ოჯახს გააჩნია თავშესაფარი.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგს განმარტებას: მხოლოდ ის გარემოება, რომ 2016 წლის 23 სექტემბერს ძ--–---- შ-------ემ უძრავ ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, ს------- შ------ის ქუჩა N-, ბინა N--, ფართი 46.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი 7------------------ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა შვილიშვილს, სადაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, ცხოვრობენ მოსარჩელის შვილი - კ------- შ-------ე, ასევე შვილიშვილები - ს-------- შ-------ე და ბ---- შ-------ე, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 20 მაისის გადამოწმების ოქმის მიხედვით, ძ--–---- შ-------ის და მ------ თ------ის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, გ-------–-----ა, 9-------–-- ქუჩა. ოჯახის ძირითადი შემოსავალია პენსია და სოციალური შემწეობა. საცხოვრებელ სახლს მინიჭებული აქვს დაზიანების პირველი კატეგორია, საკარმიდამო ნაკვეთში არსებული ხის ნაგებობა ააშენეს 2016 წელს და ცხოვრობენ 2016 წლიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ძ--–---- შ-------ე და მისი მეუღლე მ------ თ------ე, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ცხოვრობენ თუნუქით შეკრულ 10 კვ.მ. ფართში, სადაც არ არის საცხოვრებლად უსაფრთხო პირობები.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატა მიუთითებს ზემოაღნიშნულ ნორმაზე, რომლის თანახმადაც, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის 142 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ ფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. პალატის მოსაზრებით, სწორედ ზემოაღნიშნული ვითარებაა სახეზე ძ--–---- შ-------ის შემთხვევაში; კერძოდ, გაჩუქებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს მისი შვილი და 2 შვილიშვილი; რძალი, მართალია სამუშაოდ იმყოფება საზღვარგარეთ, თუმცა მის ძირითად საცხოვრებლად მაინც ეს მისამართი რჩება; ასევე, საზღვარგარეთიდან (გერმანიიდან) ხშირად ჩამოდის მისი მეორე შვილი ოჯახთან ერთად; დაბოლოს, ოჯახის წევრთა - მითითებულ მისამართზე მცხოვრებ პირთა ზემოაღნიშნულ რაოდენობას ემატება თავად ძ--–---- შ-------ე და მისი შრომისუნარშეზღუდული მეუღლე, რაც სააპელაციო პალატას არწმუნებს იმაში, რომ გაჩუქებული საცხოვრებელი სახლის მოცულობა მართლაც რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას და ამდენად, ძ--–---- შ-------ის საკითხი ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ და არა ბოლოს განხილვას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, გარდა სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებისა, უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმებით. პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოსცა ხსენებული სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფით. სამინისტროს მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მოცემულ ეტაპზე ოჯახი არ საჭიროებდა განსახლების აუცილებლობას.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო ვალდებულებაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ანალოგიური შინაარსის დებულებებია წარმოდგენილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლო მითითებული საპროცესო ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.
საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი არ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს. აღნიშნული, სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს, მხოლოდ ვარაუდი არ შეიძლება გახდეს მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 3-2-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -