განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002179638
საქმე №3ბ/1522-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
29 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს მთავარი პროკურატურა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ--- ა------ე;
მესამე პირი (ასკ-ის 16.1) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის კ--- ა------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 20 000 (ოციათასი) ლარის ოდენობით;
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
კ--- ა------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს მთავარ პროკურატურას კ--- ა------ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით. საქართველოს მთავარ პროკურატურას კ--- ა------ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 31 მაისის №----- ბრძანებით კ--- ა------ე დაინიშნა საბაჟო დეპარტამენტის ს---–------–-----------------------–---- ც--–-------------- თანამდებობაზე. (ს.ფ. 13-24).
4.2. 2013 წლის 23 სექტემბერს კ--- ა------ეს წარედგინა ბრალდება მასზედ, რომ სხვისთვის გამორჩენის მისაღებად ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მდგომარეობა, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ბრალდებულ კ--- ა------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო. გირაოს თანხად განისაზღვრა 5 000 ლარი (ს.ფ. 65-68).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინება და ბრალდებულ კ--- ა------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს თანხად განისაზღვრა 8 000 ლარი (ს.ფ. 87-93).
4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ივლისის განაჩენით (საქმე №1/6235-13) კ--- ა------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით კ--- ა------ის უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (ს.ფ. 13-24).
4.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენით (საქმე №1/ბ-957-16) უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ივლისის განაჩენი (ს.ფ. 25-32).
4.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით (საქმე №166აპ-17) დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენზე (ს.ფ. 33-36)
4.6. 2013 წლის 23 სექტემბერს კ--- ა------ესა (კლიენტი) და კ--- მ-------ეს (ადვოკატი) შორის დადებულია იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება №--, რომლითაც განისაზღვრა, კ--- ა------ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების გაწევა წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში. იურიდიული მომსახურების საფასური განისაზღვრა 800 ლარის ოდენობით (ს.ფ. 94-96).
4.7. დადგენილია, რომ 2013 წლის 23 სექტემბერს კ--- ა------ის მიერ სპს „კ--- მ-------ე და კ------------ის“ მიმართ გადახდილია 500 ლარი, ხოლო 2013 წლის 18 დეკემბერს - 300 ლარი. დანიშნულება - საადვოკატო მომსახურების საფასური (ს.ფ.121-122).
4.8. 2017 წლის 15 აგვისტოს კ--- ა------ესა (კლიენტი) და კ--- მ-------ეს (ადვოკატი) შორის დადებულია იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა, კ--- ა------ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების გაწევა წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში. იურიდიული მომსახურების საფასური განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით (ს.ფ. 97-99).
2017 წლის 15 აგვისტოს კ--- ა------ის მიერ სპს „კ--- მ-------ე და კ------------ის“ მიმართ გადახდილია 500 ლარი, დანიშნულება - საადვოკატო იურიდიული მომსახურება (ს.ფ. 100).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არის სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, მის მიმართ გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიება, რაც იწვევს პირის ღირსების შელახვას. აღნიშნული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა კი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიების მოქმედება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, მნიშვნელოვნად მიიჩნია სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე და სიმძიმე.
6. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ კ--- ა------ე პატიმრობაში არ ყოფილა, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო. მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 700 ლარი კი სამართლებრივი ნორმებისა და მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.
წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას კ--- ა------ის სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯის სახით 500 ლარი, როგორც ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებაზე, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება დადასტურებული და აუცილებლობით გაწეული ხარჯი, რომ აღნიშნული ხარჯის გაწევა დასტურდება წარდგენილი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებით, გადახდის ქვითრითა და სარჩელის სასამართლოში შემოტანისა და ხარჯების გაწევის თარიღების ურთიერთმიმართებით, რაც აპელანტის მოსაზრებით, არ შეესაბამება სინამდვილეს და არ დასტურდება წარდგენილი დოკუმენტაციით.
აპელანტი განმარტავს, რომ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. საპროცესო ხარჯი წარმოადგენს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯს. წარმომადგენლის განმარტებით, დოკუმენტაციით ჩანს, რომ კ--- ა------ემ თავდაპირველად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა 2017 წლის 30 ოქტომბერს, რაზეც 2017 წლის 01 ნოემბრის განჩინებით ეთქვა უარი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. 2017 წლის 20 ნოემბერს კ--- ა--------მ კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. გარდა ამისა, წარმოდგენილია 2017 წლის 15 აგვისტოს სამოქალაქო სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიმართ, სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, სალაროს შემოსავლის ორდერი და იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. წარმოდგენილი სამივე დოკუმენტი თარიღდება 2017 წლის 15 აგვისტოთი. შესაბამისად, ცხადია, რომ 2017 წლის 15 აგვისტოს გადახდილი საადვოკატო მომსახურების თანხა 500 ლარის ოდენობით, მიმართულია 2017 წლის 15 აგვისტოს წარდგენილ სამოქალაქო სარჩელზე (სამსახურში აღდგენის მოთხოვნით), და არა 2017 წლის 30 ოქტომბრის (სამოქალაქო წესით) და 2017 წლის 20 ნოემბრის (ადმინისტრაციული წესით) საქართველოს პროკურატურის მიმართ წარმოდგენილ სარჩელებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს განსახილველ საქმესთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯს და მისი საქართველოს პროკურატურისთვის დაკისრება აპელანტს უსაფუძვლოდ მიაჩნია.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
უპირველესად, პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გასაჩივრებულია კ--- ა------ის სასარგებლოდ მორალური ზაინის 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით ანაზღაურებისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად პალატა მსჯელობს მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13), 23.07.2013 წ.) იმ განმარტებაზე, რომ „დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.“
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება, თუმცაღა უშუალოდ სახელმწიფო მოსამსახურეზე პასუხისმგებლობის სოლიდარულად განაწილებისათვის, უნდა დადგინეს მისი ბრალეულობა - განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2013 წლის 23 სექტემბერს კ--- ა------ეს წარედგინა ბრალდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო. ამასთან, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ივლისის განაჩენით (საქმე №1/6235-13) კ--- ა------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულ პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არის სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან მხარის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, მის მიმართ გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიება, რაც იწვევს პირის ღირსების შელახვას. აღნიშნული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა კი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველია.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ განმარტებას: მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მხარის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ - ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. სისხლისსამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიების მოქმედება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. პალატა ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე და სიმძიმე. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა განისაზღვრა 700 (შვიდასი) ლარით.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს საპროცესო ხარჯის სახით ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული თანხის - 500 ლარით ანაზღაურების ნაწილში, პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, გადახდის ქვითარი, სარჩელის სასამართლოში, თავდაპირველად სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეტანისა და ხარჯის გაწევის თარიღები და მათი ურთიერთმიმართება ადასტურებს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, ადვოკატის მომსახურებისათვის 500 (ხუთასი) ლარის გადახდის ფაქტს, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ- სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -