განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001413868
საქმე N3ბ/3045-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
12 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ჯ--------- უ------- ე------------ი“;
წარმომადგენელი - მ-------------–--ლი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
მესამე პირები (ა.ს.კ.- ის 16. 2) - შპს „ჰ---- ლ----ი“;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 10 მარტის №---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. მესამე პირმა - შპს „ჰ---- ლ----ის“ დირექტორმა ც-–---- გ-----–--ემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
შპს „ჯ--------- უ------- ე------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. შპს ,,ჰ---- ლ----მა“ 2015 წლის 01 ივნისს განცხადებით მიმართა შპს „ჯ--------- უ------- ე------------ს“ კერძო საბავშო ბაღში სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებისა და აბონენტად აღრიცხვის მოთხოვნით.(ს.ფ. 106-106);
შპს ,,ჰ---- ლ----მა“, წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგების მიზნით ჩატარებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2015 წლის ივნისში დაამონტაჟა სასმელი წყლის მრიცხველი, რომელიც ჩაიბარა შპს „ჯ--------- უ------- ე------------ის“ წარმომადგენელმა და 2005 წლის 5 ივნისს შეადგინა დამღის დადების აქტი N0-----. (ს.ფ. 105).
ქ. თბილისში, ყ-------ს ქ. N38ა-ში მდებარე შპს „ჰ---- ლ----ი“ არის სასმელი წყლის მომხმარებელი და კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია სააბონენტო ნომრით 7--------. (ს.ფ. 64).
4.2. 2016 წლის 25 იანვარს, ყ-------ს ქ. N38ა-ში მდებარე შპს „ჰ---- ლ----ის“ ობიექტში შპს „ჯ--------- უ------- ე------------ის“ თანამშრომლების მიერ დაფიქსირდა სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი, კერძოდ, 16 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილით ხდებოდა სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარება. (ს.ფ. 63).
ზემოაღნიშნულ ფაქტზე, კომპანიის თანამშრომელმა 2016 წლის 25 იანვარს შეადგინა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი №0-----, რომლითაც შპს „ჰ---- ლ----ს“ აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით, წყლის არასანქცირებული მოხმარებისთვის დაერიცხა 473,95 ლარი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას №------- მასზედ, რომ შპს „ჰ---- ლ----ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. ოქმს თან ერთვის სამართალდარღვევის ფაქტის დადასტურების მიზნით შედგენილი ვიდეო მასალა.(ს.ფ. 103).
ვიდეო მასალის მიხედვით, ობიექტის წყალმომარაგება ხორციელდება კედელში განთავსებული ორი დამოუკიდებელი, ხილული წყლის მილით.
4.3. შპს „ჯ--------- უ------- ე------------ის“ უფლებამოსილმა პირმა განიხილა შპს „ჰ---- ლ----ის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მიიჩნია, რომ შპს „ჰ---- ლ----ის“ მხრიდან ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რაც გამოიხატა აღრიცხვის კვანძის გვერდის ავლით სასმელი წყლის მოხმარებაში. უფლებამოსილი პირის 2016 წლის 28 იანვრის №1--- დადგენილებით, შპს „ჰ---- ლ----ს“ დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. (ს.ფ. 60-61).
4.4. შპს „ჰ---- ლ----ის“ დირექტორმა ც-–---- გ-----–--ემ 2016 წლის 4 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს „ჯ--------- უ------- ე------------ის“ 25.01.2016წ. აღურიცხავი წყლის მოხმარების №0----- აქტით დარიცხული თანხისა და ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ 2016 წლის 28 იანვრის №1--- დადგენილების გაუქმება.
განმცხადებლის განმარტებით, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. თბილისში, ყ-------ს ქ. 38ა-ში გახსნილი აქვს კერძო საბავშვო ბაღი შპს „ჰ---- ლ----ი“. აღნიშნულ ობიექტზე, 2015 წლს ივნისში დამონტაჟდა სასმელი წყლის მრიცხველი, რომელიც შეამოწმა კომპანიის წარმომადგენელმა. ობიექტზე კიდევ ერთი მილის არსებობა, რითაც ხდებოდა სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარება, მისთვის უცნობია.
4.5. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილია შპს „ჯ--------- უ------- ე------------ის“ ვ--- - ს----------–--ს ბიზნეს - ცენტრის არასაყოფაცხოვრებო სექტორის აღმრიცხველის ლ---ნ მ------–---–ის 2016 წლის 27 იანვრის ახსნა - განმარტება, რომლითაც ირკვევა, რომ მან 2015 წლის მაისში ობიექტის თანამშრომლები რამოდენიმეჯერ გააფრთხილა ქსელის მოწერიგებისა და მრიცხველის დამონტაჟების აუცილებლობაზე. ამავე ახსნა-განმარტებაში იგი ადასტურებს 2015 წლის 5 ივნისს მის მიერ ობიექტის შიდა ქსელის შემოწმებისა და მოხმარებული სასმელი წყლის მრიცხველით აღრიცხვის ფაქტს. (ს.ფ.104).
4.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 10 მარტის №---- გადაწყვეტილებით, შპს „ჰ---- ლ----ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს „ჯ--------- უ------- ე------------ის“ 2016 წლის 28 იანვრის №1--- დადგენილება; შპს „ჯ--------- უ------- ე------------ის“ მიერ 2016 წლის 25 იანვრის აღურიცხავი წყლის მოხმარების №0----- აქტით 473.95 ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ; შპს „ჯ--------- უ------- ენდ ფაუერს“ დაევალა ცვლილების შეტანა მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე და უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება; შპს „ჯ--------- უ------- ე------------ს“ დაევალა დარიცხვა განახორციელოს კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. (ს.ფ. 16-21).
კომისიამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ობიექტზე ხორციელდებოდა სასმელი წყლის არა უკანონო, არამედ აღურიცხავი მოხმარება, რაც გამოწვეული იყო არა აბონენტის ბრალეულობით, არამედ კომპანიის დაუდევრობით, რაც არ ადასტურებდა შპს „ჰ---- ლ----ის“ ბრალეულობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევაში.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1 სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონზე და მიუთითა, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას-15000 ლარის ოდენობით. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას.
სასამართლომ განმარტა, რომ სასმელი წყლის უკანონო მომხმარებლისთვის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას წინ უნდა უსწრებდეს სასმელი წლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის კანონით დადგენილი წესით დადასტურება, ანუ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურება, რომლის არსებობაც დადგენილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით. სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „ჯ--------- უ------- ე------------მა“ გამოავლინა რა სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი, მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რაც გამოიხატა მის მიერ 25.01.2016წ. №0----- აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტისა და ას №------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაში, ასევე 2016 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით სამართალდამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში (სახდელის სახე: გაფრთხილება).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის საფუძველია სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ან წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტი. ასეთი ფაქტის დადასტურებისას უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება, რომელიც საჩივრდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. კომისია დადგენილების გაუქმების, ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, უფლებამოსილია იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-6 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა. შესაბამისად, იგი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები (მათ შორის სათანადო ფილტრი და უკუსარქველი), რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სასმელი წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან, თუ ტექნიკური რეგლამენტით და მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის სასმელი წყლის მრიცხველის დაყენებაზე). ამრიგად, აღრიცხვის კვანძის მოწყობასა და წყლის სისტემის აღრიცხვის კვანძში მოქცევაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიიჩნია, რომ კომპანიის წარმომადგენლებს სათანადოდ უნდა შეემოწმებინათ ობიექტის წყალმომარაგების სისტემა, რის შემდეგაც უნდა მიეთითებინა მომხმარებლისათვის სად უნდა განთავსებულიყო აღრიცხვის კვანძი, მონტაჟის შემდეგ კვლავ უნდა შეემოწმებინა ობიექტის წყალმომარაგება, რამდენად სრულად აღრიცხავდა დამონტაჟებული მრიცხველი ობიექტზე მოხმარებულ სასამელ წყალს და მხოლოდ ამის შემდგომ მიეღო აღრიცხვის კვანძი ექსპლუატაციაში. მესამე პირმა აღრიცხვის კვანძი მოაწყო კომპანიის მითითების შესაბამისად, ხოლო მოსარჩელეს სასამართლოში არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ შპს ,,ჰ---- ლ----მა“ აღრიცხვის კვანძი მოაწყო თვითნებურად ან კომპანიის წარმომადგენლებს არ მისცა საშუალება დაეთვალიერებინათ ობიექტის წყალმომარაგების ქსელი. ამასთან, მიმწოდებლის მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის მითითება ხილულ წყლის მილზე მრიცხველის მონტაჟთან დაკავშირებით.
6. . შპს „ჯ--------- უ------- ე------------ის“ სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
6.1. შპს „ჯ--------- უ------- ე------------ის“ საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოსდა არ დადასტურდა „ჰ---- ლ----ის" ბრალეულობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში. ასევე სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია, რომ შპს „ჰ---- ლ----ისთვის" არ იყო ცნობილი წყლის აღურიცხავად მოხმარების შესახებ. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესის მე-8 მუხლი, რომლის თანახმად, სასმელი წყლის მრიცხველის გვერდის ავლით მოხმარება წარმოადგენს წყლის უკანონო მოხმარებას,რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში და რასაც არასწორი შეფასება მისცა სასამართლომ.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლ--- გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
პალატა ყურადღებას ამახვილებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
პალატა აღნიშნავს, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა, ყველა სხვა მომხმარებელი.
დადგენილია, რომ განსახილველ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში სუბიექტს წარმოადგენს შპს „ჰ---- ლ----ი“, რომელიც არის სასმელ წყლის მომხმარებელი და იგი შპს „ჯ--------- უ------- ენდ ფაუერის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია სააბონენტო ნომრით 7--------. კომპანიამ შპს „ჰ---- ლ----ს“ დაარიცხა აღურიცხავად მოხმარებული წყლის საფასური 473.95 ლარი, ამასთანავე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. შპს „ჯ--------- უ------- ე------------ის“ პოზიციის თანახმად, ამ თანხის დარიცხვის საფუძველი გახდა ობიექტზე მრიცხველის გვერდის ავლით სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების ფაქტის დაფიქსირება, კერძოდ, 16 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილით სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარება.
პალატა განმარტავს, რომ წყლის უკანონო მოხმარების განმარტება მოცემულია „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება. მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სასმელი წყლის უკანონო მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას.
პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი კი ადგენს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
პალატა ასევე მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის 62-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 2283 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ სასმელი წყლის უკანონო მომხმარებლისთვის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას წინ უნდა უსწრებდეს სასმელი წლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის კანონით დადგენილი წესით დადასტურება, ანუ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურება, რომლის არსებობაც დადგენილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „ჯ--------- უ------- ე------------მა“ გამოავლინა რა სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი, მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რაც გამოიხატა მის მიერ 25.01.2016წ. №0----- აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტისა და ას №------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაში, ასევე 2016 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით სამართალდამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში (სახდელის სახე: გაფრთხილება).
დადგენილია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში შპს „ჰ---- ლ----მა“ სადავოდ გახადა როგორც სასმელი წყლის აღურიცხავად უკანონოდ მოხმარების ფაქტი, ასევე ამ პერიოდისათვის მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრება. მომხმარებელი მიუთითებდა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ვინაიდან ობიექტში სასმელი წყლის მრიცხველი დამონტაჟების შემდგომ, მისთვის უცნობი იყო კიდევ ერთი მილის არსებობა, რითაც სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების ფაქტი დაფიქსირდა.
საკითხის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ 2016 წლის 10 მარტის №---- გადაწყვეტილებით გააუქმა ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს „ჯ--------- უ------- ე------------ის“ 2016 წლის 28 იანვრის №1--- დადგენილება, ამასთან, შპს „ჯ--------- უ------- ე------------ის“ მიერ 2016 წლის 25 იანვრის აღურიცხავი წყლის მოხმარების №0----- აქტით 473.95 ლარის დარიცხვა მიიჩნია უსაფუძვლოდ; კომისიამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ობიექტზე ხორციელდებოდა სასმელი წყლის არა უკანონო, არამედ აღურიცხავი მოხმარება, რაც გამოწვეული იყო არა აბონენტის ბრალეულობით, არამედ კომპანიის დაუდევრობით, რაც არ ადასტურებდა შპს „ჰ---- ლ----ის“ ბრალეულობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევაში.
7.2. პალატა მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესებზე“, რომელიც არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან, აღრიცხვა-ანგარიშგებასა და შესაბამისი საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს (1.1 მუხლი).
ამავე წესის მე-4 მუხლი ადგენს, რომ ამ წესების შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის - სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ან წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტზე. დაუშვებელია ოქმის შედგენა, თუ ადგილი არ ჰქონია ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
ამავე წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელის დადება ოქმის საფუძველზე ხდება გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას საწარმოს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და საქმის განხილვის შემდეგ, ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება, რომლის ერთი ეგზემპლარიც გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.
წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
პალატა ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ამ წესის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის საფუძველია სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ან წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტი. ასეთი ფაქტის დადასტურებისას უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება, რომელიც საჩივრდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. კომისია დადგენილების გაუქმების, ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, უფლებამოსილია იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული წესის მე-11 მუხლის მე-12 პუნქტი საკითხის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილებას ანიჭებს იმსჯელოს და შეაფასოს პირისათვის დარიცხული თანხის საფუძვლიანობა. ამ მიზნით, არსებითია დადგინდეს აბონენტის მხრიდან ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარება. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი კი იმპერატიულად ადგენს, რომ მხოლოდ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომპანია - შპს „ჯ--------- უ------- ე------------ი“, უფლებამოსილია, რომ აბონენტს მოსთხოვოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ანაზღაურება.
7.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს ადმინისტარციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. მოცემული მუხლის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციულ ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
პალატა განმარტავს, რომ პიროვნების სამართალდამრღვევად ცნობისათვის და შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სახდელის დადებისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა, ხოლო შემდეგ მისი ბრალეულობა ამ ფაქტის დადგომაში, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებებით.
პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მხარეთა შორის სადავოდ არ არის გამხდარი, რომ შპს ,,ჰ---- ლ----ის“ წყალმომარაგება ხორციელდებოდა ორი დამოუკიდებელი, ხილული წყალმომარაგების მილიდან. აქედან, მრიცხველი დამონტაჟებული იყო ერთზე, ხოლო მეორე მილიდან ხდებოდა წყლის აღურიცხავად მოხმარება, ანუ ობიექტის მიერ მოხმარებული სასმელი წყალი აღირიცხებოდა არასრულად.
დადგენილია, რომ წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგების მიზნით ჩატარებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2015 წლის ივნისში შპს ,,ჰ---- ლ----მა“ ობიექტში დაამონტაჟა სასმელი წყლის მრიცხველი, რომელიც ჩაიბარა კომპანიის წარმომადგენელმა და 2005 წლის 5 ივნისს შეადგინა დამღის დადების აქტი N0-----. საქმეში წარმოდგენილი შპს „ჯ--------- უ------- ე------------ის“ ვ----ს----------–--ს ბიზნეს - ცენტრის არასაყოფაცხოვრებლო სექტორის აღმრიცხველის ლ---ნ მ------–---–ის ახსნა - განმარტებით ირკვევა, რომ მან 2015 წლის მაისში ობიექტის თანამშრომლები რამდენჯერმე გააფრთხილა ქსელის მოწერიგებისა და მრიცხველის დამონტაჟების აუცილებლობაზე. ამავე ახსნა-განმარტებაში იგი ადასტურებს 2015 წლის 5 ივნისს მის მიერ ობიექტის შიდა ქსელის შემოწმებისა და მოხმარებული სასმელი წყლის მრიცხველით აღრიცხვის ფაქტს.
პალატა მიუთითებს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-6 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა. შესაბამისად, იგი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები (მათ შორის სათანადო ფილტრი და უკუსარქველი), რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სასმელი წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან, თუ ტექნიკური რეგლამენტით და მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის სასმელი წყლის მრიცხველის დაყენებაზე). ამრიგად, აღრიცხვის კვანძის მოწყობასა და წყლის სისტემის აღრიცხვის კვანძში მოქცევაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ კომპანიის წარმომადგენლებს სათანადოდ უნდა შეემოწმებინათ ობიექტის წყალმომარაგების სისტემა, რის შემდეგაც უნდა მიეთითებინათ მომხმარებლისათვის სად უნდა განთავსებულიყო აღრიცხვის კვანძი, მონტაჟის შემდეგ კვლავ უნდა შეემოწმებინათ ობიექტის წყალმომარაგება, რამდენად სრულად აღრიცხავდა დამონტაჟებული მრიცხველი ობიექტზე მოხმარებულ სასამელ წყალს და მხოლოდ ამის შემდგომ მიეღოთ აღრიცხვის კვანძი ექსპლუატაციაში. მესამე პირმა აღრიცხვის კვანძი მოაწყო კომპანიის მითითების შესაბამისად, ხოლო მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ შპს ,,ჰ---- ლ----მა“ აღრიცხვის კვანძი მოაწყო თვითნებურად ან კომპანიის წარმომადგენლებს არ მისცა საშუალება დაეთვალიერებინათ ობიექტის წყალმომარაგების ქსელი. ამასთან, მიმწოდებლის მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის მითითება ხილულ წყლის მილზე მრიცხველის მონტაჟთან დაკავშირებით.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს საქმის განმხილველი სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ არ დადასტურდა შპს „ჰ---- ლ----ის“ ბრალეულობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში, შესაბამისად, მის მხრიდან ადგილი არ აქვს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ხოლო ამ ფაქტის დაუდასტურებლობა გამორიცხავს მისთვის აღურიცხავად მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვას.
7.4. პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ- სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლ---ს, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ--------- უ------- ე------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -