განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2018
საქმის ნომერი
080210118002341695
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210118002341695

საქმე №2/ბ-416

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

13 ივნისი 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე

სიმონ ჩხაიძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი(მოპასუხე):ა------ ა---–-------

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): სს ,,კ------- ბ----“

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 მარტისა და 2018 წლის 12 აპრილის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გამოარკვია:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,კ------- ბ----ს“ წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა ა------ ა---–------- და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების - 13827.2 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა (საიდანაც 11170.33 ლარი არის ძირითადი თანხა, 2029,32 ლარი - სესხზე დარიცხული პროცენტი, 468.73 ლარი სადაზღვევო შესატანი, 101.10 ლარი - 0.27% ჯარიმა ძირზე; 57,72 ლარი არის 0.5% ჯარიმა ძირზე).

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, მოპასუხისათვის შემდეგი ხარჯების გადახდის დაკისრება:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების სამსახურში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის;

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს საგარანტიო თანხის (2%) 278,54 ლარის;

3. სახელმწიფო ბაჟის - 426,18 ლარის;

4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის 50 ლარის;

5. ყადაღის რეგისტრაციის საფასურის 100 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს ა------ ა---–-------ს (პ/ნ 6----------) ფულად სახსრებზე, საქართველოში აკრედიტებულ ყველა ბანკში არსებულ პირად ანგარიშებზე სასარჩელო მოთხოვნის 13 827,2 ლარის ფარგლებში, საარსებო მინიმუმის 150 ლარის გათვალისწინებით (გამოკლებით).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 მარტის განჩინებით, სს ,,კ------- ბ----“-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ა------ი ა---–-------ს (პ/ნ 6----------) ფულად სახსრებზე, საქართველოში აკრედიტებულ ყველა ბანკში არსებულ პირად ანგარიშებზე სასარჩელო მოთხოვნის 13827,2 ლარის ფარგლებში საარსებო მინიმუმის 150 ლარის გათვალისწინებით (გამოკლებით).

სასამართლომ მიუთითა რომ სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით, განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას თანაბარწილად უნდა იქნეს დაცული, როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის ინტერესებიც და ამ უკანასკნელისათვის რაიმე სახის უფლების შეზღუდვა, თუნდაც სასამართლოში დავის არსებობის დროს, შესაბამისი დასაბუთების, საკმარისი საფუძვლისა და აუცილებლობის გარეშე-დაუშვებელია.

სასამართლო ვალდებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას არ გასცდეს მხარეთა ორმხრივი ინტერესების დაცვის მოთხოვნას და გაუმართლებელი ზიანი არ მიაყენოს მოპასუხის ინტერესს.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის ფასი შეადგენს 13827.2 ლარს, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოყენებული უნდა იქნეს უზრუნველყოფის ღონისძიება და მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

2018 წლის 26 მარტს, ა------ ა---–-------- საჩივრით მიმართა სასამართლოს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 მარტის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, ანგარიშებზე ყადაღის დადება შეიძლება გამოყენებული იქნეს უკიდურეს შემთხვევაში. იგი დასაქმებულია, მისი საარსებო წყაროა მხოლოდ ხელფასი, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, ამასთან აქვს საბანკო ვალდებულებები. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, რჩება ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე, ასევე ვეღარ შეძლებს ბანკების მიმართ ვალდებულებების შესრულებას.

ამ გარემოებებზე მითითებით, ა. ა---–-------- მოითხოვა, გაუქმდეს ყადაღა მის პირად ანგარიშებზე და ძირითადი პასუხისმგებლობა, მოძრავი თუ უძრავი ქონების დაყადაღების ჩათვლით, დაეკისროს სათანადო მოპასუხე-პ----- ვ-----------, რომელიც მზად არის აიღოს აღნიშნული ვალდებულება.

ქუთაისის საქალქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით, ა------ ა---–-------ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს ,,კ------- ბ----“-ს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ა------ი ა---–-------ს (პ/ნ 6----------) ფულად სახსრებზე, საქართველოში აკრედიტებულ ყველა ბანკში არსებულ პირად ანგარიშებზე სასარჩელო მოთხოვნის 13 827,2 ლარის ფარგლებში, მხოლოდ ჩარიცხული თანხის 50%-ის ფარგლებში, ასევე, გარდა სახელმწიფოს მიერ გასაცემი სოციალური დახმარების თანხებისა.

სასამართლომ მიუთითა, რომ ვალდებულია დაიცვას ბალანსი კრედიტორის კანონიერ მოთხოვნასა და მოვალის კანონიერ ინტერესს შორის, არ შეზღუდოს იმაზე მატად, ვიდრე ეს კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაა აუცილებელი.

განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შვილების დაბადების მოწმობები, სს „----- კ--------–-----“ აღებული სესხის ხელშეკრულება, შესაბამისად, არ იკვეთება საშიშროება, რომ სასარჩელო მოთხოვნის თავიდან დაღწევის მიზნით მოპასუხე განახორციელებს ისეთი ქმედებას, რაც შესაძლებლობას მისცემს, თავი აარიდოს სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანად ჩითვალა და დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სასამართლომ საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა სააპელაციო სასამართლოში.

2018 წლის 23 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა ა------ ა---–-------- და 2018 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმება და საჩივრის სრულად დაკმაყოფილება მითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით ის არ უარყოფს, რომ 2016 წლის 17 ნოემბრით დათარიღებული თავდებობის ხელშეკრულებით დაადასტურა თანხმობა 2016 წლის 18 ნოემბერს, მოსარჩელესა და პ----- ვ----------- შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაზე, თუმცა მოსარჩელესთან არ შეთანხმებულა თავდებობის ფარგლებზე და პირობებზე, ასევე სამოქალაქო კოდექსის 892.1-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭირო ხელშეკრულების ფორმა დაცული არ ყოფილა.

მოსარჩელეს, მოთხოვნით სასამართლომ დაუყადაღა მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო ხელფასი, თუმცა წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომ სკ-ის 894-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ეცადა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ძირითადი მოვალისგან.

მას ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე უმუშევარია, ერთადერთი მარჩენალი არის თავად და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის არსებობამ შეუქმნა დამღუპველი ფინანსური პრობლემა ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

გარდა ამისა, 2010 წელს გადატანილი მაქვს უმძიმესი ფორმით გულის ინფაქტი და დღეის მდგომარეობით ფაქტიურად არსებობს იმ ძვირადღირებული მედიკამენტების წყალობით, რომელსაც ღებულობს ყოველდღიურად.

გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებისას სასამართლომ იმსჯელა ზოგადად, ზედაპირულად, ძალიან დიდ საბანკო ვალდებულებებზე და ობიექტური აქცენტები არ გაუკეთებია იმ რეალურ, დასაბუთებულ ფაქტებზე, როგორიც არის, მის მიერ აღებული სესხები, კერძოდ: ,,ვ------ ბ---- ჯ------------’’ – 21 550 ლარი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - ,,კ--------–-----’’ – 7000 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, არა ნაწილობრივ, არამედ სრულად დაკმაყოფილდეს საჩივარი და მოეხსნას ყადაღა საქართველოში აკრედიტირებულ ყველა ბანკში არსებულ მის პირად ანგარიშებს და ძირითადი პასუხისმგებლობა მოძრავი, თუ უძრავი ქონების დაყადაღებით, დაეკისროს სათანადო მოპასუხე - (ძირითადი მოვალე) პ----- ვ----------- (პ/ნ 6----------), რომელიც მზადაა აიღოს აღნიშნული ვალდებულება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განჩინებით ა------ ა---–-------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაცო სასამართლოს.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ა------ ა---–-------ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 მარტისა და 12 აპრილის განჩინებების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას.

შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

ამდენად, საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 მარტისა და 12 აპრილის განჩინებებით, სს ,,კ------- ბ----“-ს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ა------ი ა---–-------ს (პ/ნ 6----------) ფულად სახსრებზე, საქართველოში აკრედიტებულ ყველა ბანკში არსებულ პირად ანგარიშებზე სასარჩელო მოთხოვნის 13827,2 ლარის ფარგლებში, მხოლოდ ჩარიცხული თანხის 50%-ის ფარგლებში, ასევე გარდა სახელმწიფოს მიერ გასაცემი სოციალური დახმარების თანხებისა.

როგორც საჩივრის შინაარსებით ირკვევა, მოპასუხემ სადავო განჩინებები გაასაჩივრა იმ საფუძვლით, რომ მისი საარსებო წყაროა, მხოლოდ ხელფასი, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, ამასთან გააჩნია სხვა საბანკო ვალდებულებები და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, რჩება ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე, ასევე ვეღარ შეძლებს ბანკების მიმართ ვალდებულებების შესრულებას.

გარდა ამისა, საბანკო კრედიტიდან გამომდინარე ძირითადი პასუხისმგებლობა მოძრავი, თუ უძრავი ქონების დაყადაღებით, უნდა დაეკისროს ძირითად მოვალეს- პ----- ვ----------- (პ/ნ 6----------), რომელიც მზადაა აიღოს აღნიშნული ვალდებულება და არა მას, სოლიდარულ თავდებს.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ დავის საგანია მოპასუხისათვის (ა.ა---–-------), როგორც სოლიდარული თავდები პირისათვის 13827.2 ლარის გადახდის დაკისრება.

ამდენად, განმცხადებლის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლებით წარდგენილი სარჩელის განხილვისას, ამ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივაც.

შესაბამისად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა.

თუკი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან მის აღსრულებამდე მოპასუხეს არ აღმოაჩნდება გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ღირებულების, ოდენობის ქონება, ან ფულადი თანხა, შესაძლოა გართულდეს, ან შეუძლებელი გახდეს სს ,,კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ მის აღსრულებას.

ამდენად, პალატას ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში ა------ ა---–-------ს ანგარიშებზე ყადაღის დადების სახით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა, რაც დასაბუთებულს ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და გამორიცხავს ა. ა---–-------ს საჩიარებში დაფიქსირებული მოტივების გაზიარების შესაძლებლობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 მარტისა და 2018 წლის 12 აპრილის განჩინებები, რომლითაც ყადაღა დაედოს ა------ი ა---–-------ს (პ/ნ 6----------) ფულად სახსრებზე, საქართველოში აკრედიტებულ ყველა ბანკში არსებულ პირად ანგარიშებზე სასარჩელო მოთხოვნის 13827,2 ლარის ფარგლებში მხოლოდ ჩარიცხული თანხის 50%-ის ფარგლებში, ასევე გარდა სახელმწიფოს მიერ გასაცემი სოციალური დახმარების თანხებისა დასაბუთებულია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებისა და ა. ა---–-------ს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა------ ა---–-------ს საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2018 წლის 09 მარტისა და 2018 წლის 12 აპრილის განჩინებები.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე