განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001895197
საქმე №3ბ/1870-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
05 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები: ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო;
წარმომადგენელი - ი----------------–---–ი;
აპელანტი (მესამე პირი 16.2) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - ნ---------------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ------ა ო-----–--ლი;
წარმომადგენელი - გ--------–----–--ლი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის №6------------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც განხორციელდება №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებით კორექტირება მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მესამე პირმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
4.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზ------ა ო-----–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის №6------------- გადაწყვეტილება. დაევალა მოპასუხეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც განხორციელდება №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებით კორექტირება (არაუმეტეს 250 კვ.მეტრი) მოსარჩელე ზ------ა ო-----–--ლის მიერ წარდგენილი განცხადების შესაბამისად. მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მოსარჩელე ზ------ა ო-----–--ლის სასარგებლოდ დაეკისრა 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მოსარჩელე ზ------ა ო-----–--ლის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 100 (ასი) ლარის ოდენობით.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 14 დეკემბრის N2--------- გადაწყვეტილებით, ზ------ა ი-------ე ო-----–--ლის ოჯახს ხუთ სულზე ნება დაერთო დ------------ში, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ზონაში №52 მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ბინის აშენებაზე. (ს.ფ. 13-24)
5.2. ქ.თბილისის მთავარი არქიტექტორის 1989 წლის 11 დეკემბრის №--- ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, დ------------ში, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ზონაში გამოყოფილ მიწის ნაკვეთი №52-ზე მოქალაქე ზ------ა ი-------ე ო-----–--ლისათვის ერთბინიანი, ხუთოთახიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად არქიტექტურული პროექტი. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 1990 წლის 31 დეკემბერს გაიცა მშენებლობის ნებართვა №---. (ს.ფ. 34-36)
5.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ზ------ა ო-----–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის №Q-------- გადაწყვეტილება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა განმცხადებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ქ. თბილისში, დ------------მი, ნაკვეთი №0-----, საკადასტრო კოდით: №0--------------- კონფიგურაციის ცვლილებას. (ს.ფ. 13-24)
5.4. 2016 წლის 23 ივნისს ზ------ა ო-----–--ლმა №8----------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, დ------------მი, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ზონა, ნაკვეთი 52. საქართველოს იუსტიციის სამინისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა (250 ლარი), რათა მარეგისტრირებელ ორგანოს მიემართა სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოსთვის ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით (ს.ფ. 25-26; 36)
5.5 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 08 აგვისტოს №1----- წერილით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ ზ------ა ო-----–--ლის მიერ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნებს. (ს.ფ. 27)
5.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება -კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის 2016 წლის 28 სექტემბრის №-- სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა ზ------ა ო-----–--ლის განცხადებაში დასმული საკითხი - თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების თაობაზე და მიზანშეწონილად მიიჩნია რეკომენდაციით მიემართა საქართველოს მთავრობისთვის, რათა განეხილა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი, ფართობის შემცირებით. (ს.ფ 93-97)
5.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ საკითხის შესწავლა დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს, რომლის 2017 წლის 29 მარტის №1---------- წერილის თანახმად, ვინაიდან თბილისის ორჯონიკიძის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 14 დეკემბრის №2--------- გადაწყვეტილება - მოქალაქე ზ------ა ო-----–--ლის ოჯახისთვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიზნით 250 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, ერთმნიშვნელოვნად ითვალისწინებდა მშენებლობის დაწყებამდე მასზე რიცხული ოროთახიანი ბინის წინასწარ ჩაბარებას, რაც ზ------ა ო-----–--ლის მხრიდან არ შესრულებულა, ზ------ა ო-----–--ლის ქმედებით - ერთის მხრივ ოჯახის საკუთრებად ოროთახიანი ბინის დატოვებით და ამავდროულად ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის 250 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის მოთხოვნით, დარღვეულ იქნა კომიტეტის 1988 წლის 14 დეკემბრის №2--------- გადაწყვეტილების ძირითადი პირობა, რის გამოც სამსახურმა მიიჩნია, რომ საფუძველს მოკლებული იყო მოქალაქე ზ------ა ო-----–--ლის მოთხოვნა 250 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით. (ს.ფ. 64-66)
5.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 29 მარტის №1---------- წერილის საფუძველზე, 2017 წლის 30 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მიღებული იქნა №6------------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებით კორექტირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. (ს.ფ. 32-33)
5.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 აპრილის №8----------- -21 გადაწყვეტილებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას. (ს.ფ. 34)
6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
6.1. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ დაუსაბუთებელია რატომ დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ საკითხის შესწავლა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს, ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ რატომ იქნა უპირობოდ გაზიარებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის პოზიცია, რომლითაც სამსახურმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების შემცირებით კორექტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 08 აგვისტოს №1----- წერილი, რომლითაც მარეგისტრირებელმა ორგანომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აცნობა, რომ ზ------ა ო-----–--ლის მიერ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნებს, ხოლო თავის მხრივ კი ზ------ა ო-----–--ლის სახელზე გაცემული უფლებადამდგენი დოკუმენტი სადავოდ არ გამხდარა და რომ აღნიშნული დოკუმენტი დღეის მდგომარეობით ძალაშია.
სასამართლომ დამატებით მიუთითა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესსზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე დროს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლებას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები.
სასამართლომ ყურადღება გაამავილა საქმეში მტკიცებულების სახით წარდგენილ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 13 თებერვლის №Q-------- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა მოქალაქე დ----- ო-----–--ლის მოთხოვნა №0--------------- საკადასტრო ერთეულის საზღვრების ცვლილების თაობაზე და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №Q-------- გადაწყვეტილება წარედგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს №0--------------- საკადასტრო ერთეულის საზღვრების ცვლილების თაობაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებით კორექტირების თაობაზე ზ------ა ო-----–--ლის განცხადების განხილვისას საქმის გარემოებები იდენტური იყო, ისევე როგორც დასახელებულ პირთან (დ----- ო-----–--ლი) მიმართებაში, თუმცა აღნიშნული პირის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ საკითხი დადებითად გადაწყდა და დ----- ო-----–--ლის მოთხოვნა №0--------------- საკადასტრო ერთეულის საზღვრების ცვლილების თაობაზე დაკმაყოფილდა, სახეზეა გარემოება, როდესაც საქმის გარემოებების იდენტურობის შემთხვევაში სხვადასხვა პირთა მიმართ მიღებული იქნა განსხვავებული გადაწყვეტილებები, დარღვეული იქნა თანასწორობის პრინციპი, ისე რომ ადმინისტრაციული ორგანოის მიერ არ არის დასაბუთებული რით იყო გამოწვეული დასახელებულ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა, აღნიშნულმა კი საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ ზ------ა ო-----–--ლთან მიმართებაში დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 4.3 მუხლის იმპერატიული დანაწესი.
7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილება.
7.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების მეორე პუნქტით არამხოლოდ ბათილად გამოცხადდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის N6------------- წერილი, არამედ გადაწყვეტილების მესამე პუნქტის თანახმად სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც განხორციელდება N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებით კორექტირება (არაუმეტეს 250 კვ.მ) ზ------ა ო-----–--ლის მიერ წარდგენილი განცხადების შესაბამისად.
აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ხოლო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა ისეთი გადაწყვეტილების მიღება და ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც სცდება მისი კომპეტენციის ფარგლებს და კანონმდებლობით ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ გააჩნია.
7.2 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე, სადაც სასამართლო მიუთითებს, რომ გაუგებარია, თუ რატომ დაევალა ზემოხსენებული საკითხის შესწავალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს და რატომ იქნა გაზიარებული აღნიშნული სამსახურის პოზიცია, რომლითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო საზღვრების კორექტირება.
აპელანტი მიუთითებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N14-25 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მერიის სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი. ამავე დებულების მესამე მუხლის პურველი პუნქტის თანახმად, „სამსახურის უფლებამოილება ვრცელდება მერიის მთელ სისტემაზე, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის სამეწარმეო იურიდიულ პირებზე. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს მერიის სისტემისა და თბილისის მუნიციპალიტეტის სამეწარმეო იურიდიულ პირებში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო“. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა განსახილველი საკითხის კვლევა, ვინაიდან წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული მიეკუთვნება მერიის საქმიანობის სფეროს.
აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც მითითებულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის უგულველყოფა, რადგანაც იდენტურ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ დააკმაყოფილა დ----- ო-----–--–ის მოთხოვნა და ფართის შემცირებით დააკორექტირა N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ სახეზე არ არის იდენტური შემთხვევები. დ----- და ზ------ა ო-----–--ლების შემთხვევები იდენტური რომ ყოფილიყო, აღნიშნულის თაობაზე მითითებული იქნებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტუილებაში, რომლის აღსრულების მიზნითაც გამოიცა სადავოდ გამხდარი აქტი.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება - კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის დებულებაზე“ და განმარტავს, რომ დებულებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ აღნიშნულ დავაში მოპასუხე მხარე ასევე უნდა ყოფილიყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რადგან სწორედ ქ. თბილისის მთავრობის განკარგულება წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება - კორექტირების რეგისტრაციის პროცედურების გატარების საფუძველს.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ძირითადი არსი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის არასწორ გამოყენებას, ანუ არასწორ სამართლებრივ შეფასებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
დავის ძირითადი საგანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის №6------------- გადაწყვეტილება, რომლითაც №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებით კორექტირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.
პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ (ძალადაკარგულია 22.02.2018) "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №---73 დადგენილებაზე, რომლის მეორე მუხლის მეორე პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუქნციაა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (როგორც ფართობის შემცირებით, ასევე ფართობის უცვლელად), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი: ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი. ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.
აღნიშნული დადგენილების მე-7 მუხლით დადგენილია სააგენტოს სამსახურის უფლება - მოვალეობები. კერძოდ, უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვა–რეგისტრაცია, გამიჯვნა-გაერთიანება, კანონმდებლობით დადგენილი წესით სერვიტუტის დადგენა, უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება–კორექტირება (ფართობის უცვლელად), ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით);
პალატა ასევე მიუთითებს დღეის მდგომარეობით მოქმედ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაზე, რომლის მეორე მუხლის მეორე პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ასევე გაწერილია სააგენტოს ფუნქციები. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი.
ზემოაღნიშნული დადგენილების მე-10 მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დარეგულირებულია ქონების მართვის სამსახურის უფლება - მოვალეობები. კერძოდ, ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილების უფლებამოსილებას განეკუთვნება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება ან უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება ფართობის შემცირებით.
ამდენად, უძრავი ქონების საზღვრის ცვლილება-კორექტირების მოთხოვნით სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროცედურა შემდეგია: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება - კორექტირების საკითხების განმხილველი კომისია სწავლობს საკითხს და რეკომენდაციისათვის სავალდებულოდ მიმართავს ქ. თბილისის მთავრობას; მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე კომისია არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება კორექტირების თაობაზე; თავის მხრივ, მთავრობას უფლება აქვს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხის შესწავლა დაავალოს თავის რომელიმე სტრუქტურულ ერთეულს და მის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუგზავნოს სააგენტოს და სააგენტო მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე წყვეტს საკითხს.
პალატის მოსაზრებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტა დაეფუძნა საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის არასწორ განმარტებას, მის გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციისა და გადაწყვეტის ზემოაღნიშნული პროცედურის არასწორ გაგებას, მიზანშეწონილად მიიჩნევს ქრონოლოგიურად მიუთითებს საქმის ფატქობრივ გარემოებებზე. კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მარტის (საქმე №3/5----15) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ------ა ო-----–--ლის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის N1------ გადაწყვეტილება და სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა განმცხადებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა - ქ. თბილისში, დ------------ში №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებით კორექტირებას.
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება - კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 10 ივნისის №23.21.705 განკარულებით სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში შეიქმნა - კომისია, რომელიც აღნიშნული განკარგულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის თანახმად, კომპეტენციის ფარგლებში იხილავს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება - კორექტირების შესახებ (როგორც ფართობის შემცირებით, ასევე ფართობის უცვლელად) დაინტერესებული პირის/პირთა განცხადებებს, შესაბამისი/სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №3/5----15) საფუძველზე, საკითხი 2016 წლის 28 სექტემბერს განხილულ იქნა აღნიშნული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის მიერ და 2016 წლის 28 სექტემბრის სხდომის №-- ოქმით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული რეკომენდაციით მიემართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებით კორექტირების საკითხის განხილვის მიზნით. აღნიშნული გამომდინარეობს კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტიდან, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზრვრების ფართობის შემცირებით ცვლილება - კორექტირების შესახებ "კომისიის" მიერ დადებითი რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში საკითხი წარედგინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას სხდომაზე განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
დადგენილია, რომ სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, რომელმაც მისი შესწავლა დაავალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს. აღნიშნული სამსახურის მოსაზრებით, დაინტერესებაში არსებული 250 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძვლად განმცხადებლის მიერ მითითებულია თბილისის ორჯონიკიძის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 14 დეკემბრის N2--------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოქალაქე ზ------ა ო-----–--ლს დაერთო ნება აეშენებინა N52 ინდივიდუალური ბინა ხუთ სულზე (თვითონ, მეუღლე და სამი შვილი) იმ პირობით, რომ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყებამდე, წინასწარ უზრუნველყოფდა მის სახელზე რიცხული ოროთახიანი ბინის (ქ. თბილისში, ნ--–-----ის მე-4 მ/რ, 21-ე კორპუსში მდებარე ბინა N99) ჩაბარებას. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1989 წლის 11 დეკემბრის N825 ბრძანებით შეთანხმდა სამშენებლო პროექტი 250 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ნ--–-----ის მე-4 მ/რ, 21-ე კორპუსში მდებარე ბინა N99, რომელშიც იმ დროისთვის ჩაწერილი იყო მოქალაქე ზ------ა ო-----–--ლი და რომლის დაბრუნებაც უნდა განხორციელებულიყო მშენებლობის დაწყებამდე, 1992 წლის 22 აპრილის პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაეცა მის მეუღლეს, ნ-----–-ა ჩ-----–--ეს, რომლის საკუთრებაშიც დღემდე რჩება აღნიშნული უძრავი ქონება.
თბილისის ორჯონიკიძის სახალხო დეპუტატთა რაიონულ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის N2--------- გადაწყვეტილება, ზ------ა ო-----–--ლის ოჯახისთვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიზნით 250 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ ერთმნიშვნელოვნად ითვალისწინებდა მშენებლობის დაწყებამდე მასზე რიცხული ოროთახიანი ბინის წინასწარ ჩაბარებას.
ადმინისტრაციულმა ორგანომ ერთის მხრივ ოჯახის საკუთრებად ოროთახიანი ბინის დატოვებით და ამავდროულად, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის 250 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოთხოვნით განმცხადებლის მიერ დარღვეულად მიიჩნია თბილისის ორჯონიკიძის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 14 დეკემბრის 2--------- გადაწყვეტილების ძირითადი პირობა, რის გამოც ზ------ა ო-----–--ლის მოთხოვნა 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებით კორექტირების თაობაზე შემდგომში 250 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით, მიიჩნია საფუძველს მოკლებულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 29 მარტის №1---------- გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების შემცირებით კორექტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად მხარის მიერ სადავოდ ქცეულ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის №6------------- წერილს. (ს.ფ 32-33).
ამდენად, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა, ნაცვლად იმისა, რომ თავისი დასკვნა გადაეგზავნა მთავრობისათვის, ანუ იმ ორგანოსათვის, რომელმაც დაავალა მას საკითხის შესწავლა და მომზადება, რადგან მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შემცირება-კორექტირების თაობაზე, დასკვნა გადაუგზავნა პირდაპირ სააგენტოს. ამდენად, სააგანტომ გადაწყვეტილება (სადავო აქტი) მიიღო მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, რომელიც სავალდებულო იყო მისთვის, თანახმად სადავო პერიოდში მოქმედი "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №---73 დადგენილებისა, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციაა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით); იგივე ჩანაწერი არსებობს ამავე დადგფენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტშიც.
განსახილველ შემთხვევაში პალატა ეთანხმება და იზიარებს აპელანტის - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს იმ მოსაზრებას, რომ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა ისეთი გადაწყვეტილების მიღება და ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც სცდება მისი კომპეტენციის ფარგლებს და კანონმდებლობით ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ გააჩნია.
რაც შეეხება აპელანტის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის იმ განმარტებას, რომ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება - კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის დებულების“ თანახმად, დავაში მოპასუხე მხარედ ასევე უნდა ყოფილიყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რადგან სწორედ ქ. თბილისის მთავრობის განკარგულება წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება - კორექტირების რეგისტრაციის პროცედურების გატარების საფუძველს, პალატა განმარტავს, რომ მართალია სწორედ მთავრობა წარმოადგენს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ორგანოს და სააგენტო უნდა დაეყრდნოს სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს არ მოუპოვებია ამგვარი გადაწყვეტილება, მან თავისი აქტი დააყრდნო არა ამ გადაწყვეტილებას, არამედ ქ. თბილისის მერიის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მერიის სტრუქტურული ერთეულია, ვერ შეითავსებს მის ფუნქციებს და მისი დასკვნა ვერ შეცვლის თბილისის მთავრობის აქტს.
ზემოაღნიშნულის კვალობაზე, პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. ვინადან დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საკითხი სრულყოფილად, არ მოუპოვებია თბილისის მთავრობის გადაწყვეტილება, რასაც შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული წარმოების შედეგზე, სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე საკითხის გამოსაკვლევად დაბრუნებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის.
ამავე ნორმის ბოლო წინადადების თანახმად, სასამართლო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტს, თუ მისი ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 30 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მიღებული №6------------- გადაწყვეტილებით №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებით კორექტირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული, აღნიშნული კი ნამდვილად წარმოადგენს ზ------ა ო-----–--ლის კანონიერი ინტერესის სფეროს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის №6------------- გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უნდა დაევალოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების სრულყოფილად შეჯერების, გამოკვლევისა და სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით ახალი აქტის გამოცემა.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, ზ------ა ო-----–--ლის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ზ------ა ო-----–--ლის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ზ------ა ო-----–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის №6------------- გადაწყვეტილება და სააგენტოს დაევალოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ახალი აქტის გამოცემა.
4. ზ------ა ო-----–--ლის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -