განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310017002193863 (3/ბ-207-2018 წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებაზე (საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ).
სააპელაციო პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2017 წლის 27 ნოემბერს ნ--------–---–--ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 0-----------–ის N2---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ხელვაჩაური, სოფელი აჭარისწყალი, ს/კ. 2----------- და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების აღდგენა მ------------ის, ნ--------–---–--ის, ნ---------------ის, ო------------ის, ჟ--–---------–--ის და უ–-----------ის სახელზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ნ--------–---–--ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში ასკ-ის 16.2. მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, იმ საფუძვლით, რომ ისინი წარმოადგენენ იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის ნაწილში.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელე მხარე ითხოვს უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლების აღდგენას, ხოლო სადავო ქონება წარმოადგენს მდინარის კალაპოტს და დღეის მდგომარეობით დაფარულია წყლით ჰესის მშენებლობისთვის.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული თუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რატომ წარმოადგენს სამართალურთიერთობის მონაწილეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მიმდინარე დავაში და სასამართლოს გადაწყვეტილებამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სამინისტროს ინტერესებზე, მით უფრო, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად მოწვევა ხდება იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული ის არახელსაყრელი შედეგი, რომელიც შესაძლოა დადგეს გადაწყვეტილების საფუძველზე. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია დადგინდეს მესამე პირად მოწვეული სუბიექტი წარმოადგენს თუ არა სამართალურთიერთობის მონაწილეს, იმ პირობებში, როცა მოსარჩელე მხარე ითხოვს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, ბათილობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას და სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვერ ჩაითვლება სამართალურთიერთობის მონაწილედ. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირის სტატუსის დადგენა ხდება იმ სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, რაც კონკრეტულ ეტაპზე სასამართლოშია წარდგენილი.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და მისი გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკითხი საქმეში მესამე პირის ჩაბმის შესახებ სწორად გადაწვიტა. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, დამატებით ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:
დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია ნ--------–---–--ის სარჩელი მოპასუხე მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 0-----------–ის N2---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, - უძრავ ქონებაზე, მდებარე ხელვაჩაური, სოფელი აჭარისწყალი, ს/კ. 2-----------, მ------------ის, ნ--------–---–--ის, ნ---------------ის, ო------------ის, ჟ--–---------–--ის და უ–-----------ის თანასაკუთრების უფლების აღდგენას.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 0-----------–ის N2---- გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით ზუსტად ვერ დგინდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია (ადგილმდებარეობის თვალსაზრისით) და საქართველოს ერთიანი საკადასტრო რუკაზე მისი ასახვა განხორციელდა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. ამავე გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ მიწის ნაკვეთზე გადაღებული ფოტოსურათებისა და სიტუაციური გეგმის გამოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი ს/კ. 2-----------. მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის რიყეზე.
,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნული ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხებისა და ტბორების წყლები. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ.
ამდენად, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ N8------------06 (21.10.2013) გადაწყვეტილებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ჭალაში, მდინარის წყალდაცვით ზოლში.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმდ, წყლის რესურსები არ ექვემდებარება პრივატიზებას. ამავე მუხლის ,,ძ, ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება მდინარეების ჭოროხისა და აჭარისწყლის მდინარე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები რომლებზედაც გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობა და ასეთი მიწების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რაზედაც ქონების მმართველის წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, ამდენად ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრირებული სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია სპეციალურ საკანონმდებლო რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში და სახელმწიფოსაც კი შეზღუდული აქვს ამ ტერიტორიის განკარგვის (პრივატიზების) უფლებამოსილება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომელიც მომზადებულია 10.02.2015 წელს, ირკვევა, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა------–---––ი მდებარე თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლის ს/კ. 2-----------, დაზუსტებული ფართობით - 2601.00 კვ.მ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 0-----2014 წლის N2---- გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრაცია გაუქმებულია (ს.ფ. 23-24).
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ მოცემულ დავაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით განსაზღვრულ სუბიექტს, რამდენადაც ის არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, საქმეში მესამე პირად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩაბმის თაობაზე, შესაბამისად, მიაჩნია, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალიწინებული საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის საოქმო განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე