განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310016001405738
საქმე №3/ბ-574-2017წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
ხათუნა ხომერიკი, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი (მოპასუხე) – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი – ჯ-------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა----------------ე
წარმომადგენელი – თ------------ე
მესამე პირი – ს---–--------------–--ე
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2016 წლის 22 ივნისს ა----------------ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერუტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კომისიის 2015 წლის 2 დეკემბრის №1- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ა----------------ის ნაწილში და მოპასუხის მიერ ახალი აქტის გამოცემა მიწის ნაკვეთზე ა----------------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
მოსარჩელის მითითებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში (ჩაისუბანი) მდებარე დაახლოებით 0.8 ჰა. მიწის ნაკვეთი, რომელიც თავის დროზე აჭარკოოპკავშირის ბალანსზე იყო აღრიცხული, 2010 წელს შესყიდული იქნა მის მიერ და ამჟამად საჯარო რეესტრში არის მის სახელზე რეგისტრირებული. ამასთანავე, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული, 0.35 ჰა მიწის ნაკვეთი მან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დაირეგისტრირა საკუთრებაში, ფაქტობრივი მფლობელობის საფუძვლით.
მოსარჩელის აღნიშვნით, ორივე მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში დარეგისტრირების შემდგომ აღმოჩნდა, რომ ამ ნაკვეთების მიმდებარე 501 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობით შპს ,,ბ-------ას“ მხაზველი-სპეციალისტის, რ-------–-----ის მიერ მექანიკურად იქნა გამორჩენილი, როდესაც მან მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები შეადგინა, რის გამოც თავის დროზე ვერ მოხერხდა ა----------------ის მიერ ნაკვეთზე საკუთრების დარეგისტრირება.
მოსარჩელის მითითებით, მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა დიდი ხნის წინათ ა----------------ის მამის მიერ იქნა აგებული, რომელსაც მისი ოჯახი განკარგავს დაახლოებით 30 (ოცდაათი) წელია და ამჟამადაც მოსარჩელის მფლობელობაშია. შენობაში მოსარჩელე ინახავს ოჯახისთვის საჭირო ნივთებს და დაქირავებული დარაჯის მეთვალყურეობის ქვეშაა, რასაც დაადასტურებს მოწმის სახით დასაკითხი პირი. მითითებული გარემოების გამო, ა----------------ემ დაურეგისტრირებლად დარჩენილი 501 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების მიზნით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიას შესაბამისი დოკუმენტებით, რის შემდგომაც, 2015 წლის 26 ნოემბერს აღნიშნული კომისიის წევრთა მიერ მოხდა მიწის ნაკვეთის დათვალიერება და შედგა დათვალიერების აქტი, სადაც დაფიქსირდა, რომ მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. ადგილზე გასვლის და დათვალიერების დროს ასევე დადგინდა, რომ თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთზე, რომელიც ა----------------ის ფაქტობრივ ფლობაშია, მდებარეობს დიდი ხნის უკან აშენებული შენობა, რომელიც მდინარიდან დაშორებულია დაახლოებით 5 (ხუთი) მეტრით.
მოსარჩელის აღნიშვნით, ადგილის დათვალიერების შემდეგ შედგა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა, რა დროსაც მიღებული იქნა 2015 წლის 2 დეკემბრის ოქმი №1-, რომლის გადაწყვეტილებითი ნაწილით უარი ეთქვა ა----------------ეს 501 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მისთვის გაუგებარი მოტივით, რის გამოც საჭიროდ მიიჩნია, მიემართა სასამართლოსთვის, რადგანაც საოქმო გადაწყვეტილება არის უსამართლო და წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციულ აქტს, რამაც გამოიწვია მისი კონსტიტუციური და სხვა კანონით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა. მას ამის შედეგად წაერთვა უფლება, რომ თვითნებურად დაკავებული და ამჟამადაც მის ფაქტობრივ ფლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობით, საკუთრებაში დაერეგისტრირებინა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კომისიის მიერ მიღებულ №1- საოქმო გადაწყვეტილებაში არასწორად არის გამოყენებული ,,წყლის შესახებ“ საქართველიოს კანონის მე-7 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმები, რითაც უკანონოდ ეთქვა უარი ა----------------ეს თავისი სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის არცერთ პუნქტში არსად არ არის დაფიქსირებული, რომ სახელმწიფო ფონდის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება კერძო საკუთრებაში კანონით აკრძალულია. აღნიშნულის შესაბამისად, კომისიის მიერ 2015 წლის 02 დეკემბერს მიღებულ №1- საოქმო გადაწყვეტილებას მოსარჩელე მხარე თვლის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ადმინისტრაციულ აქტად და მიაჩნია, რომ ეს ამ აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 2 დეკემბრის №1- საოქმო გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი, რადგანაც მისი მომზადებისა და მიღებისას დარღვეული არ იყო ადმინისტრაციული წარმოების წესები და აქტი გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა შესაბამისას, რის გამოც მოსარჩელე მხარის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ასევე, არ არსებობდა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე კომისიის დავალდებულების საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით ა----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 02 დეკემბრის №1- საოქმო გადაწყვეტილება, ა----------------ის ნაწილში; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ა----------------ის განცხადებაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში (აგარა) მდებარე 501 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 60 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. ა----------------ემ 2015 წლის 25 ივნისს განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიას, რათა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე აღიარებულიყო მისი საკუთრება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში (აგარა) მდებარე 501 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზედ განთავსებულ, 60 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობაზე, თვითნებური დაკავების საფუძვლით;
2.1.2. 2015 წლის 19 ივნისს კი განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიას ს---–--------------–--ემ, რომლითაც მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში (აგარა) მდებარე 1030 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზედ განთავსებულ 58,4 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობაზე;
2.1.3. ა----------------ისა და განსახილველ საქმეში მე-3 პირის, ს---–--------------–--ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები, მოიცავდა ერთმანეთს, ანუ მათ მიერ საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილი იყო ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე;
2.1.4. 2015 წლის 26 ნოემბერს კომისიის წევრთა მიერ მოხდა მიწის ნაკვეთის დათვალიერება სოფელ კაპრეშუმში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მონაწილეობით და შედგა დათვალიერების აქტი, რომელშიც აღინიშნა, რომ ა----------------ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. ასევე დადგინდა, რომ თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთზე მდებარეობს დიდი ხნის უკან აშენებული შენობა, რომელიც მდინარიდან დაშორებულია დაახლოებით 5 (ხუთი) მეტრით;
2.1.5. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 2 დეკემბრის №1- ოქმის გადაწყვეტილებითი ნაწილით უარი ეთქვათ როგორც ს---–--------------–--ეს, ისე ა----------------ეს მათ მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელი არ იყო.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლოს განმარტებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოქმედი რედაქციით განსაზღვრული რეგულაციის შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად მართლზომიერად ფლობდა, ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი. კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი: ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული; გ) თვითნებურად დაკავებული.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული მიწა, როგორც – ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლოს აღნიშვნით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ საკუთრების აღიარების კომისიას ზუსტად უნდა განესაზღვრა და გაეანალიზებინა კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა, რაც დაკავშირებული იყო ა----------------ის საკუთრების უფლების აღიარების სასარგებლო ან საწინააღმდეგო კონკრეტულ ფაქტორებთან. კერძოდ, გადაწყვეტილების მისაღებად, რაც სადავო აქტშია გადმოცემული, კომისიას სრულად უნდა შეესწავლა და გამოეკვლია მიწის ნაკვეთზე ა----------------ის საკუთრების აღიარების უფლების გამომრიცხავი ისეთი გარემოება, როგორიცაა აღიარების კანონისმიერი შეზღუდვა და განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედება საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, ანუ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტად უნდა დაედგინა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა წყლის სახელმწიფო ფონდის მიწას და ამასთან, წარმოადგენდა წყლის სახელმწიფო ფონდის ისეთ ნაკვეთს, რომლის საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელი არ იყო, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
სასამართლოს მითითებით, ამ მხრივ სადავო აქტი აშკარად არასრულყოფილია და კომისიის გადაწყვეტილებით როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნაა მიღებული. კომისია შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ აქტში მიუთითა „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსზე, რომლითაც განმარტებულია საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის ცნება და ამავე კანონის მე-8 მუხლზე, რომელიც შეეხება წყლის სახელმწიფო ფონდის მიწის განსაზღვრებას. სადავო აქტის შინაარსი მხოლოდ ამით ამოიწურება და მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის განსაზღვრული, რა კონკრეტული კრიტერიუმების და მახასიათებლების გამო მიიჩნევა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ამ კატეგორიის ნაკვეთად, კონკრეტულად რომელი მდინარე მიეკუთვნება ამ შემთხვევაში წყლის სახელმწიფო ფონდს და რის საფუძველზეც ჩაითვალა მიწის ნაკვეთი წყლის სახელმწიფო ფონდის ნაკვეთად, რომელი კონკრეტული უწყების მიერ არის მიჩნეული და აღრიცხული წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად ეს ტერიტორია, რომელი კომპეტენტური ორგანოსაგან მიიღო ასეთი ინფორმაცია ან შესაბამისი დოკუმენტი საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ა. შ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია ამ კანონის რეგულირების საგანი: 1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობას: ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის წყლის დაცვის, შესწავლისა და გამოყენების სფეროში; ბ) ხმელეთზე, წიაღში, კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში წყლის დაცვის, აღდგენის და გამოყენების სფეროში; გ) წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და წყლით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში. 2.ეს კანონი განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების კომპეტენციებს წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის სფეროში. 3.მიწისქვეშა წყლების დაცვის, შესწავლისა და გამოყენების სფეროში ურთიერთობა რეგულირდება ამ კანონით და საქართველოს კანონით "წიაღის შესახებ". 4. წყლის ცხოველთა სამყაროს დაცვის, შესწავლის, აღწარმოებისა და გამოყენების სფეროში ურთიერთობა რეგულირდება ამ კანონით და საქართველოს კანონით „ცხოველთა სამყაროს შესახებ“. 5. წყალსარგებლობის დროს ცხოველთა სამყაროს, მცენარეული საფარის, ტყის, მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობას აწესრიგებს ეს კანონი და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.
სასამართლოს მითითებით, ამავე კანონის მე-10-1- მუხლები ადგენს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა და თვითმმართველი ერთეულების კომპეტენციას, წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში. შესაბამისად, დასახელებული კანონით განსაზღვრულია წყლის სახელმწიფო ფონდებისა და წყლის სახელმწიფო ფონდის მიწების განსაზღვრის წესი და ამ საკითხის მიმართ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოები.
სასამართლოს აღნიშვნით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ მიუთითებს, კონკრეტულად ვის მიერ და რა კრიტერიუმებით არის საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მიკუთვნებული წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად (მიწის ნაწილად), ან ის შედის წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლში. ეს ასეც რომ იყოს, მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოება მაინც არ გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას ამ კატეგორიის მიწის ნაკვეთზე, რამდენადაც „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულია წყალდაცვით ზოლში მიწის გამოყენების შემდეგი წესი:
1. წყალდაცვითი ზოლის მიწები შეიძლება გადაეცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში საქმიანობის ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით.
2. ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე, თუ ეს მიწის ნაკვეთი ან მის ნაწილი დადგენილი წყალდაცვითი ზოლის ფარგლებშია.
3. წყალდაცვითი ზოლის მიწები საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაეცემათ საქართველოს მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის გამოყენებას აკონტროლებენ სამინისტრო და თვითმმართველი ერთეულები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.
სასამართლოს მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია ის შემთხვევები, როდესაც საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები:
ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა;
ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას;
დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების
ტერიტორიისა;
ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №9-- ბრძანებულებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა;
ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები;
ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი;
თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ- დაცვითი ზონები;
ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები;
კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი)
მიწის ნაკვეთები;
ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას;
მ) სასაფლაო და პანთეონი;
ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები;
ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კომისიას არ გააჩნდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ის საფუძველი, რომლითაც მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარებოდა ა----------------ის განაცხადის მიხედვით თვითნებურად დაკავებული ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი.
ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ა----------------ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, 4000 კვ.მ. ნაკვეთზე მოპოვებული ყოფილა მოსარჩელის საკუთრების უფლება, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარების წესით, რასაც არ უარყოფს მოპასუხე მხარე. ასეთ შემთხვევაში რატომ მიიჩნევა ეს ორი მიწის ნაკვეთი სხვადასხვა სამართლებრივი რეჟიმის ობიექტებად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ამაზე პასუხი არ გააჩნია.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკუთრების
აღიარების კომისიამ თავისი 2015 წლის 2 დეკემბრის №1- საოქმო გადაწყვეტილებით ა----------------ის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა წყლის სახელმწიფო ფონდის მიწას და ამასთან, წარმოადგენდა წყლის სახელმწიფო ფონდის ისეთ ნაკვეთს, რომლის საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელი არ იყო „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2015 წლის 04 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაში ამის შემდეგ არაფერია მითითებული, თუ რა გარემოებები გამოიკვლია კომისიამ, რა ფაქტებს დაეყრდნო ამ საკითხის გამოკვლევისას და რის საფუძველზე გააკეთა დასკვნა, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა წყლის სახელმწიფო ფონდის ისეთ ნაკვეთს, ან წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად გამოყოფილ ნაკვეთს, რომლის საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელი არ იყო „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და საკუთრების უფლების აღიარება ამ მხრივ ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. თუ როგორ დაადგინა ეს გარემოება კომისიამ, ამის თაობაზე არაფერია გადაწყვეტილებაში აღნიშნული, ამასთან მოპასუხე მხარემ ვერც სასამართლოს სხდომაზე წარმოადგინა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება და შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაცია.
სასამართლოს აღნიშვნით, სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ა----------------ის მიერ მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების აღიარება, ეწინააღმდეგება „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით და სამართლებრივი დასაბუთებით. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია კომისიის დასკვნა იმის შესახებ, რომ ა----------------ის საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე წინააღმდეგობაში მოდიოდა მოქმედ კანონმდებლობასთან.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიის 2015 წლის 2 დეკემბრის №1- საოქმო გადაწყვეტილება ამ მხრივ მოკლებული იყო დასაბუთებას, რამდენადაც ის ემყარება ისეთ გარემოებას და არგუმენტს, რომელიც არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიას დასახელებული გარემოების კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზი უნდა მოეხდინა და ისე უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია გადაამოწმოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დარწმუნდეს მის უტყუარობაში და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. ასევე, კომისია ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს უფლებასაღიარებელი უძრავი ქონების დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია, გამოიყენოს სპეციალისტის დასკვნები.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქნა სამართლებრივად დასაბუთებული, თუ რატომ მიიჩნია კომისიამ, რომ ა----------------ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად და რაც მას ევალებოდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული 2015 წლის 2 დეკემბრის №1- საოქმო გადაწყვეტილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით იყო მიღებული.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.
სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის, და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 2 დეკემბრის №1- საოქმო გადაწყვეტილება და მოპასუხე მხარეს, საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას უნდა დავალებოდა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ა----------------ის მოთხოვნაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
სასამართლომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა მიანიჭა საქმეზე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ა----------------ის განცხადების თავიდან განხილვის დროს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმ სამართლებრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთის რიცხულობა წყლის სახელმწიფო ფონდის ნაკვეთად, ან წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად გამოყოფილ ნაკვეთზე მიკუთვნება, ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს თვითმმართველობის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, თუ მისი საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელი არ არის „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
სასამართლომ მიუთითა, რომ ა----------------ის მოთხოვნა, თვითნებური დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ყველა სხვა გარემოებების შესწავლისა და სრულყოფილი გამოკვლევის პირობებში. სრულყოფილად და ამომწურავად უნდა იქნას გამოკვლეული საკითხი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ფაქტობრივ მფლობელობასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებითაც, რომ იმავე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების პრეტენზია მისი თვითნებური დაკავების საფუძველზე გააჩნია სხვა პირსაც, საქმეში მესამე პირად ჩართულ ს---–--------------–--ეს.
კომისიამ მხოლოდ აღნიშნული გარემოებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების გზით უნდა შეამოწმოს საკუთრების უფლების აღიარების მიზნით ა----------------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოთხოვნებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 2 დეკემბრის №1- საოქმო გადაწყვეტილება ა----------------ის ნაწილში და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დავალებოდა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი (გადაწყვეტილება) ა----------------ის განცხადებაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში (აგარა) მდებარე 501 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 60 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რაც საქმისათვის არსებითია და მისი გათვალისიწინებით სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული;
3.1.2. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტის მიღებისას ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის N3-- დადგენილებით "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ". კომისია, თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ზემოთაღნიშნული კანონებით დადგენილი წესით;
3.1.3. სააპელაციო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, კომისიის მიერ 2015 წლის 02 დეკემბრის N1- საოქმო გადაწყვეტილება ა----------------ის ნაწილში მიღებულია ზემოაღნიშნული კანონების მოთხოვნათა სრული დაცვით, და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის კანონმდებლობით გათვალისიწინებული საფუძვლები, კერძოდ ის არ ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის გამოცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ შეასრულა მისი ვალდებულება და გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის და შეფასების შემდეგ. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ზუსტად განსაზღვრა და გაანალიზა კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხები რაც დაკავშირებული იყო ა----------------ის საქმესთან;
3.1.4. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის კანონით დადგენილი წინაპირობები სახეზე არ არის, რამდენადაც მისი მომზადებისა და მიღებისას დარღვეული არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესები და აქტი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (მართლზომიერი მფლობელობა) გათვალისწინებული შემთხვევებისა.
პალატა განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი აქტების კონკრეტულ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულო პირობაა საკუთრების უფლებით აღიარებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი, ამასთან იგი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მართალია კომისიამ დაადასტურა საკუთრებაში ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, თუმცა ვერ დაადგინა მისი ა----------------ის მიერ დაკავება მეზობელთან დავის გამო, ამასთან მიუთითა, რომ არსებობდა შეუსაბამობა ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან; კერძოდ კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მდინარესთან დაახლოებით ხუთი მეტრით ახლოს, რაც გამორიცხავდა მის განკერძოებას.
პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოკლებულია დასაბუთებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის ბუნდოვანი განმარტებები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოყვანილი არგუმენტი შესაბამის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითების გარეშე არ შეიძლება წარმოადგენდეს მოთხოვნის უარყოფის საკმარის საფუძველს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალების მიხედვით სადავო არაა მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ა----------------ის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი, რაც თავადვე დაადასტურა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე კომისიის წარმომადგენელმა, ამასთან მიუთითა საქმის გარემოებების არასრულყოფილად გამოკვლევის თაობაზე (იხ.სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).
პალატა მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების განხილვისას კომისია ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება, არ დაყრდნობოდა მხოლოდ მხარის მიერ წარდგენილ ინფორმაციას და თავად მიეღო გადაწყვეტილება განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე სათანადო დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განუხორციელებია. მათ შორის კომისიას გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში კონკრეტულად უნდა მიეთითებინა ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის რომელ ნორმას ეწინააღმდეგებოდა ა----------------ის მოთხოვნა. კერძოდ:
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
პალატის მოსაზრებით, ამ ნორმის დანაწესი ცალსახად არ გამორიცხავს იმ სახელმწიფო ფონდის მიწის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საკუთრებაში აღიარებას, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ.
საქმის მასალებით არ დასტურდება საკუთრებაში ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის წყლის ობიექტებით, ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით დაკავების ფაქტი. რაც შეეხება წყალდაცვით ზოლში ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მოქცევის საკითხს, ამ გარემოების დასადგენად მნიშვნელოვანს წარმოადგენდა „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად მდინარის სიგრძის განსაზღვრა. მითითებული კანონის 21.1 მუხლის მიხედვით კი სანიტარიული დაცვის ზონები გააჩნია მხოლოდ იმ ობიექტს, რომელსაც იყენებენ სასმელად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალოდ და საკურორტო საჭიროებისათვის, რა გარემოებაც საქმეში არსებული მასალებით სახეზე არ არის.
,,წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №4-- დადგენილების მე-3 და მე-4 მუხლები ითვალისწინებს წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მოქმედ აკრძალვებს (მაგ.შენებლობა ან მოქმედი საწარმოების გაფართოება და რეკონსტრუქცია, სასაფლაოების და ცხოველთა სამარხების მოწყობა, ფსკერის დაღრმავება, ასაფეთქებელი სამუშაოები და სხვა), თუმცა მითითებული რეგლამენტის მე-6 მუხლი უშვებს წყალდაცვითი ზოლის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას “წყლის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით.
როგორც უკვე აღინიშნა, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კომისიამ ა----------------ის მოთხოვნის ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონთან შეუსაბამობა მიუთითა, თუმცა არ დაუდგენია საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი ისეთი გარემოება, როგორიცაა აღიარების კანონისმიერი შეზღუდვა და განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედება საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივად არ მოუხდენია საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი გარემოებების დადგენა – სახეზეა აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც იძლეოდა მოცემულ დავაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აპელანტი განთავისუფლებლია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-1- მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი
ხათუნა ხომერიკი