განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.07.2018
საქმის ნომერი
330310016001355291
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამშენებლო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები , დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
06.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001355291

საქმე N3ბ/1280-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

6 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;

წარმომადგენელი - ლ-–---------–--ე;

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - მ------ ბ------–-–---–-;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ----- ც--–----–---–ი;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა;

 

1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის25 თებერვლის №--- ბრძანების ბათილად ცნობა;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილ წერილობით შესაგებლებში განმარტეს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თ----- ც--–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 25 თებერვლის №--- ბრძანება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის უნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის N0----- დადგენილება და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

3.2.1. 2015 წლის 27 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. თბილისი, ვ-–-–-------ი, ყოფ. ნ-----------–ის მიმდებარე ტერიტორია (ს.კ. 0---------------) საკუთრების უფლებით 2015 წლის 27 თებერვლიდან აღრიცხულია ნ---- კ---------–ის სახელზე (ს.ფ. 29-30).

 

3.2.2. 2015 წლის 17 ივნისის N------ ოქმის თანახმად, სხდომაზე განხილულ იქნა 2015 წლის 03 თებერვლის N------ მითითება და 2015 წლის 24 თებერვლის N------ შემოწმების აქტი შედგენილი ქ------- კ---------–ის მიმართ (ობიექტის მისამართი ქ. თბილისის, ვ-–-–-------ი, ყოფ. ნ-----------–ის მ--------------------, ნაკვეთი N0-------ის მ-----------), სხდომაზე თ----- ც--–----–---–მა განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორცილებულია მის მიერ 2014 წელს, ადრე გააჩნდა საცხოვრებელი სახლი მოცემულ ადგილას და ძველი სახლის ადგილზე განახორციელა ახლის მშენებლობა, შესაბამისად ითხოვა ქ------- კ---------–ის მიმართ წარმოების შეწყეტა.

 

3.2.3. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 ივნისის N------ დადგენილებით, შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოება მოქ. ქ------- კ---------–ის მიმართ და დაიწყო ახალი სამშენებლო სამართალდარღვევისთვის საქმის წარმოება მოქ. თ----- ც--–----–---–ის მიმართ ქ. თბილისი, ვ-–-–-------ი, ყოფ. ნ-----------–ის მიმდებარე ტერიტორია ნაკვეთ N-------- ის მიმდებარედ უნებართვოდ შენობა - ნაგებობის მშენებლობის ფაქტზე (ს.ფ. 123-124).

 

3.2.4. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 08 ივლისის N0----- მითითების თანახმად, თ----- ც--–----–---–მა ქ. თბილისში, ვ-–-–-------ი, ყოფ. ნ-----------–ის მიმდებარე ტერიტორია (ს.კ. 0---------------)-ში თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სამშენებლო - სანებართვო დოკუმენტის გარეშე განახორციელა შენობა - ნაგებობის მშენებლობა, რომლის ნაწილიც გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. დარღვევის გამოსწორების მიზნით განესაზღვრა 30-დღიანი ვადა ობიექტის დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოსადგენად (ს.ფ. 88-89).

 

3.2.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 10 აგვისტოს №0----- შემოწმების აქტის თანახმად, თ----- ც--–----–---–მა არ შეასრულა 2015 წლის 08 ივლისის N0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები (ს.ფ. 86-87).

 

3.2.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 09 ოქტომბრის №4----------- ბრძანებით თ----- ც--–----–---–ის მიმართ დაწყებული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2 თვით (ს.ფ. 68).

 

3.2.7. 2015 წლის 04 დეკემბრის N--- მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2015 წლის 04 დეკემბერს ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არ არის გამოსწორებული, კერძოდ უნებართვოდ აშენებული შენობა - ნაგებობა არ არის სრულად დემონტირებული (ს.ფ. 60).

 

3.2.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის N0----- დადგენილების მიხედვით, თ----- ც--–----–---–ი დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ვ-–-–-------ი, ყოფ. ნ-----------–ის მიმდებარე ტერიტორია (ს.კ. 0---------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის. მასვე დაევალა ქ. თბილისში, ვ-–-–-------ი, ყოფ. ნ-----------–ის მიმდებარე ტერიტორია (ს.კ.0---------------)-ზე უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში (ს.ფ.12-14).

 

3.2.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის N0----- დადგენილება თ----- ც--–----–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. 2016 წლის 12 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა ზეპირი მოსმენის სხდომა.

 

3.2.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 25 თებერვლის №--- ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა თ----- ც--–----–---–ის 2015 წლის 30 დეკემბრის N--------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის N0----- დადგენილება (ს.ფ. 16-27); (ს.ფ. 143-149).

 

4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, თ----- ც--–----–---–ის მიერ ჩადენილი საამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება, ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ჩადენილი (სავარაუდოდ ჩადენილი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შემოწმებისას, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, კერძოდ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად იმსჯელოს არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და დაადგინოს მოსარჩელის მიერ შენობის დემონტაჟის განხორცილების შემდეგ ისევ სახეზეა თუ არა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ საფუძველზე მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:

 

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სრულად.

 

6. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

6.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ჩადენილი სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ 2015 წლის 04 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ ხელმეორედ გადამოწმებულ იქნა სადავო ობიექტი და გაირკვა, რომ სამართალდარღვევა გამოსწორებული არ ყოფილა. კერძოდ, უნებართვოდ აგებული შენობა - ნაგებობის დემონტაჟი არ იყო სრულად განხორციელებული.

 

აპელანტის განმარტებით, საქმეშია მოხსენებითი ბარათები და სურათები, რომლითაც დასტურდება, რომ ობიექტი ხელმეორედ იქნა გადამოწმებული. ამასთან, საქმეშია დაკვალვის აქტი, რომლის მიხედვითაც შენობა სცილდება საკადასტრო საზღვრებს. რაც შეეხება ორთო - ფოტოზე მითითებას, ცნობილია, რომ ორთო-ფოტო გადაღებულია 2014 წელს, ხოლო წარმოდგენილი სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული და აღმოჩენილია 2015 წელს და აპელანტს შეუძლებლად მიაჩნია 2014 წელს გადაღებულ ფოტოზე ჩანდეს 2015 წელს აშენებული შენობა.

 

აპელანტი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია პირდაპირი აქტის გამოცემა, მას წინ უნდა უსწრებდეს ქმედების განხორციელება, ხოლო დარღვევის არსებობის შემთხვევაში მითითების გაცემა.

 

7 . ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო მოთხოვნა:

 

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სრულად.

 

8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეში არსებული დაკვალვის აქტის თანახმად, თ----- ც--–----–---–ის მიერ შენობა - ნაგებობის ნაწილი სცდება მისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო წითელ ხაზებს, ნაგებობის ნაწილი მოქცეულია სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად სახეზეა სამშენებლო სამართალდარღვევა.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ჩადენილი სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მიუთითებს, რომ ხელმეორედ გადამოწმდა სადავო ობიექტი და გაირკვა, რომ სამართალდარღვევა გამოსწორებული არ იყო. კერძოდ, უნებართვოდ აგებული შენობა - ნაგებობის დემონტაჟი არ იყო სრულად განხორციელებული. აპელანტი განმარტავს, რომ სადავო ობიექტის 2015 წლის 04 დეკემბრის მდგომარეობით ამსახველი ფოტომასალით ნათლად ჩანს რომ უნებართვო შენობა - ნაგებობის დემონტაჟი არ არის განხორციელებული სრულად, რაც მოქმედი კანონმდებლობით, წარმოადგენს სამართალდამრღვევი პირის მიმართ დადგენილების გამოცემის საფუძველს ჯარიმის დაკისრებისა და ობიექტის დემონტაჟის დავალების თაობაზე. ამასთან, აპელანტის განმარტებით, უნებართვო შენობა - ნაგებობა გადადის სახელმწიფო ტერიტორიაზე.

 

9. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

9.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

9.2. პალატა მიუთითებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თ----- ც--–----–---–ის მიმართ 2015 წლის 08 ივლისს შედგა N0----- მითითება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ თ----- ც--–----–---–მა ქ. თბილისში, ვ-–-–-------ი, ყოფ. ნ-----------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე (ს.კ. 0---------------) თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სამშენებლო - სანებართვო დოკუმენტის გარეშე განახორციელა შენობა - ნაგებობის მშენებლობა, რომლის ნაწილიც გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. დარღვევის გამოსწორების მიზნით განესაზღვრა 30-დღიანი ვადა ობიექტის დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოსადგენად.

 

ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 10 აგვისტოს შედგა №0----- შემოწმების აქტი თ----- ც--–----–---–ის მიმართ,რომლითაც დადგინდა, რომ თ----- ც--–----–---–მა არ შეასრულა 2015 წლის 08 ივლისის N0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 09 ოქტომბრის №4----------- ბრძანებით, თ----- ც--–----–---–ის მიმართ დაწყებული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2 თვით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის N--- მოხსენებითი ბარათით კი დგინდება, რომ ზემოაღნიშნული მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არ იქნა გამოსწორებული, კერძოდ უნებართვოდ აშენებული შენობა - ნაგებობა არ არის სრულად დემონტირებული.

 

9.3. პალატა მიუთითებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44.1 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო- სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა- ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.

 

მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევად არის მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის N0----- დადგენილებით, თ----- ც--–----–---–ი დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ვ-–-–-------ი, ყოფ. ნ-----------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე (ს.კ. 0---------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე შენობა - ნაგებობის მშენებლობისთვის. მასვე დაევალა ქ. თბილისში, ვ-–-–-------ი, ყოფ. ნ-----------–ის მიმდებარე ტერიტორია (ს.კ. 0---------------)-ზე უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 14.2 მუხლზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა- ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

 

პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, თ----- ც--–----–---–ის მიერ ჩადენილი საამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, 2015 წლის 04 დეკემბრის N--- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ 2015 წლის 04 დეკემბერს ხელმეორედ გადამოწმდა სადავო ობიექტი, რის საფუძველზეც გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არ იქნა გამოსწორებული. კერძოდ, უნებართვოდ აშენებული შენობა - ნაგებობის დემონტაჟი არ იყო სრულად განხორციელებული, რის საფუძველზეც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის N0----- დადგენილებით თ----- ც--–----–---–ი დაჯარიმდა 10 000 ლარით.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც სადავო დადგენილების მიმღები, ასევე საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოები, აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ სრულად არ შესრულდა მითითებით განსაზღვრული მოთხოვნები, კერძოდ მართალია მოსარჩელე მხარემ დაანგრია შენობა- ნაგებობა, თუმცა მხარის მიერ სრულად არ იქნა განხორციელებული ნებართვის გარეშე აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ამასთან დარჩენილი ნაწილი მაინც გადადის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის ფოტო მასალა, ორთოფოტო) უტყუარად არ არის დადასტურებული.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება, ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ჩადენილი (სავარაუდოდ ჩადენილი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შემოწმებისას, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, კერძოდ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად იმსჯელოს არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და დაადგინოს მოსარჩელის მიერ შენობის დემონტაჟის განხორცილების შემდეგ ისევ სახეზეა თუ არა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ საფუძველზე მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.

 

10. პროცესის ხარჯები:

 

10.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტები გათავისუფლებულინი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -