განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.04.2018
საქმის ნომერი
330310016001477396
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310016001477396

საქმე N3ბ/2992-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

12 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - ს--–--------------ია;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ---------------ნი;

წარმომადგენელი - ნ-------------–--ლი;

 

მესამე პირი (ასკ-ის 16.2) - ა---------– ჯ------–ია;

 

მესამე პირი (ასკ-ის 16.1) - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური;

წარმომადგენელი - ს---------------ძე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

გასაჩივრებული საოქმო განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის საოქმო განჩინება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 ივლისის №1----- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, იმ დროს არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2.2. მესამე პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სამსახურის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სადავო საკითხის განხილვის ეტაპზე, არ იქნა გაითვალისწინებული ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მიერ.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ნ---------------ნის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 ივლისის №1----- ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები

 

4.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დგინდება, რომ ქ. თბილისში, დ-----ს ს--–---–ო ს-–----–ი მ---------ბა, ნაკვეთი 10/195, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ნ---------------ნის სახელზე დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 23 აგვისტოს №------- აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა (ადმინისტრაციული დაპირება) და ამავე სააგენტოს 2011 წლის 13 სექტემბრის №------ საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. მითითებული მიწის ნაკვეთი მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა შეზღუდვით - დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე. (ტომი I, ს.ფ. 13-20).

 

4.2. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 12 მარტის №7---- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სამსახურმა შეამოწმა ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტაციის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ფოტომონტაჟი) ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და დაადასტურა ქ. თბილისში, დ---------–----–------------აში ნ---------------ნის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი №0------) მავთულ - ბადის ღობის მოწყობის შესაძლებლობა. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს - ნ---------------ნს განემარტა, რომ საპროექტო მავთულ-ბადის ღობის მოწყობა უნდა განხორციელდეს მის საკადასტრო საზღვრებში. (ტომი I, ს.ფ. 22-23).

 

4.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 ივლისის №1----- ბრძანებით, დაკმაყოფილდა ნ------- ბ----–---–ის 2016 წლის 10 თებერვლის №4------- ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 12 მარტის №7---- გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემა. (ტომი I, ს.ფ. 25-29; 63-73);

 

4.4. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დგინდება, რომ ნ-----------------ნის საკუთრებაში არსებული, №0---------------, №0---------------, №0---------------, №0---------------, №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები 2016 წლის 11 აგვისტოს გაერთიანდა ერთ საკადასტრო ერთეულად და დარეგისტრირდა №0--------------- საკადასტრო კოდით. ამასთან, ახალ საკადასტრო ერთეულზე დაფიქსირდა №0--------------- საკადასტრო ერთეულის შეზღუდვა - „რეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე“. ამასთან, მომზადდა ერთიანი საკადასტრო ერთეულის საკადასტრო გეგმა. (ტომი I, ს.ფ. 30-43).

 

4.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 06 სექტემბრის №Q-------- გადაწყვეტილებით, დადასტურდა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2011 წლის 23 აგვისტოს №------- ოქმით (ადმინისტრაციული დაპირებით) გათვალისწინებული აუქციონის პირობის შესრულება „შეზღუდვა - დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე“ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------). (ტომი I, ს. ფ. 97).

 

4.6. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დგინდება, რომ ნ---- მ---------ნის საკუთრებაში არსებული, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება გათავისუფლდა ყოველგვარი შეზღუდვისაგან და იგი დარეგისტრირდა თავისუფალი სახით. (ტომი I, ს.ფ. 94-95).

 

4.7. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დგინდება, რომ №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენდა ნ-------ი ბ----–---–ის საკუთრებას, 2016 წლის 12 აგვისტოს დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ა---------– ჯ------–იას სახელზე. (ტომი I, ს.ფ. 135-138).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს ნ------- ბ----–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისადაც არ იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და მათი ურთიერთშეჯერების გარეშე, ვინაიდან არ გამოიკვლია და შესაბამისი შეფასება არ მისცა რა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა საჩივრის ავტორს იმ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც ეხებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის - ნებართვის მაძიებლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში დროებითი ღობის მოწყობის შესაძლებლობას, თუნდაც ისეთი შეზღუდვის არსებობის პირობებში, როგორიცაა საპროექტო მიწის ნაკვეთზე დაფიქსირებული შეზღუდვა -„რეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის ნებართვის გარეშე“.

 

სასამართლოსთვის არსებული საქმის მასალების გათვალისწინებით ასევე გაუგებარია რა ზიანი შეიძლება მიდგომოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, როდესაც მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო უშუალოდ საპროექტო მიწის ნაკვეთის საზღვრებში. სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, როგორიცაა დავის გადაწყვეტის დროისათვის ნ------- ბ----–---–ის მიერ კუთვნილი უძრავი ნივთის გასხვისება მესამე პირზე და ასევე, საპროექტო ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდვის გაუქმება.

 

6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის საოქმო განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ.

 

6.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია წერილობითი დასტურის გაცემისა და საჩივრის განხილვის დროისთვის მოქმედ საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის თანახმადაც, საპროექტო მიწის ნაკვეთზე )ს/კ N0---------------) რეგისტრირებული იყო შეზღუდვა - მშენებლობის აკრძალვის სახით. ამდენად, ხსენებულ უძრავ ქონებაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 ივლისის N1----- ბრძანებაში დაფიქსირებული მოტივაციის თანახმად, დასაშვები იქნებოდა მხოლოდ ვალდებულების გრაფაში დაფიქსირებული შეზღუდვის გაუქმების შემთხვევაში.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ შინაარსის მქონე ბრძანების გამოცემას. საპროექტო, N0--------------- საკადასტრო ერთეული გაერთიანდა რამდენიმე უძრავ ქონებასთან, რის შედეგადაც წარმოიქმა N0---------------. საკადასტრო ერთეული და მასზე აღარ ფიქსირდება მანამდე არსებული შეზღუდვა მშენებლობის აკრძალვის სახით. შეზღუდვის მოხსნას ადასტურებს ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 06 სექტემბრის NQ-------- გადაწყვეტილებაც.

 

აპელანტის განმარტებით, ხსენებული გარემოებები ცხადყოფს, რომ სარჩელის განხილვის დროისთვის არსებული და შეცვლილი ფაქტობრივი გარემოება მხარეს აძლევს შესაძლებლობას ხელახლა მიმართოს ღობის მშენებლობის წერილობითი დასტურის მოსაპოვებლად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს. ამასთან, ახალი გარემოება ვერ გახდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. რამდენადაც, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 ივლისის N1----- ბრძანების კანონიერება უნდა შეფასდეს მისი გამოცემის დროისთვის არსებული მდგომარეობით. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 ივლისის N1----- ბრძანების ბათილად ცნობის მიმართ ნ---------------ნს აღარ აქვს იურიდიული ინტერესი. სასამართლოს მიერ მისაღები გადაწვეტილების შინაარსი გავლენას არ იქონიებს მისი უფლებების დაცვაზე, არ შეცვლის მოქალაქის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, აღნიშნულ საქმეზე, უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება. ვინაიდან, სადავოდ გამხდარი გადაწყვტილება აგებულია იურიდიული ინტერესის შეფასების გარეშე. ამასთან, სასამართლოს თავადვე აქვს უგულებელყოფილი სასარჩელო წარმოების არსი, რომ ეს უკანასკნელი, ისევე როგორც, ადმინისტრაციული საჩივარი, უნდა ემსახურებოდეს დარღვეული უფლების აღდგენას.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

პალატა ყურადრებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველის ნაწილი ,,კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება - მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებში, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.

 

პალატა მიუთითებს სქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ - ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას საქართველოს უზენაესმა სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე Nბს-180-177(კ-15), სადაც განმარტებულია, რომ ,,ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას“.

 

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ნ------- ბ----–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისადაც არ იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. კერძოდ, დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 12 მარტის №7---- გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისში, დ---------–----–------------აში ნ---------------ნის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი №0------) მავთულ-ბადის ღობის მოწყობის შესაძლებლობა. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს - ნ---------------ნს განემარტა, რომ საპროექტო მავთულ-ბადის ღობის მოწყობა უნდა განეხორციელებინა მის საკადასტრო საზღვრებში.

 

ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, როგორც ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, განიხილა ნ------- ბ----–---–ის 2016 წლის 10 თებერვლის №4------- ადმინისტრაციული საჩივარი, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 12 მარტის №7---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. ამასთან, ეს უკანასკნელი ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 ივლისის №1- 1329 ბრძანებით, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

პალატა აქვე განმარტავს, რომ სადავოდ გამხდარი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 12 მარტის №7---- გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტს, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის მიხედვით, აღმჭურველი ადმინისტაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებასა და სარგებელს. დადგენილია, რომ მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე წერილობით დადასტურდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ღობის მშენებლობის შესაძლებლობა. ამდენად, აღნიშნული აქტით მშენებლობის მწარმოებელ პირს მიეცა უფლება აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები შეთანხმებული დოკუმენტაციის შესაბამისად.

 

პალატა მიუთითებს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილზე რომლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამდენად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია დადგინდეს დაინტერესებული მხარის, საჩივრის ავტორის მიმართ კანონიერი უფლებისა და ინტერესისათვის ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტს შორის, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და მათი ურთიერთშეჯერების გარეშე, ვინაიდან არ გამოიკვლია და შესაბამისი შეფასება არ მისცა რა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა საჩივრის ავტორს იმ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც ეხებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის - ნებართვის მაძიებლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში დროებითი ღობის მოწყობის შესაძლებლობას, თუნდაც ისეთი შეზღუდვის არსებობის პირობებში, როგორიცაა საპროექტო მიწის ნაკვეთზე დაფიქსირებული შეზღუდვა - „რეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის ნებართვის გარეშე“. პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ არსებული საქმის მასალების გათვალისწინებით გაუგებარია რა ზიანი შეიძლება მიდგომოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, როდესაც მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო უშუალოდ საპროექტო მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დავის გადაწყვეტის დროისათვის ნ------- ბ----–---–ის მიერ კუთვნილი უძრავი ნივთი გასხვისებულია მესამე პირზე და ასევე გაუქმებულია საპროექტო ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდვა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მატერიალურ - საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა საკითხი, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7.2. პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის საოქმო განჩინებით დამდგარ შედეგს, საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის თაობაზე.

 

აღნიშნული განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე. პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას აპელანტის პოზიციაზე, სადაც განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ შინაარსის მქონე ბრძანების გამოცემას. საპროექტო N0--------------- საკადასტრო ერთეული გაერთიანდა რამდენიმე უძრავ ქონებასთან, რის შედეგადაც წარმოიქმა N0---------------. საკადასტრო ერთეული და მასზე აღარ ფიქსირდება მანამდე არსებული შეზღუდვა მშენებლობის აკრძალვის სახით. მისივე განმარტებით, სარჩელის განხილვის დროისთვის არსებული და შეცვლილი ფაქტობრივი გარემოება მხარეს აძლევს შესაძლებლობას ხელახლა მიმართოს ღობის მშენებლობის წერილობითი დასტურის მოსაპოვებლად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს. ამასთან, ახალი გარემოება ვერ გახდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 ივლისის N1----- ბრძანების კანონიერება უნდა შეფასდეს მისი გამოცემის დროისთვის არსებული მდგომარეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 ივლისის N1----- ბრძანების ბათილად ცნობის მიმართ ნ---------------ნს აღარ აქვს იურიდიული ინტერესი.

 

პალატის მოსაზრებით, ნ---------------ნთან მიმართებით სახეზეა პირობა, როდესაც ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას; პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს; უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას. კერძოდ, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ნ---------------ნმა უკვე განახორციელა ღობის მშენებლობა, ამდენად, გაურკვეველია თუ რა უნდა მოითხოვოს მან ადმინისტრაციულ ორგანოში ხელახალი განცხადებით; ასევე, სააპელაციო პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული ორგანოს პრაქტიკაზე (რაც სამშენებლო დავების განხილვის კვალობაზე კარგადაა ცნობილი სასამართლოსათვის), რომლის თანახმადაც, ხელახალი განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ორგანომ უკვე განხორციელებული ღობის მშენებლობა მიიჩნიოს უნებართვო მშენებლობად და მხარეს მოსთხოვის აღნიშნულისათვის ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენა და შემდგომ გასცეს შესაბამისი დადასტურება; ყოველივე აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ მოცემული დავის მიმართ ნ---------------ის იურიდიული ინტერესი არ გაამქრალა და იგი უდავოდ სახეზეა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ ნაწილშიც სწორად გადაწყვიტა საკითხი (საქმის წარმოებით შეწყვეტაზე უარი), სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის აღნიშნულ ნაწილშიც დაკმაყოფილების საფუძველი.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის საოქმო განჩინება.

 

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -