განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2018
საქმის ნომერი
330210016001208026
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001208026

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

08 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/7348-17

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი - ნ-----–-- კ-------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს- ,,თ-----------’’

წარმომადგენელი - ნ-------- ზ-------

 

დავის საგანი - დავალიანების დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქაალქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ პროცენტის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს- ,,თ-----------ს” სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ნ-----–-- კ-------ს მოსარჩელე ს- ,,თ-----------ს” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2014 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 18 347.13 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 16168.68 ლარი, პროცენტი - 1953.37 ლარი, პირგასამტეხლო- 177.7 ლარი და დაზღვევა - 47.38 ლარი; მოპასუხე ნ-----–-- კ-------ს მოსარჩელე ს- ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 16168.68 ლარზე, წლიური 21% სარგებლის გადახდა (ყოველთვიურად 282.95 ლარი), 2015 წლის 16 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს 2018 წლის 20 სექტემბრისა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2014 წლის 25 სექტემბერს ს- ,,თ----------სა“ და ნ-----–-- კ-------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1--------------, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 18 700 ლარის ოდენობით, 1456 დღის ვადით, 2018 წლის 20 სექტემბრამდე.

 

სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 13-16)

- 2014 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 1718);

- შეთანხმება დაზღვევაზე და პოლისი (ს.ფ. 19-22);

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 23-24)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

2.2 ნ-----–-- კ------- პერიოდულად არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2015 წლის 20 ივნისის შემდეგ არ განუხორციელებია თანხის გადახდა. მისი დავალიანება ბანკის წინაშე 2015 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენს 19 947.14 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 16168.68 ლარი, პროცენტი - 1953.37 ლარი, პირგასამტეხლო - 1777.71 ლარი და დაზღვევა - 47.38 ლარი;

 

სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 25-26);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 27)

 

2.3 მოპასუხე ნ-----–-- კ-------მ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ - სესხის ძირითადი თანხისა და დაზღვევის ნაწილში.

 

სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, 2017 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ განმარტა, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 25 სექტემბერს ს- ,,თ----------სა“ და ნ-----–-- კ-------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 18700 ლარის ოდენობით, 1456 დღის ვადით; ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მიმდინარე პერიოდზე G----ში. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა.

 

სასამართლოს განმარტებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

საქმეში წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და დადგენილ ვადაში.

 

სასამართლოს მითითებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ზემოთ დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები. მოსარჩელის უფლებაა აღძრას საქმე, განსზაღვროს სარჩელის საგანი, საფუძველი და ა.შ. ანალოგიურად ვრცელდება პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი მოპასუხეზე, რომელსაც დასახელებული პრინციპის ფარგლებში შუძლია ცნოს სარჩელი.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხემ სესხის ძირი თანხისა და დაზღვევის ნაწილში ცნო სასარჩელო მოთხოვნა ს- ,,თ-----------ს“ სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის - 16168.68 ლარისა და დაზღვევის - 47.38 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა.

 

2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი;

 

2014 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტით სარგებლობისათვის განსაზღვრულ იქნა წლიური საპროცენტო განაკვეთი 21%-ის ოდენობით.

 

შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, ს- ,,თ-----------ს“ სასარჩელო მოთხოვნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარგებლის - 1953.37 ლარის ნაწილში დავალიანების მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრების თაობაზე.

 

2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებზე, რომლის თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თვისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამეტხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის წერილობით იქნა შეთანხმებული მხარეთა შორის, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით: ფიქსირებული 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს, როგორც დარღვეული უფლების აღდგენის, ასევე კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საშუალებას. ამასთანავე, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან დავალიანების ნაწილობრივ ცნობისა და მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და ჩათვალა, რომ ს- ,,თ-----------ს” მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, კერძოდ - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შემცირდა 10-ჯერ და ჯარიმის ოდენობად განისაზღვროს 177.7 ლარით.

 

2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როდესაც საქმე ეხება ფულად ვალდებულებას, რაც განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება, დაეყრდნო მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და მიუთითა, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს, საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მინიმუმ წლიურ 21%- ს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში მიჩნეული იქნა საფუძვლიანად და ნ-----–-- კ-------ს ს- ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2015 წლის 16 დეკემბრიდან) 2014 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 16168.68 ლარზე, წლიური 21% სარგებლის გადახდა (რაც ყოველთვიურად შეადგენს 282.95 ლარს) აღსრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს 2018 წლის 20 სექტემბრისა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რატომ გახდა იძულებული დაერღვია ხელშეკრულების პირობები. მისი განმარტებით მრავალჯერ მიმართა საბანკო დაწესებულებას დავალიანების რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით, თუმცა მისთვის მისაღები პირობები ბანკის მიერ შეთავაზებული არ იქნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მისთვის პროცენტის სახით თანხის დაკისრების საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:

- 2014 წლის 25 სექტემბერს ს- ,,თ----------ს“ და ნ-----–-- კ-------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1--------------, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე 1456 დღის ვადით გაიცა კრედიტი 18 700 ლარის ოდენობით, სესხისთვის გათვალისწინებული იქნა წლიური სარგებელი 21 %-ის ოდენობით. (ტ.1.ს.ფ. 13-24)

 

- მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, კრედიტის დაფარვის გრაფიკი, მის მიერ 2015 წლის 20 ივნისის შემდეგ გადახდები განუხორციელებული აღარ ყოფილა, რის გამოც 2015 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით ნ-----–-- კ-------ს ერიცხებოდა დავალიანება მათ შორის სესხის პროცენტი - 1953.37 ლარის ოდენობით (ტ.1.ს.ფ. 25-27).

 

4.1.1. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც საბანკო დაწესებულებამ მისი შემოსავლების შესაბამისად არ შესთავაზა კრედიტის დასაფარად ახალი გრაფიკის შედგენა არ არსებობდა უკვე დარიცხული პროცენტის და მიუღებელი სარგებლის სახით თანხის დაკისრების საფუძველი.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

ამავე კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეებმა მათ შორის დადებული ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პროცენტი (ფაქტობრივი გარემოება 4.1). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამდენად, 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი სარგებელია, რომელსაც იღებს გამსესხებელი სასესხო ურთიერთობიდან.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ივარაუდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვალისწინებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს. შესაბამისად, თითოეული მხარე პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულებების შესრულებაზე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 29.12.2000 წლის №350 ბრძანების მე-3 მუხლის ,,ვ’’ პუნქტის მიხედვით „რესტრუქტურიზებული სესხი“ - არის სესხი, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე მსესხებლის იურიდიული ან ფინანსური მდგომარეობის გამო, არსებობს შეთანხმება ბანკსა და მსესხებელს შორის. რესტრუქტურიზებული სესხებს მიეკუთვნება ყველა ის სესხი, რომლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეცვლილია ერთ-ერთი შემდეგი ქვეპუნქტის მიხედვით:

- საპროცენტო განაკვეთის შემცირება ან დარიცხული პროცენტების მიღების უფლებაზე უარის თქმა;

- ძირითადი თანხის ან პროცენტის შემცირება, რაც არ არის მსესხებლის მიერ გადახდის შედეგი;

- სესხის დაფარვის ვადის გაგრძელება;

- ბანკის მიერ მსესხებლისათვის მინიჭებული ნებისმიერი სხვა უფლება ან პრივილეგია, რაც ნორმალურ პირობებში არ მოხდებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ აპელანტი დარიცხული პროცენტის და მიუღებელი სარგებლის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე პრეტენზიას აცხადებს იმ საფუძვლით, რომ მიუხედავად მისი არაერთი თხოვნისა საბანკო დაწესებულების მხრიდან არ მოხდა მისი შემოსავლების შესაბამისად მიმდინარე სესხის რესტრუქტურიზაცია. პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 29.12.200 წლის #350 ბრძანების მიხედვით სესხის რესტრუქტურიზაციისთვის სავალდებულო პირობად გათვალისწინებულია მსესხბელის იურიდიული ან ფინანსური მდგომარეობის გამო მსესხებელს და ბანკს შორის შეთანხმების მიღწევა. აპელანტის პრეტენზია, პალატის მოსაზრებით, შესაძლოა ნაწილობრივ მაინც, გასაზირებელი ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურებული იქნებოდა მსესხებლის იურიდიული და ფინანსუირ მდგომარეობის ცვლილება და აღნიშნულის საფუძველზე საბანკო დაწსებულებისთვის მიმართვა ბაზარზე არსებული პირობებს შესაბამისად შეთანხმების მიღწევის თაობაზე. პალატა შენიშანვს, რომ ამ თვალსაზრისით აპელანტს მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

4.1.2. მიუღებელ შემოსავალთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარედ საბანკო დაწესებულება გვევლინება, რომლის როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესი, კრედიტის გაცემა და ამით გარკვეული მოგების მიღებაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება როგორც წესი მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). ამდენად, საბანკო დაწესებულების მხრიდან ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. უფრო მეტიც, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. საბანკო დაწესებულების შემთხვევაში შემოსავალში შეიძლება ვიგულისხმოთ საპროცენტო განაკვეთი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. აღნიშნულთან მიმართებით საყურადღებოა თუ რა ჩაითვლება მიუღებელ შემოსავლად. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი კი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალისთვის თანხის დაკისრების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თანხის კრედიტორისათვის დაბრუნების მომენტად შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება ჩაითვლება და არა გადაწყვეტილების გამოტანის ან ხელშეკრულების მოშლის თარიღი. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე, თუმცა არაუმეტეს 2018 წლის 20 სექტემბრამდე მოითხოვს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობას მასზედ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ნ-----–-- კ------ის მიერ 25.09.2014 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში სახეზეა მიუღებელი შემოსავლის სახით ამ უკანასკნელისთვის ყოველთვიურად თანხის გადახდის დაკისრების საფუძველი. ამასთან, მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი თანხის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლია, რომელიც ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მიუღებელი შემოსავლისთვის ითვალისწინებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–-- კ-------მ მასსა და ს- ,,თ----------ს’’ შორის 25.09.2014 წელს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ 2015 წლის 20 ივნისის შემდეგ თანხის გადახდა აღარ განუხორცილებია. პალატამ ფულის თვისების და მოსარჩელის საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით ასევე დადგენილად ცნო, რომ საბანკო სფეროში მოღვაწე სუბიექტისთვის თანხის დაბრუნების შემთხვევაში ასეთი სუბიექტი ფულის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის მიღებას უპირობოდ შეძლებდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ს- ,,თ-----------ს’’ მიუღებელ შემოსავლად სწორად იქნა მიჩნეული ის შემოსავალი, რასაც საბანკო დაწესებულება მისთვის ფულის სარეალიზაციოდ დაბრუნებამდე, თუმცა არაუმეტეს ხელშეკრულების დარღვევიდან 2018 წლის 20 სექტემბრამდე ნ-----–-- კ------ისთვის გადაცემული ფულადი რესურსის დაკრედიტებით, სადავო ხელშეკრულებით გათვლისწინებული საპროცენტო განაკვეთით მიიღებდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 451.63 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----–-- კ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური