განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210017001982363
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/522-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
აპელანტები - კ----- მ------–----, ს------ ბ----------
წარმომადგენელი - ო---- მ-----------–----
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,კ-------------”
წარმომადგენელი - ბ--- ნ---------
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევის და ჯარიმის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს ,,კ-------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე კ----- მ------–---ს მოსარჩელე სს ,,კ-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 11 366,68 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 9982, 63 აშშ დოლარი, სარგებელი - 987, 34 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 280 აშშ დოლარი, საკომისიო - 18,60 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 98,11 აშშ დოლარი. მოპასუხე კ----- მ------–----სათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: მდებარე მ--------–ის რაიონი, სოფელი ს-----------, მესაკუთრე კ----- მ------–---- (პ/ნ 2----------), ს/კ 8-----------, დაზუსტებული ფართობი: 2360 კვ.მ., ; მდებარე მ--------–ის რაიონი, სოფელი ა------–--, ს/კ 8-----------, დაზუსტებული ფართობი: 2280 კვ.მ., მესაკუთრე კ----- მ------–---- (პ/ნ 2----------); მდებარე ქ. მ--------–ი, ნ----------ის ქუჩა, ს/კ 8-----------, დაზუსტებული ფართობი: 1500 კვ.მ., მესაკუთრე ს------ ბ---------- (პ/ნ 2----------). დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხე კ----- მ------–----ს საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 05 თებერვალს მოსარჩელემ და კ----- მ------–---მა გააფორმეს სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება 240 თვის ვადით, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება პერიოდულად განეხილა მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის მაქსიმალური ოდენობა - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა გაცემულიყო სესხი პერიოდულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
-სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება (ს. ფ. 18-19 );
- სესხის ხელშეკრულება (ს. ფ. 37-38 );
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.2. 2015 წლის 05 თებერვალს, სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების საფუძველზე და მის ფარგლებში გაცემული (გასაცემი) სესხის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის შესაბამისად იპოთეკით დაიტვირთა კ. მ------–----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მ--------–ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს-----------, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2360 კვ.მ, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ს/კ: 8-----------, მის.: მ--------–ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა------–--, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2280 კვ.მ; მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ს/კ: 8-----------) და მოპასუხე ს------ ბ----------ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მის.: ქ. მ--------–ი, ნ----------ის ქუჩა, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 1500 კვ.მ; ს/კ: 8-----------)
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-28);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 23-36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.3. ხელშეკრულებების 5.11 მუხლის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის/იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს. ფ. 23-36);
2.4. 2015 წლის 05 თებერვალს სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ და მსესხებელმა კ----- მ------–---მა 2015 წლის 18 თებერვალს დადეს სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა ისესხა 24 000 აშშ დოლარი, 40 თვის ვადით. ამავე ხელშეკურლების 3.7 მუხლის თანახმად, ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 1,3%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.8 მუხლის საფუძველზე კი გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან).
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სესხის ხელშეკრულება (ს. ფ. 37-38);
2.5. სესხის ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სესხის ხელშეკრულება (ს. ფ. 37-38);
- შეთანხმება დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ს. ფ.42-46);
- საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები (ს. ფ. 47-50 );
- შეთანხმება სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისში ცვლილების შეტანის შესახებ (ს. ფ. 51-59, 67);
-საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის განაცხადი ( ს.ფ 60-61)
- სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისი მ-----------------------------–-----------ს სესხის მომხმარებლებისათვის (ს.ფ 62-66)
- შეთანხმება სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისში დამატებითი სადაზღვევო ფონდის შექმნის შესახებ ს.ფ.68)
- შეთანხმება სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისის ვადის გაგრძელების შესახებ ( ს.ფ. 69).
2.6 სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა, ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისოს, ჯარიმის და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალი.
- სესხის ხელშეკრულება (ს. ფ. 37-38 );
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.7. სესხის დაფარვის გრაფიკი მსესხებლის მიერ დარღვეულია 2017 წლის 18 აპრილიდან.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- გადახდების ისტორია (ს. ფ. 70-71);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
2.8. მოპასუხეებს მიეცათ წერილობითი გაფრთხილება გადაეხადა ვადაგადაცილებული თანხები.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- გაფრთხილება მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე (ს. ფ.72, 74);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 2-7, 103-105)
2.9. შპს ,,მ-----------------------------–-----------მ" 2016 წლის 9 სექტემბერს განიცადა რეორგანიზაცია და შეიცვალა სამართლებრივი ფორმა, კერძოდ შპს ,,მ-----------------------------–-----------" 2016 წლის 9 სექტემბრიდან გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება "მ-----------------------------–-----------დ“, ასევე მოსარჩელემ შეიცვალა სახელი და გახდა სს ,,კ-------------“. სუბიექტის საიდენტიფიკაციო ნომერი კი დარჩა უცვლელი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 89-90 );
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 2-7)
2.10. მოპასუხე კ----- მ------–---- ცნობს სარჩელს ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ, კერძოდ, 8725, 46 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მტკიცებულება:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება .
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.11. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ მისთვის უცნობი იყო სესხის ხელშეკრულების შინაარსი და დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივ გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხისათვის სრულად იყო ცნობილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ხსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა სიას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
მოპასუხის განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა შემდეგი პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას საზოგადოდ ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, კ. მ------–----ს მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია ხელშეკრულებებზე (მათ შორის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებაზე) ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ის მართლაც არ გაცნობია ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან დაშვებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.
თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა- ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეს მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენიათ. მხარის ახსნა-განმარტება, მართალია, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მტკიცებულებას წარმოადგენს, მაგრამ მას მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან ერთად უპირისპირდება და აბათილებს წერილობითი მტკიცებულებები - სესხის ხელშეკრულება, სესხის დაფარვის გრაფიკი, სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლებზეც მოპასუხის მიერ შესრულებულია ხელმოწერა.
აღსანიშნავია, რომ ხელმოწერები შესრულებულია ქართულ ენაზე. ამასთან, არც მხარის განმარტებითა და არც საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ რაიმე პრეტენზია ენის არცოდნის, ხელშეკრულების შინაარსის ახსნის ან/და თარჯიმნის მონაწილეობის შესახებ გამოთქვა ხელშეკრულების დადებისას. ამასთან, სასამართლო დაზღვევის თანხასთან მიმართებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით პირდაპირ არის გათვალისწინებული, რომ სესხი სარგებლიანია და მსესხებელი ვალდებულია ძირითად თანხასთან ერთად გადაიხადოს მასზე დარიცხული სარგებელი, ასევე დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა და მომსახურების საკომისიო. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ მოსარჩელე მხარე სადაზღვევო კომპანიას უხდიდა სიცოცხლის დაზღვევის თანხას, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სარჩელს ერთვის შეთანხმება დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასვე სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისი მ-----------------------------–-----------ს სესხის მომხმარებლებისათვის (ს.ფ 42-46, 62-66), ხოლო რაც შეხება მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას იმის შესახებ, რომ სადაზღვევო კომპანიასა და სს ,,კ------------ს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არ არის დაზღვეული პირის თანხმობა სასამართლო პროცესზე აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების, (რომელიც გაფორმებულია სს ,,კ------------სა" და სადაზღვევო კომპანიას შორის ) თანახამად, მთლიანად იზღვევა სს ,,კ-------------დან" გასული ნებისმიერი თანხა, რაც გათვალისიწნებული გადახდის გრაფიკში, რაზედაც კ----- მ------–---- აწერს ხელს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
-სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება (ს. ფ. 18-19 );
- სესხის ხელშეკრულება (ს. ფ. 37-38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის სხდომის ოქმი, 17:37:34- 17:38:38სთ.).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.12. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 05 თებერვალს მოსარჩელეს და კ----- მ------–---ს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება 240 თვის ვადით, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება პერიოდულად განეხილა მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის მაქსიმალური ოდენობა - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა გაცემულიყო სესხი პერიოდულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 05 თებერვალს სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემა და მსესხებელმა კ----- მ------–---მა 2015 წლის 18 თებერვალს დადეს სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა ისესხა 24 000 აშშ დოლარი, 40 თვის ვადით, ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 1,3%-ს. სესხის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსესხებლისათვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია 2017 წლის 18 აპრილის შემდგომ, ამასთან, სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა, ამავე დროს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისოს, ჯარიმის და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალი. აღნიშნული გარემოებები სასამართლომ საკმარის საფუძვლად მიიჩნია სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის და მსესხებლისათვის დავალიანებული თანხის დაკისრების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
მოპასუხე შესაგებელში მიუთითებდნენ, რომ მათ მიერ გადახდილი თანხით არ უნდა დაფარულიყო დაზღვევის თანხა, საკომისიო და მითითებული ოდენობით პირგასამტეხლო, ხოლო საპროცენტო სარგებელი ნაწილობრივ, თუმცა სასამართლო სხდომაზე მათ ცნეს სარჩელი ძირითადი თანხის დავალიანების დაკისრების ნაწილში, რითაც მათ დაადასტურეს, რომ მოსარჩელის მიერ დაანგარიშებული დავალიანება ამ ნაწილში სწორად არის გამოანგარიშებული. შესაბამისად, სასამართლო აღარ მსჯელობს იმ გარემოებაზე, თუ როგორ უნდა გადანაწილებულიყო მოპასუხეების მიერ გადასახდელი თანხა ძირითადი თანხის დავალიანებაზე.
საპროცენტო სარგებელთან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ არ ცნო სარჩელი ამ ნაწილში. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხეთა მითითებაზე, რომ სესხის საპროცენტო სარგებელი - 1,3 % განისაზღვრა არასწორად და ის საგრძნობლად მაღალია. თუმცა, მათ ვერ განმარტეს, თუ რატომ არის განსაზღვრული ის არასწორად და რა იგულისხმება არასწორ განსაზღვრაში. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ასევე ვერ გახდება მითითება იმის თაობაზე, რომ სარგებელი საგრძნობლად მაღალია, ვინაიდან მოპასუხეს არ განუმარტავს, თუ რასთან მიმართებაში არის ის მაღალი. საპროცენტო სარგებლის ოდენობა არც რომელიმე ნორმატიულ აქტს ეწინააღმდეგება.
სასამართლომ საპროცენტო სარგებელთან, დაზღვევის თანხასთან და საკომისიოსთან მიმართებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით პირდაპირ არის გათვალისწინებული, რომ სესხი სარგებლიანია და მსესხებელი ვალდებულია ძირითად თანხასთან ერთად გადაიხადოს მასზე დარიცხული სარგებელი, ასევე დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა და მომსახურების საკომისიო. აღნიშნული თანხები ასევე გაწერილია სესხის დაფარვის გრაფიკში, სადაც მითითებულია როგორც გადახდის პერიოდულობა და ოდენობა, ისე - თუ რომელი დავალიანება დაიფარება მითითებული თანხის გადახდით.
ამასთან, როგორც აღინიშნა, მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ, კერძოდ, 8725,46 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ხოლო მე-2 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. აღნიშნული გარემოება კი ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების კიდევ ერთი საფუძველია.
2.13. სს ,,კ-------------“ ითხოვს დავალიანების გადახდევინების მიზნით კ. მ------–----ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მ--------–ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს-----------, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2360 კვ.მ, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ს/კ: 8-----------, მის.: მ--------–ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა------–--, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2280 კვ.მ; მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ს/კ: 8-----------) და მოპასუხე ს------ ბ----------ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მის.: ქ. მ--------–ი, ნ----------ის ქუჩა, სასოფლო- სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 1500 კვ.მ; ს/კ: 8-----------) სარეალიზაციოდ მიქცევას, ასევე დაკმაყოფილდა მოთხოვნა დავალიანების სრულად დასაფარად მოპასუხეთა საკუთერბაში არსებული სხვა ქონების რეალიზაციის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)მ ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულებისა საფუძველზე და მის ფარგლებში გაცემული (გასაცემი) სესხების უზრუნველყოფის მიზნით დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა კ. მ------–----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მ--------–ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს-----------, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2360 კვ.მ, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ს/კ: 8-----------, მის.: მ--------–ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა------–--, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2280 კვ.მ; მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ს/კ: 8-----------) და მოპასუხე ს------ ბ----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის.: ქ. მ--------–ი, ნ----------ის ქუჩა, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 1500 კვ.მ; ს/კ: 8-----------) იპოთეკა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. მხარეთა შეთანხმებით ასევე გათვალისწინებულია, რომ თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს კ. მ------–----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მ--------–ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს-----------, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2360 კვ.მ, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ს/კ: 8-----------, მის.: მ--------–ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა------–--, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2280 კვ.მ; მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ს/კ: 8-----------) და მოპასუხე ს------ ბ----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მის.: ქ. მ--------–ი, ნ----------ის ქუჩა, სასოფლო- სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 1500 კვ.მ; ს/კ: 8-----------), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა, არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელდეს მოპასუხე კ. მ------–----ს საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით ხელშეკრულება სარგებლის ნაწილში კაბალურ პირობითაა დადებული. მისი შეფასებით სესხის ხელშეკრულების ის პუნქტები, რომლითაც განსაზღვრულია პროცენტის ოდენობა, სიცოცხლის დაზღვევის საფასური, ჯარიმა და პირგასამტეხლო აშკარად ეწინააღმდეგება კანონს. აპელანტის განმარტებით საქმის მასალებით დადასტურებული ვერ იქნა სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ სიცოცხლის დაზღვევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობების’’ შესახებ ხელშეკრულებაში მითითებული არ არის მსესხებლის სახელი და გვარი, ასევე სესხის ხელშეკრულების ნომერი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელის, პირგასამტეხლოს და სიცოხლის დაზღვევის ოდენობა, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობა უნდა შემოწმდეს, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის, პირგასამტეხლოს და დაზღვევის ოდენობის თვალსაზრისით, კერძოდ უნდა ჩაითვალოს თუ არა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გამსესხებლის სასარგებლოდ მსესხებლის სიცოცხლე დაზღვეულად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური სარგებელის და პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალ პროცენტად და შესაბამისად არსებობს თუ არა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:
4.1.1. 2015 წლის 05 თებერვალს ერთი მხრივ კ----- მ------–---ს და მეორე მხრივ შპს ,,მ-----------------------------–-----------ს’’ შორის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით, კ----- მ------–---ს საკრედიტო ლიმიტი 50 000 ლარის ოდენობით გამოეყო. (ტ.1.ს.ფ. 19-20)
4.1.2. 2015 წლის 05 თებერვალს შედგენილი №2-------------- იპოთეკის ხელშეკრულებით 2015 წლის 05 თებერვალს დადებული სესხის ხაზის მომსახურების და მის ფარგლებში გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, კ----- მ------–----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები: 1. მ--------–ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს-----------, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2 360 კვ.მ, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ს/კ: 8----------- და 2. მ--------–ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა------–--, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2280 კვ.მ; მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ს/კ: 8-----------) შპს ,,მ-----------------------------–-----------ს’’ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა (ტ.1.ს.ფ. 21-23, 27-29).
4.1.3. 2015 წლის 05 თებერვალს შედგენილი №2-------------- იპოთეკის ხელშეკრულებით 2015 წლის 05 თებერვალს დადებული სესხის ხაზის მომსახურების და მის ფარგლებში გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ს------ ბ----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: ქ. მ--------–ი, ნ----------ის ქუჩა, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 1500 კვ.მ; ს/კ: 8----------- შპს ,,მ-----------------------------–-----------ს’’ სასარგებლოდ დაიტვირთა იპოთეკით. (ტ.1. 24-26)
იპოთეკის შესახებ ხელშეკრულებების 5.11 პუნქტით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ხელშეკრულებების საგნების რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება, ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესასრულებლად, მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად.
4.1.4. 2015 წლის 05 თებერვალს შპს ,,მ-----------------------------–-----------ს’’ და კ----- მ------–---ს შორის სესხის ხაზის შემადგენელი სესხის ხელშეკრულება გაფორმდა და ამ უკანასკნელს კრედიტის სახით, 24 000 აშშ დოლარი გამოეყო. სესხი 40 თვის ვადით, ყოველთვიურად 1.3 % კლებადი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვით გაიცა. მხარეთა შეთანხმებით, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,27%-ით განისაზღვრა. ამასთან დადგინდა, რომ პირგასამტეხლოს დარიცხა მოხდებოდა მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან. ამავე ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებლის და მსესხებლის რისკების შემცირების მიზნით მსესხებელის ვალდებულებად განისზღვრა, სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა. მსესხებელმა სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, ასევე დადასტურებული იქნა, რომ მას გადაეცა სიცოცხლის დაზღვევის პირობების შესახებ ბუკლეტი. (ტ.1.ს. ფ. 37-38)
4.1.5. კ----- მ------–---მა 2015 წლის 05 თებერვლის გარიგებაში (სესხი) დასახელებული თანხა სრულად მიიღო, თუმცა, მოსარჩელის მიმართ ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია. მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ 11 366.68 აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული თანხიდან სესხის ძირითადი თანხაა - 9 982.63 აშშ დოლარი, პროცენტი - 987.34 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის დარჩენილი თანხის მოცულობაა 280 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისო - 18.60 აშშ დოლარი და ჯარიმა 98.11 აშშ დოლარი. (ტ.1.ს.ფ. 9, 77).
4.1.6. 17.03.2017 წლის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შპს ,,მ-----------------------------–-----------ს" შეეცვალა სამართლებრივი ფორმა და დარეგისტრირდა სააქციო საზოგადოებად, საზოგადოებამ შეიცვალა ასევე საფირმო სახელწოდება და სს ,,კ-------------’’ ეწოდა. (ტ.1.ს.ფ. 90-91)
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების პოზიციას მასზედ, რომ სესხის ხელშეკრულებით სარგებლის და პირგასამტეხლოსთვის გათვალისწინებული იქნა შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეებმა მათ შორის დადებული ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პროცენტი (ფაქტობრივი გარემოება 4.1.4). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამდენად, 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი სარგებელია, რომელსაც იღებს გამსესხებელი სასესხო ურთიერთობიდან.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ივარაუდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვალისწინებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს. შესაბამისად, თითოეული მხარე პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულებების შესრულებაზე.
პალატის მოსაზრებით, შეუსაბამოდ მაღალ პროცენტთან მიმართებით აპელანტის პრეტენზია, შესაძლოა, გასაზირებელი ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხზე ყოველთვიურად კლებადი 1.3 % პროცენტი აშკარად ამოვარდნილი იქნებოდა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისაგან, თუმცა პალატა შენიშანვს, რომ ამ თვალსაზრისით აპელანტს მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ასევე, შესაძლოა აპელანტის ეს პრეტენზია პერსპექტიული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუკი მსესხებელი დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ პირადად მასთან მიმართებაში, მოხდა საკრედიტო დაწესებულების მხრიდან უჩვეულოდ მაღალი პროცენტით სესხის გაცემა, თუმცა არც ამ კუთხით ყოფილა აპელანტის მიერ სასამარათლოსათვის რაიმე მტკიცება შეთავაზებული. შესაბამისად, სახელშეკრულებო პირობა სარგებლზე პროცენტის განსაზღვრის ნაწილში მართლსაწინაღმდეგოდ დიდი მოცულობით განსაზღვრის შესახებ სამართლებრივად წონად მტკიცებულებებზე მითითებით დადასტურებული ვერ იქნა.
სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი სარგებლის შემცირება სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული არ არის. სარგებელთან მიმართებით გამოყენებული ვერ იქნება პირგასამტეხლოსთან დაკავშირებული ვალდებულების მარეგულირებელი ნორმები. (სკ-ის 420-ე მუხ.) მათი გამოყენება სარგებელთან მიმართებით დაუშვებელია პირგასამტეხლოსა და სარგებლის არსობრივად განსხვავებული ხასიათის გამო. სარგებელი წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების არსებით პირობას და მასზე მხარეთა შეთანხმება განიხილება ძირითადი ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად, პირგასამტეხლო კი მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაა და ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში მისი გადახდის ვალდებულება არ არსებობს. ამდენად, აპელანტის პრეტენზია სარგებლის ოდენობის შემცირების თვალსაზრისითაც დაუსაბუთებელია.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების განმარტებას, რომ - შპს ,,მ-----------------------------–-----------მ’’ ისარგებლა აპელანტების გამოუცდელობით და მათთვის საზიანო არახელსაყრელი ხელშეკრულების პირობები შესთავაზა.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტები ასევე ითხოვენ პირგასამტეხლოს შემცირებას და ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტას იმ დასაბუთებით, რომ არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია არა მხოლოდ გადასახდელი პირგასამტეხლო, არამედ კრედიტორის სასარებლოდ უკვე გადახდილი პირგასამტეხლო და იგი უნდა შემცირდეს. შედეგად, პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილად.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც, კრედიტორის მიერ სასამართლოში სარჩელის წარმოდგენამდე მსესხებლის მხრიდან რაიმე ფორმით შედავებული არ ყოფილა სახელშეკრულებო პირობა პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, მსესხებლის მიერ გადახადილი თანხებით უკვე დაფარულია არსებული დავალიანების ნაწილი, მათ შორის, პირგასამტეხლოც, პალატას მიაჩნია, რომ წინამდებარე სააპელაციო საჩივრის საფუძველზე არ არსებობს პირგასამტეხლოს არაგონივრულობის მოტივით უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს კორექტირების (შემცირების) და ამ თანხით ძირითადი ვალდებულების გადახდილად მიჩნევის საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლების ფარგლების ამგვარი გაგებით საფრთხე შეექმნება სამოქალაქო ბრუნვის სიმყარეს და სტაბილურობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 05.02.2015 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კ----- მ------–----ს დავალიანება სს ,,კ-------------ს’’ მიმართ 11366.68 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9982.63 აშშ დოლარი, პროცენტი - 987.34 აშშ დოლარი, დაზღვევა - 280 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო - 18.60 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა (პირგასამტეხლო) 98.11 აშშ დოლარი. დადგენილია ასევე, რომ მსესხებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულება დარღვეულია 2017 წლის 18 აპრილიდან. ამდენად, სესხის ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულების და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებულ პირგასამტეხლოს, რაც მოცემულ შემთხვევაში 98.11 აშშ დოლარს შეადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ ვეღარ მიიჩნევს, აღნიშნული კი თავის მხრივ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის კონტექსტში, მისი შემცირების შესაძლებლობას გამორიცხავს.
მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევასთან მიმართებით, პალატა ყურადღებას შეაჩერებს სესხის ხელშეკრულების 5.1-5.3 პუნქტებზე, რომლითაც მსესხებლის ვალდებულებად განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში მისი სიცოხლის დაზღვევა, ამასთან, დადგინდა, რომ სიცოცხლის დაზღვევის პოლისით მოსარგებლე გამსესხებელი იქნებოდა. სესხით ხელშეკრულებით მსესხებლის ვალდებულებად განისაზღვრა ასევე დროულად და სრულად სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანების გადახდა. უფრო მეტიც, სესხის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის მიხედვით მსესხებელმა სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს. საგულისხმოა ასევე, რომ მსესხებლის მიერ გადახდილი იქნა სადაზღვევო შენატანიც.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 15.02.2013 წელს ერთი მხრივ სს ,,სა-------------------------–------------ს’’ და მეორე მხრივ შპს ,,მ-----------------------------–-----------ს’’ შორის გაფორმდა დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,კ-------’’ შეთანხმების მოქმედების განმავლობაში თავად, როგორც დამზღვევი, ყველა თავისი მსესხებლის სიცოხლეს სს ,,სა-------------------------–------------სთან’’ დააზღვევდა. თანამშრომლობის მიზნებისთვის მხარეებს შორის გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისი. აღნიშნული ღია პოლისის მიხედვით დამზღვევად განისაზღვრა - შპს მიკროსაფინასო ორგანიზაცია კ-------, მზღვეველად - სს ,,სა-------------------------–------------’’, დაზღვეულად - შპს ,,მ-----------------------------–-----------ს’’ მსესხებელი ფიზიკური პირი, დაზღვევის საგნად კი მიკროსაფინასო ორგანიზაცია კ-------ს სესხების პორტფელი, რომლის წლიური სადაზღვევო ტარიფი სადაზღვევო თანხის 0.8 %-ს შეადგენდა. პოლისის მიხედვით დამზღვევის (შპს ,,მ-----------------------------–-----------) ვალდებულებად განისაზღვრა ყოველთვიური სადაზღვევო პრემიის გადახდა.
ამდენად, 05.02.2015 წლის სესხის ხელშეკრულების, დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 15.02.2013 შეთანხმების და ამ შეთანხმების ფარგლებში გაფორმებული სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისის ერთობლივი ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამოხატული იქნა ნება სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადით დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების და მის ფარგლებში დამტკიცებული სიცოცხლის დაზღვევის პოლისის პირობებით სიცოცხლის დაზღვევის შესახებ. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება კრედიტორის მიერ მზღვეველის სასარგებლოდ სადაზღვევო შენატანის გადახდის ფაქტი პალატა შენიშნავს, რომ აღნიშნული გარემოების დადასტურების პირობებშიც კი დასახელებული გარემოება მზღვეველის მხრიდან სს ,,კ-------------ს’’ მიმართ მოთხოვნის საფუძველია და არა მსესხებლის ნამდვილი ნების საფუძველზე გაფორმებული სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა.
საბოლოოდ, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს. გარდა ამისა, გათვალისწინებით იმისა, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე სრულად არ ყოფილა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ამასთან აპელანტებს უარი ეთქვათ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილევაზე პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტებს კ----- მ------–---ს და ს------ ბ---------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ----- მ------–----ს და ს------ ბ----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. კ----- მ------–---ს და ს------ ბ---------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური