განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001532079
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/5927-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
აპელანტი - დ----- დ------–---–-
წარმომადგენელი - მ--- ნ-----
მოწინააღმდეგე მხარე - ნ---- გ-----
წარმომადგენელი - თ------ ა-------–---–-
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ----- დ------–---–-ს სარჩელი ნ---- გ-----ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს მ-------- რ---–---–ის მიერ 24.05.2016 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №1--------, განხორციელდა ცვლილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ნაცვლად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.2%-ისა 18.09.2013 წლიდან აღსრულებამდე, დ----- დ------–---–ს ნ---- გ-----ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით ძირითადი თანხის 0.02%-ის გადახდა 18.09.2013 წლიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2013 წლის 18 ივნისს მ------ თ--------სა და დ----- დ------–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------.
ხელშეკრულების საფუძველზე, მ------ თ--------მ დ----- დ------–---–ს 3 თვის ვადით ასესხა 34 000 აშშ დოლარი. სესხი იყო სარგებლიანი და ითვალისწინებდა ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 3%-ის დარიცხვას, რომელიც უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 18 რიცხვში. ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, სესხი და პროცენტები უნდა დაბრუნებულიყო 2013 წლის 18 სექტემბრამდე. ამავე პუნქტის თანახმად, გადაუხდელ თანხას ერიცხება პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, სესხი უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით. იპოთეკით დაიტვირთა დ----- დ------–---–-ს საკუთრებაში არსებული, ქ-------–--–---------------------------------–-----------------–--------------------, საერთო ფართობით 125.35 კვ.მ.
აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 48-51)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 52-53)
2.2. დ----- დ------–---–მა ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ დაუბრუნებია სესხის ძირითადი თანხა.
დ----- დ------–---–ს ასევე არ გადაუხდია ორი თვის სარგებელი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ს.ფ. 33-47)
2.3. 2014 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებით (სანოტარო რეგისტრაციის ნომერი №1--------) მ------ თ--------მ ნ---- გ-----ს დაუთმო 2013 წლის 18 ივნისის ხელშეკრულების (სანოტარო რეგისტრაციის ნომერი №1--------) საფუძველზე დ----- დ------–---–-ს მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილი - სესხის ძირითადი თანხიდან, 34 000 აშშ დოლარიდან, 24 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება მასზე დარიცხულ სარგებელსა და პირგასამტეხლოსთან ერთად. ახალ კრედიტორზე გადავიდა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად არსებული იპოთეკაც.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მოთხოვნის ნაწილობრივ დათმობის ხელშეკრულება (ს.ფ. 89-90)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 52-53)
2.4. 2016 წლის 24 მაისს ნოტარიუს მ-------- რ---–---–ის მიერ კრედიტორ ნ---- გ-----ს სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე დ----- დ------–---–-ს მიმართ.
სააღსრულებო ფურცლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სანოტარო აქტი ხელშეკრულება მოთხოვნის ნაწილობრივ დათმობის შესახებ, დამოწმებული 23.12.2014 წელს ნოტარიუს მ-------- რ---–---–ის მიერ, რეგისტრირებული სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის რეესტრში №1--------.
სააღსრულებო ფურცლის მე-5 პუნქტის თანახმად, ვალდებულების შესრულების დროა 2013 წლის 18 სექტემბერი.
სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა ძირითადი თანხა - 24 000 აშშ დოლარი, ორი თვის სარგებელი 1 440 აშშ დოლარი, ასევე მსესხებელს ეკისრება გადასახდელი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,2%, 2013 წლის 18 სექტემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარი.
მე-6 პუნქტის თანახმად სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია - დ----- დ------–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------–-------------------------------------–---------------------------- (ს/კ 0----------------------);
2.5. 14.06.2016 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გ------ კ-------მ დ----- დ------–---–ს მიმართა წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
აღნიშნული წინადადების თანახმად, მის წარმოებაშია ნოტარიუს მ-------- რ---–---–ის მიერ 24.05.2016 წელს გაცემული №1-------- აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება №A--------), რომლის თანახმად, კრედიტორია ნ---- გ-----. სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების თანახმად, დ----- დ------–---–ს დაეკისრა 49 940 აშშ დოლარისა და 124.36 ლარის გადახდა ნ---- გ-----ს სასარგებლოდ. აღნიშნული თანხების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს დ----- დ------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–--------------------------------–-------------------------------, საკადასტრო კოდი: 0----------------------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 57-61)
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. ნოტარიუს მ-------- რ---–---–ის მიერ 24.05.16 წელს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დ----- დ------–---–-სათვის დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს 0.02%-მდე. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში უნდა განხორციელდეს ცვლილება და მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს ნაცვლად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.2%-ისა 18.09.2013 წლიდან აღსრულებამდე, ძირითადი თანხის 0.02%-ის ოდენობით 18.09.2013 წლიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე-24.05.2016 წლამდე;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლოს განმარტებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012).
სასამართლომ ასევე დამატებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და დადგენილად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუს მ-------- რ---–---–ის მიერ 24.05.2016 წელს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დ----- დ------–---–ს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 0,02%-ის გადახდა ნაცვლად 0,2%-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 18.09.2013. წლიდან 24.05.2016 წლამდე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით მართალია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემცირებული იქნა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, თუმცა, სესხის ძირი თანხის მოცულობის გათვალისწინებით უკვე შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა კვლავ შეუსაბამოდ მაღალია, რამეთუ ყოველდღიურად 4.8 აშშ დოლარს შეადგენს, რაც თავის მხრივ იძლევა საფუძველს კიდევ უფრო შესამცირებლად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:
- 2013 წლის 18 ივნისს მ------ თ--------სა და დ----- დ------–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------. ხელშეკრულების საფუძველზე, მ------ თ--------მ დ----- დ------–---–ს 3 თვის ვადით ასესხა 34 000 აშშ დოლარი. სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებული იქნა სარგებელი, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 3%-ის ოდენობით. სესხი პროცენტებთან ერთად 2013 წლის 18 სექტემბრამდე უნდა დაბრუნებულიყო. ვალდებულების დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის გადაუხდელ თანხის 0,2%-ის ოდენობით.
სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა დ----- დ------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ-------–--–---------------------------------–-----------------–--------------------, საერთო ფართობით 125.35 კვ.მ. (ტ.1.ს.ფ. 48-53)
- მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ დ----- დ------–---–მა დაარღვია 18.06.2013 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები.
- 2014 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებით (სანოტარო რეგისტრაციის ნომერი №1--------) მ------ თ--------მ ნ---- გ-----ს დაუთმო 2013 წლის 18 ივნისის ხელშეკრულების (სანოტარო რეგისტრაციის ნომერი №1--------) საფუძველზე დ----- დ------–---–-ს მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილი, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხიდან - 34 000 აშშ დოლარიდან, 24 000 აშშ დოლარის, მასზე დარიცხული სარგებელის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. ახალ კრედიტორზე გადავიდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაც. (ტ.1.ს.ფ. 52-53; 89-90)
- 23.12.2014 წლის ხელშეკრულების (მოთხოვნის ნაწილობრივ დათმობის შესახებ) საფუძველზე ნოტარიუს მ-------- რ---–---–ის მიერ 2016 წლის 24 მაისს ნ---- გ-----ს სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითადი თანხა - 24 000 აშშ დოლარი, ორი თვის სარგებელი 1 440 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,2%, 2013 წლის 18 სექტემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარი. (ტ.1.ს.ფ. 17-18)
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა კვლავ არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლოს ის გადასახდელი თანხის 0.002 %-მდე უნდა შეემცირებინა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, 18.06.2013 წლის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0.2%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.02 %-მდე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებას, კერძოდ, დაკისრებული პირგასამტეხლოს დაყვანას ყოველდღიურად 0.002 %-მდე. (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ. 1, ს.ფ. 128-138) აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. ამასთან, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ მიიჩნევს პირველი ინსტანციის მიერ შემცირებულ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და რა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ითხოვს შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებას. რაც თავის მხრივ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის კონტექსტში, უკვე ათჯერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ შემცირების შესაძლებლობას გამორიცხავს. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დავალიანების ოდენობაზე (ძირითადი თანხა - 24 000 აშშ დოლარი, ორი თვის სარგებელი 1 440 აშშ დოლარი), ასევე ვადაგაცილების პერიოდზე (ვადაგადაცილება შეადგენს 4 წელზე მეტ პერიოდს) და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირება გაუმართლებელია. ამგვარად, სასამართლო ასკვნის, რომ აპელანტის მოთხოვნა პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 420.7 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ----- დ------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე /
/დიანა ბერეკაშვილი /