განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140310017001855974
საქმე N3ბ/1837-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
22 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - თამარ ონიანი, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;
წარმომადგენელი - ნ------------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ------- ი--------–--ლი;
წარმომადგენელი - ზ-----------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 14 თებრვლის №--- განკარგულებისა და 2017 წლის 21 თებერვლის №---- აქტის ბათილად ცნობა;
1.2. ქალაქ გ----–-, მ–-------ის გამზ. № 29-ის მიმდებარე არსებულ 150 მ2 არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების დავალება;
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ნ------- ი--------–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 14 თებრვლის №-- განკარგულება და 2017 წლის 21 თებერვლის №---- აქტი. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ------- ი--------–--ლის 2016 წლის 15 აგვისტოს № ი-58 განცხადებაში მითითებულ ქალაქ გ----–-, მ–-------ის ქ. № 29-ის მიმდებარედ არსებულ 150 მ2 არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე ნ------- ი--------–--ლის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. დადგენილია, რომ ნ------- ი--------–--ლს საკუთრებაშია გ----–-, მ–-------ის ქ. №29-ში მდებარე უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი მრავასართულიან კორპუსში საკადასტრო კოდით 6------------------.
4.2. ნ------- ი--------–--ლი 1980 წლიდან თვითნებურად ფლობს ქალაქ გ----–-, მ–-------ის გამზ. №29-ის მიმდებარედ არსებულ 150 მ2 არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე იმავე წელს ააშენა შენობა-ნაგებობა (სათავსი), რითაც სარგებლობს დღემდე.
4.3. ნ------- ი--------–--ლს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ უარი ეთქვა მითითებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით საცხოვრებელი განაშენიანება საჭიროა გამოცალკევდეს რკინიგზის ხაზებისგან სანიტარულ - დამცველი ზონებით, განაპირა სარკინიგზო ლიანდაგის ღერძიდან 100 მეტრის სიგანით. (ტომი I, ს.ფ. 24-27).
4.4. ნ------- ი--------–--ლის თვითნებურად დაკავებული მიწის ფართის მომიჯნავედ საკუთრება რეგისტრირებული აქვს სხვა პირს, რომელსაც ამ მიწაზე საკუთრების უფლება უღიარა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა კომისიამ, როგორც თვითნებურად დაკავებული ფართი.
4.5. სს ,,ს----------–-------------ას”, ქალაქ გ----–- საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს 22 524 მ2 მიწის ნაკვეთი №6----------- საკადასტრო კოდით, რომლის მიმდებარედაც განთავსებულია ნ------- ი--------–--ლის მიერ თვითნებურად დაკავებული ფართი და მის მომიჯნავედ მდებარე სხვა პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. (ტ I, ს.ფ. 28).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლომ ,,საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი, ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის № 1-1/251 ბრძანების ის ჩანაწერი, სადაც განმარტებულია, რომ საცხოვრებელი ნაგებობა აუცილებელია მოშორებულ იქნეს სანიტარულ - დაცვითი ზონით რკინიგზის განაპირა ლიანდაგიდან 100 მეტრის სიგანით, არ მიიჩნია, მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად და განმარტა, რომ ამგვარი აკრძალვა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული არ არის; ასევე მიუთითა, რომ ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი, ნორმები, წესები და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტები სახელმძღვანელო იყო სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, რამდენადაც იმ დროისათვის მშენებლობის ერთადერთი განმახორციელებელი იყო მხოლოდ სახელმწიფო.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ნ------- ი--------–--ლის თვითნებურად დაკავებული მიწის ფართის მომიჯნავედ საკუთრება რეგისტრირებული აქვს სხვა პირს, რომელსაც მიწაზე საკუთრების უფლება უღიარა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა კომისიამ, როგორც თვითნებურად დაკავებული ფართი. წარდგენილ ადმინისტრაციული წარმოების მასალების მიხედვით სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები ორივე შემთხვევაში აბსოლუტურად იდენტურია, ხოლო ნ------- ი--------–--ლის მიმართებაში კომისიის მიერ სხვა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს უარი.
6. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო მოთხოვნა:
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძვლით მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის საოქმო განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
6.1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისაგან.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში, დავის ძირითადი საგანი უკავშირდება ქალაქ გ----–-, მ–-------ის გამზ. № 29-ის მიმდებარედ 1980 წლიდან თვითნებურად დაკავებული 150 მ2 არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე იმავე წელს აშენებული შენობა - ნაგებობის (სათავსი) საკუთრების უფლების აღიარებას.
მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 14 თებრვლის №--- განკარგულებისა და 2017 წლის 21 თებერვლის №---- აქტის ბათილად ცნობა და 2016 წლის 15 აგვისტოს განცხადებაში მითითებულ ქალაქ გ----–-, მ–-------ის გამზ. № 29-ის მიმდებარე არსებულ 150 მ2 არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების დავალება.
პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით. ხოლო ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ამ მუხლითა და ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
პალატა ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით.
ამავე კანონის 51 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კომისია მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხზე გამოსცემს იდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს − განკარგულებას, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
პალატა მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ ფაქტობრივ გარემობას წარმოადგენს, რომ ნ------- ი--------–--ლი ქალაქ გ----–-, მ–-------ის გამზ. № 29-ის მიმდებარედ არსებულ 150 მ2 არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს თვითნებურად ფლობს 1980 წლიდან. მასზე იმავე წელს ააშენა შენობა - ნაგებობა (სათავსი), რითაც სარგებლობს დღემდე.
საქმის მასალებით დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სს ,,ს----------–-------------ას” ქალაქ გ----–- საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს 22 524 მ2 მიწის ნაკვეთი № 6----------- საკადასტრო კოდით, რომლის მიმდებარედაც განთავსებულია ნ------- ი--------–--ლის მიერ თვითნებურად დაკავებული ფართი. ასევე დადგენილია, რომ ნ------- ი--------–--ლს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ უარი ეთქვა მითითებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. ასევე დადგენილია, რომ ქონება რომელზედაც მოთხოვნილია საკუთრების უფლების აღიარება, მდებარეობს სარკინიგზო ხაზის გვერდით, დაახლოებით 35-40 მეტრის დაშორებით.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ნ------- ი--------–--ლის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთი ფორმალური თვალსაზრისით აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, თუმცა პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულ იმ მოსაზრებას, რომ სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული ამგვარი აკრძალვა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული არ არის; ასევე ვერ გაიზიარებს იმ პოზიციას, რომ ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი, ნორმები, წესები და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტები სახელმძღვანელო იყო სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, რამდენადაც იმ დროისათვის მშენებლობის ერთადერთი განმახორციელებელი იყო მხოლოდ სახელმწიფო.
პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლებით აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწები: ნ) სანიტარული და დაცვითი ზონები.
იგივე დებულებას შეიცავს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილება, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლებით აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწები: ნ) სანიტარული და დაცვითი ზონები.
ადმინისტრაციული წარმოების დროს, აღიარების კომისიის მიერ, სს "ს----------–-------------იდან" გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, დაირღვეოდა თუ არა კანონი მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემით, რაზედაც აღიარების კომისიას ეცნობა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ერთსართულიანი 20.88 კვ.მ საცხოვრებელი შენობა, რომელიც რკინიგზის ლიანდაგიდან დაცილებულია 34-35 მეტრით. ასევე ეცნობა, რომ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა სს "ს----------–-------------ას" არ მიაჩნდა მიზანშეწონილად ვინაიდან, მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემით ირღვევა "საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის № 1-1/251 ბრძანებით აღიარებული CNиП 2.0701-89-ის (ქალაქმშენებლობა) 6.8 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელი განაშენიანება საჭიროა გამოცალკევდეს რკინიგზის ხაზებისგან სანიტარულ - დამცავი ზონებით, სიგანე 100 მ. ათვლა ხდება განაპირა სარკინიგზო ღერძიდან.
პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მინისტრის ზემოაღნიშნულ ბრძანებაში, რომელიც დღემდე მოქმედია, ცალსახადაა დაფიქსირებული, რომ საცხოვრებელი განაშენიანება საჭიროა გამოცალკევდეს რკინიგზის ხაზებისგან სანიტარულ - დამცავი ზონებით, სიგანე 100 მ. ათვლა ხდება განაპირა სარკინიგზო ღერძიდან.
ამდენად, ცალსახაა, რომ რკინიგზის ლიანდაგიდან 100 მეტრის დაშორებით მანძილი კანონმა აღიარა სანიტარულ/დაცვით ზონად, რომლის ფარგლებშიც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას კრძალავს კანონი და მთავრობის დადგენილება.
სააპელაციო პალატა, ითვალისწინებს და აცნობიერებს რა რკინიგზის მზარდ მნიშვნელობას საქართველოსათვის, როგორც სატრანზიტო ქვეყნისათვის (რკინიგზის განსაკუთრებული მნიშვნელობა დიდი ხანია უდავოა ცივილიზებული სამყაროსათვის, განსაკუთრებით ცენტრალური და დასავლეთ ევროპისათვის), კანონმდებლობაში გათვალისწინებული ამგვარი შეზღუდვა სრულიად ლოგიკურად და სამართლიანად მიაჩნია, რადგან თვლის, რომ თანამედროვე რკინიგზა წარმოადგენს ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხო სატრანსპორტო ალტერნატივას; მთლიანობაში იგი უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე საავტომობილო ტრანსპორტი და გაცილებით უფრო უსაფრთხოა ბუნებრივი გარემოსათვის; იგი გაცილებით ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს წყლის რესურსებზე და ატმოსფერულ ჰაერზე; მისი მშენებლობა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ტრანსპორტის სხვა სახეობებისა. თანამედროვე და კარგად გამართული რკინიგზა ხშირად იძლევა მნიშვნელოვან უპირატესობებს ეკოლოგიური, მიწით სარგებლობის და საინვესტიციო თვალსაზრისით. ასევე, რკინიგზის სპეციფიკა მოითხოვს ლიანდაგამდე გარკვეული მანძილის თავისუფალ მდგომარეობაში არსებობას მისი უკეთესი ექსპლუატაციისათვის, სწორედ ამ მიზნით არსებობს ე.წ. გასხვისების ზოლიც. გარდა ამისა, რკინიგზის მზარდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლოა განხორციელდეს მისი გაფართოვება, რისთვისაც საჭირო გახდება მიმდებარე ტერიტორიების ათვისება, რასაც ხელს შეუშლის ამ ტერიტორიების კერძო საკუთრებაში არსებობა; ამასთან, გასათვალისწინებელია რკინიგზიდან მომდინარე ზემოქმედებაც - ხმაური, ვიბრაცია, სარკინიგზო გადაზიდვის ობიექტის სახეობა (თუკი გადაიზიდება ადვილად აალებადი მასალა ან ნივთიერება), რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ახლომდებარე დასახლებას, ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) სუნი (დამოკიდებულია გადასაზიდ ობიექტზე) და სხვა.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული სააპელაციო პალატას არწმუნებს, რომ კანონმდებლობაში სრულიად ლეგიტიმურად და სამართლიანადაა გათვალისწინებული რკინიგზის ლიანდაგიდან 100 მეტრის დაშორებით სანიტარულ-დამცავი ზონების არსებობა და ამ ზონაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობა. აღნიშნულის შესაბამაისად, პალატისათვის გაუგებარია, თუ რატომ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომ დაინტერესებაში მყოფ მიწაზე საკუთრების აღიარებაზე უარის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული საფუძველი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ იყო.
პალატა მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, რომლის განსაზღვრის შემთხვევაში კოლეგიური უფლებამოსილების ფარგლებში მიიღება გადაწყვეტილება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო დისკრეციით.
ამდენად, დადგენილი გარემოებების გათვალისინებით პალატას მიაჩნია, რომ ნ------- ი--------–--–ის მიერ არათუ ვერ იქნა წარდგენილი თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონმდებლობით გათვალიწინებული საკმარისი დოკუმენტები, არამედ საკუთრების უფლების აღიარება ეწნაღმდეგებოდა კანონმდებლობას, რაც გამორიცხავს სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასა და ახალი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის.
7.2. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს განსახილველ კონტექსტში პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ნ------- ი--------–--ლის თვითნებურად დაკავებული მიწის ფართის მომიჯნავედ საკუთრება რეგისტრირებული აქვს სხვა პირს, რომელსაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება უღიარა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა კომისიამ, როგორც თვითნებურად დაკავებული ფართი. ადმინისტრაციული წარმოების მასალებისა და ნ------- ი--------–--ლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ორივე შემთხვევა აბსოლუტურად იდენტურია და კომისიის მიერ სხვადასხვა გადაწყვეტილებებია მიღებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან. კანონის წინაშე თანასწორობა, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული კონკრეტული უფლებაა, ხოლო მეორე მხრივ, ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს ძირითადი უფლებებით სარგებლობის ზოგად წესს, უზრუნველყოფს უფლება - თავისუფლებათა განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე და იცავს ადამიანს უთანასწორო მოპყრობისაგან. კანონის წინაშე თანასწორობის ეს ზოგადი დებულება გულისხმობს სახელმწიფო აპარატის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას, დაუშვებელია ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე პირთა, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოსათვის, კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა თავისთავად ვერ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად; ამ მოთხოვნის დარღვევა სახეზეა მაშინ, როდესაც იკვეთება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობის ერთ - ერთი მხარის შეზღუდვის ან მისთვის უპირატესობის მინიჭების გონივრული, საქმის არსიდან გამომდინარე საფუძველი. პალატის მოსაზრებით, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. ეს პრინციპი გულისხმობს თანასწორებას კანონიერებაში და არა უკანონობაში; პალატას კი მიაჩნია, რომ ნ------- ი--------–--ლისათვის სანიტარულ-დაცვით ზონაში საკუთრების უფლების აღიარება უკანონო იქნებოდა და ამდენად, სხვა პირისათვის სავარაუდოდ კანონდარღევით საკუთრების უფლების აღიარება ვერ გამოდგება კომპარატორად თანასწორობის პრინციპის დარღვევის დადგენისათვის.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ნ------- ი--------–--ლი ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად იქნა განმარტებული სადავო საკითხის მომწესრიგებელი ნორმები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება და რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და ზემოთ მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
8. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
აპელანტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. აქვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეულ ხარჯს, პალატა განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ სარჩელის მთლიანად ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დაეკისროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც აქვს მხარეს წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების გადახდის საფასურის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დავის საგანი (საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ეს დებულება სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია, რომელიც ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელე მხარისათვის წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე 23-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ნ------- ი--------–--ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. ნ------- ი--------–--ლის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
5. ნ------- ი--------–--ლს უარი ეთქვას გორის რაიონული სასამართლოში და თბილისის სააპელაციო სასამართლოში, წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
თამარ ონიანი -
გიორგი გოგიაშვილი -