განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2018
საქმის ნომერი
330210017001769239
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001769239

საქმე №2ბ/6162-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - შპს “ს----------–--- გა-------------–ი წყა-–-----------ის კ-------ა''

წარმომადგენელი - მ------ დ----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ''თი----ს-კკ ჯ------''

წარმომადგენელი - ქ------- ქ----–---

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.09.2017 წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

1. შპს ''თი----ს-კკ ჯ------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

2. შპს ''გა-------------–ი წყა-–-----------ის კ-------ას'' შპს ''თი----ს-კკ ჯ------ს'' სასარგებლოდ დაეკისრა დაქვითული თანხის - 4954.07 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2-----–-–-- 1 თებერვალს, შპს ''ს----------–--- გა-------------–ი წყა-–-----------ის კ-------ას'' და შპს ''თი----ს - კკ ჯ------'' შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ Nთ – 0----- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს ''ს----------–--- გა-------------–ი წყა-–-----------ის კ-------ისათვის'' აუდიტორული მომსახურების გაწევა.

ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტელოს ოდენობად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განსაზღვრეს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.5%.

ამავე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით მხარეებმა გაითვალისწინეს მიმწოდებლის დაჯარიმების საკითხი. კერძოდ, ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის, არასრულად ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ''მიმწოდებელი'' ჯარიმდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3%-ის ოდენობით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს - 38 348.82 ლარს.

 

2.2. 2016 წლის 27 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი. მოპასუხე მხარის მხრიდან შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის ჩაბარების დღიდან ინსპექტირებისათვის (შემოწმებისათვის) ვადად განისაზღვრა 14 სამუშაო დღე, რაც არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული.

 

2.3. შპს ''თი----ს - კკ ჯ------'' მომსახურების ღირებულებიდან დაექვითა - 5944.07 ლარი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მოსარჩელის მხრიდან საბოლოო აუდიტორული დასკვნის ჩაბარების ვადის გადაცილება და შესაბამისად, მასზე პირგასამტეხლოს თანხის დარიცხვა მოპასუხე მხარეს უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 17 მაისიდან 2016 წლის 22 მაისის ჩათვლით, რამდენადაც, მოსარჩელის მიერ საბოლოო აუდიტორული დასკვნის ჩაბარება მთავარი ბუღალტერისათვის განხორციელდა - 2016 წლის 23 მაისს (იხ. ს.ფ. 31-32, 33, 34).

 

დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 27 აპრილის შუალედური მიღება - ჩაბარების აქტით მხარეები ადასტურებენ დასკვნების მატერიალურ ჩაბარებას და არა მის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობას. აღნიშნული აუდიტორული დასკვნების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენა (ინსპექტირება) შემსყიდველის მხრიდან მოხდება გონივრულ ვადაში მაგრამ არაუგვიანეს წინამდებარე შუალედური მიღება -ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 14 სამუშაო დღისა, რის შემდეგაც დასკვნების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მოხდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში აღმოჩენილი ხარვეზების/ნაკლოვანებების შესახებ წერილობით ეცნობება მიმწოდებელს.

მოპასუხის შპს ''ს----------–--- გა-------------–ი წყა-–-----------ის კ-------ის'' 10.10.2016 წლის წერილით დგინდება, რომ შენიშვნების გათვალისწინებით დასკვნების ელ. ვერსიები კ-------ას წარედგინა - 2016 წლის 23 მაისს.

საქმეში არსებული 12.07.2016 წლის შპს ''თი----ის - კკ ჯ------ს'' წერილით რომელიც გაგაზავნილ იქნა შპს ''ს----------–--- გა-------------–ი წყა-–-----------ის კ-------ის'' დირექტორის სახელზე ასევე დგინდება, რომ მოსარჩელე მხარე 2-----–-–-- 17 მაისამდე ელოდებოდა მოპასუხის მიერ დასკვნის განხილვას, ანუ მის გადაწყვეტილებას, ხოლო

17 მაისს მოხდა მხარეთა შეხვედრა და დასკვნის ზეპირსიტყვიერად განხილვა, რის შემდეგაც 2016 წლის 23 მაისს მოხდა დასკვნის გადაგზავნა.

 

მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.

 

მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად მიდის დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია 2016 წლის 17 მაისამდე, მის მიერ ვალდებულების შესრულება და დასკვნის გადაგზავნა მოხდა - 2016 წლის 23 მაისს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მხრიდან 2016 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 31 მაისამდე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და შესაბამისად, მის მიერ ამ პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს მართლზომიერება.

 

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მოსარჩელე სადავოდ მიიჩნევს პირგასამტეხლოს ოდენობას. მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვალდებულების დარღვევისათვის მას დაარიცხა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რის გამოც ითხოვს მის შემცირებას.

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განაკვეთი ვალდებულების დარღვევის ხარისხის და პერიოდის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალია, შეუსაბამოა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით შეათანხმეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში არ განახორციელა საქონლის მიწოდება.

 

მოსარჩელე სადავოდ მიიჩნევს პირგასამტეხლოს ოდენობას. მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვალდებულების დარღვევისათვის მას დაარიცხა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია , რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება , მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების , მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო

 

ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპი, როგორიცაა საკუთრების, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლების პრინციპი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3% და შეუსრულებელი ვალდებულების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს. შესაბამისად უნდა განხორციელდეს დაქვითული თანხის ნაწილის მოსარჩელისათვის დაბრუნება - 990 ლარის გამოკლებით. ამდენად, შპს ''გა-------------–ი წყა-–-----------ის კ-------ას'' შპს ''თი----ს-კკ ჯ------ს'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაქვითული თანხიდან 5944.-07 ლარიდან 4954.07 ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. მხარეთა შორის 0---------წ. გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ NT-0----- ხელშეკრულება, რომლითაც შპს "თი----ს კკ-ჯ------" კ-------ისთვის უნდა გაეწია აუდიტორული მომსახურება. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 38 348.48 ლარს. ამასთან ხელშეკრულების 5.2 პუნქტით მომსახურების გაწევა განხორციელდებოდა 2016 წლის 30 აპრილის ჩათვლით. შპს "თი----ს კკ-ჯ------ს" მიერ 2016 წლის 27 აპრილს მიწოდებული აუდიტორული დასკვნა იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ კომპანიამ ვერ მიიღო აღნიშნული დასკვნა შესრულებულად. შესაბამისად, 2016 წლის 27 აპრილს, მხარეთა შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მხარეები ადასტურებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასკვნის მხოლოდ მატერიალურ მიღებას და არა მის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობას. გამომდინარე იქედან, რომ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნებში ასახული იყო უამრავი შეუსაბამობა, მხარეები შეთანხმდენენ, რომ კომპანიის მიერ აღნიშნული დასკვნების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენა მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 14 დღეში. ამის შემდგომ, 2016 წლის 15 ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით შპს "თი----ს კკ-ჯ------ს" დირექტორმა ხელმოწერით დაადასტურა რომ 2016 წლის 01 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა და აუდიტორული დასკვნა ჩააბარა კომპანიას 2016 წლის 31 მაისს. გამომდინარე იქიდან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 5.2 პუნქტით მომსახურების გაწევა უნდა მომხდარიყო 2016 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ხოლო შპს "თი----ს კ-----------" აღნიშნულ ვადას გადააცილა, კომპანიამ მოწინააღმდეგე მხარეს დააკისრა პირგასამტეხლო 0.5 % ოდენობით 2016 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 30 მაისის ჩათვლით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის ვადა გადააცილა 2016 წლის 17 მაისიდან 22 მაისამდე, და არა 2016 წლის 1 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით. სასამართლოს მიერ მოხდა ფაქტობრივი გარემოებების რეალობასთან შეუსაბამოდ შეფასება, რადგან მოწინააღმდეგე მხარეს დათქმულ დროს სრულყოფილად და ჯეროვნად უნდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ შპს "თი----ს კ-----------" ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში აღნიშნული ვერ შეასრულა და კ-------ას მოუწია მის მიერ შესრულებული სამუშაოების გასწორება.

 

სასამართლო დაეყრდნო მოწინააღმდეგე მხარის ინფორმაციას, რომელმაც განაცხადა რომ 2016 წლის 23 მაისს, უკვე გამოსწორებული აუდიტორული დასკვნები გადაუგზავნა კ-------ის ყოფილ მთავარ ბუღალტერს ელ-ფოსტის საშუალებით, რომლის არსებობის შესახებ კ-------ისთვის არ იყო ცნობილი. მოწინააღმდეგე მხარეს პროცესზე არ წარმოუდგენია მტკიცებულება, თუ რა დოკუმენტაცია გადააგზავნა ელ-ფოსტის მეშვეობით. გარდა ამისა, სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა იმ ხელშეკრულების მუხლებზე, რომლითაც გათვალისწინებული იყო შესრულებული სამუშაოს გადაცემის პირობები. კერძოდ, ხელშეკრულების 5.4 პუნქტის შესაბამისად, აუდიტორული მომსახურება უნდა განხორციელებულიყო შემსყიდველის მისამართზე: ქ. თბილისი, ვ-–----–----–---------------ში. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს შესრულებული სამუშაო (აუდიტორული დასკვნები) მატერიალური სახით უნდა წარმოედგინა კ-------ის სათავო ოფისში პირადად ან ფოსტის საშუალებით. ასევე ხელშეკრულების 6.4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი ითვალისწინებდა, რომ აუდიტორული დასკვნა კ-------ას უნდა გადაცემოდა წერილობით (ნაბეჭდი ფორმით) ან ელექტრონული ფორმით (CD დისკზე), ანუ შესრულებული სამუშაო შესაძლებელია დატანილი ყოფილიყო ელექტრონულ საშუალება CD დისკზე. ამდენად, ხელშეკრულებაში არსადა არის მითითება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება შესაძლებელია განხორციელებულიყო ელ-ფოსტის საშუალებით.

 

3.2. სასამართლომ 0.5% მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, თუმცა სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არ მსჯელობს თუ რამდენით შეამცირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას ხელშემკვრელი მხარე, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის სრული დაცვით. სსიპ სახელმიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ელექტრონული ფორმით ცხადდება ტენდერი და იტვირთება სატენდერო დოკუმენტაცია. შპს "თი----ს კკ-ჯ------" წინასწარ გაეცნო კომპანიის პირობებს, მათ შორის პირგასამტეხლოსთან მიმართებაში და თავისუფალი ნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება გაეფორმებინა ხელშეკრულება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს "თი----ს კკ-ჯ------" წარმოადგენს 8 წლიანი გამოცდილების მქონე მეწარმე სუბიექტს და ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ამავე კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. 0---------წ. შპს ''საქართველოს გა-------------–ი წყა-–-----------ის კ-------ას'' - შემსყიდველი (შემდგომში „მოპასუხე“) და შპს ''თი----ს - კკ ჯ------'' - მიმწოდებელს (შემდგომში „მოსარჩელე“) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება:

4.1.1. ხელშეკრულების საგანი - მოპასუხისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევა, მისი სავარაუდო ჯამური ღირებულება - 38 348.82 ლარი (ტ. 1, ს.ფ. 36 -40).

 

4.1.2. 5.2. პუნქტის თანახმად, მომსახურება უნდა გაწეულიყო 2-----–-–-- 30 აპრილის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ.37).

 

4.1.3. 9.1. პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მოსარჩელეს (მიმწოდებელს) დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.

 

4.2. 27.04.2016წ. მხარეებს შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.1, ს.ფ. 30).

 

4.3. 15.06.2016წ. მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნა, რომ მიმწოდებელმა 31.05.2016წ. ჩააბარა შემსყიდველს აუდიტორული დასკვნები, რომელებიც შესაბამისობაშია ხელშეკრულების პირობებთან, მათ შორის აღმოფხვრილია ის ხარვეზები და ნაკლოვანებები, რომლებიც დაშვებული იყო მიმწოდებლის მიერ 27.04.2016წ. ჩაბარებულ დასკვნებში (ტ.1, ს.ფ.35).

 

4.4. მოსარჩელეს ხელშეკრულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის მოპასუხემ დაარიცხა პირგასამტეხლო 30 აპრილიდან 31 მაისამდე პერიოდზე (31 დღე), ჯამში 5944 ლარის ოდენობით (38 348.82 ლარის 0,5% = 191,74 ლარს 1 დღეზე; 191,74 x 31=5944 ლარი), რაც მოპასუხემ გამოქვითა მოსარჩელისათვის გადასახდელი შესრულებული სამუშაოს ღირებულების თანხიდან (ტ.1, ს.ფ.33).

 

4.5. მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას ორი საფუძვლით:

- ხელშეკრულების ვადაგადაცილებას ადგილი ჰქონდა არა 30 აპრილიდან 31 მაისამდე, არამედ 17 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით, ანუ მხოლოდ 6 დღე;

- პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და განისაზღვროს 990 ლარით (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 46-59).

 

4.6. პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების ვადაგადაცილებისათვის მოსარჩელეზე პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 17 მაისიდან 2016 წლის 22 მაისის ჩათვლით, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.6.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლით, შესყიდვის ობიქტის მიღება-ჩაბარება ხორციელდებოდა შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, რომელსაც შემსყიდველის მხრიდან ხელს აწერდა მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

 

4.6.2. 27.04.2016წ., ანუ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაში, მხარეთა შორის გაფორმდა ე.წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მიმწოდებელმა ჩააბარა შემსყიდველს 2013-2014 წლების აუდიტორული დასკვნა საგადასახადო ანგარიშგებაზე და 2013-2014 წლების აუდიტორული დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე. მხარეებმა დაადასტურეს დასკვნების მატერიალური ჩაბარება და არა მისი ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობა. აქტში აღინიშნა, რომ აუდიტორული დასკვნების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენა (ინსპექტირება) შემსყიდველის მხრიდან მოხდებოდა გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს წინამდებარე შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 14 სამუშაო დღისა, რის შემდეგაც დასკვნების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მოხდებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში აღმოჩენილი ხარვეზების/ნაკლოვანებების შესახებ წერილობით ეცნობებოდა მიმწოდებელს (ტ.1, ს.ფ.30).

 

ამდენად, ფაქტობრივად, მოპასუხემ, რომელსაც დოკუმენტაცია გადაეცა ვადაში, ინსპექტირებისათვის ითხოვა დამატებით არაუგვიანეს 14 სამუშაო დღე. ჰიპოთეტურად, ინსპექტირების შედეგი შეიძლება ყოფილიყო როგორც დადებითი ისე უარყოფითი. თუ შესრულების შესაბამისობა მოთხოვნებთან იქნებოდა სრული, მიიჩნეოდა, რომ 27 აპრილს ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში კი მოხდებოდა მათი გამოსწორება.

 

4.6.3. მხარეები არ დავობენ და მოპასუხე 10.10.2016წ. წერილშიც თავად ადასტურებს, რომ 27.04.2016წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული 14 დღიანი ვადა ამოიწურა 17.05.2016წ. (ტ.1, ს.ფ.31). შესაბამისად, გასაზიარებელია მოსარჩელის მსჯელობა, რომ 17.05.2016წ.-მდე პერიოდში, ანუ იმ ვადამდე, რა ვადაშიც შემსყიდველს მხარეთა შეთანხმებით უნდა მოეხდინა შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება და დასკვნების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენა, არ უნდა ჩაითვალოს ვადაგადაცილების პერიოდად.

 

4.6.4. რაც შეეხება ვადაგადაცილების დასრულების, ანუ მოსარჩელის მიერ ვალდებულების საბოლოო სახით (ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ) შესრულების თარიღს, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დაუკავშირა იგი მოპასუხის ბუღალტრისათვის მოსარჩელის მიერ დასკვნების ელ. ვერსიების გადაგზავნის დღეს - 23.05.2016წ..

 

4.6.5. საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის დირექტორის, ანუ საწარმოს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (უფლებამოსილი პირის) მიერ ხელმოწერილი 10.10.2016წ. წერილით (ტ.1, ს.ფ.31-32) დასტურდება, რომ „მხარეების მიერ დასკვნების ერთობლივი განხილვისას კომპანიის მხრიდან გამოთქმული იქნა გარკვეული შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებით დასკვნების ელ. ვერსიები კომპანიას წარედგინა 2016 წლის 23 მაისს“.

 

ამავე წერილში ცალსახად არის მითითებული, რომ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემსყიდველი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თარიღად მიიჩნევდა 23 მაისს, ანუ ვალდებულების დაგვიანებას 23 დღით და სწორედ ამ დრომდე არიცხავდა მოსარჩელეს 9.1 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს (ტ.1, ს.ფ. 31,32). როგორც უკვე აღინიშნა, საბოლოოდ მოპასუხემ ვადაგადაცილების პერიოდად მიჩნია 30 აპრილიდან 31 მაისამდე პერიოდი(31 დღე).

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც უდავოდ დადგენილია მოპასუხის მიერ შესრულების 23.05.2016წ. მიღების ფაქტი, დაუსაბუთებელია აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ შესრულების მიღების თარიღად მიჩნეული უნდა იქნეს მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული თარიღი - 31.05.2016წ., რა დროსაც შემსყიდველს აუდიტორული დასკვნები წარედგინა მატერიალური სახით. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა ან მისი მოგვიანებით შედგენა იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება კონკრეტულ დროს ვალდებულების შესრულება, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლად ან/და ვადაგადაცილებით შესრულებულად მიჩნევას (ზემოაღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.12.2011წ. განჩინება, N ას-323-307-2011)).

 

4.7. გათვალისწინებით იმისა, რომ დადგენილია ვადაგადაცილების პერიოდი - 17 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით, ანუ 6 დღე და ხელშეკრულებით განსაზღვრული ყოველ დღეზე გადასახდელი პირგასამტეხლო - 191,74 ლარი, 6 დღეზე დარიცხული თანხა შეადგენს 1150,44 ლარს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა მისი შემცირების თაობაზე და პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად განსაზღვრა 990 ლარი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

4.7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებებს იმის შესახებ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

საააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ისეთ პირობებში, როცა ვადაგადაცილება არის მხოლოდ 6 დღე, ვალდებულება მოცულობითად შესრულებულია, უბრალოდ, ხდება შესრულების ხარვეზიანი ნაწილების კორექტირება, სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და დაუსაბუთებელია ამით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან პირგასამტეხლოს შესაბამისობა, - დასაბუთებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს შემცირებაზე 990 ლარამდე.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლო განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით.

 

შესაბამისად, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს სახით დაქვითულ 5944,07 ლარს უნდა გამოაკლდეს პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა - 990 ლარი და სხვაობა - 4954,07 ლარი - შეადგენს იმ თანხას, რაც მოპასუხემ უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს.

 

არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ. 2, ს.ფ. 8).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ''ს----------–--- გა-------------–ი წყა-–-----------ის კ-------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით ს----------–--- უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე