განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.05.2018
საქმის ნომერი
330310017001674636
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001674636

საქმე N3ბ/417-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ილონა თოდუა

მოსამართლეები - შოთა გეწაძე, გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი - შპს ,,ა------------ა’’ ;

წარმომადგენელი - ს--------------ძე;

 

მოწინააღმდეგე მხარე -სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;

წარმომადგენელი - თ---------------–-ძე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა;

წარმომადგენელი - ი-----------–-–---–ი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

1.აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ა------------ას’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

2.1.1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტისათვის ერთი ერთეული გ----------ს (CPV კოდი4-------) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 2016 წლის 21 აპრილს გამოცხადდა S----------- ელეტრონული ტენდერი. S----------- ელეტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს უკანასკნელი წლების განმავლობაში მიწოდებული უნდა ჰქონოდა ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის საქონელი.

 

2.1.2. სატენდერო კომისიამ 2016 წლის 21 ივლისის N6 სხდომის ოქმით შპს ,,ა--- ჯ--------ს’’ (ს/კ:2--------) მოსთხოვა ინფორმაცია უკანასკნელი წლების განმავლობაში ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის მიწოდებული საქონლის შესახებ, მათ შორის, ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების, კერძოდ, ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტი და საქონლის ტექნიკური პარამეტრები (დაზუსტებული) შევსებული სრულყოფილად დანართი N3-ის შესაბამისად.

 

2.1.3. 2016 წლის 22 ივლისს შპს ,,ა------------ამ’’ წარადგინა შპს ,,ა–---------ან’’ გაფორმებული 2016 წის 2 აპრილის N------------------- ხელშეკრულება და 2016 წლის

27 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი. სატენდერო კომისიამ 2016 წლის 15 აგვისტოს N- სხდომის ოქმით დაადგინა, რომ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის-შპს ,,ა--- ჯ--------ს’’ მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

 

2.1.4. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა-შპს ,,ა-------------’’ სატენდერო კომისიის 2016 წლის 15 აგვისტოს N- სხდომის ოქმი გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში (D--------------). პრეტენდენტმა საჩივარში მიუთითა, რომ სატენდერო კომისიას შპს ,,ა------------ისათვის’’ უნდა მოეთხოვა გ----------ს მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები-ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები. დავების განხილვის საბჭომ 2016 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს ,,ა------------ს’’ საჩივარი. საბჭომ აღნიშნა, რომ სატენდერო კომისიას უნდა მოეძია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მომენტიდან ფიქსირდებოდა გ----------ს საქართველოში ჩამოყვენის ფაქტი, ასევე რა მომეტიდან ირიცხებოდა გ---------- შპს ,,ა------------ის’’ საკუთრებაში/მფლობელობაში. სატენდერო კომისიას დაევალა დეტალურად ემსჯელა ზემოხსენებულ საკითხებზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაედგინა, თუ რამდენად შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხვნებს შპს ,,ა------------ის’’ მიერ წარდგენილი 2016 წლის 2 აპრილის N------------------- ხელშეკრულება და 2016 წლის 27 აპრილის მიღება- ჩაბარების აქტი.

 

2.1.5. დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 5 სექტემბრის N------- და N------- წერილებით მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,ა---ჯრჯიას’’. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მათგან მოითხოვა შპს ,,ა–------ის’’ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, ხელშეკრულება, მიღება- ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები და ანგარიშფაქტურა.სატენდერო კომისიამ 2016 წლის 14 სექტემბრის N- სხდომის ოქმით დაადგინა, რომ შპს ,,ა------------ამ’’ წარადგინა საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ იგი გ----------ს მესაკუთრედ მიიჩნეოდა 2016 წლის 1 აპრილიდან. ასევე ირკვეოდა, რომ გ---------- პრეტენდენტმა მიიღო 2016 წლის 12 აპრილს. შესაბამისად, 2016 წლის 27 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე ხელშეკრულების საგანი უკვე იყო საქართველოში ტრანსპორტირებული. ამდენად, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,ა------------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ეჭვს არ იწვევდა და პრეტენდენტი მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დასადებად.

 

2.1.6. ტენდერში მინაწილე პრეტენდენტმა-შპს ,,ა-------------’’ სატენდერო კომისიის 2016 წლის 14 სექტემბრის N- სხდომის ოქმი გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში (D--------------) პრეტენდენტმა საჩივარში მიუთითა, რომ დასადგენი იყო, თუ კონკრეტულად როდის შემოვიდა გ---------- საქართველოში, განბაჟდა და გაფორმდა, რის შემდეგაც შპს ,,ა------------ა’’ შეძლებდა მის გაყიდვას. დავების განხილვის საბჭომ 2016 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა შპს ,,ა------------ს’’ საჩივარი. საბჭომ მიუთითა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის ,,A’’ და ,,B’’ გრაფებში თარიღად მითითებული იყო 2016 წლის 15 ივნისი, რაც იმას გულისხმობდა, რომ საქონლის გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლი დასრულდა 2016 წლის 15 ივნისს. აქედან გამომდინარე, 2016 წლის 27 აპრილის მიღება-ჩაბარების გაფორმების მომენტში გ---------- ვერ იქნებოდა შპს ,,ა------------ის’’ მფლობელობაში. შესაბამისად, არ დასტურდებოდა აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობა. საბჭომ აღნიშნა, რომ სატენდერო კომისიას უნდა ემსჯელა აფიდავიტის პირობების დარღვევის საკითხზე. სატენდერო კომისიამ 2016 წლის 18 ოქტომბრის N- სხდომის ოქმით დადინა, რომ შეცდომა გამოიწვია შპს ,,ა------------ის’’ მიერ წარდგენილმა კონოსამეტმა. კომისიამ აღნიშნა, რომ ვერ დგინდებოდა 2016 წლის 27 აპრილის მიღება- ჩაბარების აქტით მყიდველისათვის გ----------ს გადაცემის ფაქტი, ვინაიდან საქონელი არ იყო შპს ,,ა------------ის’’ ფაქტობრივ მფლობელობაში და ხსენებული მიღება- ჩაბარების აქტით დასტურდებოდა მხოლოდ საკუთრების უფლების გადაცემის ფაქტი. ყოველი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N- ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,ა------------ას’’ მიენიჭა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

 

2.1.7. სატენდერო კომისიამ 2016 წლის 15 დეკემბრის N11 სხდომის ოქმით დაადგინა, რომ შპს ,,ა------------ის’’ მიერ წარდგენილი 2016 წლის 2 აპრილის N------------------- ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, გამყიდველი ვალდებული იყო გ---------- მყიდველისათვის ფაქტობრივ მფლობელობაში/საკუთრებაში გადაეცა ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 კალენდარული დღის ვადაში (2017 წლის 27 აპრილის ჩათვლით). ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ 2016 წლის 27 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით შპს

,,ა------------ამ’’ მყიდველს გადასცა მხლოდ საკუთრების უფლება, მას უნდა წარმოედგინა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც გ---------- მის ფაქტობრივ მფლობელობაში /საკუთრებაში გადავიდოდა. კომისიამ მიიჩნია, რომ ხსენებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ა------------ას’’ მყიდველისათვის გ---------- უნდა გადაეცა ფაქტობრივ ფლობელობაში/ საკუთრებაში, რაც არ მომხდარა. ამდენად, არ დასტურდება 2016 წლის 27 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობა. კომისიამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩ-----–ი (ქალა-----------–-) გემზე გ----------ს ჩატვირთვისათვის თარიღად მითითებულია 2016 წის 12 აპრილი. ამდენად, ჩინეთიდან საქართველოში ნივთის გემით ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო აღნიშნული გ----------ს მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულიყო 2016 წლის 27 აპრილს. სატენდერო კომისიამ 2016 წლის 15 დეკემბრის N11 სხდომის ოქმით ბათილად ცნო 2016 წლის 18 ოქტომბრის N- სხდომის ოქმი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N- ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს ,,ა------------ას’’ მისცა დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

 

2.1.8. საგარეჯოს მუნიციპალიტეტისათვის ერთი ერთეული გ----------ს სახელმწიფო შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით (CPV კოდი 4-------) N12 ოქმით შეჩერდა შესყიდვის პროცედურა და შეწყდა ელექტრონული ტენდერი.

 

2.1.9. 2016 წლის 26 დეკემბერს სახლმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ იქნა შპს ,,ა------------ა’’საჩივარი dis1----------- საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიის სხდომის N11 ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით. 2016 წლის 27 დეკემბერს დავების განხილვის საბჭოს აპარატის მიერ განხილულ იქნა წარდგენილი საჩივრის დასაშვებობის საკითხი. სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის’’ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ გასაჩივრებული ოქმი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია 2016 წლის 15 დეკემბერს, შესაბამისად, გასულად ჩათვალა გასაჩივრებისათვის დადგენილი 5 დღიანი ვადა. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტზე დაყრდნობით წარმოდგენილი საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. ამასთან, საჩივრის ავტორს განემარტა მისი გასაჩივრების წესი და ვადა.

 

2.1.10. პრეტენდენტის შპს ,,ა------------ას’’ შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით 2016 წლის 19 დეკემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სადაც აღნიშნა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტისათვის ერთეული გ----------ს სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 2016 წლის 21 აპრილს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში S----------- პრეტენდენტის-შპს ,,ა--- ჯ--------ს’’ მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩადენილი იქნა არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც გამოიხატა მის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით სატენდერო კომისიისათვის ანალოგების ჩათვლის მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, კერძოდ, პრეტენდენტმა სატენდერო კომისიას წარუდგინა შპს ,,ა–------თან’’ 2016 წლის 02 აპრილს გაფორმებული ,,საქონლის ნასყიდობის შესახებ’’ ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე წინასწარ ამა წლის 27 აპრილის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად გამყიდველმა მყიდველს ჩააბარა გ---------- ფაქტობრივ მფლობელობაში/საკუთრებაში. წარმოდგენილი დოკუმეტების შეფასების შედეგად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ გ---------- გემზე დაიტვირთა 2016 წლის 12 აპრილს ჩ-----–ი ქალაქ ქინდაოში, ხოლო საქონლის გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლი დასრულდა 2016 წლის 15 ივნისს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიჩნეულ იქნა, რომ შპს ,,აცეპტ+ს’’ ფაქტობრივ მფლბელობაში/საკუთრებაში არ ჩაბარებია გ----------, შესაბამისად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიის მიერ N11 სხდომის ოქმით პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 13 თებერვლის N5-- განკარგულებით შპს ,,ა------------ა 2017 წლის 14 თებერვალს დარეგისტრირდა შავ სიაში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დადგენილად მიიჩნია, რომ პრეტენდენტმა ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, კერძოდ, დაარღვია აფიდავიტის პირობები, რის გამოც არსებობს შპს ,,ა------------ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების პირობა. სააგენტომ არ გაიზია პრეტენდენტის პოზიცია, ვინაიდან დადგენილად მიიჩნია, რომ გ----------ს გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლი დასრულდა 2016 წლის 15 ივნისს, ხოლო პრეტენდენტის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი თარიღდებოდა 2016 წლის 27 აპრილით, როდესაც გ---------- ჯერ კიდევ არ იყო პრეტენდენტის ფაქტობრივ მფლობელობაში. მის მიერ წარდგენილი 2016 წლის 2 აპრილის N------------------- ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 კალენდარული დღის ვადაში უნდა მომხდარიყო არა მხოლოდ საკუთრების უფლების, არამედ ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში/საკუთრებაში გადაცემაც, რაც არ მომხდარა.

 

2.2. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

2.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მეორე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. მითითებული მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.

 

სასამართლომ ასევე მოიხმო სადავო აქტების მიღების დროს მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესს“. აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია კოორდინაცია და მონიტორინგი. მე-3 პუნქტის თანახმად კი, წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.

 

ამდენად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი წარმოადგენს სპეციალურ რეგულაციას გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის და შესაბამისად, მითითებულ სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების მიმართ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტისათვის ერთი ერთეული გ----------ს (CPV კოდი 4-------) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 2016 წლის 21 აპრილს გამოცხადდა S----------- ელეტრონული ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაციის 3.12 პუნქტის თანახმად შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს უანასკნელი წლების განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის მიწოდებული საქონელი. 2016 წლის 22 ივლისს შპს ,,ა------------ამ’’ წარადგინა შპს ,,ა–---------ან’’ გაფორმებული 2016 წის 2 აპრილის N------------------- ხელშეკრულება და 2016 წლის

27 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ ჯერ უნდა იქნეს შეფასებული ზემოაღნიშნული დოკუმენტები რამდენად შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ამასთან, განსახილველი დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია დადგინდეს, ჰქონდა თუ არა მოცემულ შემთხვევაში ადგილი „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას და შეფასდეს, მართებული იყო თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული მუხლის გამოყენებით მოსარჩელის დისკვალიფიკაცია. სფ.31-ზე წარმოდგენილი შპს ,,ა–---------ან’’ გაფორმებული 2016 წლის 2 აპრილის N------------------- ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტში ცალსახადაა მითითებული, რომ თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდნენ, გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს ნასყიდობის საგანი ფქტობრივ მფლობელობაში/საუთრებაში გადასცემს მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 დღეში. ამავე მუხლის მეორე პუნქტით ნასყიდობის საგნის ფაქტობრივ მფლობელობაში/საუთრებაში გადაცემად მიიჩევა ნასყიდობის საგნის (შესაბამისი წერილობითი ფორმით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გზით) ჩაბარება მყიდელის განკარგულებაში. მოსარჩელეს არ წარუდგენია ხელშეკრულების მითითებული მუხლით გათვალისწინებული პირობის შესრულების დამადასტურებელი დოუმენტი- მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში/საკუთრებაში გადაცემა. საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენდა 2016 წლის 2 აპრილის N------------------- ხელშეკრულების მე-6 მუხლის მოთხოვნის შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, რამდენადაც ცალსახაა, რომ ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოსარჩელეს უნდა წარედგინა მხარეთა შორის გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტი, რომელიც ფაქტობრივ მფლობელობაში/საკუთრებაში ნივთის გადაცემას შეეხებოდა. ხელშეკრულების მოცემული მუხლი სხვანაირი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ იძლევა და ნათლად მიუთითებს ფაქტობრივი ფლობის აუცილებლობაზე, რისი დამდგენი დოკუმენტიც განისაზღვრა მიღება- ჩაბარების აქტი. იმ პირობეში, როდესაც წარმოდგენილი დოკუმენტებით მოსარჩელე ადასტურებს, რომ ნასყიდობის საგნის გადაცემა განხორციელდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 დღის ვადაში, სინამდვილეში კი საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობით არ დასტურდება ნასყიდობის საგნის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 დღის ვადაში, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების ერთობლიობა სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვს, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტი - მიღება-ჩაბარების აქტი შემსყიდველი ორგანიზაციის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. სხვანაირი შეფასება ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული. ამდენად, სახეზეა პრეტენდენტის მიერ ხელშერულების დადების მოპოვების მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების ფაქტი.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია.

 

„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას; ბ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე; გ) თუ მის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას; დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში; ე) თუ ის არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით; ვ) თუ ის არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; ზ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

 

სასამართლომ მიუთითა „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასური გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის

№9 ბრძანებით ასევე დამტკიცდა აფიდავიტის ფორმა (დანართი №2). ხოლო ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,შ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აფიდავიტი, ამ კანონის მიზნებისთვის, არის წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლები იმპერატიულად ავალდებულებს პრეტენდენტს მომეტებული ყურადღებით წარადგინონ სატენდერო დოკუმენტაცია, ამასთან, აფიდავიტის პირობებზე დათანხმებით პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ტენდერში მონაწილეობისას არ განახორციელოს არაკეთილსინდისიერი ქმედება.

 

2.2.2. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტის კეთილსინდისიერება განისაზღვრება მის მიერ, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობით და სატენდერო პირობებთან პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის რეალურობით. სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველ ორგანიზაციას ზუსტი და ნამდვილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პრეტენდენტის შესახებ, რათა სწორად შეაფასოს თუ ვის მიანდოს სამუშაოთა შესრულება და პასუხისმგებელი იყოს მათზე, ხოლო მეორე მხრივ, პრეტენდენტმა ნამდვილი უპირატესობით უნდა მოიპოვოს გამარჯვება სხვა პრეტენდეტებთან მეტოქეობაში, რათა ჯანსაღი კონკურენცია იქნეს უზრუნველყოფილი.

 

სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის 21 ივლისის Nბს-667-642 (კ-13) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „ნების ავტონომიის პრინციპით მოქმედი მიმწოდებლები არა მხოლოდ აღჭურვილნი არიან უფლებით, გახდნენ სახელმწიფოს პარტნიორები, არამედ ამავდროულად შებოჭილნი არიან კეთილსინდისიერების პრინციპით. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებანი და მოვალეობანი (სამოქალაქო კოდექსის 8.3. მუხლი); ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლი).

 

არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის წარმოების მიზანი არის ერთგვარი ინფორმაციის მიწოდება სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის, ამასთან, განსაზღვროს ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები“.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზი და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის ტენდერიდან დისკვალიფიკაცია სრულად შეესაბამება „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს, შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 15 დეკემბრის სატენდერო კომისიის N11 ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც კომისიამ ნაწილობრივ ბათილად ცნო კომისიის 2016 წლის 18 ოქტომბრის N09 სხდომის ოქმი და დაადგინა მოსარჩელის მიერ აფიდავიტის დარღვევა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

 

2.2.3. სასამართლომ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებულ შავის სიის წარმოების წესსა და პირობებზე, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. მასში მითითებულია, რომ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.

 

მითითებული წესისა და პირობების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავი სია განმარტებულია, როგორც სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებული ოფიციალური რეესტრი, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება.

 

ამავე წესისა და პირობების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები კი ადგენს, რომ წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ) თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.

 

სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ა--- ჯ--------მ’’ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით წარადგინა ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც არ შეიცავს სინამდვილეს და რომლის წარდგენის გარეშეც შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტთან არ გააფორმებდა ხელშეკრულებას. კერძოდ, გამყიდველის მიერ გ----------ს ფაქტობრივ მფლობელობაში/საუთრებაში გადაცემა 2016 წლის 02 აპრილის ხელშეკრულების თანახმად უნდა მომხდარიყო 25 დღის ვადაში. მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმეს 2016 წლის 27 აპრილს, ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად გამყიდველს მყიდველისათვის უნდა გადაეცა არა მხოლოდ საკუთრების უფლება, არამედ ნივთი ფაქტობრივ მფლობელობაში, თუმცა პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. შპს ,,ა---ჯ--------’’ მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულების საგანი მყიდველს გადასცა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, თუმცა მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად არ იქნა დადასტურებული.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებულ შავის სიის წარმოების წესისა და პირობების მე-7 მუხლის მე- 2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას და მის მიმართ გაფრთხილება არ გამოიყენება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის N5-- განკარგულების სახით, რომლითაც ,,შპს ,,ა------------ა’’ 2017 წლის 14 თებერვალს დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებულ შავის სიის წარმოების წესისა და პირობების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. იმ პირობებში, როდესაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიამ შპს ,,ა---ჯ--------’’ ქმედება მიიჩნია არაკეთილსინდისიერად, კანონმდებლობასთან ასევე შესაბამისია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 19 დეკემბრის N------- წერილობითი შეტყობინება შემდგომი რეაგირებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადაგზავნის შესახებ, რომლითაც სააგენტოს ეცნობა S----------- ელექტრნული ტენდერიდან პრეტენდენტის-შპს ,,ა------------ა’’ დისვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

 

რაც შეეხება სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს’’ 2016 წლის 27 დეკემბრის N5945 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს, სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცებულია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი.

 

2.2.4. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-121 -ე მუხლის მე-2 პუნქტით ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გამოქვეყნდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც სატენდერო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ოფიციალურად გამოქვეყნებულად ითვლება. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ფორმა, განცხადებაში მისათითებელი მონაცემები, განცხადების გამოქვეყნებისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-5 პუქტის თანახმად, წესის ფარგლებში ნებისმიერი ინფორმაციის მიღება/გაგზავნა შესაძლებელია განხორციელდეს მართვის ავტომატური საშუალებებით, ვებგვერდის https://tenders.procurement.gov.ge/dispute ან/და კომუნიკაციის სხვა თანამედროვე საშულებებით (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი, მოკლეტექსტური შეტყობინება). ამავე წესის მე-6 პუნქტით საჩივრის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ამდენად, პრეტენდენტთან კომუნიკაცია ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების გზით. ამდენად, პრეტენდენტი ვალდებულია ტენდერთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

 

საქმის გარემოებებით დადგენილია რომ შპს ,,ა------------ას’’ საჩივარი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი იქნა 2016 წლის 26 დეკემბერს, ხოლო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N11 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა 2016 წლის 15 დეკემბერს.

 

ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი მიხედვით სატენდერო/საკონურსო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია შესაბამისი გადაწყვეტილების სატენდერო კომისიის მიერ სისტემაში ატვირთვიდან, ხოლო ქმედების შემთხვევაში-ამ ქმედების განხორციელებიდან 5 დღის ვადაში. ხოლო ზემოხსენებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე საბჭოს აპარატის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

მიუხედავად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი შპს ,,ა------------ას’’ პროფილით გაცნობის პროგრამული ამონაწერისა, რომელიც ადასტურებს, შპს ,,ა------------ას’’ მიერ 2016 წლის 15 დეკემბრის N11 სხდომის ოქმის ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით 2016 წლის 17 დეკემბერს გაცნობას, მისთვის გასაჩივრების ვადა მაინც აითვლება გადაწყვეტილების სატენდერო კომისიის მიერ სისტემაში ატვირთვიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. მოცემულ შემთვევაში, კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ სატენდერო კომისიის აქტის გასაჩივრება საბჭოში შესაძლებელი იყო სისტემაში მისი გამოქვეყნების დღიდან 5 დღის განმავლობაში. ზაკ 56-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წინასწარ განსაზღვროს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან საჯაროდ გამოცხადების წესი. აღნიშნული წესი განისაზღვრა წინასწარ ზემოაღნიშნული რეგულაციის ფარგლებში.

 

ინდივიდულურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის განსაზღვრავს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებით დადგენილია ინდივიდუალ- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის სპეციალური წესი „გამოქვეყნება“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ამასთან აღნიშნული წესი განისაზღვრა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის დაცვით - წინასწარ, ამდენად, ზემოაღნიშნული ვადა აითვლება გამოქვეყნების მომენტიდან.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს’’ 2016 წლის 27 დეკემბრის N5945 გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო, იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს

,,ა------------ას’’ სარჩელი უსაფუძვლო იყო, ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და შესაბამისად, შპს ,,ა--- ჯ--------ს’’ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. შპს „ა---- ჯ--------ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობას, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია ზემოთხსენებული მუხლების მოთხოვნები, არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე სასამართლო გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანიციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით განმარტავს, რომ გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი წარმოადგენს სპეციალურ რეგულაციას გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის და შესაბამისად, მითითებულ სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების მიმართ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტისათვის ერთი ერთეული გ----------ს (CPV კოდი 4-------) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 2016 წლის 21 აპრილს გამოცხადდა S----------- ელეტრონული ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაციის 3.12 პუნქტის თანახმად შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს უკანასკნელი წლების განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის მიწოდებული საქონელი. 2016 წლის 22 ივლისს შპს ,,ა------------ამ’’ წარადგინა შპს ,,ა–---------ან’’ გაფორმებული 2016 წის 2 აპრილის N------------------- ხელშეკრულება და 2016 წლის

27 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ა–---------ან’’ გაფორმებული 2016 წლის 2 აპრილის N------------------- ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტში ცალსახადაა მითითებული, რომ თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდნენ, გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს ნასყიდობის საგანი ფქტობრივ მფლობელობაში/საუთრებაში გადასცემს მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 დღეში. ამავე მუხლის მეორე პუნქტით ნასყიდობის საგნის ფაქტობრივ მფლობელობაში/საუთრებაში გადაცემად მიიჩევა ნასყიდობის საგნის (შესაბამისი წერილობითი ფორმით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გზით) ჩაბარება მყიდველის განკარგულებაში. აპელანტს არ წარუდგენია ხელშეკრულების მითითებული მუხლით გათვალისწინებული პირობის შესრულების დამადასტურებელი დოუმენტი- მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში/საკუთრებაში გადაცემა. საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენდა 2016 წლის 2 აპრილის N------------------- ხელშეკრულების მე-6 მუხლის მოთხოვნის შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, რამდენადაც ცალსახაა, რომ ერთიან ელექტრონულ სისტემაში აპელანტს უნდა წარედგინა მხარეთა შორის გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტი, რომელიც ფაქტობრივ მფლობელობაში/საკუთრებაში ნივთის გადაცემას შეეხებოდა. ხელშეკრულების მოცემული მუხლი სხვანაირი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ იძლევა და ნათლად მიუთითებს ფაქტობრივი ფლობის აუცილებლობაზე, რისი დამდგენი დოკუმენტიც განისაზღვრა მიღება- ჩაბარების აქტი. იმ პირობეში, როდესაც წარმოდგენილი დოკუმენტებით აპელანტი ადასტურებს, რომ ნასყიდობის საგნის გადაცემა განხორციელდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 დღის ვადაში, სინამდვილეში კი საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობით არ დასტურდება ნასყიდობის საგნის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 დღის ვადაში, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების ერთობლიობა პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, აძლევს საფუძველს დასკვნისათვს, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტი - მიღება-ჩაბარების აქტი შემსყიდველი ორგანიზაციის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. სხვანაირი შეფასება ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული. ამდენად, სახეზეა პრეტენდენტის მიერ ხელშერულების დადების მოპოვების მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების ფაქტი.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია.

 

4.1.2. „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას; ბ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე; გ) თუ მის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას; დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში; ე) თუ ის არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით; ვ) თუ ის არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; ზ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

 

პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ასევე მიუთითებს „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასური გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით ასევე დამტკიცდა აფიდავიტის ფორმა (დანართი №2). ხოლო ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,შ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აფიდავიტი, ამ კანონის მიზნებისთვის, არის წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლები იმპერატიულად ავალდებულებს პრეტენდენტს მომეტებული ყურადღებით წარადგინონ სატენდერო დოკუმენტაცია, ამასთან, აფიდავიტის პირობებზე დათანხმებით პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ტენდერში მონაწილეობისას არ განახორციელოს არაკეთილსინდისიერი ქმედება.

 

პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტის კეთილსინდისიერება განისაზღვრება მის მიერ, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობით და სატენდერო პირობებთან პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის რეალურობით. სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველ ორგანიზაციას ზუსტი და ნამდვილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პრეტენდენტის შესახებ, რათა სწორად შეაფასოს თუ ვის მიანდოს სამუშაოთა შესრულება და პასუხისმგებელი იყოს მათზე, ხოლო მეორე მხრივ, პრეტენდენტმა ნამდვილი უპირატესობით უნდა მოიპოვოს გამარჯვება სხვა პრეტენდეტებთან მეტოქეობაში, რათა ჯანსაღი კონკურენცია იქნეს უზრუნველყოფილი.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის 21 ივლისის Nბს-667-642 (კ-13) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „ნების ავტონომიის პრინციპით მოქმედი მიმწოდებლები არა მხოლოდ აღჭურვილნი არიან უფლებით, გახდნენ სახელმწიფოს პარტნიორები, არამედ ამავდროულად შებოჭილნი არიან კეთილსინდისიერების პრინციპით. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებანი და მოვალეობანი (სამოქალაქო კოდექსის 8.3. მუხლი); ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლი). არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის წარმოების მიზანი არის ერთგვარი ინფორმაციის მიწოდება სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის, ამასთან, განსაზღვროს ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები“.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოსარჩელის ტენდერიდან დისკვალიფიკაცია სრულად შეესაბამება „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს, შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 15 დეკემბრის სატენდერო კომისიის N11 ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც კომისიამ ნაწილობრივ ბათილად ცნო კომისიის 2016 წლის 18 ოქტომბრის N09 სხდომის ოქმი და დაადგინა მოსარჩელის მიერ აფიდავიტის დარღვევა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

 

4.1.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებულ შავის სიის წარმოების წესსა და პირობებზე, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. მასში მითითებულია, რომ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.

 

მითითებული წესისა და პირობების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავი სია განმარტებულია, როგორც სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებული ოფიციალური რეესტრი, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება.

 

ამავე წესისა და პირობების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ა--- ჯ--------მ’’ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით წარადგინა ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც არ შეიცავს სინამდვილეს და რომლის წარდგენის გარეშეც შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტთან არ გააფორმებდა ხელშეკრულებას. კერძოდ, გამყიდველის მიერ გ----------ს ფაქტობრივ მფლობელობაში/საკუთრებაში გადაცემა 2016 წლის 02 აპრილის ხელშეკრულების თანახმად უნდა მომხდარიყო 25 დღის ვადაში. მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმეს 2016 წლის 27 აპრილს, ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად გამყიდველს მყიდველისათვის უნდა გადაეცა არა მხოლოდ საკუთრების უფლება, არამედ ნივთი ფაქტობრივ მფლობელობაში, თუმცა პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს სატენდერო კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N11 სხდომის ოქმზე, რომლის მიხედვითაც შპს ,,ა------------ის’’ მიერ წარდგენილი 2016 წლის 2 აპრილის N------------------- ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, გამყიდველი ვალდებული იყო გ---------- მყიდველისათვის ფაქტობრივ მფლობელობაში/საკუთრებაში გადაეცა ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 კალენდარული დღის ვადაში (2017 წლის 27 აპრილის ჩათვლით). ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ 2016 წლის 27 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით შპს ,,ა------------ამ’’ მყიდველს გადასცა მხლოდ საკუთრების უფლება, მას უნდა წარმოედგინა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც გ---------- მის ფაქტობრივ მფლობელობაში /საკუთრებაში გადავიდოდა. მოცემულ შემთხვევაში, კომისიამ მიიჩნია, რომ ხსენებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ა------------ას’’ მყიდველისათვის გ---------- უნდა გადაეცა ფაქტობრივ ფლობელობაში/ საკუთრებაში, რაც არ მომხდარა. ამდენად, არ დასტურდება 2016 წლის 27 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობა. კომისიამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩ-----–ი (ქალა-----------–-) გემზე გ----------ს ჩატვირთვისათვის თარიღად მითითებულია 2016 წლის 12 აპრილი. ამდენად, ჩინეთიდან საქართველოში ნივთის გემით ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო აღნიშნული გ----------ს მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულიყო 2016 წლის 27 აპრილს.

 

პალატა განმარტავს, რომ შპს ,,ა---ჯ--------’’ მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულების საგანი მყიდველს გადასცა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, თუმცა მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად არ იქნა დადასტურებული.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებულ შავის სიის წარმოების წესისა და პირობების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას და მის მიმართ გაფრთხილება არ გამოიყენება.

 

განსახილველ შერმთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის N5-- განკარგულების სახით, რომლითაც ,,შპს ,,ა------------ა’’ 2017 წლის 14 თებერვალს დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

4.1.4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებულ შავის სიის წარმოების წესისა და პირობების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. იმ პირობებში, როდესაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიამ შპს ,,ა---ჯ--------’’ ქმედება მიიჩნია არაკეთილსინდისიერად, კანონმდებლობასთან ასევე შესაბამისია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 19 დეკემბრის N------- წერილობითი შეტყობინება შემდგომი რეაგირებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადაგზავნის შესახებ, რომლითაც სააგენტოს ეცნობა S----------- ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის-შპს ,,ა------------ა’’ დისვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

 

რაც შეეხება სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს’’ 2016 წლის 27 დეკემბრის N5945 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს, პალატა მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცებულია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-121 -ე მუხლის მე-2 პუნქტით ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გამოქვეყნდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც სატენდერო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ოფიციალურად გამოქვეყნებულად ითვლება. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ფორმა, განცხადებაში მისათითებელი მონაცემები, განცხადების გამოქვეყნებისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-5 პუქტის თანახმად, წესის ფარგლებში ნებისმიერი ინფორმაციის მიღება/გაგზავნა შესაძლებელია განხორციელდეს მართვის ავტომატური საშუალებებით, ვებგვერდის https://tenders.procurement.gov.ge/dispute ან/და კომუნიკაციის სხვა თანამედროვე საშულებებით (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი, მოკლეტექსტური შეტყობინება). ამავე წესის მე-6 პუნქტით საჩივრის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ამდენად, პრეტენდენტთან კომუნიკაცია ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების გზით. ამდენად, პრეტენდენტი ვალდებულია ტენდერთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

 

საქმის გარემოებებით დადგენილია რომ შპს ,,ა------------ას’’ საჩივარი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი იქნა 2016 წლის 26 დეკემბერს, ხოლო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N11 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა 2016 წლის 15 დეკემბერს.

 

ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი მიხედვით სატენდერო/საკონურსო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია შესაბამისი გადაწყვეტილების სატენდერო კომისიის მიერ სისტემაში ატვირთვიდან, ხოლო ქმედების შემთხვევაში-ამ ქმედების განხორციელებიდან 5 დღის ვადაში. ხოლო ზემოხსენებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე საბჭოს აპარატის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

მიუხედავად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი შპს ,,ა------------ას’’ პროფილით გაცნობის პროგრამული ამონაწერისა, რომელიც ადასტურებს, შპს ,,ა------------ას’’ მიერ 2016 წლის 15 დეკემბრის N11 სხდომის ოქმის ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით 2016 წლის 17 დეკემბერს გაცნობას, მისთვის გასაჩივრების ვადა მაინც აითვლება გადაწყვეტილების სატენდერო კომისიის მიერ სისტემაში ატვირთვიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. მოცემულ შემთვევაში, კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ სატენდერო კომისიის აქტის გასაჩივრება საბჭოში შესაძლებელი იყო სისტემაში მისი გამოქვეყნების დღიდან 5 დღის განმავლობაში. ზაკ 56-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წინასწარ განსაზღვროს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან საჯაროდ გამოცხადების წესი. აღნიშნული წესი განისაზღვრა წინასწარ ზემოაღნიშნული რეგულაციის ფარგლებში.

 

ინდივიდულად-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის განსაზღვრავს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებით დადგენილია ინდივიდუალ- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის სპეციალური წესი „გამოქვეყნება“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ამასთან აღნიშნული წესი განისაზღვრა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის დაცვით - წინასწარ, ამდენად, პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ვადა აითვლება გამოქვეყნების მომენტიდან.

 

პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიჩნევს, რომ საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს’’ 2016 წლის 27 დეკემბრის N5945 გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.

 

4.1.5. პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

 

პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა - განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

5. პროცესის ხარჯები:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს „ა---- ჯ--------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ასორმოცდაათი) ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: ილონა თოდუა

 

მოსამართლეები: შოთა გეწაძე

 

გიორგი გოგიაშვილი