განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017001808900
საქმე N3ბ/454-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
12 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი, ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ქ--------- ა-----------ი;
წარმომადგენელი - ვ-–- შ--–------ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
წარმომადგენელი - ც---- გ-------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 იანვრის №M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ქ--------- ა-----------ის უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ და განმარტა, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქ--------- ა-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. 2005 წლის 11 ოქტომბრს სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება „ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ (მესი) და ქ--------- ა-----------ას შორის დაიდო საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის ხელშეკრულება №----------- ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა საატესტაციო გეგმით დადგენილი დამტკიცებული უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამის თანახმად, „ინფორმატიკოსი - იურისტის“ კვალიფიკაციის მიღების მიზნით. ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებულია, რომ სწავლების ფორმა არის - ექსტერნატი (ს.ფ. 30-32).
სალაროს შემოსავლის ორდერით დგინდება, რომ 2010 წლის 13 დეკემბერს ჟ--- ა-----------ის მიერ გადახდილ იქნა შპს „თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის“ მიმართ ქ--------- ა-----------ის ნოსტრიფიკაციის თანხა - 300 აშშ. დოლარის ექვივალენტი - 531 ლარის ოდენობით (ს.ფ. 49).
4.2. 2005 წლის 25 ნოემბერს გაცემული ჩათვლის წიგნაკით №------ დგინდება, რომ ქ--------- ა-----------მა გაიარა 5 კურსიანი სწავლება 2005-2010 წლებში უმაღლესი პროფესიული განათლების ფედერალურ სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულებაში „ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ (მესი) (ს.ფ. 36-40).
4.3. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 25 აგვისტოს უმაღლესი პროფესიული განათლების ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულება „ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (მესი) მიერ ქ--------- ა-----------ის სახელზე შედგენილი №-------------- დიპლომით ირკვევა, რომ ქ--------- ა-----------მა აითვისა სპეციალისტის პროგრამა სპეციალობით: 0----- გამოყენებითი ინფორმატიკა სამართალში და წარმატებით გაიარა სახელმწიფო საბოლოო ატესტაცია. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა ინფორმატიკოსი - იურისტის კვალიფიკაცია 2015 წლის 22 აპრილის №- ოქმით (ს.ფ. 21).
4.4. რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულების „გ.ვ. პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტის“ მიერ 2016 წლის 06 სექტემბერს გაცემული №-------- ცნობით დგინდება, რომ ქ--------- ა-----------ი იყო ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მესი) სტუდენტი სპეციალობით „გამოყენებითი ინფორმატიკა (სამართალში)“, სწავლების ფორმა - ექსტერნატი (ს.ფ. 42). აღნიშნული ცნობით ასევე დგინდება, რომ 2015 წლის 10 მარტს რუსეთის განათლების მინისტრის №185 ბრძანების საფუძველზე „უმაღლესი პროფესიული განათლების ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულება „გ.ვ. პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტის“ და „უმაღლესი პროფესიული განათლების ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულება „ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (მესი) რეორგანიზაციის შესახებ“, მესი რეორგანიზებული იქნა გ.ვ. პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკურ უნივერსიტეტთან მიერთების გზით.
რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2015 წლის 19 აგვისტოს ბრძანებით უმაღლესი პროფესიული განათლების ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულება „გ.ვ. პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი“ გარდაიქმნა უმაღლესი განათლების ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულებად - „გ.ვ. პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი“.
4.5. 2016 წლის 27 დეკემბერს ქ--------- ა-----------მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება, რა მიზნითაც წარადგინა „უმაღლესი პროფესიული განათლების ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულება „ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიერ გაცემული სპეციალისტის დიპლომი №-------------- (ს.ფ. 137-139).
4.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 04 იანვრის №-------------------- და 2017 წლის 12 იანვრის №M------------------- წერილებით ქ--------- ა-----------ს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ შესაბამისად, დაევალა კორესპონდენციის მიღებიდან 5 დღის ვადაში ეცნობებინა თუ რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე იღებდა განათლებას და წარედგინა მის მიერ სწავლის პერიოდში იმ ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მხარეს განემარტა, რომ განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილი იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განუხილველად დაეტოვებინა წარდგენილი განცხადება (ს.ფ. 161-162).
დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 04 იანვრის №----------------- და 2017 წლის 12 იანვრის №----------------- წერილები მხარეს ჩაბარდა და დადგენილ 5 დღიან ვადაში, რაიმე სახის განაცხადი, დოკუმენტაცია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მხარეს არ წარუდგენია (ს.ფ. 78-83).
4.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 იანვრის №M---------------- გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო ქ--------- ა-----------ის განცხადება დარჩა განუხილველი (ს.ფ.15).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განმცხადებელს განუსაზღვრა გონივრული ვადა საჭირო მტკიცებულებათა წარდგენის მიზნით. ვინაიდან, დადგენილ ვადაში განმცხადებელმა ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიმართა განცხადებით, არ წარადგინა რაიმე სახის დოკუმენტაცია, ხოლო ასეთი სახის დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე დადგენილ 5 დღიან ვადაში მოპასუხე მხარეს არ მიაწოდა ინფორმაცია, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება ქ--------- ა-----------ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 იანვრის №M---------------- გადაწყვეტილება კანონიერია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, არ არსებობს მოპასუხე მხარისათვის ქ--------- ა-----------ის უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველიც, ვინაიდან მოპასუხე მხარეს არსებითად არ შეუფასებია დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი განცხადების კანონიერება.
6. ქ--------- ა-----------ის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.1. ქ--------- ა-----------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასწავლო პროცესი მთელი 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, კერძოდ ქ. თბილისში, სადაც ჩააბარა მისაღები გამოცდები, ასევე, ხორციელდებოდა სემესტრის დახურვისათვის საჭირო გამოცდებისა და ჩათვლების ჩაბარება.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა ის მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა აღნიშნული სასწავლო დაწესებულების რეალურად თბილისში არსებობას, წლების განმავლობაში ჩატარებულ მისაღებ გამოცდებს სხვა და სხვა ფაკულტეტზე, მოწვეული ლექტორ-მასწავლებლების პიროვნებებს, რომლებიც ცხოვრობენ ქ. თბილისში. ყოველდღიურად ტარდებოდა ლექცია-სემინარები და გამოცდებისა და ჩათვლების შემდეგ გასცემდნენ შესაბამის შეფასებას, რაც აღნიშნული და დაფიქსირებულია ჩათვლის წიგნაკში. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ ყოველი სასწავლო წლის ბოლოს და გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდების დროს კომისია ჩამოდიოდა ქ. მოსკოვიდან - მისი სასწავლო დაწესებულების ცენტრალური სასწავლო დაწესებულებიდან, რომელსაც თავისი ანალოგიური ფილიალები და წარმომადგენლობა აქვს ქ. ერევანში, უკრაინასა და კიდევ რამდენიმე ყვეყანაში. პელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა წარდგენილი მტკიცბულებებიდან იმ ფაქტს, რომ ყოველწლიური თანხა, ანუ სწავლის ღირებულება ირიცხებოდა ქ. თბილისში სასწავლებლის ანგარიშზე ბაზის ბანკში.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ მტკიცებულებების შესახებ, რითაც დასტურდება, რომ მიღებული დიპლომი არ არის ყალბი, რომ ნადმვილად სწავლობდა მითითებულ სასწავლებელში, რომელიც მდებარეობდა, ქ. თბილისში (მესი). დიპლომი აღიარებულია რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, სადაც მითითებულია სწავლის ფორმა, სწავლის პერიოდი და პროგრამების ხანგრძლივობა, ასევე უმაღლესი განათლების საფეხურის შესახებ რუსეთის ფედერაციის განათლების სისტემის მიხედვით.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას იმ საკითხზე, რომ სსიპ განათლების ეროვნულ ცენტრს არ დაურღვევია კანონი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუმცა ყურადღება არ იქნა გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ აღნიშნულ დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრების შესახებ ცნობა ვერ იქნებოდა წარდგენილი. ქ--------- ა-----------ის განმარტებით, მის მოთხოვნაზე მოპასუხის ადმინისტრაციის უარი ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნა იყო ცნობის წარდგენა, თუმცა, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ აღნიშნულს ვერ წარადგენდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი სასწავლო პროცესი მთელი 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, ქ. თბილისში და არა მოსკოვში.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
7.2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას. ამავე კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა).
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანამხად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 04 იანვრის №----------------- და 12 იანვრის №----------------- წერილებით, ქ--------- ა-----------ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაევალა კორესპონდენციის მიღებიდან 5 დღის ვადაში ეცნობებინა თუ რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე იღებდა განათლებას და წარედგინა მის მიერ სწავლის პერიოდში იმ ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილი იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განუხილველად დაეტოვებინა წარდგენილი განცხადება.
პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 იანვრის №M---------------- გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო ქ--------- ა-----------ის განცხადება დარჩა განუხილველი.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოპასუხე მხარემ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განმცხადებელს განუსაზღვრა გონივრული ვადა საჭირო მტკიცებულებათა წარდგენის მიზნით. ვინაიდან დადგენილ ვადაში, განმცხადებელმა ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიმართა განცხადებით, არ წარადგინა რაიმე სახის დოკუმენტაცია, ხოლო ასეთი სახის დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე დადგენილ 5 დღიან ვადაში მოპასუხე მხარეს არ მიაწოდა ინფორმაცია, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება ქ--------- ა-----------ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია წარმოადგენს არსებით, შინაარსობრივ მხარეს, რომლის შეფასების შესაძლებლობაც თავად მხარემ არ მისცა ადმინისტრაციულ ორგანოს, 5 დღიან ვადაში ინფორმაციის, თუნდაც სააპელაციო საჩივარში მითითებული ინფორმაციის წარუდგენლობის გამო.
პალატა ეთანხმება და იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნებს და აღნიშნავს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 იანვრის № M---------------- გადაწყვეტილება კანონიერია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განუმარტა მხარეს, რომ არ არსებობს მოპასუხე მხარისათვის ქ--------- ა-----------ის უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველიც, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად არ შეუფასებია დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი განცხადების კანონიერება.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება - დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა - განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ქ--------- ა-----------ი ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დაუსაბუთებელი სააპელაციო საჩივარი, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, შესაბამისად ქ--------- ა-----------ას სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ--------- ა-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
გიორგი გოგიაშვილი -
ილონა თოდუა -