განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210114507396
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7075-17 16 აპრილი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი, ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი - ი-–---------–-- (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - მ-----–-----–-----–---- გ-------------------
მოწინააღმდეგე მხარეები (აპელანტები) - ნ--------–-------- ნ--------------- (მოპასუხეები)
წარმომადგენელი - ვ-–-----------------–-–---–-- კ------------
დავის საგანი - საწარმოსთვის მიყენებული ზიანისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრება, დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა, ახალი დირექტორის დანიშვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოპასუხეების - შპს „გ-----“ დირექტორის ნ--------–--------- და პარტნიორის ნ---------------ს მიერ საწარმოსთვის მიყენებული ზიანის სოლიდარულად დაკისრება, დირექტორის ნ--------–------------ს უფლებამოსილების შეწყვეტა და სასამართლოს მიერ შპს „გ-----“ დირექტორის დანიშვნა მოითხოვა.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი-–---------–--ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ--------–------ეს და ნ---------------ს შპს „გ-----“ სასარგებლოდ სოლიდარულად მიყენებული ზიანის, დაფარული შემოსავლის სახით, 81 314 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) და არასწორად გაწეული ხარჯების 28 975 ლარის ოდენობით გადახდა დაეკისრათ; ნ--------–------ეს შპს „გ-----“ დირექტორის უფლებამოსილება შეუწყდა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა; ი-–---------–--ს სასარჩელო მოთხოვნა, შპს „გ-----“ ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ნ--------–------ესა და ნ---------------ს ი-–---------–--ს სასარგებლოდ დაეკისრათ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ჩარიცხული თანხის, 3000 ლარის და სარჩელის უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯის 100 ლარის გადახდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ--------–------ემ და ნ---------------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებულ ნაწილში მისი გაუქმება მოითხოვეს. 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება ასევე, ი-–---------–--მ გაასაჩივრა. მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება ითხოვა, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ამონაწერის მომზადების თარიღი 24/06/2013წ) ამონაწერის თანახმად, შპს „გ----“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაში 1995 წლის 15 დეკემბერს (ს/კ/202896759) არის გატარებული. შპს „გ-----“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი ნ--------–------ე იყო. საწარმოს პარტნიორებს 50% წილის მფლობელი ნ--------------- და 50% წილის მფლობელი ი-–---------–-- წარმოადგენენ(ტ1. ს.ფ 1-20, ტ2. ს.ფ 1-24 და ს.ფ 377-402).
6. 2012 წლის 17 აპრილს შპს „გ-----“ პარტნიორთა კრება გაიმართა. კრებამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რადგან მას პარტნიორი ნ--------------- და დირექტორი ნ--------–-------- რომელთათვისაც კრების ჩატარების დრო ცნობილი იყო, არ დაესწრნენ (ტ1, ს.ფ 70-81).
7. 2012 წლის 28 აპრილს პარტნიორებმა განმეორებით კრება მოიწვიეს, სადაც პარტნიორი ნ--------------- არ გამოცხადდა. კრებამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა და დირექტორი შეცვალა. ცვლილება, სუბიექტის რეგისტრაციის მონაცემებში, 2012 წლის 23 მაისიდან შევიდა (ტ1, ს.ფ 70-81).
8. 2012 წლის 28 აპრილს პარტნიორთა განმეორებით კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მეორე პარტნიორი ნ--------------- არ დაეთანხმა და პარტნიორთა კრების ოქმი სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით პარტნიორთა კრების ოქმი გაბათილდა. სასამართლომ ნ--------–------ე საზოგადოების დირექტორის პოზიციაზე აღადგინა (ტ.1, ს.ფ.70-81 ).
9. ი-–---------–--, როგორც შპს „გ-----“ 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი შპს „გ-----“ დირექტორ ნ--------–---------გან კომპანიის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციას ითხოვდა. აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე მტკიცებულებები, კერძოდ, ი-–---------–--ს წერილები ნ--------–------ის მიმართ საქმეში წარმოდგენილია. აღნიშნულის საპირისპიროდ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც ი-–---------–--სათვის საზოგადოების დოკუმენტაციის მიწოდების ფაქტი დადასტურდებოდა. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ დირექტორი ნ--------–------ე პარტნიორ ი-–---------–--ს საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა და საზოგადოების წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობის შესაძლებლობას არ აძლევდა. უფრო მეტიც, 50%-იანი პარტნიორი ნ--------------- და დირექტორი ნ--------–------ე ი-–---------–--ს ერთობლივი აუდიტის დანიშვნის წინადადებას არ დაეთანხმნენ (ტ.1, ს.ფ. 40-45, 54,56,69).
10. შპს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ბ-----------------------“ ანგარიშის მიხედვით, „შპს „გ-----“ ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები შეუდარდა წარმოდგენილ პირველად დოკუმენტაციას, ასევე საგადასახადო ორგანოში დეკლარირებულ მონაცემებს და გამოვლინდა, რომ კომპანიის ბუღალტერია არასრულყოფილია და არ შეესაბამება აღრიცხვის ფუნდამენტურ პრინციპებს - სამეურნეო ოპერაციათა დიდი ნაწილი არ არის სრულად აღრიცხული და ასახული ბუღალტრულ რეგისტრებში და საგადასახადო ანგარიშგებაში.... (ტ.1, ს.ფ. 37). აუდიტორული შემოწმება დაეყრდნო დამკვეთის, კომპანიის დამფუძნებლის - ი-–---------–--ს მიერ მოწოდებულ საბუღალტრო ჩანაწერებს (ჟურნალ-ორდერები, სალაროს წიგნები და სხვა) და პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციას, რომელიც კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების მონაცემებთან შედარდა. კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოში დეკლარირებული დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი 2008 წელს 196 342 ლარს შეადგენს. შემოსავლების აღრიცხვა წარმოებს შიდა დოკუმენტებით - აღრიცხვის ქვითრით, რომელიც გამოიყენება კლიენტებთან ანგარიშსწორებისათვის და შესაბამისად, წარმოადგენს პირველად სააღრიცხვო დოკუმენტს ბუღალტრული და საგადასახადო მიზნებისათვის.... (ტ.1, ს.ფ. 38). აღრიცხვის ქვითარზე აისახება კლიენტთან მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი და კერძების ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც ხდება კლიენტთან ანგარიშსწორება და საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკის გაცემა. წარმოდგენილი შიდა აღრიცხვის ქვითრები დანომრილია და თითოეულ მათგანზე დაფიქსირებულია თარიღი, კერძის (სასმელის) დასახელება, რაოდენობა, ფასი, ჯამური მონაცემები, მიმტანის სახელი, დირექტორის და ადმინისტრატორის ხელმოწერები...(ტ.1, ს.ფ. 39). პირველადი დოკუმენტების, აგრეთვე გამოყენებული აღრიცხვის ქვითრების ნომრებისა და თანმიმდევრობის მიხედვით დგინდება, რომ შპს „გ-----“ 2008 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეძენილი აქვს აღრიცხვის ქვითრები, ნუმერაციით 0001-3000 მდე (მინიმუმ 15 079) ცალის ოდენობით, საიდანაც ბუღალტრული დოკუმენტებით გახარჯულად, ანუ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად აღრიცხულია მხოლოდ 2 818 ცალი, რომელთა შესაბამისი ჯამური თანხები ასახულია საკონტროლო სალარო აპარატის მონაცემებში. აღსანიშნავია, რომ ბუღალტრულად აღრიცხული 2 818 ცალი ქვითრის ხარჯვა შესაბამისობაში არ არის მის ნუმერაციასთან, ხოლო დარჩენილი 12 261 ცალი აღრიცხვის ქვითრის შენახვის ან ჩამოწერის თაობაზე რაიმე ჩანაწერი ან სხვა ინფორმაცია შედგენილ დოკუმენტებში არ მოიპოვება. შესაბამისად, მისი არარსებობა შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც სააღრიცხვო დოკუმენტების დაკარგვა ან განადგურება, რაც შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ასევე არაპირდაპირი მეთოდების გამოყენების საფუძველია..(ტ.1, ს.ფ. 39). გარდა ბუღალტრულად აღრიცხული 2818 ცალი აღრიცხვის ქვითრისა, კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორის - ი-–---------–--ს მიერ წარდგენილ იქნა 2008 წლის მაისის თვით დათარიღებული აღრიცხვის ქვითრები (1050 ცალი - ჯამური ღირებულება 81 314 ლარი) ზემოაღნიშნული რეკვიზიტებით (თარიღი, კერძის (სასმელის) დასახელება, რაოდენობა, ფასი, ჯამური მონაცემები, მიმტანის სახელი, დირექტორის და ადმინისტრატორის ხელმოწერები), რომელთა რაოდენობა და ნუმერაცია შესაბამისობაშია ამავე თვეში ბუღალტრულად აღრიცხული ქვითრების ნომრების რიგითობასთან. ამასთან, აღნიშნული აღრიცხვის ქვითრების შესაბამისი მონაცემები აღრიცხული არ არის წარმოდგენილ ბუღალტრულ რეგისტრებში და ასახული არ არის საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ ანგარიშებში, კერძოდ, შპს „გ-----“ მიერ 2008 წლის მაისის თვეში აღრიცხული პირველადი დოკუმენტების (260 აღრიცხვის ქვითარი) მიხედვით, მიღებულმა შემოსავალმა დღგ-ის ჩათვლით 24 013 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა დამატებით წარმოდგენილი 2008 წლის მაისის თვით დათარიღებული 1050 ცალი პირველადი დოკუმენტის - აღრიცხვის ქვითრის მიხედვით მიღებული შემოსავალი (დღგ-ის ჩათვლით) 81 314 ლარს შეადგენს. შესაბამისად, მაისის თვის რეალური შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 105 327 (24 013 + 81 314) ლარს, ნაცვლად აღრიცხული 24 013 ლარისა (ტ.1, ს.ფ. 40)“.
11. ნ--------–--------- და ნ---------------ს მიერ წარმოდგენილი შესაგებლის მიხედვით სადავოდ გამხდარი არ არის და შესაბამისი მტკიცება განხორციელებული არ არის იმ მიმართებით, რომ საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის მაისის თვით დათარიღებული აღრიცხვის ქვითრები (1050 ცალი - ჯამური ღირებულება 81 314 ლარი), რომელთა მონაცემები აღრიცხული არ არის წარმოდგენილ ბუღალტრულ რეგისტრებში და ასახული არ არის საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ ანგარიშებში, გაყალბებულია (იხ.მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი შესაგებელი, ტ.3, ს.ფ. 78-90). უფრო მეტიც, მოპასუხეთა მტკიცება დაზუსტებულ სარჩელთან დაკავშირებით განხორციელებულია იმ კუთხით, რომ 2008 წლის მაისის თვით დათარიღებული აღრიცხვის ქვითრები არ წარმოადგენს „მკაცრი აღრიცხვის“ დოკუმენტს, რომელზე დაყრდნობითაც კომპანიისათვის დამალული შემოსავალი შეიძლება დადგინდეს. ამგვარი მტკიცების განხორციელების მიზნებისათვის მოპასუხეებმა წარმოადგინეს შპს აუდიტური ფირმა „ბ---–---–----------------“ მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა, რომელშიც განმარტებულია, რომ „ე.წ. „აღრიცხვის ქვითარი“ არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, ის სავალდებულო პირველადი აღრიცხვის დოკუმენტად ვერ იქნება მიჩნეული ბუღალტრული და საგადასახადო მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ე.წ. „აღრიცხვის ქვითარი“ წარდგენილი იქნება ბუღალტერიაში შესაბამისი სალარო აპარატის ჩეკით და შესაბამისი საბუღალტრო სააღრიცხვო დოკუმენტებითაც დადასტურებული იქნება მოცემულ ე.წ. „აღრიცხვის ქვითარში“ დაფიქსირებული საქონლის ნაშთები, რომლის კლიენტისათვის მიწოდების შესაძლებლობაც იქნებოდა, მაშინ აღნიშნული ე.წ. „აღრიცხვის ქვითარი“ შეიძლება მივიჩნიოთ პირველად სააღრიცხვო დოკუმენტად ბუღალტრული და საგადასახადო მიზნებისათვის“ (ტ.3, ს.ფ. 113).
12. ამდენად, სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (2008 წლის მაისის თვით დათარიღებული აღრიცხვის ქვითრების), მათ შორის, მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ 1050 ცალი აღრიცხვის ქვითრით, რომლის ჯამური ღირებულება 81 314 ლარია, დასტურდება შპს „გ-----“ მხრიდან 81 314 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევის ფაქტი. თუმცა, აღნიშნული ქვითრები ბუღალტრულად აღრიცხული არ არის და არც საგადასახადო ორგანოებისადმი წარდგენილ მონაცემებშია შესაბამისი ინფორმაცია ასახული. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ თუ მითითებული აღრიცხვის ქვითრები შესაბამისი სალარო აპარატის ჩეკით დადასტურდებოდა, ასეთ შემთხვევაში, კომპანია ვალდებული იქნებოდა სალარო აპარატის ჩეკით დადასტურებული სააღრიცხვო ქვითრები ბუღალტრულად გაეტარებინა და საგადასახადო ორგანოებისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აესახა. მოცემულ შემთხვევაში, კი კომპანიის პარტნიორი სწორედ იმას დაობს, რომ მითითებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თანხა სალარო აპარატის ჩეკით დადასტურებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული თანხა ბუღალტრულად აღრიცხული და შესაბამისი საგადასახადო ორგანოებისათვის წარდგენილი არ არის. ამდენად, აღნიშნული ქვითრების სალარო აპარატის ჩეკით დაუდასტურებლობა სწორედაც, რომ კომპანიისათვის განკუთვნილი შემოსავლის დამალვას გულისხმობს. პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს, რომ მითითებულ შემოსავლებში საერთო შემოსავალი იგულისხმება, კერძოდ კი, კომპანიისათვის დაკარგული საერთო შემოსავალი, რომელსაც კომპანიის მოგების დაანგარიშების მიზნებისათვის კომპანიის ხარჯი უნდა გამოაკლდეს, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომლითაც კომპანიისათვის კუთვნილ (თუმცა დამალულ, აღურიცხავ) შემოსავალს ხარჯი გამოაკლდებოდა. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ წარმოდგენილ სააღრიცხვო ქვითრებში პირდაპირი შემოსავალია დაფიქსირებულია, რასაც, მოგების დაანგარიშების მიზნებისათვის, პირდაპირი ხარჯი უნდა გამოაკლდეს. პირდაპირ შემოსავალს არაპირდაპირი (ჰიპოთეტურად დაანგარიშებული ხარჯი) ვერ გამოაკლდება. არაპირდაპირი ხარჯი მხოლოდ არაპირდაპირ (ჰიპოთეტურად დაანგარიშებულ) შემოსავალს შეიძლება გამოაკლდეს. მაგალითისათვის, თუ სააპელაციო პალატა გაიზიარებდა ი-–---------–--ს მტკიცებას მასზედ, რომ 2008 წლის მაისის თვის „დამალული შემოსავლებისა“ და „ნაჩვენები შემოსავლების“ ჯამი 2008, 2009 და 2010 წლებში შპს „გ-----“ ყოველთვიურ შემოსავალს წარმოადგენდა, ყოველგვარი პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე, ასეთ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, ერთი თვის, მოცემულ შემთხვევაში, მაისის თვის მაგალითზე დათვლილი შემოსავლის ყოველ თვეზე გაანგარიშების პირობებში, დაიშვებოდა ჰიპოთეტური ხარჯის პრეზუმფცია და პრეზუმირებულად ნაგულისხმევ შემოსავალს (100%) პრეზუმირებულად ნაგულისხმევი ხარჯი (75%) გამოაკლდებოდა და კომპანიისათვის დაკარგულ წმინდა მოგებად დარჩენილი თანხა (25%) მიიჩნეოდა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ მოგების არაპირდაპირი დაანგარიშების მეთოდი რელევანტურია საგადასახადო მიზნებისათვის. რაც შეეხება სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში ზიანის ფაქტის დადგენასა და მისი ოდენობის გამოანგარიშებას, აღნიშნული გარემოებები მტკიცებადი კატეგორიებია. შესაბამისად, სასამართლო, კომპანიისათვის მიყენებული ზიანის დათვლის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული მეთოდით ვერ იხელმძღვანელებს და 2008 წლის მაისის თვეში კომპანიის შემოსავლების ნაწილის დამალვის ფაქტის დადგენით ვერ დაუშვებს პრეზუმფციას მასზედ, რომ ამავე ოდენობით შემოსავალი 2008, 2009 და 2010 წლებშიც იმალებოდა. ვინაიდან პალატა ამგვარ დაშვებას გამორიცხავს, ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით, რადგანაც სასამართლო შემოსავლის არაპირდაპირი წესით დათვლის მეთოდს არ იყენებს, ამიტომაც გამორიცხავს არაპირდაპირი წესით ხარჯის დათვლის მეთოდის გამოყენებასაც. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგან საქმის მასალებით დგინდება 2008 წლის მაისის თვეში ბუღალტრულად აღურიცხავი შემოსავლის არსებობის ფაქტი (81 314 ლარი), აღნიშნულ თანხას არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული ხარჯი (ჰიპოთეტურად გამოანგარიშებული 75%) არ უნდა გამოაკლდეს. პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირდაპირი მტკიცებულებით დადასტურებულ შემოსავალს პირდაპირი მტკიცებულებით დადასტურებული ხარჯი უნდა გამოაკლდეს, ხოლო ჰიპოთეტურად დაშვებულ შემოსავალს ჰიპოთეტურად დაშვებული ხარჯი. განსახილველ შემთხვევაში კი შპს „გ-----“ დირექტორსა და პარტნიორს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომლითაც მაისის თვის ის აღურიცხავი ხარჯი დამტკიცდებოდა, რომელიც აღურიცხავ შემოსავალს უნდა გამოკლებოდა. მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილებით კი, როდესაც კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი ამავე კომპანიის პარტნიორისა და დირექტორისათვის კომპანიის სასარგებლოდ იმ შემოსავლის დაკისრებას ითხოვს, რომელიც კომპანიაში ოფიციალურად უნდა შესულიყო და არ შევიდა, ასეთ შემთხვევაში, მოპასუხეებმა უნდა ამტკიცონ, ან: ა. აღნიშნული შემოსავლის კომპანიაში ბუღალტრულად გატარების ფაქტი; ან ბ. შემოსავლის მთლიანად ან ნაწილობრივ გასავალში (კომპანიის ხარჯებში) გაქვითვის ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება სააღრიცხვო ქვითრებით დადასტურებული 81 314 ლარის კომპანიაში შესვლის და არც აღნიშნული თანხის კომპანიის ხარჯებში გაქვითვის ფაქტი. შესაბამისად, მითითებული თანხა რჩება აღურიცხავ შემოსავლად, რომელიც კომპანიაში ოფიციალურად შესვლის (ბუღალტრულად აღრიცხვის) ნაცვლად, სხვა წესით გაიხარჯა, რითაც კომპანიამ სწორედ აღნიშნული ოდენობით დანაკლისი განიცადა. უფრო მეტიც, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარჯი, რომელიც კომპანიას 2008 წლის მაისში ჰქონდა, ბუღალტრულად უკვე ნაჩვენებია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული (ნაჩვენები) ხარჯი იმ შემოსავალს უკვე გამოაკლდა, რაც ოფიციალურად ასახულია (ნაჩვენებია), შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენამდე, ივარაუდება, რომ კომპანიას 2008 წლის მაისში სწორედ ის ხარჯი ჰქონდა, რაც კომპანიამ ბუღალტრულად აღრიცხა. აღნიშნული პრეზუმფცია იქნებოდა დაშვებული 2008 წლის მაისის თვის შემოსავლებთან მიმართებითაც, რომ არა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, ბუღალტრულად აღურიცხავი ე.წ. „სააღრიცხვო ბარათები“, რომელსაც კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი აწერს ხელს. შესაბამისად, მოსარჩელემ სასამართლოს კომპანიის აღურიცხავი, დაფარული შემოსავლების ამსახველი მტკიცებულებები წარუდგინა, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა, რომ გარდა ოფიციალურად აღრიცხული და საგადასახადო მიზნებისათვის ნაჩვენები ხარჯისა, კომპანიას 2008 წლის მაისში კიდევ სხვა აღურიცხავი ხარჯი ჰქონდა, რომელიც წარმოდგენილ აღურიცხავ შემოსავალს უნდა გამოაკლდეს.
13. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცებულება, რომელიც ი-–---------–--მ წარმოადგინა (81 314 ლარის დამადასტურებელი სააღრიცხვო ბარათები) კომპანიისათვის შემოსავლის დაკარგვის ფაქტს ადასტურებს, შესაბამისად, აღნიშნული შემოსავალი კომპანიას უნდა დაუბრუნდეს. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნ--------–--------- და ნ---------------ს მითითებას მასზედ, რომ კომპანიისათვის მიყენებული ზიანი წმინდა მოგებაა. წმინდა მოგების გამოანგარიშების დროს კი შემოსავალს შესაბამისი ხარჯი უნდა გამოაკლდეს, რასაც მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ კიდეც. ამ მიმართებით პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები მაისის თვის აღურიცხავ შემოსავალს (81 314 ლარს) არაპირდაპირ, ჰიპოთეტურად დაშვებულ ხარჯს (75%-ს) იმ ლოგიკით აკლებდნენ, რომ ამგვარი მეთოდით გამოანგარიშებული თანხა მიჩნეულიყო იმ ჰიპოთეტურ ზიანად, რომელსაც კომპანია 2008, 2009 და 2010 წლებში ყოველთვიურად განიცდიდა, თუმცა, სასამართლომ ამგვარი პრეზუმფცია არ დაუშვა და მხოლოდ 2008 წლის მაისის თვეში სააღრიცხვო ბარათებით დადასტურებული ერთი თვის შემოსავლის დაკარგვის ფაქტი გაითვალისწინა, იმგვარი პრეზუმფციის დაშვების გარეშე, რომ აღნიშნული შემოსავალი არამარტო 2008 წლის მაისის თვეში, არამედ 3 წლის განმავლობაში ყოველთვიურად იმალებოდა. შესაბამისად, სასამართლომ არ გამოიყენა რა ზიანის დაანგარიშების არაპირდაპირი (პრეზუმირებული) მეთოდი, ამიტომ 2008 წელს პირდაპირი მტკიცებულებით დამტკიცებულ შემოსავალს არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული ხარჯი არ გამოაკლო, კიდევდაკიდევ იმ არგუმენტაციით, რომ ვინაიდან 3 წლის განმავლობაში ყოველთვიურად პრეზუმირებული შემოსავლის არსებობა არ დაუშვა, არც პრეზუმირებული ხარჯი გაითვალისწინა, ხოლო იქ სადაც პირდაპირი შემოსავალი დადასტურდა, პირდაპირი ხარჯის ამსახველი მტკიცებულება მოპასუხეს წარმოდგენილი არ ჰქონდა. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის შეფასებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის კონტექსტში, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 499 650 ლარის დაკისრებას ითხოვდა, ხოლო სასამართლომ მხოლოდ მაისის თვის დაფარული შემოსავალი, 81 314 ლარი დააკისრა, ხოლო არასწორად გაწეული ხარჯების სახით, 28 975 ლარი.
14. პალატა მიიჩნევს, რომ, გარდა დაფარულის შემოსავლის 81 314 ლარისა (იხ. განჩინების მე-13 პუნქტი), მოპასუხეებს სოლიდარულად საზოგადოების სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით, 28 975 ლარიც უნდა დაეკისროთ. აღნიშნული დასკვნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „გ-----“ პირადი ანგარიშიდან 01/01/2014- 24/12/2014 წლის პერიოდში, საადვოკატო მომსახურების საფასური საადვოკატო ბიურო „კ-------------------------“ გაიცა: 10 500 ლარი, კერძოდ: 28/01/2014 წელს -1875 ლარი, 06/03/2014 წელს -1875.00 ლარი, 31/03/2014 წელს - 1875.00 ლარი; 30/04/2014 წელს -1875.00 ლარი, 25/07/2014 წელს - 500 ლარი, 07/08/2014 წელს - 500 ლარი, 30/09/14 წელს - 500 ლარი, 28/10/2014 - 500 ლარი, 25/11/2014 -500 ლარი, 24/12/2014 წელს - 500 ლარი (ტ. 2. ს.ფ. 319-335).
დადგენილია, რომ შპს ,,გ-----“ პირადი ანგარიშიდან 2014 წლის 03 ოქტომბერს შ-------------------------------–---–----------------------- გადახდილი იქნა საექსპერტო აუდიტორული მომსახურებისათვის 6 475 ლარი (ტ. 2. ს.ფ. 332).
დადგენილია და მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ კომპანიის დირექტორის მოადგილეებისათვის 2013-2014 წლებში ხელფასის სახით გადახდილი იქნა 12 000 ლარი.
პალატა განმარტავს, რომ დირექტორის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება კომპანიის საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. დირექტორის მიერ ერთგულების მოვალეობის დაცვა გულისხმობს, რომ ის ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რათა თავიდან აირიდოს დანაკარგი ან თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რამაც შეიძლება ნეგატიური შედეგი მოუტანოს კომპანიას. დირექტორი ვალდებულია პირად ინტერესებზე მაღლა საწარმოს ინტერესი დააყენოს და განსაკუთრებული წინდახედულებისა და ზრუნვის საფუძველზე მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, გამორკვევას ექვემდებარება საკითხი იმის შესახებ, ზემოაღნიშნული ხარჯი, რომელიც გაწეული იქნა კომპანიის შემოსავლებიდან, რეალურად ემსახურებოდა, თუ არა კომპანიის ინტერესების დაცვას. პალატა ყურადღებას გაამახვილებს საადვოკატო ბიურო „კ-------------------------“ გაცემულ ანაზღაურებაზე. მნიშვნელოვანია, დადგინდეს, საადვოკატო ბიურო უწევდა, თუ არა იურიდიულ დახმარებას უშუალოდ კომპანიას. საქმეში წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები:
შპს ,,გ-----“ 2013 წლის 16 ნოემბრის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ საზოგადოების პარტნიორს ნ---------------ს წარმოადგენდა პ------------- (ტ.1. ს.ფ. 29);
შპს ,,გ-----“ 2014 წლის 29 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ საზოგადოების პარტნიორს ნ---------------ს წარმოადგენდა პ------------- (ტ.2. ს.ფ. 28-33);
შპს ,,გ-----“ 2015 წლის 27 იანვრის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ კომპანიას და მის პარტნიორს ნ---------------ს წარმოადგენდა პ------------- (ტ.2. ს.ფ. 274-296);
შპს ,,გ-----“ 2015 წლის 08 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ პარტნიორს ნ---------------ს წარმოადგენდა პ------------- (ტ.3. ს.ფ. 118-119);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ შპს ,,გ-----“ წინააღმდეგ აღძრულ სარჩელში, მოსარჩელე ნ---------------ს წარმოადგენდა პ------------- (ტ.1 ს.ფ. 70-81);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ შპს ,,გ-----“ წინააღმდეგ აღძრულ სარჩელში, მოსარჩელე ნ---------------ს წარმოადგენდა პ------------- (ტ.1 ს.ფ. 128-141);
საქმეში საადვოკატო ბიურო „კ-----------------------“ მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ საადვოკატო ბიურო იურიდიულ დახმარებას არა კომპანიას, არამედ მის პარტნიორს უწევდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ 10 500 ლარი კომპანიის დირექტორის მიერ გახარჯული იქნა არამიზნობრივად, კომპანიის პარტნიორის ნ---------------სათვის გაწეული იურიდიული დახმარების ასანაზღაურებლად, აღნიშნულით კი ზიანი კომპანიას მიადგა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების წესდების მე-9 მუხლზე, რომლის თანახმადაც, საზოგადოების საქმიანობის კონტროლს ახორციელებს პარტნიორთა კრება. საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორთა კრება ნიშნავს აუდიტორს, რომელიც საზოგადოების საქმიანობას აკონტროლებს საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ შპს ,,გ-----“ პირადი ანგარიშიდან, საექსპერტო აუდიტორული მომსახურების #6------ ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 03 ოქტომბერს შპს აუდიტორული ფირმა ,,ბ---–---–---------------------ს“ გადახდილი იქნა საექსპერტო აუდიტორული მომსახურებისათვის 6475 ლარი. დადგენილია, რომ აუდიტორული შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება პარტნიორებს არ მიუღიათ და ამასთან, არც შესაბამისი დასაბუთება არ არის წარმოდგენილი მოპასუხის მიერ აღნიშნული ხარჯის გაწევის აუცილებლობასა და მართლზომიერებასთან დაკავშირებით. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამ დროისათვის კომპანიის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა საიჯარო ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავალი, დასაბუთებულია მოსარჩელის არგუმენტი, რომ აუდიტორული შემოწმების ჩატარება კომპანიის მიზნებს არ ემსახურებოდა.
დადგენილია, რომ კომპანიის დირექტორის მოადგილეებისათვის 2013-2014 წლებში ხელფასის სახით გადახდილი იქნა 12 000 ლარი. დადგენილია, რომ 2012 წლის 26 სექტემბრიდან კომპანიის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა იჯარის საფასური. შესაბამისად, დირექტორის მიერ წარმოებული საკადრო პოლიტიკა პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა არასწორ ბიზნეს გადაწყვეტილებად. მოპასუხეები შესაგებელში არ მიუთითებენ ისეთ არგუმენტებზე, რაც საკადრო პოლიტიკასთან მიმართებით დირექტორის გადაწყვეტილებას გაამართლებდა. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დირექტორის მოადგილეებისათვის ხელფასის სახით გაცემული თანხები კომპანიის საკუთრებიდან გავიდა არამიზნობრივად, საწარმოს საუკეთესო ინტერესების უგულვებელყოფით. პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა დირექტორის მხრიდან იმგვარი ქმედება, რომ შეუძლებელია მისი განხილვა როგორც რაციონალური, კომპანიის მიზნების მისაღწევად განხორციელებული.
15. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.
საწარმოს დირექტორის ძირითადი მიზანი წარმატებული მართვის შედეგად საზოგადოების ქონების მაქსიმიზაციაა და დირექტორი მოვალეა, ამ მიზნის მისაღწევად მოქმედი კანონით ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს მოვალეობათა მართლზომიერად და კეთილსინდისიერად განსახორციელებლად. საკორპორაციო სამართალი განარჩევს დირექტორის თანამდებობრივ, სასამსახურო ურთიერთობას და მის ორგანულ თანამდებობას, რომელთაგან პირველი წარმოადგენს საზოგადოებასა და დირექტორს შორის სახელშეკრულებო შეთანხმებას, ხოლო მეორე, კორპორატიული აქტია და აქ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6. მუხლით განსაზღვრული პრინციპები იკვეთება: დირექტორი საქმეებს საკუთარი პასუხისმგებლობითა და სამეწარმეო გადაწყვეტილებათა მიღების თავისუფლების პრინციპზე დაყრდნობით ახორციელებს. დირექტორის მიერ საწარმოს პარტნიორებთან შეუსაბამობასა და დაპირისპირებაში ყოფნა კანონთან და ბუნებრივია, პარტნიორებთან შეუსაბამოდ მიიჩნევა. სწორედ დირექტორის უნარ-ჩვევებსა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული საწარმოს განვითარება.
ამდენად, დირექტორს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე აკისრია ე.წ. ფიდუციური მოვალეობანი, რომელიც, თავის მხრივ ზრუნვის, ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობისაგან შედგება.
დირექტორის ზრუნვის მოვალეობის მიხედვით, დირექტორი ვალდებულია მისი ყოველი ქცევა კომპანიის საუკეთესო ინტერესებში იყოს, ამისათვის დირექტორი დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა მოქმედებდეს; დირექტორის ბრმად არ უნდა ენდოს „რჩევას“, „რეკომენდაციას“ და არც „დომინანტთა“, თუ „მისთვის ფავორიტ“ პარტნიორთა დავალებას. ზრუნვის მოვალეობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დირექტორის გადაწყვეტილება უნდა იყოს მართლზომიერი, კანონშესაბამისი. არამართლზომიერი, კანონშეუსაბამო ქცევა, თუნდაც, კომპანიის საუკეთესო ინტერესებისათვის გამიზნული, ზრუნვის მოვალეობის დაცვის არგუმენტით ვერ გამართლდება. ზრუნვის მოვალეობა დაცულია, თუ დირექტორი ნებისმიერ გადაწყვეტილებას გაცნობიერებულად, შესწავლილი ფორმატითა და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს. ზრუნვის მოვალეობა კეთილსინდისიერების კომპონენტსაც შეიცავს, კერძოდ, დირექტორი უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უნდა სჯეროდეს, რომ კომპანიის საუკეთესო ინტერესებში მოქმედებს (სუბიექტური ტესტი). ამასთან, რწმენა უნდა ეფუძნებოდეს მოძიებულ ინფორმაციას, ანუ რწმენა უნდა იყოს დასაბუთებული (გამართლებული) (ობიექტური ტესტი). დირექტორი იცავს ზრუნვის ვალდებულებას, თუ: 1. არ გააჩნია პირადი დაინტერესება; 2. ფლობს სათანადო ინფორმაციას, საკმარისს, რათა დირექტორს „სწორი“ გადაწყვეტილების მიღების რწმენა შეექმნას; 3. სჯერა, რომ გადაწყვეტილება კომპანიის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება. დირექტორის ფიდუციურ ვალდებულებათა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს დირექტორის ერთგულების მოვალეობა წარმოადგენს. დირექტორს კომპანიის მიმართ აქვს ერთგულების მოვალეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ დირექტორი ვალდებულია: ა.იმოქმედოს კომპანიის საუკეთესო ინტერესებში; ბ. თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც კომპანიას ზიანს მიაყენებს; გ. თავი აარიდოს ინტერესთა კონფლიქტს; დ. კომპანიის კორპორაციული შესაძლებლობები ბოროტად არ გამოიყენოს.
ამდენად, კომპანიის დირექტორის კანონისმიერი და ამავდროულად, საკორპორაციო სამართლებრივი ვალდებულებაა იმოქმედოს მხოლოდდამხოლოდ კომპანიის ინტერესებში. დირექტორის ნებისმიერი ბრალეული ქმედება, მიმართული კომპანიის ინტერესების წინააღმდეგ, დირექტორის კანონისმიერი ვალდებულებების დარღვევაა.
ყველა იურისდიქციაში კორპორაციისთვის მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებლობის მოთხოვნა დირექტორის ვალდებულებაა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც თავად დირექტორი არღვევს ვალდებულებებს კორპორაციის წინაშე, ის ამით პოტენციურად პირდაპირ ზიანს სწორედ კომპანიას აყენებენ, ხოლო არაპირდაპირ ზიანს - კომპანიასთან დაკავშირებულ სხვა პირებს, აქციონერებს, დასაქმებულებს, კრედიტორებს და ა. შ... შესაბამისად, პირველ რიგში, კომპანიაა უფლებამოსილი წარადგინოს სარჩელი დირექტორის წინააღმდეგ მის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. თუმცა, საქმე ისაა, რომ ხშირად კომპანია დირექტორის კონტროლის ქვეშაა და ეს უკანასკნელი საკუთარი თავის წინააღმდეგ სარჩელის წარდგენასთან დაკავშირებით ცხადია არ მიიღებს გადაწყვეტილებას. ითვალისწინებს რა ასეთი შესაძლებლობის არსებობას, საკორპორაციო კანონმდებლობა აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს ანიჭებს უფლებამოსილებას, წარადგინოს სარჩელი დამრღვევი დირექტორის წინააღმდეგ კორპორაციის ნაცვლად.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ--------–------ის, როგორც შპს „გ-----“ დირექტორის ბრალეული (განზრახ ან გაუფრთხილებლობით) ქმედების შედეგად 2008 წლის მაისის თვეში მის მიერ ხელმოწერილი აღრიცხვის ქვითრები სალარო აპარატში არ გატარდა და ბუღალტრული წესით არ აღირიცხა, რის გამოც კომპანიამ 81 314 ლარის ოდენობით შემოსავალი დაკარგა. თუ კომპანიას იმ დროისათვის იმაზე მეტი ხარჯი ჰქონდა, ვიდრე ბუღალტრულად აღრიცხული და საგადასახადო მიზნებისათვის ნაჩვენები იყო, კომპანიამ, სულ მცირე, ამით იმის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, რომ მითითებული შემოსავლით აღნიშნული ხარჯი გადაფარულიყო და ხარჯთან მიმართებით შემოსავლის მეტობის პირობებში, კომპანიას მოგება დარჩენოდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი საადვოკატო მომსახურებისათვის, აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის, თუ შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული პირისათვის, აუცილებელია კომპანიის მიზნებს ემსახურებოდეს. თუ საადვოკატო საქმიანობას იღებს არა კომპანია, არამედ პარტნიორი, თუ აუდიტორული შემოწმების ჩატარების საჭიროება პარტნიორთა შორის დავიდან მომდინარეობს, თუ დირექტორს ჰყავს მოადგილე(ები), მაშინ, როდესაც კომპანიას თავისი საქმიანობა შეწყვეტილი აქვს, ხოლო ფართი კი იჯარით აქვს გაცემული, ასეთ შემთხვევაში, ადვოკატისათვის, აუდიტორული კომპანიისათვის, დირექტორის მოადგილი(ებ)სათვის გადახდილი ანაზღაურება, სხვა არაფერია, თუ არა კომპანიის კუთვნილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში კომპანიას სწორედ ზემოაღნიშნული არამიზნობრივი ხარჯის გაწევის გზით 28 975 ლარის ზიანი მიადგა.
16. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ არ განახორციელა საკუთარი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, პარტნიორს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „გ-----“ პარტნიორი ი-–---------–-- სარჩელს კომპანიის სახელითა და სასარგებლოდ აღძრავს და მეორე პარტნიორისაგან იმ ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, რომელი ზიანიც კომპანიას მისი მოქმედებით (დირექტორის ხელშეწყობით) მიადგა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პარტნიორს „მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის უფლებას ანიჭებს და აღნიშნული დებულება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტშია განმტკიცებული, ხოლო პარტნიორის საკუთარი ქონებით პასუხისმგებლობას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს. პალატა მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორის პასუხისმგებლობის გაჭოლვის შესაძლებლობას კანონი კრედიტორის სასარგებლოდ უშვებს, ხოლო პარტნიორს კი ე.წ. დერივაციული სარჩელის აღძვრის უფლებას, კომპანიის სახელით, მესამე პირის მიმართ ანიჭებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ „მესამე პირში“ კომპანიის პარტნიორიც იგულისხმება და თუ დადგინდა პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის ბოროტად გამოყენების ფაქტი, მას ზიანის ანაზღაურება კომპანიის სასარგებლოდაც შეიძლება დაეკისროს, რისთვისაც მან პასუხი მთელი თავისი ქონებით უნდა აგოს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობის შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ საზოგადოების პარტნიორის, კერძოდ, ი-–---------–--ს მიერ კომპანიის დირექტორის (ნ--------–------ის) მხრიდან გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, ნ--------------- ნ--------–------ის საქმიანობას მხარს უჭერს. სწორედ მისი მოთხოვნითა და მხარდაჭერით მოხდა გათავისუფლებული ნ--------–------ის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა. იგი არ თანამშრომლობდა ი-–---------–--სთან კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, არ მონაწილეობდა კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლის საქმეში და ა. შ. უფრო მეტიც, წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში პარტნიორი ნ--------------- არა კომპანიის ინტერესებში, არამედ კომპანიის ინტერესების საზიანოდ დირექტორის ინტერესებში მოქმედებდა. შესაბამისად, სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში მას არ გამოუვლენია კომპანიის ფინანსური დარღვევის აღმოჩენის ნება და აღნიშნული დარღვევის შედეგად საზოგადოების სასარგებლოდ რეალური ზიანის მიმყენებლისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სურვილი. უფრო მეტიც, რომ არა მეორე პარტნიორ ნ---------------ს აქტიური მოქმედება ნ--------–------ის მიზანმიმართული, თუ გაუფრთხილებელი მოქმედებით კომპანია ესოდენ დიდ შემოსავალს არ დაკარგავდა და არც კორპორაციული ინტერესებისათვის არააუცილებელი, არამიზნობრივი ხარჯი გავიდოდა კომპანიის ანგარიშიდან. შესაბამისად, პარტნიორ ნ---------------მ, რომლის მთავარი ინტერესი კომპანიის გაძლიერება უნდა ყოფილიყო, ნ--------–------ის მიმართ აქტიური მხარდაჭერითა და მისთვის გამოცხადებული საქმიანი სოლიდარობით, კომპანიას დაკარგული შემოსავლისა, თუ არამიზნობრივი ხარჯის გაწევით, ფინანსური ზიანი მიაყენა.
17. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დირექტორის დანიშვნის შესახებ კანონიერად არ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ, შემდეგ გარემოებათა გამო:
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91- ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორების დანიშვნის და გამოწვევის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ დირექტორის დანიშვნა პარტნიორთა კრებისათვის კანონით მინიჭებული უფლებაა. პარტნიორები კრებაზე გადაწყვეტენ დირექტორის შერჩევისა და მისი დანიშვნის საკითხს. დირექტორის სამართლებრივი მდგომარეობა სამეწარმეო საზოგადოებაში დიდად არის დამოკიდებული საწარმოს მიერ მასთან დადებულ ხელშეკრულებაზე. საწარმოს მართვას აქვს თავისი სპეციფიკა, რაც უნდა აისახოს ხელშეკრულებაში. დირექტორის ვალდებულებები კუმულატიური ხასიათისა, შესაბამისად, საჭიროა ყველა მათგანის შესრულება. კომპანია ატარებს დირექტორის მიერ ვალდებულების დარღვევის რისკს. შესაბამისად, დირექტორად კონკრეტული პირის არჩევისა და დანიშვნის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა კომპანიის რისკის ფარგლებში უნდა იქნეს განხილული. სასამართლო კი ვერ ჩაერევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში, რაც უშუალოდ პარტნიორთა განსჯის და განხილვის საგანია, მით უფრო, მაშინ, როდესაც განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა მტკიცება იმ მიმართებით, თუ, სავარაუდოდ, ვინ, რომელი კანდიდატები და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა ყოფილიყვნენ კომპანიის ინტერესებში მოქმედ სუბიექტებად მიჩნეული.
18. პალატა არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და ამ ნაწილში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
დადგენილია, რომ ი-–---------–--, როგორც შპს „გ-----“ 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი შპს „გ-----“ დირექტორის ნ--------–---------გან კომპანიის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციას ითხოვდა. დირექტორი ნ--------–------ე პარტნიორ ი-–---------–--ს საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა და საზოგადოების წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობის შესაძლებლობას არ აძლევდა (იხ. გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი). მოსარჩელემ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე და მისი უფლებების დარღვევის შესახებ 2012 წლის მაისის შემდეგ შეიტყო, რაც მოსარჩელის წარმომადგენელი, შ------------–---–- საზოგადოების დირექტორი გახდა. სარჩელი კი სასამართლოში 2014 წელსაა შეტანილი, შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.
19. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
21. წინამდებარე გადაწყვეტილებას ერთვის მოსამართლე ნათია გუჯაბიძის განსხვავებული აზრი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ--------–--------- და ნ---------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ი-–---------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
4. აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი
ნატალია ნაზღაიძე