განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.05.2018
საქმის ნომერი
010310016001466430
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მშენებლობის ნებართვის გაცემა
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310016001466430

№3/ბ-144-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

17 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები - მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე)- შპს ,,B-----’’

წარმომადგენელი - მ-----–------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ-------------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო

წარმომადგენელი - თ--------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2016 წლის 11 აგვისტოს შპს ,,B-----’’-ის წარმომადგენლმა მ-----–------ამ სარჩელით, ხოლო 2017 წლის 25 სექტემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიმართ და მოითხოვა:

ბათილად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2016 წლის 21 ივლისის N--------- გადაწყვეტილება;

 

ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 აგვისტოს №------ ბრძანება ,,სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ“;

 

დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი შპს ,,B-----“ -ის 2016 წლის 15 ივნისის N------- განცხადების დაკმაყოფილების, ქ. ბათუმში, ზ----------------–----–--------ე სექტორში მდებარე 7391.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N------------) ზღვაზე სასეირნო ბაქანის მოწყობის თაობაზე, ქ. ბათუმის მერიაში წარდგენილი სამშენებლო-არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,B-----“-ს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ქალაქ ბათუმის მერიასთან დადებული აღნაგობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, განხორციელებულია ჰიდროტექნიკური ნაგებობის - პირსის მშენებლობა, რის გამოც მოსარჩელე მხარის მიერ დაწყებული იქნა შესაბამისი ღონისძიებების გატარება სამშენებლო პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ შესრულდა საქართველოს კანონმდებლობით და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი ყველა მოქმედება, წარდგენილი იქნა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, ადმინისტრაციულმა ორგანომ - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2016 წლის 21 ივლისის N--------- გადაწყვეტილების საფუძველზე, 2016 წლის 1 აგვისტოს მიიღო ბრძანება N------, რომლითაც უარი განაცხადა სამშენებლო პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც გახდა საფუძველი სასამართლოში სარჩელის აღძვრისა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,B-----“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2016 წლის 21 ივლისის №--------- გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 აგვისტოს №------ ბრძანება ,,სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ“; მოპასუხეებს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დაევალათ, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცენ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს ,,B-----“-ს მოთხოვნაზე, სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმებისა და ზღვაზე სასეირნო ბაქანისა და ჯიხურების მშენებლობის მიზნით სამშენებლო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ; მოპასუხეებს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელის - შპს ,,B-----"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2010 წლის 18 მაისს ქალაქ ბათუმის მერის მიერ გამოცემული იქნა ბრძანება N220, რომლითაც დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ზ---------------–----–----- სექტორზე არსებული 7 391 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N------------), პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, სასყიდლიანი აღნაგობით გადაეცა შპს ,,---------ს“.

 

2010 წლის 10 ივნისს ქალაქ ბათუმის მერიასა და შპს ,,---------ს“ შორის გაფორმდა თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ზ---------------–----–----- სექტორზე არსებული 7 391 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაეცა შპს ,,---------ს“, ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღაურის გადახდისა და შესაბამისი პირობებისა და ვალდებულებების შესრულების პირობებით.

 

ხელშეკრულების მე-4 თავით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, ხოლო ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განისაზღვრა აღნაგობის უფლების მქონე პირის ვალდებულებები, მათ შორის აღნაგობის უფლების მქონეს უფლება აქვს აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, ზღვის შესაბამისი ტერიტორიის გამოყენებით, საკუთარი ხარჯებითა და საშუალებით ააშენოს პირსი და მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა (4.4.8.1 პუნქტი). ასევე, აღნაგობის უფლების მქონე ვალდებულია 4.4.8.1. პუნქტით გათვალისწინებული ობიექტის მშენებლობა დაიწყოს ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელმოწერიდან 6 თვის ვადაში (4.4.8.11 პუნქტი), ხოლო ხელშეკრულების 4.4.8.12. პუნქტის თანახმად, აღნაგობის უფლების მქონე ვალდებულია 4.4.8.1. პუნქტით გათვალისწინებული ობიექტის მშენებლობა დაასრულოს 2011 წლის 30 ივნისამდე. მშენებლობის შეთანხმებულ ვადაში დაუსრულებლობა, არსებული ხელშეკრულების მიხედვით, აღნაგობის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს (4.4.9.1. პუნქტი).

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 19 დეკემბრის N----------- წერილით, ქ. ბათუმში, ზ---------------–----–----- სექტორზე არსებულ 7391,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მის მიმდებარე ზღვის სანაპიროზე, ზღვაზე პირსის მშენებლობის მიზნით, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, შპს ,,B-----“-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც შპს ,,B-----“-ის მიერ გასაჩივრებული იქნა სასამართლოში.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ს გადაწყვეტილებით (საქმე N-------), შპს ,,B-----”-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 19 დეკემბრის N----------- წერილი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე N-------) აღსრულების მიზნით, შპს ,,B-----“-ის 2016 წლის 15 ივნისის განცხადების საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიიდან შპს ,,B-----“-ის განცხადება თანდართული დოკუმენტაციით განსახილველად გადაეგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს.

 

2016 წლის 15 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოში N19 საკითხად განხილული იქნა შპს ,,B-----“-ის განცხადება, შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2016 წლის 21 ივლისის N--------- გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ქ. ბათუმში, ზ----------------------ში შპს ,,B-----“-ის მიერ ზღვაზე სასეირნო ბაქანისა და ჯიხურების მშენებლობის შესახებ დოკუმენტის პროექტს.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 აგვისტოს N------ ბრძანებით, შპს ,,B-----“-ს 2016 წლის 15 ივნისის N------- განცხადება ქ. ბათუმში, ზ---------------–---------- სექტორში მდებარე 7391.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N------------), ზღვაზე სასეირნო ბაქანისა და ჯიხურების მშენებლობის მიზნით სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ასახულია ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში. ამასთან, არც გასაჩივრებული აქტით არის დასაბუთებული და ვერც სასამართლო სხდომაზე დაასაბუთა მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ, შპს ,,B-----“-ს მიერ ქ. ბათუმში, ზ----------------------ში ზღვაზე სასეირნო ბაქანისა და ჯიხურების სამშენებლო დოკუმენტის პროექტის განხილვისას რამდენად იქნა დაცული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 52.3 მუხლით განსაზღვრული იმპერატიული მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ საბჭო ვალდებული იყო მხოლოდ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეესწავლა არქიტექტურული პროექტის შესაბამისობა დადგენილ სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებით განსაზღვრულ პარამეტრებთან. არ იქნა დასაბუთებული ის გარემოება, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით წარმოადგენდა თუ არა საბჭოს კანონისმიერ ვალდებულებას ემსჯელა და უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ზ----------------------ში შპს ,,B-----“-ს მიერ ზღვაზე სასეირნო ბაქანისა და ჯიხურების სამშენებლო დოკუმენტის პროექტზე, მით უფრო მაშინ, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი არქიტექტურული პროექტის შესწავლისას შეფასება უნდა მიეცეს იმ არსებით გარემოებას, აღნიშნულ ზონაში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შედეგად რამდენად იქნება შენარჩუნებული კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცით- არქიტექტურული გარემო, განაშენიანების ტრადიციული ფორმა, იერსახე, ისტორიული ნაწილი, აღნიშნულის შესახებ, ასევე არაფერია მითითებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 1 აგვისტოს გამოცემულ №------ ბრძანებაში. შესაბამისად იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების კანონით გათვალისწინებული წესით დადგენა – სახეზეა აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმში, ზ----------------------ში შპს ,,B-----“-ს მიერ ზღვაზე სასეირნო ბაქანისა და ჯიხურების სამშენებლო დოკუმენტის პროექტის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2016 წლის 21 ივლისის №--------- გადაწყვეტილება და „სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 01 აგვისტოს №------ ბრძანება, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რამაც გამოიწვია მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საკითხის გადაწყვეტა ზოგადად განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2016 წლის 21 ივლისის №--------- გადაწყვეტილება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 აგვისტოს №------ ბრძანება ,,სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ“, შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოთ, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცენ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს ,,B-----“-ს მოთხოვნაზე, სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმებისა და ზღვაზე სასეირნო ბაქანისა და ჯიხურების მშენებლობის მიზნით სამშენებლო დოკუმენტის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,B-----“-ის წარმომადენელმა მ--------მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (სარჩელზე უარის თქმის ნაწილში) და ახალი გადაწყვეტილების მიღება, შპს ,,B-----“-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილებით.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მთავარი არგუმენტი გახლავთ ის, რომ საკითხი შედის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების დისკრეციული უფლებამოსილების სფეროში, რის გამოც სასამართლო თავად არ იღებს გადაწყვეტილებას. აპელანტს მიაჩნია, რომ ამგვარი მიდგომა საკითხისადმი და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ასეთი შეფასება არასწორია, რადგან, იგივე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით ადმინისტრაციულ ორგანოებს უწესებს უფლებამოსილების მხოლოდ კანონის საფუძველზე განხორციელების ვალდებულებას, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება ვერ იქნება კანონიერი მაშინ, როდესაც სრულიად ნათელია, რომ სამშენებლო-არქიტექტურული პროექტის მიმართ არანაირი შენიშვნა არ გააჩნდა და არ გააჩნია ქ. ბათუმის მერიას (პროექტის მიმართ შენიშვნების არსებობის თაობაზე არც პირველად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ყოფილა გაცხადებული და არც განმეორებით, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული წარმოების ფარგლებში გამოთქმულა პრეტენზია მერიის მიერ). ქ. ბათუმის მერია ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ ახალი გარემოებები მოიძიოს და ახალ-ახალ პრეტენზიებზე დაყრდნობით უარი უთხრას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფლებაზე, რაც დაუშვებელია. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება რეალურად სცდება იმ მიზანს, რისთვისაც მათ კანონი ანიჭებს ასეთ უფლებას. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების ერთადერთი ლეგიტიმური მიზანი არის ის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხი გადაწყვიტოს ისე, რომ გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირთა ინტერესი და ამ ინტერესების გათვალისწინების და შეჯერების ფონზე მიიღოს გადაწყვეტილება. შპს ბატუნთან მიმართებით კი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ერთადერთ მიზნად იქცა ის, რომ მოსარჩელეს ხელოვნურად შეექმნას ბარიერი სამშენებლო-არქიტექტურული პროექტის შეთანხმების პროცესში. სააპელაციო საჩივრის აღძვრაც გამოწვეულია სწორედ იმ გარემოებით, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს სასამართლოს მეშვეობით, საკითხის არსებითად გადაწყვეტის გზით, არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუთითებია არცერთ იმგვარ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება იყოს ხელისშემშლელი სამშენებლო-არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისათვის და რომლის გადაწყვეტა და გამოკვლევაც აუცილებლად ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებშია შესაძლებელი, აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გააუქმდეს გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილება და სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაანალიზების, სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,B-----“-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს იმავე ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული ამ განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას და რომელთაც არსებითად არც სააპელაციო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ. პალატა თვლის, რომ სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

კერძოდ, პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2016 წლის 21 ივლისის N--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 აგვისტოს №------ ,,სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ბრძანების ბათილად ცნობა და დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი შპს ,,B-----“ -ის 2016 წლის 15 ივნისის N------- განცხადების დაკმაყოფილების, ქ. ბათუმში, ზ----------------–----–--------ე სექტორში მდებარე 7391.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N------------) ზღვაზე სასეირნო ბაქანის მოწყობის თაობაზე, ქ. ბათუმის მერიაში წარდგენილი სამშენებლო-არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ; ბათილად ცნო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2016 წლის 21 ივლისის №--------- გადაწყვეტილება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 აგვისტოს №------ ბრძანება ,,სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ“; მოპასუხეებს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დაევალათ, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცენ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს ,,B-----“-ს მოთხოვნაზე, სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმებისა და ზღვაზე სასეირნო ბაქანისა და ჯიხურების მშენებლობის მიზნით სამშენებლო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი დასაბუთებით:

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული უფლებამოსილების შეფასება იმგვარად, როგორც განჩინებაშია ასახული არ არის სწორი, რომ შპს ,,B-----’’-ის მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ მოსარჩელეს ხელოვნური ბარიერი შეექმნას სამშენებლო-არქიტექტურული პროექტის შეთანხმების პროცესში და რომ აღნიშნული სადავო საკითხის გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს სასამართლოს მეშვეობით, აღნიშნულ მსჯელობას პალატა არ იზიარებს და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ს გადაწყვეტილების დასკვნები, მითითებები და განმარტებები. შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოკლებულია დასაბუთებას, მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს - ფორმალურად აღსრულებულიყო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპფეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათ გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული. ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის აღუსრულებლობა, რაც სასამართლო აქტების სავალდებულობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს.

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს, საჯარო თუ კერძო იურიდიული პირის ან ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ, ამ ორგანოებსა და პირებს უფლება არ აქვთ სასამართლო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღონ. მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება, სამართლიანი განხილვის უფლება ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც მოიცავს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ევროპული კონვენცის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ,,სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მართალია ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მონაწილეობით, თუმცა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, არც გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ სასამართლო სხდომაზეც ვერ დაასაბუთა შპს ,,B-----“-ს მიერ ქ. ბათუმში, ზ----------------------ში ზღვაზე სასეირნო ბაქანისა და ჯიხურების სამშენებლო დოკუმენტის პროექტის განხილვისას რამდენად იქნა დაცული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 52.3 მუხლით განსაზღვრული იმპერატიული მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ საბჭო ვალდებული იყო მხოლოდ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეესწავლა არქიტექტურული პროექტის შესაბამისობა დადგენილ სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებით განსაზღვრულ პარამეტრებთან. არ იქნა დასაბუთებული ის გარემოება, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით წარმოადგენდა თუ არა საბჭოს კანონისმიერ ვალდებულებას ემსჯელა და უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ზ----------------------ში შპს ,,B-----“-ს მიერ ზღვაზე სასეირნო ბაქანისა და ჯიხურების სამშენებლო დოკუმენტის პროექტზე, მით უფრო მაშინ, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი არქიტექტურული პროექტის შესწავლისას შეფასება უნდა მიეცეს იმ არსებით გარემოებას, აღნიშნულ ზონაში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შედეგად რამდენად იქნება შენარჩუნებული კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცით-არქიტექტურული გარემო, განაშენიანების ტრადიციული ფორმა, იერსახე, ისტორიული ნაწილი. აღნიშნულის შესახებ, ასევე არაფერია მითითებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 1 აგვისტოს გამოცემულ №------ ბრძანებაში. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების კანონით გათვალისწინებული წესით დადგენა – სახეზეა აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

პალატა მიუთითებს, რომ მშენებლობის ნებართვის საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს - ქ.ბათუმის მერიის დისკრეციას განეკუთვნება და სწორედ ის არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება შპს ,,B-----’’-ის განცხადებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო გამოთქვამს მზაობას განიხილოს შპს B-----’’-ისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობისა და კანონიერების საკითხი, რაც საფუძველს აძლევს სააპელაციო სასამართლოს დაასკვნას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა გამოყენებული ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმებისათვის საფუძვლიან და არგუმენტირებულ პრეტენზიას, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,B-----’’-ის წარმომადგენლის მ-----–------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე