განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210117001906964
საქმე 2/ბ-425-18
განჩინება
საქართველოს სახელით
20 ივნისი 2018 წ ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: ნ---- მ------–--ლი
მოწინააღმდეგე მხარე: გ------ მ------–--ლი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება
დავის საგანი: სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების კანონირება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 02 მაისს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ---- მ------–--ლმა, მოპასუხედ დაასახელა გ------ მ------–--ლი და ქონების ჩუქების თაობაზე ნაკისრი ვალდებულების დაუყოვნებლივ აღსრულების დავალდებულება და ამ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით, ნ---- მ------–--ლის სარჩელი გ------ მ------–--ლის მიმართ, ნაჩუქრობით ნაკისრი ვალდებულების დაუყოვნებლივ აღსრულების დავალდებულების და საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე დარჩა განუხილველი, მოსარჩელის მიერ არასწორად მითითებული მოპასუხის მისამართის გამო;
მოსარჩელეს დაუბრუნდა მის მიერ, 2017 წლის 29 მარტს, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 70 ლარის ოდენობით.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ვალდებულია ზუსტად მიუთითოს მოპასუხის მისამართი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ, მოპასუხე გ------ მ------–--ლის მისამართი არასწორად მიუთითა, რაც სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ---- მ------–--ლმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გ------ მ------–--ლმა ადგილსამყოფელი შეგნებულად, გამიზნულად შეიცვალა, რადგან არ სურს საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება. ადგილის შეცვლის შესახებ კი, არც სოფლის მეზობლებისათვის არ უცნობებია. მოსარჩელეს ფაქტობრივად არ შეუძლია მოიპოვოს მოპასუხის ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე ინფორმაცია, შესაბამისად, სასამართლომ გზავნილის ჩაბარება უნდა უზრუნველყოს სარჩელში მითითებულ მისამართზე, საჯარო შეტყობინების გზით, ვინაიდან მოპასუხეს შეუძლია მუდმივად იცვალოს ბინა ქირავნობის გზით.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სარჩელში მოპასუხის მისამართი მითითებულია ოზურგეთის რ-ნი, სოფ. შემოქმედი (გომი), ამასთან სარჩელის შესაბამის გრაფაში დაფიქსირებულია, რომ იგი წარდგენილი იყო მოპასუხის ქონების ადგილსამყოფელის (და არა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის) მიხედვით (ს.ფ.1-14).
დადგენილია, რომ მოპასუხე გ------ მ------–--ლს, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განჩინება, ასევე სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად, სასამართლოს მიერ გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით 2017 წლის 18 მაისს, მისამართზე: ოზურგეთი, სოფ. შემოქმედი (გომი), საიდანაც გზავნილები დაბრუნდა უკან ჩაუბარებლად კურიერის მინაწერით: „ადრესატი არ იმყოფება მისამართზე. სოფლის სპეციალისტის, გ---- ბ--------–---- განმარტებით, ადრესატი სოფელში არ ცხოვრობს“ (ს.ფ. 40-41, 46-47).
დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით, ნ---- მ------–--ლის სარჩელი გ------ მ------–--ლის მიმართ, დარჩა განუხილველი, მოსარჩელის მიერ არასწორად მითითებული მოპასუხის მისამართის გამო, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ---- მ------–--ლმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
სააპელაციო პალატა განმარტავს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის განხილვა, სწორია თუ არა სარჩელში მითითებული გ------ მ------–--ლის მისამართი და სწორად დატოვა თუ არა ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ნ---- მ------–--ლის სარჩელი გ------ მ------–--ლის მიმართ განუხილველი.
დადგენილია, რომ მხარემ სარჩელს დაურთო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც, მოპასუხე გ------ მ------–--ლის საკუთრებაში რეგისტრირებულია საცხოვრებელი სახლი მდებარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ.შემოქმედი (გომი), (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N2-----------) (იხ. ს.ფ. 15).
პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხე გ------ მ------–--ლის საცხოვრებელი ადგილია ოზურგეთი, სოფ.შემოქმედი (გომი).
ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სარჩელში, მოპასუხე გ------ მ------–--ლის მისამართად არასწორად მიეთითა ოზურგეთი, სოფ. შემოქმედი (გომი), რაც სსსკ-ის 275.2 მუხლის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძვლია.
სააპელაციო სასამართლო აღნიშავს, რომ მართალია, კერძო საჩივარზე თანდართული წერილობითი დოკუმენტებით ირკვევა, რომ გ------ მ------–--ლის რეგისტრაციის მისამართია ოზურგეთი, სოფ.შემოქმედი (გომი), ამასთან 2017 წლის 14 თებერვლის მინდობილობაში მის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ოზურგეთი, სოფ. შემოქმედი (ს.ფ.173), თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში ასეთი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა.
შესაბამისად, 14.02.2018 წლის განჩინების მიღებისას, სასამართლოს მხრიდან ეს ფაქტი შეფასებული ვერ იქნებოდა, ხოლო იმ დროისათვის, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია.
გარდა ზემოაღნიშნული მსჯელობისა, პალატა დამატებით განმარტავს:
ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 20-ე მუხლში, სადაც აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.
შესაბამისად, რეგისტრაცია ყველა შემთხვევაში არ წარმოადგენს საცხოვრებელ ადგილს, ძირითად ადგილსამყოფელს.
საფოსტო უკუგზავნილებში დაფიქსირებული ჩაუბარებლობის მიზეზების, ასევე კერძო საჩივარში თავად ნ. მ------–--ლის განმარტების შეფასების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ სარჩლის წარდგენის დროისათვის (02.05.2017წ.) მოპასუხის მისამართი არასწორად იყო დაფიქსირებული, რაც სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამდენად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები, რის გამოც, უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ---- მ------–--ლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე