განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.07.2018
საქმის ნომერი
020210018002005427
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210018002005427

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-152-2018 8 მაისი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - დ---- პ---------

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ფ---–---- ფინანსი

წარმომადგენელი - ფ--------------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს ფ---–---- ფინანსის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე დ---- პ---------ს მოსარჩელე შპს ფ---–---- ფინანსის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 700 ლარის, საკომისიო – 98 ლარის და პირგასამტეხლოს - 300 ლარის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2016 წლის 12 იანვარს მოსარჩელე შპს ფ---–---- ფინანსსა და მოპასუხე დ---- პ---------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 700 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, 11/02/2016 წლამდე, პროცენტის (საკომისიოს) 98 ლარის დარიცხვით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ვადაში სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული თანხის 1 %-ის ოდენობით. 2.2 .მსესხებელმა დ---- პ---------მ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება 11.02.2016 წელს სესხის დაბრუნების თაობაზე, რის გამო მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს ძირი თანხის სახით - 700 ლარს, ხოლო პროცენტია (საკომისოა) - 98 ლარი. 2.3. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 1202 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, რის გამოც იგი შეამცირა მოპასუხის მიერ მითითებულ ოდენობამდე - 300 ლარამდე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 634-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. 2.5. მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო მისთვის ძირი თანხის - 700 ლარის და პროცენტის (სკომისიოს) – 98 ლარის გადახდის, აგრეთვე პირგასამტეხლოს - 300 ლარის დაკისრების ნაწილში. ეს გარემოება კი წარმოადგენდა მის მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილების საფუძველს. 2.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ---- პ---------მ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მას გააჩნია რამდენიმე სასესხო ვალდებულება, რომელსაც იხდის ეტაპობრივად. მის სახელზე დარიცხული ხელფასიდან ყოველთვიურად. ასეთი ვალდებულებები მას დაკისრებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან იყო რამდენიმე პიროვნების თავდები, მსესხებლებმა ვერ მოახერხეს სესხის დაფარვა, მაგრამ მას, როგორც თავდებს მოუწია ამ თანხის გადახდა, რამაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. აღნიშნულის გამო მან სასამართლოს სთხოვა მოეხდინა თანხის გადახდის განწილვადება და მინიმუმამდე შეემცირებინა დარიცხული, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული. აღნიშნულის გამო, ის ვერ შეძლებს დროულად გადაიხადოს სხვა სასესხო დავალიანებაც, რაც გამოიწვევს საჯარიმო თანხების გაზრდას, რითაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. სასამართლომ უსწოროდ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლები, რომლითაც დაასაბუთა გამოტანილი უსაფუძვლო გადაწყვეტილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2016 წლის 12 იანვარს დ---- პ---------მ შპს ფ---–---- ფინანსისაგან 30 დღით ისესხა 700 ლარი. 4.1.1. ხელშეკრულების თანახმად, აპელანტს უნდა გადაეხადა სარგებელი, 98 ლარი. 4.1.2. ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, კი მოვალეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული თანხის 1%-ის ოდენობით. 4.2. აპელანტმა ვალდებულება არ შეასრულა და კრედიტორს თანხა არ დაუბრუნა. 4.2.1. ამის შესაბამისად, მისი დავალიანება შეადგენს 700+98=798 ლარს. გარდა ამისა, იგი ვალდებულია გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. 4.3. აპელანტმა სარჩელი სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს, 300 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო (იხ. შესაგებელი, ასევე - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის სხდომის ოქმი 13:43:17-13:43:27; 13:50:37-13:51:12; 13:54:28-13:55:14; ) სამართლებრივი დასაბუთება 4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.4.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის, 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 417-ე მუხლის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილისა და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი. 4.5. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს პირგასამტეხლო მეტად უნდა შეემცირებინა. 4.5.1. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილი იყო პირგასამტეხლო შეემცირებინა, თუმცა, როგორც აღინიშნა, დაკისრებული ოდენობით პირგასამტეხლოს მოთხოვნა აპელანტმა ცნო. 4.5.2. ამ შემთხვევაში, კი საქართველოს სამოქალო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მისთვის მიეკუთვნებინა იმაზე მეტი, ვიდრე ითხოვდა. 4.6. პირველი ინსტანციის სასამართლოში ვალდებულების შესრულების წესის განსაზღვრა აპელანტს არ მოუთხოვია და, ამიტომ, ამ მოთხოვნაზე სასამართლო ვერ იმსჯელებდა. 4.6.1. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულების თანახმად, აპელანტს სესხი არა ნაწილ-ნაწილ, არამედ ერთად უნდა დაებრუნებინა. 4.6.2. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება მას მხოლოდ კრედიტორის თანხმობით შეეძლო. ამგვარი თანხმობა კი აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს არ გამოუხატავს. 4.6.3. ამის გამო, აპელანტის მოთხოვნა უსაფუძვლოა. 4.7. პალატის აზრით, სხვა ვალდებულებების არსებობა დავის საგანთან შემხებლობაში არ არის და მათ სასამართლო ვერ შეაფასებს. 4.8. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. დ---- პ---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე