განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 33021-016001312875
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3575-17 31 მაისი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდო----ე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - გ------- გ--–-–---–ი
წარმომადგენელი - გ------- ქ--------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ბ---- რ-----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.05.2017წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ------- გ--–-–---–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ცნობილ იქნეს თბილისში წი----––------ს პირველი შესახვევი #1--ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 01.1---------------.518; 01.1---------------.517.) ღიად დარჩენილი 1/6 ნაწილის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ, რაც შეადგენს მთლიანი უძრავი ქონების 1/12 ნაწილს.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის დედა, ზა---- ო---ე იმყოფებოდა მეორე ქორწინებაში ო---- რ-----ესთან. ო---- რ-----ე გარდაიცვალა 2015 წლის 25 მარტს. ო---- რ-----ე და ზა---- ო---ე გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ თბილისი, წი----––------ს 1- ლი შესახვევი №1-. აღნიშნულ მისამართზე ო---- რ-----ეს პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ეკუთვნოდა ორი უძრავი ქონების 2/6 ნაწილი,ე. ი. მთელი ქონების 1/3 ნაწილი.
პრივატიზება განხორციელდა ო---- რ-----ის მოსარჩელის დედასთან ქორწინების პერიოდში. შესაბამისად, ზა---- ო---ეს, როგორც ო---- რ-----ის მეუღლეს, ეკუთვნოდა ამ უკანასკნელის სახელზე რიცხული ქონების 2/6 ნაწილის ნახევარი.
გარდა ამისა, ზა---- ო---ეს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, როგორც მის მემკვიდრეს, მემკვიდრეობის საფუძველზე ეკუთვნოდა ო---- რ-----ის 1/6 წილიდან ნახევარი, ე. ი. 1/12 ნაწილი.
ნოტარიუსმა ზა---- ო---ის სახელზე სამკვიდრო გასცა მხოლოდ ქონების 1/6 წილზე და შესაბამისად, წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე ითხოვს ღიად დარჩენილი 1/6 ნაწილის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობას, რაც შეადგენს მთლიანი უძრავი ქონების 1/12 ნაწილს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისმა დედინაცვალმა სიცოცხლეშივე გამოხატა ნება მოსარჩელის მიერ სადაოდ გახდილ ფართთან დაკავშირებით. კერძოდ, ზა---- ო---ეს არ გამოუხატავს არანაირი პრეტენზია აღნიშნულ ქონებასთან მიმართებაში, არ განუხორციელებია ე.წ მეუღლეთა თანასაკუთრებიდან, თავის სახელზე ქონების გადაფორმება. მას არც განაცხადი ჰქონდა შეტანილი სამკვიდროს მიღების შესახებ.
გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე მოპასუხისათვის შეუტყიობინებლად მისი დედინაცვალი წაიყვანა მისმა ძმისშვილმა ზა---- ო---ემ, რომელიც ბოლო ორი თვის მანძილზე უვლიდა მას და როგორც გაირკვა, მიზნად აქვს ფართის მითვისება.
მოსარჩელეს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა დედასთან, გასვენებაშიც არ იყო მისული, ის მოძებნა ზა---- ო---ის ძმის შვილიშვილმა და მისი მეშვეობით ცდილობს ფართის მითვისებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.05.2017წ. გადაწყვეტილებით გ------- გ--–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო მიიჩნია, რომ ო---- რ-----ეს და მოსარჩელის მამკვიდრებელს, ზა---- ო---ეს, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება არ წარმოშობია კანონის ძალით. სამოქალაქო კოედქსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.
სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენს ზემოთ დასახელებული ნორმის მოთხოვნის შესაბამისად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას, რადგან აღნიშნული უძრავი ქონება ო---- რ-----ეს გადაეცა საკუთრებაში სპეციალური ნორმატიული აქტის, „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №1-7-ე დადგენილების საფუძველზე.
სადავო ქონება შეძენილი (ან შექმნილი) არ ყოფილა ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, რაც აუცილებელია ქონების მიჩნევისთვის მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილად. ასევე, მოსარჩელის მამკვიდრებელსა და ო---- რ-----ეს შორის საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება არ წარმოშობილა გარიგების საფუძველზე, რადგან მათ შორის სადავო უძრავ ქონებაზე არ დადებულა რაიმე შეთანხმება კანონით დადგენილი წესით.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.05.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ------- გ--–-–---–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო არასწორ შეფასებას აძლევს იმ ფაქტს, რომ ზა---- ო---ემ და ნ----- რ-----ემ სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით უარი თქვეს თავიანთი წილი ბინის პრივატიზაციის უფლებაზე ო---- რ-----ის, ბ---- რ-----ის და გ---- რ-----ის სასარგებლოდ. სასამართლოს შეფასება მიმართული იყო იმისკენ, რომ დაესაბუთებინა, თითქოს პრივატიზაციის უფლების სხვა პირებისთვის მიცემით ზა---- ო---ემ დაკარგა ამ ფართზე უფლება, რაც ეწინააღმდეგება ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილების მოთხოვნებს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით: 1. ქონება შეძენილია მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში; 2. ეს ქონება ო---- რ-----ეს არ ეკუთვნოდა ქორწინებამდე; 3. ქონება ო---- რ-----ეს არც მემკვიდრეობით და არც ჩუქებით არ მიუღია. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში პირდაპირ არ უთითებს, რომ პრივატიზაციის დროს შეძენილი ქონება ნაჩუქარს უტოლდება და ამის გამო არ წარმოადგენს ო---- რ-----ის წილი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას, მაგრამ სასამართლოს მსჯელობა ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა, რაც არ შეესაბამება ჩუქების ხელშეკრულების იურიდიულ ბუნებას. ჩუქება არის ხელშეკრულება, რომლის დადებაც დამოკიდებულია მესაკუთრის (გამჩუქებლის) ნებაზე, რომელიც უსასყიდლოდ გადასცემს საკუთრებაში თავის ქონებას, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ვალდებულია სათანადო სამართლებრივი საფუძვლების (ბინის ორდერის ან სხვა სამართლებრივი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში) არსებობის და უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთრებაში გადასცეს უძრავი ქონება ამ პირს. ჩუქების და პრივატიზების გაიგივება და პრივატიზაციის დროს შეძენილი ქონების ინდივიდუალურ საკუთრებად მიჩნევა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. ზა---- ო---ე (დაბადებული 2---------წ.) და გ--- გ--–-–---–ი 0---------წ.-დან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (ტ.1, ს.ფ.44). გ------- გ--–-–---–ი (შემდგომში „მოსარჩელე“) არის ზა---- ო---ის შვილი პირველი ქორწინებიდან (ტ.1, ს.ფ.16).
8. ზა---- ო---ე და ო---- რ-----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 03.1-.1973წ.-დან (ტ.1, ს.ფ.13).
9. უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, წი----––------ს I შესახვევი #1- ფართით 35,69 კვ.მ (საკადასტრო კოდით 01.1---------------.517) და ფართით 13.39 (საკადასტრო კოდით 01.1---------------.518) აღრიცხული იყო:
ო---- რ-----ის,მისი შვილის - ბ---- რ-----ის (შემდგომში „მოპასუხე“)
და შვილიშვილის - გ---- რ-----ის სახელზე.
საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა პრივატიზების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა #02/112, დამოწმების თარიღი 14.05.201-წ.(ტ.1, ს.ფ.19-22; 55) .
1-. პრივატიზების დროს, კერძოდ, 14.05.201-წ. ბინაში ცხოვრობდნენ და ჩაწერილები იყვნენ ო---- რ-----ე, მისი მეუღლე ზა---- ო---ე, ო---- რ-----ის შვილი - ბ---- რ-----ე, ბ---- რ-----ის მეუღლე - ნ----- რ-----ე და მათი შვილი, ანუ ო---- რ-----ის შვილიშვილი - გ---- რ-----ე.
ზა---- ო---ემ და ნ----- რ-----ემ უარი განაცხადეს კუთვნილი წილის ბინის პრივატიზაციის უფლებაზე ო----ი რ-----ის, ბ---- რ-----ის და გ---- რ-----ის სასარგებლოდ (ტ.1, ს.ფ.55).
11. ო---- რ-----ე გარდაიცვალა 2---------წ. (ტ.1, ს.ფ.15). მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: ცოლი - ზა---- ო---ე და შვილი - მოპასუხე.
12. მოსარჩელის დედამ, ზა---- ო---ემ 02.02.2016წ. გასცა მინდობილობა 24.07.1982წ. დაბადებულ ზა---- ო---ეზე, რომელმაც 0---------წ. მარწმუნებლის სახელით მიმართა ნოტარიუსს ო---- რ-----ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ.27-31).
13. 0---------წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობით ო---- რ-----ის პირველი რიგის მემკვიდრემ, მეუღლე ზა---- ო---ემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივების და პასივების 1/2 იდეალური ნაწილი მათ შორის:
- უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, წი----––------ს I შესახვევი №1-, საკადასტრო კოდით 01.1---------------.517, ფართი: 35.69 კვმ.- მამკვიდრებლის კუთვნილი 1/3 იდეალური ნაწილიდან ½ იდეალური წილი, რაც შეადგენს აღნიშნული ფართის 1/6 იდეალურ ნაწილს.
- უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, წი----––------ს 1-ლი შესახვევი №1-, საკადასტრო კოდით 01.1---------------.518, ფართი: 13,39 კვმ - მამკვიდრებლის კუთვნილი 1/3 იდეალური ნაწილიდან ½ იდეალური წილი, რაც შეადგენს აღნიშნული ფართის 1/6 იდეალურ ნაწილს (ტ.1, ს.ფ. 27-31).
14. სამკვიდრო მოწმობის გაცემის დღესვე, ანუ 0---------წ. მოხდა იდეალური წილების ზა---- ო---ის სახელზე აღრიცხვის თაობაზე საჯარო რეესტრში განაცხადის წარდგენა (ტ.1, ს.ფ.17, 23).
15. სამკვიდრო მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრისათვის მიმართვის დღესვე, ანუ 0---------წ. გარდაიცვალა ზა---- ო---ე (ტ.1, ს.ფ.14).
16. 11.02.2016წ. მომზადებული ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, წი----––------ს I შესახვევი №1--ში მდებარე უძრავი ნივთები: ს/კ 01.1---------------.517 და ს/კ N 01.1---------------.518 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თანამესაკუთრეებზე რეგისტრირებულია შემდეგი წილობრივი მონაცემებით :
მოპასუხე - უძრავი ქონების 2/6 ნაწილი;
გ---- რ-----ე - უძრავი ქონების 2/6 ნაწილი;
ზა---- ო---ე - უძრავი ქონების 1/6 ნაწილი;
ო---- რ-----ე (მამკვიდრებელი) - უძრავი ქონების 1/6 ნაწილი (ტ. 1, ს.ფ. 17,18; 23,24).
17. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ მოიპოვება მოპასუხის, როგორც ო---- რ-----ის პირველი რიგის მემკვიდრის, სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა მამის დანაშთ ქონებაზე და 1/6 წილი კვლავ მამკვიდრებლის სახელზე ირიცხება, უდავოა, რომ იგი ამჟამადაც ცხოვრობს იგივე მისამართზე - თბილისი, წი----––------ს I შესახვევი №1-, ანუ მამის დანაშთი სამკვიდრო მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ.1, შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.45).
18. 29.03.2016წ. მოსარჩელემ მიმართა სანოტარო ბიუროს დედის, ზა---- ო---ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ. 32,33).
19. მოსარჩელე, როგორც ზა---- ო---ის პირველი რიგის მემკვიდრე, ითხოვს - ქ. თბილისში, წი----––------ს I შესახვევი №1--ში მდებარე უძრავი ნივთების ( ს/კ 01.1---------------.517და ს/კ N 01.1---------------.518) აწ გარდაცვლილი ო---- რ-----ის სახელზე რიცხული 1/6 ნაწილის 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობას იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ნივთები შეძენილია მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ.1-12).
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პრივატიზება განხორციელდა მოსარჩელის დედასთან ქორწინების პერიოდში, შესაბამისად, მას წილი ერგებოდა ორი საფუძვლით: „ნაწილი როგორც საკუთრება მეუღლეობის ძალით, ნაწილი კი მემკვიდრეობის ძალით“ (ტ.1, ს.ფ.2). შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლადაც მითითებულია სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები (ტ.1, ს.ფ.5). როგორც უკვე აღინიშნა, ზა---- ო---ეზე, როგორც ო---- რ-----ის პირველი რიგის მემკვიდრეზე, გადასული სამკვიდრო უკვე ზა---- ო---ის საკუთრებადაა აღრიცხული.
ამდენად, სააპელაციო პალატა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მსჯელობს აღძრული სარჩელის საფუძვლიანობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
პალატა განმარტავს, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გულისხმობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ყოველგვარ ქონებას (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებას განეკუთვნება ხელფასი და სხვა ფულადი შემოსავლები, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზეა რიცხული; მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ფულადი თანხის გადახდა (რაზეც მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილი), არამედ ორივე მეუღლის ნება მიმართულია ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელით სადავოა პრივატიზაციის შედეგად მიღებულ წილზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების წარმოშობის საკითხი. პალატა მიიჩნევს, რომ პრივატიზაციის შედეგად მიღებულ წილზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი ვერ გავრცელდება, ვინაიდან „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №1-7 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, პრივატიზაციის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) საკუთრების უფლებას უსასყიდლოდ იძენენ. ამასთან, აღნიშნული უფლების მოპოვებაზე უფლებამოსილი სუბიექტი სახლში (ბინაში) მცხოვრები და ჩაწერილი ყველა პირია. შესაბამისად, პრივატიზაციის ხელშეკრულებით სახელმწიფოსაგან შეძენილი წილი ჩუქების ხელშეკრულების არსსა და მის სამართლებრივ შედეგებს უთანაბრდება და მეუღლეთა მიერ საერთო მეურნეობის გაძღოლის პირობებში ერთ-ერთი მეუღლის მიერ სასყიდლიანი ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილ ქონებას არ წარმოადგენს. ამდენად, პრივატიზაციის გზით შეძენილი ქონება ან ქონებიდან წილი ოჯახის თითოეული წევრის ინდივიდუალური საკუთრებაა.
მოცემულ შემთხვევაში, ო---- რ-----ე და ზა---- ო---ე, როგორც საპრივატიზებო ბინაში პრივატიზაციის მომენტში მცხოვრები პირები, თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ თანაბარ წილზე. შესაბამისად, უსაფუძვლოა ო---- რ-----ის მიერ მიღებული წილის მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევა.
არ არსებობს თბილისში, წი----––------ს I შესახვევი №1--ში მდებარე უძრავი ნივთების (ს/კ N01.1---------------.517 და ს/კ N 01.1---------------.518) ო---- რ-----ის სახელზე რიცხული წილის მეუღლეთა თანასაკუთრებად შეფასების და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამდენად, სააპელაციო მოთხოვნა და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად არ ამართლებს, რამეთუ არ არსებობს ერთ-ერთი მეუღლის მიერ პრივატიზაციის პროცესში ბინაზე უსასყიდლოდ შეძენილი წილის მეუღლეთა თანაზიარ საკუთრებად მიჩნევის საფუძველი.
20. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში დავის საგანს არ წარმოადგენს საკითხი - შედის თუ არა ზა---- ო---ის სამკვიდროში მისი წილი ო---- რ-----ის, ბ---- რ-----ის და გ---- რ-----ის სახელზე პრივატიზებული ბინიდან, რამეთუ ამ საფუძვლით სარჩელი აღძრული არ ყოფილა (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ.1-12). ფაქტობრივად, ამასვე უთითებს აპელანტი სააპელაციო საჩივარში, როცა აღნიშნავს, რომ „თუ სასამართლო თვლიდა, რომ ზა---- ო---ის საკუთრების უფლება სადავო ფართზე წარმოიშვა პრივატიზაციის და არა ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების უფლებიდან“..., ან კიდევ, ... „ გ------- გ--–-–---–ი ითხოვდა დედის - ზა---- ო---ის წილს ო---- რ-----ის სამკვიდროდან მემკვიდრეობის და მეუღლეობის საფუძვლების გათვალისწინებით“ (ტ.1, ს.ფ.119).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, აქედან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლის შეცვლა ნიშნავს იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას, რომლებიც თავდაპირველად იყო მითითებული მოსარჩელის მიერ თავის სარჩელში. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით (შდრ. სუსგ №ას- 1350-1275-2012 , 2013 წლის 25 მარტი).
შესაბამისად, წინამდებარე საქმეში სააპელაციო პალატა:
არ ადგენს ფაქტებს ზა---- ო---ის, როგორც პრივატიზაციის დროს ბინაში მცხოვრები პირის, უფლებაზე ბინიდან წილის მოთხოვნასთან დაკავშირებით; არ მსჯელობს, ვინ უნდა იყვნენ მოპასუხეები ასეთი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში; არ აფასებს საკითხებს: დაკარგეს თუ არა ზა---- ო---ემ და ნ----- რ-----ემ (მოპასუხეს მეუღლე) ბინის წილზე უფლება, როცა თანხმობა განაცხადეს ბინა აღრიცხულიყო ბ---- რ-----ის, გ---- რ-----ის და ო---- რ-----ის სახელზე; ასევე, ზა---- ო---ის მიერ ბინიდან წილზე პრეტენზიის სიცოცხლეში განუცხადებლობა გულისხმობს თუ არა წილზე უარის თქმას.
პალატა განმარტავს, რომ პრივატიზაციიდან წილის მოთხოვნის სარჩელები ხასიათდება თავისებურებით, რამეთუ შეეხება პრივატიზების პროცესის მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი სარჩელი აღძრული არ არის, მოთხოვნა შეეხება მხოლოდ გარდაცვლილი ო---- რ-----ის სამკვიდროდან დარჩენილ წილს, უფრო კონკრეტულად კი, მისი ნაწილის მეუღლეთა თანაზიარ საკუთრებად აღიარებას და შესაბამისად, მოპასუხედაც ჩაბმულია მხოლოდ მისი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
22. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ. 2, ს.ფ. 15).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- გ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.05.2017წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდო----ე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი