განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.07.2018
საქმის ნომერი
010210016001471196
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
20.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001471196

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1303-2017 15 მაისი, 2018 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ნანა კალანდაძე

ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი - დ------ ა----–--ე

წარმომადგენელი - ქ-------------------

მოწინააღმდეგე მხარე - გ------- ჯ----–--ე

წარმომადგენელი - რ-----------------ე

 

დავის საგანი - ალიმენტის გაზრდა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ------ ა----–--ის სარჩელი გ------- ჯ----–--ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ------ ჯ----–--ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის შესახებ. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელე დ------ ა----–--ე და მოპასუხე გ------- ჯ----–--ე 2007-2010 წლებში იმყოფებოდნენ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 23.05.2008 წელს დაბადებული მ------ ჯ----–--ე. 2.2. 2010 წელს მხარეები განქორწინდნენ და ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი მ------ ჯ----–--ე ცხოვრობს დედასთან - დ------ ა----–--ესთან და იმყოფება მისი მზრუნველობის ქვეშ. 2.3. 2010 წლის 15 ოქტომბერს დ------ ა----–--ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ------- ჯ----–--ის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის მ------ ჯ----–--ის სარჩოდ ალიმენტის დაკისრება თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით. 2.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგინდა ფაქტობრივი გარემოებები, რომლის მიხედვით: ა) ალიმენტის დაკისრების თაობაზე საქმის განხილვისას მოსარჩელე დ------ ა----–--ე დასაქმებული არ იყო და სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არ გააჩნდა. ბ) გ------- ჯ----–--ე 2010 წლამდე დასაქმებული იყო როგორც მეზღვაური და მისი ხელფასი შეადგენდა 2580 ევროს, თუმცა ალიმენტის დაკისრების თაობაზე საქმის განხილვისას ის დასაქმებული არ იყო და სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არ გააჩნდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მოპასუხე გ------- ჯ----–--ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილის - 2008 წლის 23 მაისს დაბადებული მ------ ჯ----–--ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, 2010 წლის 15 ოქტომბრიდან მ------ ჯ----–--ის სრულწლოვანებამდე. აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროდან წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, გ------- ჯ----–--ეს 2016 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით ერიცხებოდა საალიმენტო დავალიანება 6351.10 ლარის ოდენობით. 2.5. მ------ ჯ----–--ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების შემდგომ პერიოდში დ------ ა----–--ე დასაქმდა შპს „მ--------––ი“. მისი ხელფასი დანამატის გათვალისწინებით შეადგენს თვეში 640 ლარს. 2.6. არასრულწლოვანი მ------ ჯ----–--ე სწავლობს კერძო სკოლის - შპს „იუჯი სკოლის“ მე-4/ბ კლასში. სკოლაში სწავლის საფასური შეადგენს 1500 ლარს, წლის განმავლობაში. მ------ ჯ----–--ე ასევე დადის ცეკვის წრეზე და უცხო ენის მასწავლებელთან, რისთვისაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს საერთო ჯამში 110 ლარს. 2.7. მოპასუხე გ------- ჯ----–--ეს უძრავი და მოძრავი ქონება - ავტომობილი საკუთრებაში არ გააჩნია. გ------- ჯ----–--ის დედა ი----- ჯ----–--ე რეგისტრირებულია ორი უძრავი ქონების (ს/კ 0------------------ და ს/კ 2-----------), მესაკუთრედ, რაც მიღებული აქვს ჩუქებისა და მემკვიდრეობის საფუძველზე. ი----- ჯ----–--ის სახელზე ასევე ირიცხება მის მიერ 20.05.2015 წელს შეძენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთში. 2015 წლიდან საჯარო რეესტრში ასევე რეგისტრირებულია ი----- ჯ----–--ის სამომავლო საკუთრების უფლება შპს „ბ---------“ საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში მდებარე მშენებარე ობიექტის ორ საცხოვრებელ და ერთ არასაცხოვრებელ ფართზე. ის გარემოება, რომ ი----- ჯ----–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება შეძენილია გ------- ჯ----–--ის შემოსავლებითა და მისი კუთვნილი სახსრებით, სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება. 2.7.1. მოსარჩელემ იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ალიმენტის დაკისრების შემდეგ, მოპასუხე გ------- ჯ----–--ის მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მიუთითა იმის შესახებ, რომ გ------- ჯ----–--ემ შეიძინა არაერთი უძრავი ქონება და ძვირადღირებული ავტომანქანა. თუმცა ამ გარემოებათა დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, გარდა მოსარჩელის ახსნა - განმარტებისა, სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა. 2.7.2. მოპასუხე გ------- ჯ----–--ემ კატეგორულად უარყო როგორც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, დასაქმებისა და სტაბილური შემოსავლის არსებობის ფაქტი, ასევე კატეგორიულად უარყო მის მიერ, ან მისივე სახსრებით უძრავი ან მოძრავი ქონების შეძენის ფაქტიც. 2.7.3. წარმოდგენილი წერილობითი მასალებითა და მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეებით დადასტურდა, რომ გ------- ჯ----–--ე საკუთრების უფლებით არ ფლობდა უძრავ ქონებას და ავტომანქანას, ასევე არ დადასტურდა ის გარემოება, რომ დედის ი----- ჯ----–--ის სახელზე რიცხული ქონება შეძენილი იყო სწორედ მოპასუხის სახსრებით. 2.8. გ------- ჯ----–--ე, მართალია, პროფესიით იყო მეზღვაური, მაგრამ დასაქმებული არ ყოფილა. სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არ გააჩნდა. ალიმენტის დაკისრების შემდეგ გ------- ჯ----–--ის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა - არ გაუმჯობესებულა. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხე დასაქმებული იყო პროფესიით, ჰქონდა სოლიდური შემოსავალი და ალიმენტის დაკისრების შემდგომ მისი მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი და მისივე შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი ზემოაღნიშნული სადავო გარემოების დასადგენად. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. 2.10. სსკ-ის 1221.2 მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, ალიმენტის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს საამისოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. ამ დროს მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, შეიცვალა/გაუმჯობესდა თუ არა არსებითად ალიმენტის გადამხდელი პირის ქონებრივი მდგომარეობა. გ------- ჯ----–--ის ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესების ფაქტი სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ------ ა----–--ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. საქმის მასალებიდან დასტურდება, აპელანტის არასრულწლოვანი შვილი, მ------ ჯ----–--ე სწავლობს შპს ,,ი-----------–-–-" მე-5ბ კლასში, მისი სწავლის წლიური საფასური 1500 ლარიდან გაიზარდა და დღეის მდგომარეობით შეადგენს 2100 (ორი ათას ას) ლარს, რომლის გადახდაზე პასუხისმგებელ პირსაც წარმოადგენს დ------ ა----–--ე. ამასთან, წარმოდგენილი ცნობის თანახმად სკოლა იტოვებს უფლებას უახლოეს პერიოდში გაზარდოს სწავლის წლიური საფასური 2700 (ორი ათას შვიდას) ლარამდე. ამას გარდა, სკოლამდე ტრანსპორტირების ყოველთვიური საფასური დამატებით შეადგენს 40 (ორმოც) ლარს, რომელიც არ შედის სწავლის საფასურში და რასაც აპელანტი ხელზე უხდის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს. 3.2. მ------ ჯ----–--ე მისი საჭიროებებიდან გამომდინარე 2017-2018 წლის დასაწყისიდან აგრეთვე გადის სასწავლო პროგრამას აჭარის ხელოვნების მუზეუმთან არსებულ არტ-სტუდიაში. სასწავლო წლის გადასახადი შეადგენს 150 (ას ორმოცდაათ) ლარს, კვარტალურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ამას გარდა, მ------ი 2017 წლის 20 ივლისიდან სწავლობს ინგლისურ ენას ჯგუფურ ბაზაზე სასწავლო ცენტრში ,,ი------------", რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის. აღნიშნული სწავლების ყოველთვიური საფასური შეადგენს 100 (ას) ლარს, შესაბამისად, გადასახადი ათთვიანი სასწავლო კურსისთვის სრულად შეადგენს 1000 (ათას) ლარს. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით მ------ ჯ----–--ე იმყოფება ინგლისურ ენაში სწავლების დაბალ საფეხურზე და მომდევნო საფეხურებისთვის სწავლების საფასური შეადგენს 200 (ორას) ლარს. 3.3. ამ გარემოებებიდან ნათლად დასტურდება, რომ ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად იმატებს მისი საჭიროებები, შესაბამისად, იზრდება მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო ხარჯები. მოწინააღმდეგე მხარე გ------- ჯ----–--ისთვის 2010 წელს დაკისრებული ალიმენტი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, მისი მატერიალური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების პირობებში არ შეესაბამება მ------ ჯ----–--ის საუკეთესო ინტერესებს და ყოველგვარ გონივრულ აზრსაა მოკლებული. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის შაბლონური, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი მოცემულობიდან. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით, რითიც უგულებელყო არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით არ არის შესაბამისობაში ბავშვის რეალურ საჭიროებებთან და მოწინააღმდეგე მხარის გაუმჯობესებულ მატერიალურ მდგომარეობასათან, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსაბუთებლად არ იქნა გათვალისწინებული. 3.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214–ე მუხლის თანახმად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. 3.6. სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებაზე, მაშინ, როდესაც მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებდა (1) არასრულწლოვანი შვილის - მ------ ჯ----–--ის საჭიროებებიდან გამომდინარე მისი რჩენა-აღზრდისათვის საჭირო ხარჯების ზრდასა და (2) გ------- ჯ----–--ის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ერთობლიობაში წარმოადგენს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის სამართლებრივ საფუძველს. 3.7. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე საქმეში წარმოდგენილი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2016 წლის 29 ნოემბრის წერილის თანახმად წარმოადგენს მოქმედ მეზღვაურს, ირიცხება მეზღვაურად სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის, მეზღვაურთა დოკუმენტთა მართვის სისტემის ბაზაში და მასზე გაცემულია მოქმედი მეზღვაურის სერთიფიკატი. აღნიშნულის მიუხედავად სასამართლომ მიიჩნია, რომ გ------- ჯ----–--ე თითქოს უმუშევარია და მისი მატერიალური მდგომარეობა 2010 წლიდან არ შეცვლილა. 3.8. მეზღვაურის პროფესია არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი, რაც ასევე დასტურდება დ------ ა----–--ის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. 3.9. სასამართლომ მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ბანკებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარე არ არის დასაქმებული და სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არ გააჩნია, მაშინ როდესაც თავად გ------- ჯ----–--ემ პროცესზე განმარტა, რომ აპირებდა რესტორნის გახსნას ბათუმში, რაც მის ფინანსურ სიძლიერეზე მეტყველებდა. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე მხარე დასაქმებულია სხვადასხვა უცხოურ კომპანიაში მეზღვაურად და შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებში ანგარიშების არ ქონა ვერ დაადასტურებდა გ------- ჯ----–--ე დასაქმების ფაქტს. ამასთან, სააღსრულებო ბიუროში გ------- ჯ----–--ის დაგროვილი საალიმენტო ვალდებულება გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ შვილის წინაშე ნაკისრი ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით და იმით, რომ გ------- ჯ----–--ეს საქართველოში რეგისტრირებულ ბანკში არ ერიცხება შემოსავალი, რაც თავის მხრივ არ ადასტურებს გ------- ჯ----–--ის უსახსრობის ფაქტს. 3.10. მიუხედავად იმისა, რომ დ------ ა----–--ემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლის მოძიება და წარდგენა შესაძლებელი გახლდათ მისთვის, როგორც არაუფლებამოსლი პირისთვის, სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია საქმეზე თანდართული დოკუმენტები, თუმცა გადაწყვეტილებაში ვერ უთითებს კონკრეტულად რა სახის მტკიცებულებები უნდა წარედგინა აპელანტს სასამართლოში ან/და რა გზით შეეძლო დ------ ა----–--ეს სასამართლოში წარდგენის მიზნით მოეპოვებინა უცხოურ კომპანიასა და გ------- ჯ----–--ეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებები. ამასთან, არასრულწლოვანთან დაკავშირებულ დავებში სასამართლო ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვის მიზნით სარგებლობს ინკვიზიციურობის პრინციპით და იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ საქმეში წარდგენილი მასალები არ იყო საკმარისი საკითხის სრულად გამოკვლევისა და დავაზე სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის, იგი უფლებამოსილი და ვალდებულიც იყო მიეღო კანონით გათვალისწინებული ზომები და მოეძიებინა დამატებითი სახის მტკიცებულებები, რაც დაეხმარებოდა უდავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში. 3.11. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია, რომლითაც ცალსახად დასტურდებოდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქართველოს საზღვრის ხშირი კვეთის ფაქტი და რაც თავის მხრივ ადასტურებდა მოწინააღმდეგე მხარის დასაქმების ფაქტს. 3.12. გასათვალისწინებელია, რომ პროცესის მიმდინარეობის ეტაპზე დადასტურდა, რომ გ------- ჯ----–--ე მხოლოდ ივნისის თვეში დროებით იმყოფებოდა საქართველოში და უახლოეს პერიოდში ისევ აპირებდა საქართველოს საზღვრების დატოვებას, რაც არ იქნა ასახული მიღებულ გადაწყვეტილებაში. 3.13. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა იმავე მხარეებს შორის ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ და დასრულებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, ასევე სხდომის ოქმი, რომელიც სრულად ასახავდა აღნიშნულ საქმეში თავად გ------- ჯ----–--ის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებას, რომელთა ახსნა-განმარტებასაც ასევე ჩვეულებრივი იურიდიული ძალის მქონეა. აღნიშნული პირები იყვნენ გ------- ჯ----–--ის ახლობლები, მეზობლები და მეგობრები, რომლებმაც სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურეს, რომ გ------- ჯ----–--ე დასაქმებულია და გახლავთ მოქმედი მეზღვაური, რასაც ასევე დაეთანხმა გ------- ჯ----–--ის წარმომადგენელიც და სასამართლო სხდომის ელექტრონული ჩაწერის მიმდინარეობისას განმარტა, რომ გ------- ჯ----–--ე ნამდვილად გახლდათ დასაქმებული მეზღვაურად, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ამ პირის საქართველოში იშვიათი ვიზიტის მიზეზს. 3.14. დაუდგენელია სასამართლო საერთოდ გაეცნო თუ არა და მოისმინა თუ არა აპელანტის მიერ საქმეში წარდგენილ ზემოღნიშნულ სხდომის ოქმსა და გადაწყვეტილებას, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში და რაც დართული იქნა საქმეზე მტკიცებულების სახით. აღნიშნული მტკიცებულება ასევე არ არის ასახული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, რაც გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია მოცემული მასალები. 3.15. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რაც უტყუარად ადასტურებდა, რომ მოწინააღმდეგე მხარის დედის - ი----- ჯ----–--ის სახელზე ირიცხება არაერთი უძრავი ქონება, რომელიც შეძენილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ და ფაქტობრივად ფლობს გ------- ჯ----–--ე. მოცემული უძრავი ქონებები შეიძინა მოწინააღმდეგე მხარემ პირადი ფინანსური სახსრებით. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე - გ------- ჯ----–--ის დედა ი----- ჯ----–--ე წარმოადგენს პენსიონერს და ბუნებრივია საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებდა მათ შეძენას. მეტიც, 2011 წლის მდგომარეობით ერთ-ერთი უძრავი ქონება მდებარე ქობულეთში, თავისუფლების შესახვევი N8 (ს/კ 2-----------) საკუთრების უფლებით ირიცხებოდა გ------- ჯ----–--ის სახელზე და შემდგომში ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა დედამისზე. ასევე, ი----- ჯ----–--ის საკუთრებაში ირიცხება 2015 წელს გ------- ჯ----–--ის მიერ 35000 აშშ დოლარად შეძენილი ავტომობილი. ამდენად აშკარაა, რომ გ------- ჯ----–--ემ არარსრულწლოვანი შვილის წინაშე არსებული ვალდებულებების თავიდან არიდებისა და აღსრულებისთვის ხელშეშლის მიზნით აღნიშნული ქონებები გაასხვისა პენსიონერ დედაზე. 3.16. გ------- ჯ----–--ის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების გარდა, 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ არსებითად გაიზარდა არასრულწლოვანი შვილის- მ------ ჯ----–--ის საჭიროებები, რაც ერთობლიობაში უნდა განეხილა და შეეფასებინა სასამართლოს განსახილველ შემთხვევაში. მ------ ჯ----–--ე ცხოვრობს დედასთან დ------ ა----–--ესთან ერთად. მას ესაჭიროება ცხოვრების ნორმალური პირობები, რაც მოიცავს შვილის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას, სრულფასოვანი, კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ასევე მის განათლებას. მ------ ჯ----–--ის სკოლაში სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2100 (ორი ათას ას) ლარს, ტრანსპორტირების საფასური თვეში 40 (ორმოც) ლარს, ინგლისურის სწავლების საფასური - თვეში 100 (ას) ლარს, არტ-სტუდიაში სწავლის ყოველწლიური საფასური - 150 (ას ორმოცდაათ) ლარს, კვებისათვის საჭირო ყოველთვიური თანხა - 300 (სამას) ლარს, მკურნალობისთვის - 200 (ორას) ლარს, ხოლო დასვენებისათვის - 500 (ხუთას) ლარს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც გ------- ჯ----–--ეს აქვს საკმაოდ მაღალი შემოსავალი არასრულწლოვანი შვილისთვის 300 (სამასი) ლარის გადახდა არის არაგონივრული მისი საჭიროებებიდან გამომდინარე. ალიმენტის თანხა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სრულ შესაბამისობაშია მოწინააღმდეგე მხარის რეალურ შემოსავალსა და ბავშვის მოთხოვნილებებთან. 3.17. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დ------ ა----–--ეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რომლის გამოც ის მუდმივად საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობასა და მედიკამენტოზურ მკურნალობას. დასჭირდა ოპერაცია, რომლიც დაჯდა 2000 ლარი, ხოლო წელიწადში ოთხჯერ უწევს ექიმთან რიგითი ვიზიტი. თითოეული ვიტიზი კი ჯდება 700 ლარი. აღნიშნულს ემატება მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების საყიდლად საჭირო თანხების ოდენობა. იმ პირობებში, რომ დ------ ა----–--ე არ სარგებლობს არანაირი დაზღვევის პირობებით და მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხებს ემატება ბავშვის - მ------ ჯ----–--ის ნორმალური აღზრდისთვის საჭირო ხარჯები, ხოლო მშობლები თანასწორად არიან ვალდებული შვილის აღზრასა და განვითარებაზე, დაუშვებელია, რომ მხოლოდ დ------ ა----–--ეს დაევალოს მ------ ჯ----–--ეზე ზრუნვის ვალდებულება და მისი ყოველთვიური ხელფასი 640 (ექვსას ორმოც) ლარის ოდენობით (დანამატის გათვალისწინებით) მიჩნეული იქნას არასრულწლოვანის ხარჯების დასაფარად, მისი საჭიროებების უზრუნველყოფისათვის საკმარის თანხად. ეს პირობები კი შეუძლებელს ხდის აპელანტის მიერ ბავშვისთვის საჭირო ხარჯების უზრუნველყოფას მოწინააღმდეგე მხარისათვის დაწესებული ალიმენტის გაზრდის გარეშე. 3.18. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ------- ჯ----–--ეს უმუშევრობის დონეზე ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით დააკისრა ალიმენტი 300 ლარის ოდენობით და მოცემულ ეტაპზე მ------ ჯ----–--ის საჭიროებების გაზრდასთან ერთად დასტურდებოდა გ------- ჯ----–--ის მატერიალური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების, გაუმჯობესების ფაქტი, სასამართლომ ბავშვის უპირატეს ინტერესებზე მაღლა მშობლის ინტერესები დააყენა. 3.19. სასამართლოს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა, რომ გ------- ჯ----–--ისთვის დაკისრებული ალიმენტის შედეგად დაწყებული იძულებითი აღსრულების ფარგლებში გ------- ჯ----–--ეს ერთდჯერადად ჩამოეჭრა 10 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ოდენობით ანგარიშზე ერთჯერადად თანხის არსებობა ასევე ადასტურებდა, რომ გ------- ჯ----–--ის მატერიალური მდგომარეობა არსებითადაა გაუმჯობესებული 2010 წლიდან. 3.20. მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე დღემდე მოქმედი მეზღვაურია და დასაქმებულია საკმაოდ მაღალანაზღაურებად პოზიციაზე საქართველოს ფარგლებს გარეთ, აქვს სტაბილური და სოლიდური შემოსავალი. გასათვალისწინებელია აპელანტის მიერ წარდგენილი ფოტომასალა, რომელშიც გ------- ჯ----–--ე საკუთარ სოციალურ ქსელში (,,ფეისბუქში") თავადვე ადასტურებს მისი საზღვარგარეთ მუშაობის ფაქტს. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლომ არ გაიზიარა, რამაც საბოლოოდ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. 3.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1222-ე მუხლის მიხედვით, თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ, ან შვილებმა–შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ალიმენტის შეცვლის წინაპირობას წარმოადგენს: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის დაკისრება; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო; 3. დადგენილი ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არ უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სამივე წინაპირობა, გ------- ჯ----–--ის მატერიალური მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესდა და სასამართლოს მიერ 2010 წელს დადგენილი ალიმენტის ოდენობა - 300 (სამასი) ლარის ოდენობით არ არის საკმარისი დ------ ა----–--ის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი მ------ ჯ----–--ის ხარჯების დასაფარად. შესაბამისად, არსებობს დაკისრებული ალიმენტის გაზრდის სამართლებრივი საფუძვლები. 3.22. არასრულწლოვნისათვის ალიმენტის დანიშვნა ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო ვერ უთითებს, არ მსჯელობს როგორ შეიძლება მოცემულ შემთხვევაში დაცული იქნას არასრულწლოვანი მ------ ჯ----–--ის კანონით გარანტირებული უფლებები და ინტერესები, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს დასაბუთებას გადაწყვეტილების უსაფუძვლობასა და შაბლონურობასთან დაკავშირებით. 3.23. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყოფენ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. აშკარაა, რომ გ------- ჯ----–--ე თავს არიდებს კანონისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მასზე, როგორც მშობელზე დაკისრებულ ბავშვზე ზრუნვის ვალდებულებას. მისი შვილთან ურთიერთობა შემოიფარგლება მხოლოდ სატელეფონო საუბრებით საქართველოსა და უცხოეთიდან.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ დ------ ა----–--ე და გ------- ჯ----–--ე იყვნენ დაქორწინებულები. 4.2. 2008 წლის 23 მაისს მათ შეეძინათ შვილი, მ------ ჯ----–--ე. 4.3. 2010 წელს მხარეები განქორწინდნენ და ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მ------ ჯ----–--ე ცხოვრობს დედასთან, დ------ ა----–--ესთან. 4.4. 2010 წლის 15 ოქტომბერს დ------ ა----–--ემ სარჩელი აღძრა გ------- ჯ----–--ის წინააღმდეგ და მოითხოვა მ------ ჯ----–--ის სარჩოდ ალიმენტის დაკისრება თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით. 4.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ------- ჯ----–--ეს მ------ ჯ----–--ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის, ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა 2010 წლის 15 ოქტომბრიდან მ------ ჯ----–--ის სრულწლოვანებამდე. 4.5.1. სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ჯ----–--ე 2010 წლამდე იყო მეზღვაური და მისი ხელფასი შეადგენდა 2580 ევროს, თუმცა ალიმენტის დაკისრების თაობაზე საქმის განხილვისას დასაქმებული არ ყოფილა და სტაბილური შემოსავალი არ გააჩნდა. 4.6. ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გ------- ჯ----–--ის მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.7.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ალიმენტის გაზრდის თაობაზე დაუსაბუთებელი იყო. 4.8. პალატა პირველ ყოვლისა, ეთანხმება აპელანტს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა ბავშვის მოთხოვნილებების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. 4.8.1. თუმცა, პალატა აღნიშნავს, რომ, ამჟამად, სასამართლო იხილავს არა ალიმენტის დაკისრების, არამედ უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის საკითხს. 4.8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. 4.8.3. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. 4.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 31 მარტის განჩინებაში, საქმეზე №ას-1194-1154-2016 განმარტა, რომ: „სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რას გულისხმობს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენენ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვა. შემოსავლების შემცირებისა და კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია, ადრე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შემცირდეს, ხოლო კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია, ალიმენტი გაიზარდოს“ (სუსგ # ას-303-290-2015, 13.05.2015წ.; შდრ. სუსგ # ას- 1191-1121-2015, 22.01.2016წ)“. 4.9.1. ხოლო 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაში, საქმეზე №ას-675-641-2013 საკასაციო პალატამ განმარტა: „სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ანუ იმ შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობას, რაც მათ გააჩნიათ სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების მომენტში და არა იმას, თუ როგორი იყო მათი მატერიალური მდგომარეობა წარსულში. ამ დასკვნის მართებულობას ადასტურებს ასევე სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლი, რომელიც ითვალიწინებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების ან გადიდების შესაძლებლობას მშობლების მატერიალური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ როგორც ალიმენტის დანიშვნისას, ასევე შემდგომში მისი ოდენობის შეცვლისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით, ანუ გადამწყვეტია, თუ როგორი მატერიალური მდგომარეობა გააჩნია ალიმენტვალდებულს ალიმენტის დანიშვნისა თუ შეცვლის მომენტში“. 4.10. გ------- ჯ----–--ე ალიმენტს მტკიცე თანხის სახით იხდის. 4.10.1. ამის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის გასადიდებლად აუცილებელია იმის დადგენა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის, ე.ი. 2010 წლის 18 ნოემბრის შემდეგ გ------- ჯ----–--ის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა და სასამართლოში სარჩელის აღძვრის დროისათვის, ე.ი. 2016 წლის 16 აგვისტოსათვის იგი შენარჩუნებული იყო. 4.11. პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ აღნიშნული გარემოებები საქმის მასალებით არ დადასტურდა. 4.11.1. 2010 წლის 10 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ალიმენტის ოდენობა განსაზღვრა იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წლის 20 აპრილიდან 11 ნოემბრამდე გ------- ჯ----–--ე მუშაობდა გემზე და მისი თვიური ხელფასი შეადგენდა 2345 ევროს; 2009 წლის 29 იანვრიდან 2009 წლის 12 აპრილამდე მუშაობდა იმავე ხომალდზე და მისი თვიური ხელფასი შეადგენდა 2580 ევროს, ხოლო სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის, ე.ი. 2010 წლის 15 ოქტომბრისათვის დაუსაქმებელი იყო და რომელიმე საზღვაო კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონია. 4.12. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 2018 წლის 6 მარტს გაცემული ცნობიდან კი ირკვევა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გ------- ჯ----–--ე მუშაობდა სხვადასხვა ხომალდზე 2012 წლის 13 ივლისიდან 2013 წლის 28 დეკემბრამდე; 2013 წლის 23 ოქტომბრიდან 2014 წლის 17 აპრილამდე და 2014 წლის 9 დეკემბრიდან 2015 წლის 10 აპრილამდე პერიოდში. ამის შემდეგ მისი დასაქმების თაობაზე ინფორმაცია სააგენტოს არ მოეპოვებოდა. 4.12.1. ამის შესაბამისად, ნათელია - ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად 2010 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებას დაედო, არ შეცვლილა - გ------- ჯ----–--ე ისევ პერიოდულად არის დასაქმებული. 2.12.2. მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 12 აპრილიდან 2012 წლის 12 ივლისამდე და 2016 წლიდან 2018 წლამდე გ------- ჯ----–--ის დასაქმების თაობაზე ინფორმაცია საქმეში წარმოდგენილი არ არის. 4.12.3. მეტიც, თუ 2008-2009 წლებში მოპასუხე ერთსა და იმავე ხომალდზე საქმიანობდა, 2012-2015 წლებში მას ხელშეკრულებები სხვადასხვა საზღვაო კომპანიასთან ჰქონდა დადებული. აქედან კი ჩანს, რომ იგი სტაბილურად დასაქმებული არ იყო. 4.13. ამრიგად, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემული ცნობებით გ------- ჯ----–--ის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება არ დგინდება. 4.14. აღნიშნულს, ცხადია, არ ადასტურებს სოციალური ქსელიდან ამონაწერები და ტექსტური შეტყობინებები. 4.15. მართალია, 2010 წლიდან 2016 წლამდე გ------- ჯ----–--ეს მრავალჯერ აქვს გადაკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მაგრამ ასევე კვეთდა იგი სახელმწიფო საზღვარს 2008 წლიდან 2010 წლამდე პერიოდშიც. 4.16. ის, რომ გ------- ჯ----–--ეს შემოსავალი გააჩნია არ დასტურდება საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციითაც. 4.17. აპელანტის პოზიციას არ ამტკიცებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის სხდომის აუდიოჩნაწერიც. 4.17.1. ამ ჩანაწერით დგინდება, რომ სხდომაზე დაიკითხა შვიდი მოწმე: ლ------------ე, ი----- ჯ----–--ე, დ--------------–--, მ------------–---–--ე, შ------ ა----–--ე, ი----------–--ი, ც--------------ე და ყველა მათგანმა ისაუბრა ბავშვის აღზრის, მისი საცხოვრებელი ადგილისა და მშობლებისა და ბებიის ბავშვთან ურთიერთობის შესახებ. 4.17.2. ჩვენების მიცემის დროს გ------- ჯ----–--ის ადგილსამყოფელი, ზოგადად, ახსენა ორმა მოწმემ, ლ------------ემ და ი----- ჯ----–--ემ, ისიც ბავშვთან ურთიერთობის კონტექსტში და ამ საკითხთან და, მითუმეტეს, საქმიანობასა და შემოსავალთან დაკავშირებით მათთვის კითხვები მხარეებს არ დაუსვამთ. 4.17.3. და მხოლოდ ერთმა მოწმემ, „მეჯვარემ და ბავშვის ნათლიამ“, დ--------------–--მ აპელანტის წარმომადგენელს უპასუხა, რომ საქმის განხილვის დროს გ------- ჯ----–--ე საზღვარგარეთ, სავარაუდოდ - უკრაინაში, მეუღლესთან იმყოფებოდა: „ხან აქ არის და ხან იქ“, რადგან - „თავისუფალი მოქალაქეა სადაც უნდა იქ ივლის“-ო - (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის სხდომის აუდიოჩანაწერი - 17:23:24-17:23:57; 17:25:06-17:25:13). 4.17.4. ეს ჩვენებები აპელანტის პოზიციას, ცხადია, არ ადასტურებს. 4.18. აღნიშნულს არ ამტკიცებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის სხდომაზე დაკითხული მოწმის, მ------------–---–--ის ჩვენებაც. 4.18.1. ამ მოწმემ განმარტა, რომ 2011 წლის შემდეგ გ------- ჯ----–--ის შემოსავლისა და დასაქმების შესახებ მისთვის ცნობილი არაფერი იყო. 4.18.2. საყურადღებოა, რომ ეს მოწმე 2016 წლის 27 დეკემბერსაც დაიკითხა და მხოლოდ იმის შესახებ ილაპარაკა, თუ როგორ ეხმარებოდა გ------- ჯ----–--ესა და დ------ ა----–--ეს ბავშვის მგზავრობასა და გადაადგილებაში. 4.19. გ------- ჯ----–--ის შემოსავლების ზრდას, თავისთავად, არ ადასტურებს ის, რომ მისი დედა, ი----- ჯ----–--ე სხვადასხვა ქონების მესაკუთრეა. 4.20. ამრიგად, სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა. 4.21. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. დ------ ა----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ნანა კალანდაძე

ლაურა მიქავა