განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.06.2018
საქმის ნომერი
080310117002153345
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310117002153345 (3/ბ-241-2018 წ)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი - კერძო აღმასრულებელი რ----------––--ე (მოპასუხე)

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ--------–--ე (მოსარჩელე)

 

მესამე პირები - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ------------–ი”; ზ---------–--ე

 

დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების კანონშესაბამისობა

 

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის განჩინება

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2017 წლის 0-----------ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ--------–--ის წარმომადგენელმა ნ--------------მა მოპასუხე კერძო აღმასრულებლის რ----------––--ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულება, - კერძოდ, უძრავი ქონების შეფასება განახორციელოს სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად. მანვე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა _ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

 

2018 წლის 04 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობით მიმართა ნ--------------მა და აღნიშნა, რომ კრედიტორმა „ჯ------------–მა“ აღსრულების პროცესში წარმოადგინა ექსპერტ მ.დ---------ის (ს----------–-------------------------------------------–-----–----------------–--–------ი) დასკვნა, რომლის თანახმად, ნ--------–--ის საკუთრებაში არსებული აუქციონზე სარეალიზაციო უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა 110 000 (ას ათი ათასი) ლარით და გამოკვლევაში მიეთითა, რომ საცხოვრებელი ბინის შიდა ინტერიერის დასურათება და დათვალიერება ვერ მოხერხდა ისე დადგინდა ღირებულება, მაშინ როდესაც ქონების რეალური საბაზრო ღირებულება წარმოადგენს 153 720 ლარს, რაც დადგენილია 2015 წელს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით (დამოუკიდებელ ექსპერტთა პალატა) ექსპერტი გ. გ-----–--ე, ასევე შპს „ა----------------ის“ მიერ ჩატარებული დასკვნით. კრედიტორის მიერ ქონების დაბალი შეფასება შეგნებულად არის გაკეთებული, რადგან მოხდეს აუქციონის დანიშვნა დაბალ ფასში და კრედიტორ „ჯ------------–ს“ ვალის სანაცვლოდ გადაეცეს ნ--------–--ის ქონება.

 

2018 წლის 22 თებერვალს ნ--------–--ემ განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა, სააუქციონო წარმოების პროცესში საბაზრო ღირებულების ფასის განსაზღვრა მის მიერ წარდგენილი დასკვნის მიხედვით (დასკვნა გამოცემულია 2017 წლის 0-----------ს N----, რომლითაც შემფასებელმა (შპს „ა-----------------ი“) ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვრა 153 720 ლარით.

 

კრედიტორის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გამოყენების საფუძვლად მოპასუხემ მიუთითა მოვალის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის გამცემი ექსპერტის შესაბამისი ლიცენზიის არქონა, მაშინ როდესაც ნ--------–--ემ წარადგინა ლიცენზიის ასლი და მანვე განცხადებით მოითხოვა კრედიტორის მიერ წარმოდგენილი ქონების შეფასების დასკვნის გამცემი ექსპერტის ლიცენზია, რომელიც არ გადაეცა.

 

შუამდგომლობის ავტორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში აღსრულებამ ფასი განსაზღვრა კრედიტორის მიერ წარდგენილი დასკვნის თანახმად, რაც წარმოადგენს ახალ გარემოებას. ამდენად ნ--------–--ე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ითხოვს შეჩერდეს Nა1------- სააღსრულებო წარმოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსარჩელის განმარტებით, თუ ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია განხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების გათვალისწინებით აღნიშნული გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მას. ამასთან თუ აღსრულების პროცესში არ იდავა ქონების ფასზე, შემდეგში კარგავს აუქციონის შედეგად გამოცემულ განკარგულებაზე დავის უფლებას. სარეალიზაციო ბინის შეფასება შეგნებულად განხორციელდა მცირე ფასად, რადგან კრედიტორი ჩააყენონ უპირატეს მდგომარეობაში, აუქციონზე ბინა გაიტანონ შეფასების 75%-ში, რაც გამოუსწორებელი ზიანის მომტანია მოსარჩელისთვის. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება და სასარჩელო წარმოება აზრს დაკარგავს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის განჩინებით ნ--------–--ის წარმომადგენლის ნ--------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა №A-------- სააღსრულებო საქმის წარმოება.

 

ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა, კერძო აღმასრულებელმა რ----------––--ემ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმება იმ დასაბუთებით, რომ კანონმდებლობით დადგენილია უძრავი ქონების შეფასების წესი, რომელსაც არეგულირებს საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და აუდიტის შესახებ“, ხოლო აღნიშნული ნორმის შესასრულებლად შექმნილია სპეციალური შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანო, რომელიც გასცემს კანონით განსაზღვრულ სერტიფიკატს და აწარმოებს ასეთ ექსპერტთა რეესტრს.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელს სააუქციონო მომსახურეობას გაუწევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონება ზემოაღნიშნული ორგანოს მიერ სერტიფიცირებულმა პირმა შეაფასა. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის მიერ წარმოდგენილი დასკვნა გაცემულია უფლებამოსილი პირის მიერ, ხოლო მოვალის (მოსარჩელეს) მიერ წარმოდგენილი დასკვნა არაუფლებამოსილი პირის მიერაა გაცემული.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, დაევალოს კერძო აღმასრულებელს ქმედების განხორციელება, კერძოდ ქონების შეფასება მოახდინოს ლევან სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, უკვე იყო №A-------- სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძველი, რაც გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და არსებობს კანონიერ ძალაში შესული განჩინება.

 

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საღსრულებო ბიუროს ან მისი დავალებით სხვა პირს არ დაუდგენია ქონების საბაზრო ფასი. მხარებმა გამოიყენეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლება და თავად წარუდგინეს აღმასრულებელს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტიზის დასკვნები. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააღსრულებო წარმოების შეჩერებით დაბრკოლდება აღსრულების შემდეგი ეტაპი - მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, რაც არ წარმოადგენს პროპორციულ და თანაზომიერ ღონისძიებას მხარეთა კანონიერი უფლებების დასაცავად.

 

საჩივრის ავტორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ როგორც კრედიტორი, ასევე კერძო აღმასრულებელი დაეთანხმა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნას და თხოვნით მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ჩაეტარებინა აუქციონი, მაგრამ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განაცხადა უარი, რადგან დასკვნა არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო გაცემული.

 

საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

კერძო აღმასრულებლის რ----------––--ის საჩივარი წარმოებაში მიიღო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ (ს.ფ. 85-86) 2018 წლის 07 მაისის განჩინებით. ამავე სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 87-93).

 

საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საჩივრებისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო აღმასრულებელ რ----------––--ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშულება. ის წარმოადგენს პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. ამასთან, კანონის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს, როგორც მოსარჩელის, ისე – მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა ვალდებულებას.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტისადმი ფორმალური მიდგომა დაუშვებელია. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე მოთხოვნების დაკმაყოფილება გადაწყდება ინდივიდუალურად, – სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერებით მსჯელობს გამოიყენოს თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ესა თუ ის ღონისძიება.

 

საქმეში დაცული მასალით ირკვევა, რომ 2017 წლის 0-----------ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ--------–--ის წარმომადგენელმა ნ--------------მა მოპასუხე კერძო აღმასრულებლის რ----------––--ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულება, - კერძოდ, უძრავი ქონების შეფასება განახორციელოს სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად. მანვე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა _ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განჩინებით ნ--------–--ის წარმომადგენლის ნ--------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა №A-------- სააღსრულებო საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა, როგორც კერძო აღმასრულებელმა რ----------––--ემ, ასევე მესამე პირმა სს ,,ჯ------------–მა’’, რომლებმაც მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმება.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 იანვრის განჩინებით კერძო აღმასრულებლის რ----------––--ისა და სს ,,ჯ------------–ის“ საჩივრები დაკმაყოფილდა და გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განჩინება №A-------- სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

 

2018 წლის 04 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობით მიმართა ნ--------------მა და აღნიშნა, რომ კრედიტორმა სს„ჯ------------–მა“ აღსრულების პროცესში წარმოადგინა ექსპერტ მ.დ---------ის (ს----------–-------------------------------------------–-----–----------------–--–------ი) დასკვნა, რომლის თანახმად, ნ--------–--ის საკუთრებაში არსებული აუქციონზე სარეალიზაციო უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა 110 000 (ას ათი ათასი) ლარით და გამოკვლევაში მიეთითა, რომ საცხოვრებელი ბინის შიდა ინტერიერის დასურათება და დათვალიერება ვერ მოხერხდა ისე დადგინდა ღირებულება, მაშინ როდესაც ქონების რეალური საბაზრო ღირებულება წარმოადგენს 153 720 ლარს, რაც დადგენილია 2015 წელს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით (დამოუკიდებელ ექსპერტთა პალატა) ექსპერტი გ. გ-----–--ე, ასევე შპს „ა----------------ის“ მიერ ჩატარებული დასკვნით. კრედიტორის მიერ ქონების დაბალი შეფასება შეგნებულად არის გაკეთებული, რადგან მოხდეს აუქციონის დანიშვნა დაბალ ფასში და კრედიტორ „ჯ------------–ს“ ვალის სანაცვლოდ გადაეცეს ნ--------–--ის ქონება. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში აღსრულების სამსახურმა ქონების ფასი განსაზღვრა კრედიტორის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, რაც წარმოადგენს ახალ გარემოებას, ამდენად ნ--------–--ემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა Nა1------- სააღსრულებო საქმეზე წარმოების შეჩერება სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსარჩელის განმარტებით, თუ ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია განხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების გათვალისწინებით აღნიშნული გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მას. ამასთან თუ აღსრულების პროცესში არ იდავა ქონების ფასზე, შემდეგში კარგავს აუქციონის შედეგად გამოცემულ განკარგულებაზე დავის უფლებას.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის განჩინებით ნ--------–--ის წარმომადგენლის ნ--------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა №A-------- სააღსრულებო საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

 

მოცემულ შემთხვევაში არსებობს კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 იანვრის განჩინება, რომლითაც გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განჩინება №A-------- სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. ამავე განჩინებით განიმარტა, რომ ნ--------–--ის სარჩელის უზრუნველსაყოფად, მის, როგორც მოვალის, მიმართ დაწყებული №A-------- სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძველი არ არსებობდა.

 

2018 წლის 04 აპრილის შუამდგომლობაში, რომლითაც ნ--------–--ის წარმომადგენელმა კვლავ მოითხოვა იგივე სახის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (NA-------- სააღსრულებო წარმოების შეჩერება) არ ყოფილა მითითება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების რაიმე ახალ საფუძველზე, გარემოებაზე ან/და მტკიცებულებაზე, შესაბამისად სახეზეა სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ--------–--ის წარმომადგენლის ნ--------------ის შუამდგომლობა (განცხადება) საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე №A-------- სააღსრულებო საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ, _ უნდა დარჩეს განუხილველი

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419–420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კერძო აღმასრულებლის რ----------––--ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის განჩინება;

 

3. ნ--------–--ის წარმომადგენლის ნ--------------ის შუამდგლომლობა (განცხადება) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, _ დარჩეს განუხილველი;

 

4. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

5. სააპელაციო სასამართლოს ეს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე