განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2018
საქმის ნომერი
080210018001775440
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018001775440

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-305-2018 15 მაისი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - ნ----- ძ---–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ--- დ---–-–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ლ-–- ტ------ე

წარმომადგენელი - ნ------–--–--------ე

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ--- დ---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ყადაღისაგან გათავისუფლდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 17 ნოემბერს გაცემული მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში აღწერილი შემდეგი დასახელების ნივთები: 1. ორკამერიანი მაცივარი, თეთრი ფერის, ,,ვესტელის’’ ფირმის -1 ცალი, 2. ტელევიზორი ,,ელჯი’’-ს ფირმის, შავი ფერის, პლაზმური -1ცალი, 3. გაზის გამათბობელი, ყავისფერი - 1ცალი, 4. გაზქურა ,,LUXELL’’, ვერცხლისფერი -1 ცალი, 5. კომპიუტერის კომპლექტი ,,სონის’’ ფირმის, პროცესორი, კლავიატურა, მონიტორი, მაუსი -1 ცალი, 6. სარეცხი მანქანა ,,ვესტელის’’ ფირმის -1 ცალი, 7. დივიდი ,,სუპერმაქსი’’, ვერცხლისფერი -1 ცალი; 8. დივანი ნაჭრის, ყავისფერი - 1 ცალი. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2015 წლის 17 ნოემბრის აქტით დაყადაღებულ იქნა ქ. ქუთაისში, დ-------ს ქ. №7-ში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ორკამერიანი მაცივარი თეთრი ფერის „VESTEL“ ფირმის -1 ცალი; 2. ტელევიზორი „LG“-ს ფირმის, შავი ფერის პლაზმური -1 ცალი; 3. გაზქურა „LUXELL“ ვერცხლისფერი -1 ცალი; 4. გაზის გამათბობელი ყავისფერი -1 ცალი; 5. კომპიუტერის კომპლექტი ,,SONY’’-ს ფირმის, პროცესორი, კლავიატურა, მონიტორი, მაუსი -1 ცალი; 6. სარეცხი მანქანა ,,VESTEL’’-ის ფირმის, თეთრი ფერის -1 ცალი; 7. DVD „სუპერ მაქსი“ ვერცხლისფერი -1 ცალი; 8. დივანი ნაჭრის ყავისფერი -1 ცალი. 2.2. მოწმეთა ჩვენებებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ, ქუთაისი, დ-------ს ქ. №7, ყოფილი წყალტუბოს რაიონი, გუმბრა (გორა-საქუსლია) მესაკუთრეა მ--- დ---–-–---–ი. 2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 09.08.2016წ. გაცემული ცნობის #A---------013/002-ის მიხედვით, სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე (ს/წ A--------), რომლის თანახმადაც კრედიტორს წარმოადგენს ნ----- ძ---–--ე (პ/ნ 6----------), ხოლო მოვალეს ლ-–- ტ------ე (დ---–-–---–ი) (6----------), აღნიშნული წარმოების ფარგლებში, დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი გამოცხადებული არ არის. 2.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ლ-–- ტ------ე (პ/ნ 6----------) არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი უვადოდ. მისი სოციალური პაკეტი/ფულადი კომპონენტი შეადგენს თვეში 100(ასი) ლარს. 2.5. ნ----- ძ---–--ე და ლ-–- დ---–-–---–ი (ტ------ე) განქორწინდნენ 2014 წლის 7 მაისს. 2.6. ლ-–- დ---–-–---–ი (ტ------ე) არის მოსარჩელის შვილი, რომელიც უკვე წლებია რაც აღარ ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად, რადგან თითქმის 2002 წლიდან 2015 წლამდე დედა-შვილს დაეძაბა ურთიერთობა. ამასთან ლ-–- ტ------ემ 2016 წლის 29 აგვისტოს შეიცვალა გვარი და გახდა დ---–-–---–ი. 2.7. მოწმე ლ-------------ის ჩვენების მიხედვით, არის მოსარჩელის მეზობელი. როგორც ახსოვს მ---ს ახლდა რამდენიმე მაღაზიაში, როდესაც მან შეიძინა მაცივარი, მტვერსასრუტი, მაცივარი უნდა ეყიდა შემდეგ. თავად მან კი შეიძინა უთო. სახლში არსებული ნივთებიც შეძენილია მ---ს მიერ მისივე სახსრებით. ხოლო მისი შვილი ლ-–- ტ------ე მას არ ეხმარებოდა და არც უნახავს დედასთან სახლში. თუ სწორად ახსოვს ეს ნივთები შეიძინა 2010 წელს, ხოლო 2 წლის მერე მაცივარი და გაზქურა მეზობელ მ-----სთან ერთად. 2.8. მოწმე მ-----------------ის ჩვენების თანახმად, არის მოსარჩელის მეზობელი. მოსარჩელე ცხოვრობს ამ მისამართზე. სახლში არსებული ნივთებიც შეძენილია მ---ს მიერ მისივე სახსრებით. მისი თანდასწრებით შეიძინა მ---მ მაცივარი, ტელევიზორი და გაზქურა, რომელიც გამოიტანა განვადებით. მისთვის ფულიც კი უსესხებია. ,,კარმაც’’ მან იყიდა. ხოლო მისი შვილი ლ-–- ტ------ე მასთან არ ცხოვრობდა. 2.9. მოწმე მ-----–ი ძ---–--ის ჩვენების მიხედვით, მისთვის ცნობილია, რომ ლ-–- აწარმოებდა დედის სახლში სარემონტო სამუშაოებს, გამოცვალა კარ-ფანჯრები, როდესაც დედასთან ცხოვრობდა. მ---ს იმ პერიოდში არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ქონება შეეძინა მისმა სიძემ, ლ-–- ტ------ემ. მანვე გაასხვისა არაერთი ქონება, ხოლო თავის შვილებს სოციალური დახმარების თანხასაც არ აძლევს. სადავო ქონება წარმოადგენს საერთო საკუთრებას და არაა მხოლოდ მოსარჩელის. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა დაყადაღებული ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით ყველა ნივთი შეიძინა მ--- დ---–-–---–მა, მისი პირადი სახსრებით, რადგან მის შვილთან 2002 წლიდან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა და ლ-–- ტ------ე დედასთან აღარ ცხოვრობდა. ხოლო მოწმე მ-----– ძ---–--ის ჩვენებით არ დადასტურდა უშუალოდ მოპასუხეთა სახსრებით მათი პირადი მოხმარებისათვის სადავო ნივთების შეძენა და მხოლოდ ზოგადი მითითება არ გახდაა მისი ჩვენების ნაწილობრივ გაზიარების საფუძველიც კი. 2.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2016 წლის 01 მარტის აქტით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებული იყო მოსარჩელე მ--- დ---–-–---–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ქუთაისი, დ-------ს ქ. №7. 2.11. საქმის მასალებით, კერძოდ, საბანკო კრედიტის და გირავნობის #P-------------9 ხელშეკრულებით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ტელევიზორი „LG“-ს ფირმის, შეძენილი იყო მ--- დ---–-–---–ის მიერ საბანკო კრედიტით. 2.12. საქმის მასალებით, კერძოდ, 28.12.2012 წ. საგარანტიო ტალონით, მასზე დართული დანართით №1 ხელშეკრულებით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ გაზქურა „LUXELL“, შეძენილი იყო მ--- დ---–-–---–ის მიერ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.13. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. 2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, რომ ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მფლობელი მესაკუთრედ მივიჩნიოთ. 2.15. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, ე.ი. ის დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. 2.16. ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურდა და სადავოს არ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა წარმოადგენდა მ--- დ---–-–---–ის საკუთრებას და ის ცხოვრობდა ამ მისამართზე, შესაბამისად ივარაუდებოდა, რომ ამ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი იყო მოსარჩელე. 2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ----- ძ---–--ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში, კერძოდ მე–2 პუნქტში მითითებულია, რომ აპელანტსა და ლ-–- ტ------ეს შორის ქორწინება შეწყვეტილია 2014 წელს. ინფორმაცია არ არის მოცემული სრულად. მართალია ქორწინება ფორმალურად შეწყდა 2014 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით, მაგრამ რეალურად ოჯახი დაინგრა 2013 წელს. 2012 წლიდან ლ-–- ტ------ე დედასთან, მოსარჩელესთან ერთად ამზადებდა საბუთებს, ასხვისებდა ქონებას, რომ აეცილებინა პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახისა და შვილების წინაშე. 2012 წლიდან დაიწყო ლ-–- ტ------ემ მოსარჩელის სახლში ტექნიკის შეძენა. 3.2. სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები: კერძოდ არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოსარჩელე იყო სოციალურად დაუცველი და არ ჰქონდა შესაძლებლობა შეეძინა ძვირადღირებული ტექნიკა. სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გაზიარებული აპელანტის მიერ წარდგენილი ლ-–- ტ------ის წერილობითი განცხადება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელზე, რომ მისი საცხოვრებელი ადგილია დედის, მოსარჩელე მ--- დ---–-–---–ის საცხოვრებელი სახლი. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ არასწორადაა გამოყენებული და განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 151-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. მოცემულ შემთხვევაში, ის, რომ უძრავი ნივთი, საცხოვრებელი სახლი არის მოსარჩელე მ--- დ---–-–---–ის საკუთრება, მოძრავ ნივთებს კერძოდ, საყოფაცხოვრებო ტექნიკას ვერ გადააქცევს უძრავი ნივთის საკუთვნებლად. სადავო მოძრავი ნივთები შესაძლებელია ჩაითვალოს მოსარჩელე მ--- დ---–-–---–ისა და მოპასუხე ლ-–- ტ------ის თანასაკუთრებად, რადგან შეძენილია ლ-–- ტ------ის სახსრებით, განთავსებულია მ--- დავლიშვილის საკუთრებაში და გამოყენებულია ორივეს მიერ, კომფორტისა და კეთილდღეობისთვის, შესაბამისად სამართლიანია ლ-–- ტ------ის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებისთვის გამოყენებულ იქნას ლ-–- ტ------ის მიერ შეძენილი ნივთები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე ლ-–- ტ------ემ ნ----- ტ------ეს შვილების სარჩოდ უნდა გადაუხადოს ალიმენტი, 200 ლარი. 4.2. ლ-–- ტ------ე ამ გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით არ ასრულებს და, ამიტომ, 2016 წლის 17 ნოემბერს (აქტში შეცდომით მითითებულია 2015 წელი) აღმასრულებელმა ყადაღა დაადო ქუთაისში, დ-------ს N7-ში განთავსებულ მოძრავ ნივთებს, კერძოდ: 1. ორკამერიანი მაცივარს; 2. ტელევიზორს 3. გაზის გამათბობელს; 4. გაზქურას; 5. კომპიუტერის კომპლექტს; 6. სარეცხი მანქანას 7. DVD პლეერს და 8. დივანს. 4.3. ყადაღადადებული მოძრავი ნივთები სხვადასხვა დროს შეიძინა მ--- დ---–-–---–მა და ეკუთვნის მას. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.4.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სადავო ნივთები მართებულად გაათავისუფლა ყადაღისაგან. 4.5. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ყადაღადადებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სინამდვილეში, ლ-–- ტ------ის მიერაა შეძენილი და მას ეკუთვნის. 4.5.1. საქმეში არის ამ ნივთების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ ისინი არა ლ-–- ტ------ემ, არამედ მ--- დ---–-–---–მა შეიძინა. 4.5.2. ასე, 2012 წლის 28 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით (ს.ფ. 17-21) დგინდება, რომ მ--- დ---–-–---–მა შეიძინა ტელევიზორი - LG 2126; 4.5.3. 2012 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებით (ს.ფ. 25-234) - გაზქურა LUXELL 60GEGE INOX. 4.5.4. 2013 წლის 24 ივნისს და 2014 წლის 26 აგვისტოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისაგან ისესხა 2500 ლარი ნივთების შესაძენად (ს.ფ. 35-42) და შეიძინა სარეცხი მანქანა, ორკამერიანი მაცივარი, პლეერი და ოთახის გამათბობელი (ს.ფ. 45-52). 4.5.5. აღნიშნული გარემოებები დაადასტურეს საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმაც. 4.6. ეს ნივთები განთავსებულია მ--- დ---–-–---–ის კუთვნილ სახლში და მათ მოსარჩელე ფლობს. 4.6.1. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ სადავო ქონება, სწორედ, მ--- დ---–-–---–ს ეკუთვნოდა. 4.7. არც სადავო ნივთების ლ-–- ტ------ის მიერ შეძენის დამადასტურებელი და არც სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დაშვების საწინააღმდეგო მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.8. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. ნ----- ძ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე