განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.07.2018
საქმის ნომერი
330310017001678473
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001678473 (3ბ/2221-17)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ჯ----------------------------------“

წარმომადგენელი - ი------------–--–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენლები - ი-----–------------–---

 

მესამე პირი - დ--------------–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ჯ----------------------------------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ--------------–---–- არის შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ (სასმელი წყლის სექტორში ლიცენზირებული კომპანიის) აბონენტი და კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია ნომრით 7---------

 

2.2. დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, 2012 წლის 10 დეკემბერს შპს ,,ჯ---------------------------------სა’’ და აბონენტ დ--------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანიის მიმართ აბონენტის დებიტორული დავალიანება შეადგენდა 742.40 ლარს, შესაბამისად, დ--------------–---–მა იკისრა ვადებულება, წყლის მოხმარების ღირებულების მიმდინარე დარიცხვასთან ერთად, დავალიანების დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად გადაეხადა 20.62 ლარი, 36 თვის განმავლობაში.

 

2.3. აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, 2012 წლის 10 დეკემბერს დ--------------–---–ს ელექტრონულად დაერიცხა წყლის საფასური 742.40 ლარის ოდენობით. აბონენტის მიერ მოცემული დავალიანების გადახდა პირველად განხორციელდა 2013 წლის 21 იანვარს. გადახდის ოდენობა შეადგენდა 30.05 ლარს, თუმცა აღნიშნულ თარიღამდე, 2013 წლის 8 იანვარს, ქ. თბილისის მერიის მიერ გაცემული დახმარების სახით, ლიცენზიანტისათვის მიმდინარე გადასახადის დასაფარად გადარიცხულ იქნა 3.15 ლარი. საერთო ჯამში, ქ.თბილისის მერიის მიერ დახმარება 3 ლარი და 15 თეთრი აბონენტის ანგარიშზე ჩაირიცხა თოთხმეტჯერ. 2012 წლის 10 დეკემბრიდან - 2015 წლის 24 იანვრამდე, აბონენტმა დ--------------–---–მა წყლის საფასურის დაფარვა მოახდინა თხუთმეტჯერ. მოცემული დროის მონაკვეთში მის მიერ განხორციელებულ გადახდათა ჯამმა შეადგინა 336.34 ლარი, ხოლო სადავო აქტში მითითებულ პერიოდამდე - 2013 წლის 24 ოქტომბრამდე აბონენტმა გადაიხადა 237.174 ლარი.

 

2.4. 2016 წლის 10 ოქტომბერს დ--------------–---–მა განცხადებით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატს და მიუთითა, რომ წყლის საფასურის გადაუხდელობის გამო გააჩნდა დავალიანება და ითხოვა აღნიშნული დავალიანების ჩამოწერა. აღნიშნული განცხადება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაუგზავნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.

 

2.5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და 2016 წლის 8 დეკემბერს მიღებულ იქნა №8---- გადაწყვეტილება, რომლითაც დ--------------–---–-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოქალაქე დ--------------–---–-ს დავალიანება შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ მიმართ, რომელიც წარმოიქმნა 2013 წლის 24 ოქტომბრამდე - 742.44 ლარის ოდენობით, მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად. შპს ,,ჯ---------------------------------ს’’ დაევალა შესაბამისი ცვლილებების შეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე და დავალიანების ჩამოწერა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო უფლებამოსილებების განმახორციელებელი კოლეგიური მართვის ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს დამატებითი საჯარო უფლებამოსილება - გადაწყვიტოს მის რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებს, ასევე ამ საწარმოებსა და მომხმარებელს შორის არსებული დავები, დავები განიხილება საჯარო მოსმენის წესით და ამ საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში კომისია გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც საჩივრდება საერთო სასამართლოში.’’

 

2.7. „ელეტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ერთერთ ფუნქციას შეადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. იმავე კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება. შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 6 აპრილის №4 დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების“ პირველი მუხლის მეორე პუნქტის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 აგვისტოს №12 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის და მე-7 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს კომისიას ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, კომისია სადავო საკითხებს განიხილავს თავისი უფლებამოსილების თანახმად. კომისიის უფლებამოსილებები ანუ სრული კომპეტენცია განსაზღვრულია აგრეთვე კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებით“, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს დავები ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის სადავო საკითხებზე, რომელთაგან ერთ-ერთი სახის დავას შესაძლებელია წარმოადგენდეს დავა ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხსენებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება ლიცენზიანტ შპს ,,ჯ---------------------------------სა’’ და მომხმარებელ დ--------------–---–ს შორის დავაზე.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. იმავე საკანონმდებლო აქტის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რადგან იგი მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ, ადასტურებს ვალის ამღიარებლის მოვალეობას, შეასრულოს არსებული ვალდებულება. ვალის აღიარება უნდა განხორციელდეს არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. გარდა ამისა, პირის მიერ ნების გამოვლენისას ნათლად უნდა იკვეთებოდეს, რომ ვალის ამღიარებელს გააჩნია კრედიტორის ვალი და მკაფიოდ უნდა იქნეს ჩამოყალიბებული მოვალის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შესრულების სურვილი.

 

2.9. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. იმავე კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. ამავე საკანონმდებლო აქტის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, 2012 წლის 10 დეკემბერს შპს ,,ჯ---------------------------------სა’’ და აბონენტ დ--------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, აბონენტის მიერ კომპანიის მიმართ დებიტორული დავალიანება შეადგენდა 742.40 ლარს, შესაბამისად, დ--------------–---–მა იკისრა ვალდებულება წყლის მოხმარების ღირებულების მიმდინარე დარიცხვასთან ერთად, დავალიანების დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად გადაეხადა 20.62 ლარი, 36 თვის განმავლობაში. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, დავალიანების გამო მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ იქნა ასეთი შეთანხმებისთვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობა - მხარეებმა მკაფიოდ და არაორაზროვნად განსაზღვრეს დავალიანების თანხის საერთო ოდენობა, დავალიანების გადახდის პერიოდულობა, დავალიანების თანხის პორციები. დ--------------–---–-ს მხრიდან ვალის აღიარებისა და შემდგომ ვალის განაწილვადების გამო მხარეთა შეთანხმების პირობებში, პრაქტიკულად, მოხდა ძველი, ხანდაზმული ვალის გაცოცხლება, ვალის გადახდევინების მიზნით ანგარისშწორების ახალი ვადებისა და ახალი პორციების/წილების განსაზღვრა. შეთანხმება დავალიანების დანაწევრებისა და დავალიანების ცალკეული ნაწილების დროის კონკრეტული პერიოდების - თვეების მიხედვით გადახდის თაობაზე წარმოადგენს პერიოდულად (და არა ერთბაშად, ერთ კონკრეტულ მომენტში) შესასრულებელი ვალდებულების დამდგენ შეთანხმებას, რომელთან მიმართებითაც სამოქალაქო კოდექსი აწესებს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის რამდენადმე განსხვავებულ წესს. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ--------------–---–მა წყლის საფასურის - 742.40 ლარის ელექტრონულად დარიცხვის შემდეგ, 2013 წლის 24 ოქტომბრამდე მიმდინარე დავალიანების გათვალისწინებით, ჯამში გადაიხადა 237.174 ლარი, ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, სწორად იქნა 2013 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული დავალიანება (განაწილვადებული თანხის დარჩენილი ნაწილისა და მიმდინარე დავალიანების წილის ჯამი) ხანდაზმულად მიჩნეული.

 

2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო შეიჭრა სასამართლოს უფლებამოსილებაში და 2016 წლის 8 დეკემბრის N8---- გადაწყვეტილებით დ--------------–---–- გაათავისუფლა კომპანიის წინაშე არსებული დავალიანების გადახდისაგან, ამასთანავე, სასამართლო გადაწყვეტილებაში არ მიეცა შეფასება ხანდაზმულობის არასწორად გამოანგარიშების საკითხსაც, რაც წარმოადგენს ფაქტობრივ უსწორობას.

 

3.2. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოტანილი, გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად შეაფასა მტკიცებულებანი, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში დადგენილად ჩათვალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, არასწორად განმარტა კანონი, ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ზოგ შემთხვევაში დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, შესაბამისად იგი უნდა გაუქმდეს.

 

3.3. აპელანტი განმარტავს, რომ ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ პირველი მუხლის თანახმად, სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის მომხმარებელთა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: საყოფაცხოვრებო (ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის) და არასაყოფაცხოვრებო (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი) მომხმარებლებად. კომპანიის მონაცემთა ბაზაში (მისამართზე: ქ. თბილისი, მნათობის ქ. N52) აბონენტად (საყოფაცხოვრებო მომხმარებლად) რეგისტრირებულია დ--------------–---–- (აბონენტის N7--------), რომელიც ხშირ შემთხვევებში თავს არიდებდა მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების გადახდას და შესაბამისად, კომპანიის წინაშე გააჩნია სასმელი წყლის დავალიანება. აღნიშნულ დავალიანებასთან დაკავშირებით, დ--------------–---–სა და კომპანიას შორის 2012 წლის დეკემბერში გაფორმდა ხელშეკრულება დავალიანების რესტუქტურიზაციის შესახებ, რომლის თანახმად, აბონენტი ვალდებული იყო 36 თვის განმავლობაში გადაეხადა (დაეფარა) დავალიანება, მიმდინარე დარიცხულ გადასახადთან ერთად, ანუ გაფორმებული ხელშეკრულება მოქმედებდა 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით და დ--------------–---–- ვალდებული იყო ამავე პერიოდამდე, მიმდინარე გადასახადთან ერთად დაეფარა დავალიანება. აბონენტი არასრულად ახორციელებდა დავალიანების დაფარვას და საბოლოო ჯამში არ მოახდინა მისი დაფარვა. 2016 წლის 21 ოქტომბერს მან განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, მოითხოვა კომპანიის მიმართ არსებული დავალიანების ხანდაზმულად მიჩნევა და მისი ჩამოწერა. კომისიამ, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის დადგენისა და ამ მოტივით ფულადი ვალდებულების გადახდისგან პირის განთავისუფლების საკითხი მის კომპეტენციას (მის განსჯად) საკითხს არ წარმოადგენდა, შეიჭრა სასამართლოს (სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის) უფლებამოსილებაში და 2016 წლის 8 დეკემბრის N8---- გადაწყვეტილებით გაათავისუფლა დ--------------–---–- კომპანიის წინაშე არსებული დავალიანების გადახდისაგან. აპელანტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის N8---- გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან კომისიას არა აქვს უფლება, განიხლოს სამოქალაქო დავა ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს შორის, სადავო გადაწყვეტილებაში კომისიამ განცხადების განხილვის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკაშირებული დავები კომისიის ლიცენზიატებს შორის ან ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის, ასევე მიუთითა ,,საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დებულების“ მე-7 მუხლი, რომლის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს კომისიას ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, თუმცა კომისიას არ მიუთითებია ის ნორმები, რომლებითაც სახელშეკრულებო ურთიერთობებში ხანდაზმულობის საკითხის განხილვა შედის მის კომპეტენციაში და არ განუმარტავს, თუ რა არის კომისიის კომპეტენცია.

 

3.4. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში კომისიამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კომისიამ არასწორად გამოიყენა და განმარტა ,,საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ადმინისტრაციული წარმოების დებულება“, რომელიც ეხება იმ პირის უფლებების დაცვას, ვისი უფლებებიც ირღვევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რასაც მოცემულ შემთხვევაში (დ--------------–---–-ს მიმართ) ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, მოხმარებული სასმელი წყალის ღირებულების დარიცხვა არ განხორციელებულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. კომისიამ არ გამოიყენა ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-11 მუხლები, რომლებითაც განისაზღვრება კომისიის უფლებამოსილებანი, კერძოდ, ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება, სალიცენზიო და სანებართვო უფლებამოსილება და სატარიფო უფლებამოსილება, ასევე კომისიამ არ გამოიყენა ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია კომისიის სტატუსი და ფუნქციები, მათ შორის, მე-5 პუნქტი, რომელშიც ჩამოთვლილია კომისიის ძირითადი ფუქციები. მართალია, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს დავა ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის, მაგრამ დავა უნდა ეხებოდეს კომისიის კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხს. აპელანტი მიიჩნევს, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტა (დავალიანების ხანდაზმულად აღიარება) არ შედის კომისიის კომპეტენციაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: (ა) სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის და ა.შ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის. აპელანტის განმარტებით, ხანდაზმულობის ცნება სამოქალაქოსამართლებრივი საკითხია და მისი სწორად განმარტებისა და ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა, ხოლო დავალიანების ხანდაზმულად მიჩნევისას გამოსარკვევი გარემოებების წრე უნდა დაადგინოს სასამართლომ, მან უნდა განმარტოს კანონი ამ გარემოებების გათვალისწინებით და ისე გამოიტანოს გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, კომისიამ შეითავსა სასამართლოს ფუნქციები და გადაწყვეტილება გამოიტანა ისეთ საკითხზე, რომელიც მის კომპეტენციას არ მიეკუთვნება, ამასთან, სამოქალაქო სამართლებრივი საკითხი იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. აპელანტის განმარტებით, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, რა დროსაც დაცული უნდა იყოს დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე. ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად კი, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა. 1950 წლის 4 ნოემბრის (რომი) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აპელანტი მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტით დაირღვა მხარის (მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ჯ----------------------------------ს“) უფლება, რომ მის მიმართ სამოქალაქო დავა გადაწყვეტილი ყოფილიყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა მთელი რიგი კანონებისა, რომლებიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება კანონის უხეში დარღვევით და იგი უნდა გაუქმდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ--------------–---–- არის შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ (სასმელი წყლის სექტორში ლიცენზირებული კომპანიის) აბონენტი და კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია ნომრით 7---------

 

4.2. დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, 2012 წლის 10 დეკემბერს, შპს ,,ჯ---------------------------------სა’’ და აბონენტ დ--------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანიის მიმართ აბონენტის დებიტორული დავალიანება შეადგენდა 742.40 ლარს, შესაბამისად, დ--------------–---–მა იკისრა ვადებულება, წყლის მოხმარების ღირებულების მიმდინარე დარიცხვასთან ერთად, დავალიანების დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად გადაეხადა 20.62 ლარი, 36 თვის განმავლობაში.

 

4.3. აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, 2012 წლის 10 დეკემბერს დ--------------–---–ს ელექტრონულად დაერიცხა წყლის საფასური 742.40 ლარის ოდენობით. აბონენტის მიერ მოცემული დავალიანების გადახდა პირველად განხორციელდა 2013 წლის 21 იანვარს. გადახდის ოდენობა შეადგენდა 30.05 ლარს, თუმცა აღნიშნულ თარიღამდე, 2013 წლის 8 იანვარს, ქ. თბილისის მერიის მიერ გაცემული დახმარების სახით, ლიცენზიანტისათვის მიმდინარე გადასახადის დასაფარად გადარიცხულ იქნა 3.15 ლარი. საერთო ჯამში, ქ.თბილისის მერიის მიერ დახმარება 3 ლარი და 15 თეთრი აბონენტის ანგარიშზე ჩაირიცხა თოთხმეტჯერ. 2012 წლის 10 დეკემბრიდან - 2015 წლის 24 იანვრამდე, აბონენტმა დ--------------–---–მა წყლის საფასურის დაფარვა მოახდინა თხუთმეტჯერ. მოცემული დროის მონაკვეთში მის მიერ განხორციელებულ გადახდათა ჯამმა შეადგინა 336.34 ლარი, ხოლო სადავო აქტში მითითებულ პერიოდამდე - 2013 წლის 24 ოქტომბრამდე აბონენტმა გადაიხადა 237.174 ლარი.

 

4.4. 2016 წლის 10 ოქტომბერს დ--------------–---–მა განცხადებით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატს, მიუთითა, რომ წყლის საფასურის გადაუხდელობის გამო გააჩნდა დავალიანება და ითხოვა აღნიშნული დავალიანების ჩამოწერა. აღნიშნული განცხადება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაუგზავნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.

 

4.5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და 2016 წლის 8 დეკემბერს მიღებულ იქნა №8---- გადაწყვეტილება, რომლითაც დ--------------–---–-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოქალაქე დ--------------–---–-ს დავალიანება შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ მიმართ, რომელიც წარმოიქმნა 2013 წლის 24 ოქტომბრამდე - 742.44 ლარის ოდენობით, მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად. შპს ,,ჯ---------------------------------ს’’ დაევალა შესაბამისი ცვლილებების შეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე და დავალიანების ჩამოწერა.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.6. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.9. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო უფლებამოსილებების განმახორციელებელი კოლეგიური მართვის ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს დამატებითი საჯარო უფლებამოსილება - გადაწყვიტოს მის რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებს, ასევე ამ საწარმოებსა და მომხმარებელს შორის არსებული დავები, დავები განიხილება საჯარო მოსმენის წესით და ამ საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში კომისია გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც საჩივრდება საერთო სასამართლოში.’’

 

4.10. „ელეტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ერთერთ ფუნქციას შეადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. იმავე კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება. შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 6 აპრილის №4 დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების“ პირველი მუხლის მეორე პუნქტის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 აგვისტოს №12 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის და მე-7 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს კომისიას ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, კომისია სადავო საკითხებს განიხილავს თავისი უფლებამოსილების თანახმად. კომისიის უფლებამოსილებები ანუ სრული კომპეტენცია განსაზღვრულია აგრეთვე კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებით“, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს დავები ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის სადავო საკითხებზე, რომელთაგან ერთ-ერთი სახის დავას შესაძლებელია წარმოადგენდეს დავა ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის. ხსენებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება ლიცენზიანტ შპს ,,ჯ---------------------------------სა’’ და მომხმარებელ დ--------------–---–ს შორის დავაზე, მათ შორის გადაეწყვიტა დავალიანების ხანდაზმულობის საკითხიც.

 

4.11. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. იმავე საკანონმდებლო აქტის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რადგან იგი მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ, ადასტურებს ვალის ამღიარებლის მოვალეობას, შეასრულოს არსებული ვალდებულება. ვალის აღიარება უნდა განხორციელდეს არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. გარდა ამისა, პირის მიერ ნების გამოვლენისას ნათლად უნდა იკვეთებოდეს, რომ ვალის ამღიარებელს გააჩნია კრედიტორის ვალი და მკაფიოდ უნდა იქნეს ჩამოყალიბებული მოვალის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შესრულების სურვილი.

 

4.12. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. იმავე კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. ამავე საკანონმდებლო აქტის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან დგინდება, რომ დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, 2012 წლის 10 დეკემბერს შპს ,,ჯ---------------------------------სა’’ და აბონენტ დ--------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, აბონენტის მიერ კომპანიის მიმართ დებიტორული დავალიანება შეადგენდა 742.40 ლარს, შესაბამისად, დ--------------–---–მა იკისრა ვალდებულება წყლის მოხმარების ღირებულების მიმდინარე დარიცხვასთან ერთად, დავალიანების დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად გადაეხადა 20.62 ლარი, 36 თვის განმავლობაში. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, დავალიანების გამო მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ იქნა ასეთი შეთანხმებისთვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობა - მხარეებმა მკაფიოდ და არაორაზროვნად განსაზღვრეს დავალიანების თანხის საერთო ოდენობა, დავალიანების გადახდის პერიოდულობა, დავალიანების თანხის პორციები. დ--------------–---–-ს მხრიდან ვალის აღიარებისა და შემდგომ ვალის განაწილვადების გამო მხარეთა შეთანხმების პირობებში, პრაქტიკულად, მოხდა ძველი, ხანდაზმული ვალის გაცოცხლება, ვალის გადახდევინების მიზნით ანგარისშწორების ახალი ვადებისა და ახალი პორციების/წილების განსაზღვრა. შეთანხმება დავალიანების დანაწევრებისა და დავალიანების ცალკეული ნაწილების დროის კონკრეტული პერიოდების - თვეების მიხედვით გადახდის თაობაზე წარმოადგენს პერიოდულად (და არა ერთბაშად, ერთ კონკრეტულ მომენტში) შესასრულებელი ვალდებულების დამდგენ შეთანხმებას, რომელთან მიმართებითაც სამოქალაქო კოდექსი აწესებს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის რამდენადმე განსხვავებულ წესს. საქალაქო სასამართლომ დადგენილად სწორად მიიჩნია, რომ დ--------------–---–მა წყლის საფასურის 742.40 ლარის ელექტრონულად დარიცხვის შემდეგ, 2013 წლის 24 ოქტომბრამდე მიმდინარე დავალიანების გათვალისწინებით, ჯამში გადაიხადა 237.174 ლარი, ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, სწორად იქნა 2013 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული დავალიანება (განაწილვადებული თანხის დარჩენილი ნაწილისა და მიმდინარე დავალიანების წილის ჯამი) ხანდაზმულად მიჩნეული.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახილმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ----------------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე