განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018001518970
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-283-2018 19 ივნისი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - საქართველოს შ-----------------------------
წარმომადგენელი - მ---------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ვ---–--ი
წარმომადგენელი - გ--------------------ე
დავის საგანი - პირგასამტეხლო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქართველოს შ-----------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს შპს ვ---–--ს მოსარჩელის საქართველოს შ-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 11 222,78 ლარის გადახდა. მოსარჩელეს საქართველოს შ-----------------------------ს სარჩელზე პირგასამტეხლოს სახით 3 765,22 ლარის დაკისრებაზე მოთხოვნის ნაწილში უარი ეთქვა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 11 ნოემბერს შ-- სამინისტროსა და შპს ვ---–--ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1--- ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს ვ---–--მა აიღო ვალდებულება შეესრულებინა ქ. ბათუმში, გ------------ის ქუჩა #4-ში მდებარე, შ-----------------------------ს ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 129 999,00 ლარით. 2.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა (9.2 პუნქტი), რომ შემსყიდველი უფლებამოსილია გრაფიკით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მომწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დროულად შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, ასევე მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში (9.3 პუნქტი), დააკისროს მიმწოდებელს ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით და შეწყვიტოს ხელშეკრულება. 2.3. დამთავრებული სამუშაოს: 2013 წლის 11 ნოემბრის N1--- ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული, ქ. ბათუმში, გ------------ის ქუჩა N4-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიღების შესახებ შ-----------------------------ს და შპს ვ---–--ს შორის 2014 წლის 13 მარტს გააფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. 2.4. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოპასუხეს შესრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. დავა ეხებოდა იმ საკითხს, ჰქონდა თუ არა ადგილი ვადაგადაცილებას. 2.5. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. 2013 წლის 11 ნოემბერს შ-- სამინისტროსა და შპს ვ---–--ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1--- ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს ვ---–--მა აიღო ვალდებულება შეესრულებინა ქ. ბათუმში, გ------------ის ქუჩა #4-ში მდებარე, შ-----------------------------ს ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 129 999,00 ლარით. ხელშეკრულების 4.12. პუნქტით, გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა (ცალსახად) განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღით. ანუ, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო არაუგვიანეს 2014 წლის 10 იანვრისა. 2.6. პერიოდულად შესრულებული სამუშოების მიმართ არ ხდებოდა ცალკე აქტების შედგენა. შესაბამისად, არ არის დადგენილი, თუ სამუშაოთა რა ნაწილის ვადაგადაცილებას ჰქონდა ადგილი, რათა პირგასამტეხლოს ოდენობის გაანგარიშება განხორციელებულიყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დროულად შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. მიუხედავად აღნიშნულისა, იქედან გამომდინარე, რომ მთლიანი სამუშაოების შესრულების ვადა დარღვეულ იქნა, მოსარჩელეს პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებული აქვს ვადაგადაცილების დღეებისათვის მისაწოდებელი მთლიანი ღირებულებიდან - 120 871,49 ლარიდან, რომლის 0.2%-მა შეადგინა 14 988 ლარი. 2.7. 2014 წლის 22 მაისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გაუგზავნა შეტყობინება შპს ვ---–--ს და შეატყობინა, რომ მას გადასახდელი ქონდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 14 988 ლარი. მოპასუხის მიერ დღემდე არ შესრულებულა წარმოშობილი ვალდებულება - არ გადაუხდია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას. ის ნაკისრი ვალდებულების დარღვევის - საზღაურია და ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, მისი შესრულების მასტიმულირებელ ფუნქციასაც ასრულებს. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. 2.9. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. 2.10. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ხელშეკრულების დარღვევის ხასიათი, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, პერიოდი, აგრეთვე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებდა და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შეემცირებინა 3 765,22 ლარით და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 11 222,78 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს შ-----------------------------მ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში არ არის საკმარისად დასაბუთებული. კერძოდ, სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 0,2%-ის ოდენობით არ უნდა ჩაითვალოს არაგონივრულად და უსამართლოდ. ამასთან, აცხადებს რომ სახეზეა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ვინაიდან ადგილი ჰქონდა სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებას 62 დღის ოდენობით. მიუხედავად ზემოაღნიშნული საფუძვლებისა, სასამართლომ მაინც გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და შეამცირა პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველად სასამართლომ მიიჩნია ის გარემოება, რომ არ არის დადგენილი თუ სამუშაოთა რა ნაწილის ვადაგადაცილებას ჰქონდა ადგილი, რათა პირგასამტეხლოს ოდენობის გაანგარიშება განხორციელებულიყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დროულად შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,2%-ის ოდენობით. სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ ნაწილთან მიმართებით არ არის არგუმენტირებული და სამართლებრივად დასაბუთებული. 3.2. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო ცალკე მსჯელობის საგანია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად მიდგომას საჭირეობს. შესაბამისად, აღნიშნული უფლება არ გულისხმობს, რომ სასამართლოს შეუძლია ნებისმიერ ვითარებაში, მაშინაც კი, როცა არ არის პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი გამოიყენოს მოცემული უფლებამოსილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი დაეკარგებოდა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და მხარეთა ნების ავტონომიას. 3.3. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ას-655-626-2016, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის 1. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტუმენტის ფუნქციას თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები. 2. დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისთვის წარმოქმნილი საფრთხის ხასისხს. 3. ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობას 4. პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. საქალაქო სასამართლომ დეტალურად არ იმსჯელა ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებზე. რეალურად დაირღვა 2013 წლის 11 ნოემბრის #1--- ხელშეკრულების პირობები. მოპასუხემ შეთანხმებული სამუშაოები განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევით (4.12 პუნქტი), რის გამოც მას დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების 9.1 პუნქტის შესაბამისად, 14 988 ლარის ოდენობით. კერძოდ, მოპასუხემ მიწოდება განახორციელა 122 დღის გასვლის შემდგომ, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 60 კალენდარული დღისა. ზემოთ მოცემულ ინფორმაციაში გარკვევითაა ახსნილი პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. ამასთან სასამართლოს არგუმენტი პირგასამტეხლოს შემცირებასთან მიმართებით არის ალოგიკური, ვინაიდან შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებლი იყო, წინასწარ ყოფილიყო განსაზღვრული შესრულებული ან შეუსრულებლი სამუშაოს ოდენობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2013 წლის 11 ნოემბერს საქართველოს შ-----------------------------სა და შპს ვ---–--ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. 4.2. ამ ხელშეკრულების საფუძველზე შპს ვ---–--ს ბათუმში უნდა შეესრულებინა შ-- ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. 4.3. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება იყო 129999 ლარი. 4.4. მოპასუხეს სამუშაო უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების დადებიდან 60 დღის განმავლობაში. 4.5. ვადის გადაცილების შემთხვევაში, კი ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 9.2. პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,2%-ის ოდენობით. 4.6. მოპასუხემ სამუშაო დაასრულა 2014 წლის 13 მარტს, ე.ი. ხელშეკრულების დადებიდან 122 დღის გასვლის შემდეგ. ამის შესაბამისად, მან სამუშაოს შესრულების ვადა დაარღვია 62 დღით. 4.7. შესრულებული სამუშაოს ხარისთან დაკავშირებით აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს და ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის თაობაზე არ მიუთითებია. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.8.1. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო მართებულად შეამცირა. 4.9. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა და მისი სამართლიანი ოდენობის განსაზღვრისას, სწორედ პირგასამტეხლოს მიზანი უნდა იქნას გათვალისწინებული. 4.9.1. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს ყურადღებამისაქცევია დარღვეული ვალდებულების მოცულობა და ხასიათი; თანაფარდობა დარღვეულ ვალდებულებასა და პირგასამტეხლოს ოდენობას შორის, დარიცხვის პერიოდი და ა.შ. 4.9.2. საბოლოოდ, პირგასამტეხლოს ოდენობა არც იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება გამოიწვოს და არც იმდენად მცირე – მოთხოვნის უზრუნველყოფა რომ ვერ შეძლოს. 4.10. როგორც აღინიშნა, ვადის დარღვევის შედეგად აპელანტს ზიანი არ მისდგომია. ამის შესაბამისად, მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხოლოდ, უზრუნველყოფის საშუალებაა. 4.10.1. მოპასუხემ შესრულების ვადა, მხოლოდ, 62 დღით დაარღვია. 4.10.2. ხელშეკრულების მიხედვით, პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან უნდა დათვლილიყო. მართალია, სამუშაოს შესრულების მიმდინარეობის ამსახველი მტკიცებულებები საქმეში არ არის, თუმცა, ბუნებრივია, 129 999 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს მოპასუხე, მაინცდამაინც, ხელშეკრულების დადებიდან 122-ე დღეს ვერ შეასრულებდა. 4.10.3. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო პერიოდულად სრულდებოდა და ვადაგადაცილების მთელი პერიოდისათვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან პირგასამტეხლოს ოდენობის დათვლა მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს ეწინააღმდეგებოდა. 4.11. ამის გათვალისწინებით, პალატის აზრით, საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულებას სავსებით უზრუნველყოფს და მისი გაზრდის საფუძვლები არ არსებობს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. საქართველოს შ-----------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე