განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №050310918002289349
საქმე №3/ბ-228-18წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
საჩივრის ავტორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენლები - ი------------–-–---–ი, ნ----------------ე, მ-------–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ა-------–----ე
მოწინააღმდეგე მხარეები - თ------–----ე, ნ----–----ე, ნ------–----ე, ნ-----–----ე
კანონიერი წარმომადგენელი - მ-------------ე
დავის საგანი - დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა − გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:
2018 წლის 08 თებერვალს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა და დამცავი ორდერის ვადის გაგრძელება მოითხოვა.
განმცხადებლის განმარტებით, ა-------–----ე თავის ოთხ არასრულწლოვან შვილს არ უშვებს სკოლაში ვიდრე სკოლის დირექტორი არ გადადგება. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახი ცხოვრობს დაბა ნასაკირალში, ოჯახში ცხოვრობს მამა - ამირან
შავაძე, მეუღლე - მ-------------ე, შვილები: თამაზი შავაძე, ნ------–----ე, ნ----–----ე, ნინო შავაძე. ბავშვები ირიცხებიან ნასაკირალის საჯარო სკოლაში, რომლებიც სკოლაში არ გამოცხადებულან.
განმცხადებლის მითითებით, ბავშვები იმყოფებიან მამის გავლენის ქვეშ, ვერ ეწინააღმდეგებიან მამის სურვილებს და გაუცნობიერებლად ციტირებენ მამის სიტყვებს, რაც წარმოადგენს ფსიქოლოგიური იძულებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოყენებული იქნა დამცავი ორდერი, თუმცა უშედეგოდ. ბავშვებზე კვლავ ხორციელდება ფსიქოლოგიური იძულება, რის გამოც ბავშვები გაყვანილი უნდა იქნენ ოჯახიდან და განთავსდნენ სახელმწიფო მზრუნველობაში, რადგან ამ ქმედებით ისინი დაცული იქნებიან ფსიქო-ემოციური ძალადობისაგან, ბავშვები დაუბრუნდებიან სასაწავლო პროცესს, ექნებათ უსაფრთხო გარემო და შესაძლებლობა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გამოთქვან საკუთარი აზრი, დაცული იქნება მათი ინტერესები.
განმცხადებლის აღნიშვნით, ა-------–----ის მიმართ გამოცემული იქნა დამცავი ორდერი ერთი თვის ვადით, თუმცა აღნიშნული დრო არ აღმოჩნდა საკმარისი იმ ღონიძიებების გასატერებლად, რაც საჭიროა მოცემულ შემთხვევაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სოციალური მომსახურების სააგენტომ მოითხოვა დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება.
ა-------–----ე არ დაეთანხმა წარმოდგენილ პოზიციას და განმარტა, რომ მისი მხრიდან ბავშვებზე რაიმე ზემოქმედებას ადგილი არ აქვს. შესაბამისად რაიმე შედეგის მომტანი დამცავი ორდერის ვადის გაგრძელება ვერ იქნება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის“ განცხადება დამცავი ორდერის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ამ დასკვნამდე რაიონული სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს განმარტებით, ,,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო’’ კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს (ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს), აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
ამავე კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი.
“ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით , ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება- სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
სასამართლოს მითითებით, “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “გ“ ქვეპუნქტით, იძულება არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
საქართველოს კანონის ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ 10.1 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.
ამავე კანონის მე-11 მუხლით, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურ მომსახურებას ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისთვის. სოციალური მომსახურება მოიცავს: ა) ოჯახური დავების მიზეზების შესწავლას, შესაბამის ანალიზს და დავების დაძლევაში ოჯახის წევრთა დახმარებას; ბ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებების განხორციელებას; გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა რისკ-ჯგუფების გამოვლენას და მათთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში ხელშეწყობას; დ) დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობას; ე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების მონიტორინგს; ვ) მოძალადეთა და მსხვერპლთათვის დახმარებისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ,,სასამართლო განცხადების სასამართლოს კანცელარიაში დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში განიხილავს მას და იღებს გადაწყვეტილებას დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.''
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებისა და თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხებს; ბ1) მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის გარიდების საკითხს; გ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია პიროვნების ნორმალური არსებობისათვის; დ) მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ე) მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ვ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; ზ) ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვასა და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან მისი დროებით ჩამორთმევის პირობებს; თ) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრულ ფარგლებს მიკუთვნებული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; ი) მოძალადის სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსების, მისი რეაბილიტაციის ღონისძიებებისა და რეაბილიტაციაზე ზედამხედველობის საკითხებს; ი1) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; კ) გაფრთხილებას ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ; ლ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დამცავი ორდერის ვადის გაგრძელება იყო დაუსაბუთებელი, ვინაიდან გაურკვეველია რა ღონისძიებები იქნა გატარებული დამცავი ორდერის მოქმედების ფარგლებში, არ არის დასაბუთებული რა ღონისძიებების გატარებას აპირებს მხარე დამცარი ორდერის ვადის გაგრძელების შემთხვევაში და რატომ არის შეუძლებელი შესაძლო ღონისძიებების გატარება დამცავი ორდერის არ არსებობის შემთხვევაში.
სასამართლოს მითითებით, გურიის სოციალური მომსახურების ცენტრს არ აქვს მიცემული შეფასება იმ გარემოებებზე, რასაც ასახელებს ა-------–----ე. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარია სკოლაში ადმინისტრაციის მხრიდან (ყოფილი დირექტორი) მამის საქციელის გამო ბავშვების მისამართით წარმოებული ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტზე, რამაც ასახვა ჰპოვა ასევე იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის ლალი ცხვედიანის 2017 წლის 13 მარტის დასკვნაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-------–----ის მოძალადედ ცნობა არ გამორიცხავდა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარის მხრიდან. ამდენად დღეის მდგომარეობით როდესაც ხდებოდა რეაგირება საბავშვო ბაღის მცირეწლოვანი აღსაზრდელების (ორი-სამი წლის ბავშვები) განცხადებაზეც კი, მათი გაშუქება, საქმეების აღძვრაც კი დასახელებულ ფაქტებზე და არსებობდა შესაბამისი პრაქტიკა მსგავსი განცხადებების შესწავლის, სასამართლომ ჩათვალა, რომ გარკვეული ღონისძიებების გატარება და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა იმ განცხადებებზე, რასაც ჰქონდა ადგილი ნ------–----ის, ნ----–----ის და ნ-----–----ის მხრიდან, მათ შორის მოწმის სახით დაკითხვისას ცრუ ჩვენებაზე გაფრთხილების პირობებში იყოაუცილებელი. პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული კონფლიქტის ამოწურვა და მისი დარეგულირება იყო შეუძლებელი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ა-------–----ის მიმართ დამტკიცებული დამცავი ორდერის ვადის გაგრძელება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:
საჩივრის ავტორის აღნიშვნით, ა-------–----ე ბოროტად იყენებდა და ბოროტად იყენებს მშობლის უფლებას შვილების განათლებასთან დაკავშირებით, ვიანაიდან ბავშვები 2015 წლის 25 მარტიდან არ გამოცხადებულან ნასაკირალის საჯარო სკოლაში. ოჯახი ასევე ვერ უზრუნველყოფს ბავშვების ფსიქო-ემოციურ განვითარებას, ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების დამკვიდრებას. ა-------–----ის მხრიდან ბავშვების მიმართ ხორციელდებოდა და ხორციელდება ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა და გაფრთხილებისა ბავშვებისათვის მიეცა სასწავლო პროცესზე დასწრების უფლება, მისი მხრიდან არ მოხდა ადეკვატური რეაგირება. აღნიშნულის გამო ბავშვების მდგომარეობაზე მიმდინარეობს მუშაობა და დაკვირვება.
საჩივრის ავტორის მითითებით, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ბავშვებთან გასაუბრების შემდეგ გამოვლინდა, რომ ისინი იყვნენ მამის გავლენის ქვეშ, რაც გამოიხატა იმაში, რომ ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან საუბრისას ბავშვები თანახმა იყვნენ სკოლაში წასვლაზე (უფროსის ნინოს გარდა), ხოლო მამასთან ერთად საუბრის მომენტში კი უარს აცხადებდნენ სკოლაში წასვლაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე საჩივრის ავტორი თვლის, რომ ა-------–----ის ქმედება შვილების მიმართ მეტყველებს მისი მხრიდან ძალადობაზე, რის გამოც გაგრძელებული უნდა იქნეს დამცავი ორდერის მოქმედების ვადა.
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება, გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იძულება არის ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ამავე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, „მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ“.
შუამდგომლობის ავტორი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოცილური მომსახურების სამხარეო ცენტრი წარმოადგენს დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მიმართ სახელმწიფო მზრუნველობის განხორციელებას. შესაბამისად, უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ზემოაღნიშნული შუამდგომლობით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ძალაში შედის გამოცემისთანავე. “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
“ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
სააპლაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთელი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ბავშვის ინტერესებს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მასზე მზრუნველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებში. კანონმდებელი უპიტარესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს ბავშვის ინტერესებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის უფლებების დაცვას, მათ შორის, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას, დაცულად გრძნობდეს თავს და ცხოვრობდეს მყუდრო ოჯახურ გარემოში. ამდენად, განმტკიცებულია არასრულწლოვანის ინტერესის უპირატესობა.
სააპელაციო პალატა იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებას ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ რომლის თანახმადაც ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლო უთითებს, რომ „გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებების კონვენციის (“CRC”-“ბუკ”) შესაბამისი დებულებები, რომლებიც საქართველოში 1994 წელს შევიდა ძალაში, აწესებს შემდეგს: მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოხატული ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, ობიექტური მონაცემებით უნდა დასტურდებოდეს, თავის მხრივ კი ეს მონაცემები საქმეში არსებულ კანონით დადგენილი წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, რომელთა სწორი და ობიექტური შეფასება და სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობის და საბოლოო ჯამში გაზიარების თვალსაზრისით მათი მტკიცებულებითი მნიშვნელობის განსაზღვრა სასამართლოს კანონისმიერი ვალდებულებაა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით კი, განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე და უნდა შეიცავდეს მტკიცებულებათა ჩამონათვალს.
პალატა აღნიშნავს, რომ დამცავი ორდერი არის დროებითი სახის ღონისძიება და მისი გამოცემის საფუძველს მსხვერპლის მოძალადისაგან დაცვა წარმოადგენს. აღნიშნულ ორდერში მითითებული აკრძალვებით მოძალადეს ეზღუდება მსხვერპლის მიმართ გარკვეული მოქმედებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მსხვერპლის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით მათ შორის არასრულწლოვანთა მიერ სასამართლოში დაფიქსირებული პოზიციის შესაბამისად არ დასტურდება ა-------–----ის მხრიდან მისი შვილების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენის ფაქტი, რა მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები დასაბუთებულია, ხოლო საჩივრის ავტორის არგუმენტები არის უსაფუძვლო. შესაბამისად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საჩივარი დამცავი ორდერის ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2113 მუხლის 71 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება გაეგზავნოს მხარეებს;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: გოჩა აბუსერიძე