განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001342925
2ბ/6418-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
“12” ივლისი, 2018წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივანი _ თამარ ბლიაძე
აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - ნ-----–-- ჟ------ი ქ------- ქ---------ე სს „თ-----------“ თ----- ფ-----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.09.2017წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ნ-----–-- ჟ------ს სს "თ------------ს" სასარგებლოდ 2016 წლის 15 აპრილიდან ვალდებულების შესრულებამდე, არაუმეტეს 2040 წლის 13 აპრილისა დაეკისრა 9995,45 ლარის წლიური 36% გადახდა რაც ყოველთვიურად შეადგენს 299,86 ლარს, ასევე ყოველდღიური პირგასამტეხლო 9995,45 ლარის 0,05% ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა (იხ.: დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნა, ტ. 2, ს.ფ. 13,14).
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. სს "თ-----------ს" სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე ნ-----–-- ჟ------ს მოსარჩელე სს "თ-----------"ს სასარგებლოდ დაეკისროს 11696,42 ლარი.
1.2 ნ-----–-- ჟ------ს სს "თ------------ს" სასარგებლოდ 2016 წლის 15 აპრილიდან ვალდებულების შესრულებამდე, არაუმეტეს 2040 წლის 13 აპრილისა დაეკისროს
9995,45 ლარის წლიური 36% გადახდა რაც ყოველთვიურად შეადგენს 299,86 ლარს.
1.3. ნ-----–-- ჟ------ს სს "თ-----------ს" სასარგებლოდ 2016 წლის 15 აპრილიდან ვალდებულების შესრულებამდე დაეკისროს ყოველდღიური პირგასამტეხლო 9995,45 ლარის 0,05% ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.
1.4 სს "თ------------ს" სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხისთვის 785,13 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
1.5. სს "თ-------------ს" სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხისთვის 2016 წლის 15 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 9995,45 ლარის წლიური 36% დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
1.6. სს "თ-----------ს" სასარჩელო მოთხოვნები ნ-----–-- ჟ------ის მიმართ 2016 წლის 15 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით 9995,45 ლარის 0,45% ყოველდღიურად დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. სს თ----------სა და ნ-----–-- ჟ------ს შორის 2015 წლის 9 ივლისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა T--------------ის ტიპის საკრედიტო ბარათი 10 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%. ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 20 ლარს და 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2040 წლის 13 აპრილამდე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 15) - საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება (ს.ფ 16-18) - T--------------ის განაცხადი (ს.ფ 19-20) 2.2. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2015 წლის დეკემბრის თვეში და ამავე პერიოდიდან თანხის გადახდის ვალდებულეა არ შესრულებულა. 2016 წლის 15 აპრილის მდგომარეობით ნ-----–-- ჟ------ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 12481.55 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 9995.45 ლარი, პროცენტი 1613.74, ჯარიმა 872.36 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 25) - ნ-----–-- ჟ------ის საბანკო ანგარიშის ამონაწერი (ს.ფ 21-24) დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დადგენილია, რომ ნ-----–-- ჟ------ს სს "თ-----------ს" მიმართ ფინანსური ვალდებულების შესრულების გაგრძელების და მიმდინარე დავალიანების არსებობის შესახებ ეცნობა წერილობითი ფორმით 2015 წლის 25 დეკემბერს გაგზავნილი შეტყობინებით. მოსარჩელე მხარის წერილი 2015 წლის 30 დეკემბერს ჩაბარდა ნ-----–-- ჟ------ის ოჯახის წევრს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - წერილობითი შეტყობინება დავალიანების თაობაზე (ს.ფ. 185) - საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური (ს.ფ. 186) დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით;
2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მოცემულ შემთხვევაში სს "თ----------სა" და ნ-----–-- ჟ------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება და ნ-----–-- ჟ------ის საკრედიტო ბარათის ანგარიშზე დაშვებულმა საკრედიტო ლიმიტის მოცულობამ შეადგინა 10000 ლარი. ნ-----–-- ჟ------მა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა და მოპასუხის სრული დავალიანება შეადგენს 12481,55 ლარს. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, ნ-----–-- ჟ------ის მხრიდან გაფრხილების მიუხედავად თანხის გადახდა არ ხდება და სასამართლოს მოსაზრებით სს "თ-----------" უფლებამოსილია მოითხოვოს როგორც ათვისებული კრედიტის ძირითადი ნაწილის, ისე სარგებლის სრული მოცულობით ანაზღაურება. საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად და მხარეთა შორის გაფორმებულ გარიგებაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ პრეზუმირებული მინიმალური ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს სახით 872.36 ლარის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, სს "თ-----------ს" მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 87.23 ლარის გადახდა. ამასთან, 10-ჯერ უნდა შემცირდეს საკრედიტო ხელშეკრულრებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა 0.5% და განისაზღვროს 0.05%, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4,99 ლარს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს. წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული. ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა. აღნიშულიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ კერძოდ ნ-----–-- ჟ------ს 2016 წლის 15 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე (9995.45 ლარი) მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 299.86 ლარს. ამასთან მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მხოლოდ საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადის ფარგლებში 2040 წლის 13 აპრილამდე. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, უსაფუძვლოა სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, კერძოდ იგი არ შეიცავს მითითებას იმ მტკიცებულებებზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტს. სასამართლომ არ გაითვალისწინა მიუღებელი შემოსავლის არსი - ,,მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო''. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. აუცილებელია, რომ მიუღებელი შემოსავალი დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებებით. ის არ წარმოადგენს აბსტრაქტულ კატეგორიას. სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ მოსარჩელე ნამდვილად მიიღებდა შემოსავალს მოვალის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში და ეს ფაქტი უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებებით. საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი, მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა. სრულიად გაუგებარია თუ რატომ დააფუძნა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის დაკმაყოფილების ნაწილში მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე. 3.2. აპელანტის განმარტებით, დაუსაბუთებელია ასევე გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ამ მოცულობით დარიცხვის ნაწილში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. 420-ე მუხლის თანახმად, კი სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აპელანტის განმარტებით, პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას ითვალისწინებს როგორც მოვალის, ასევე კრედიტორის ინტერესებს. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება უნდა ემსახურებოდეს მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას (სუსგ 95-91-2016).
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩვრით სადავოდ გამხდარი არ არის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: - სს თ----------სა და ნ-----–-- ჟ------ს შორის 2015 წლის 9 ივლისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა T--------------ის ტიპის საკრედიტო ბარათი 10 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%. ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 20 ლარს და 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2040 წლის 13 აპრილამდე (ტ. 1, ს.ფ. 15-20). - მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2015 წლის დეკემბრის თვეში და ამავე პერიოდიდან თანხის გადახდის ვალდებულება არ შესრულებულა. 2016 წლის 15 აპრილის მდგომარეობით ნ-----–-- ჟ------ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 12481.55 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 9995.45 ლარი, პროცენტი 1613.74, ჯარიმა 872.36 ლარი (ტ. 1, ს.ფ. 25, 21-2). 4.2. საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ-----–-- ჟ------ს სს "თ-----------ს" მიმართ ფინანსური ვალდებულების შესრულების გაგრძელების და მიმდინარე დავალიანების არსებობის შესახებ ეცნობა წერილობითი ფორმით 2015 წლის 25 დეკემბერს გაგზავნილი შეტყობინებით. მოსარჩელე მხარის წერილი 2015 წლის 30 დეკემბერს ჩაბარდა ნ-----–-- ჟ------ის ოჯახის წევრს, დედას (ტ. 1, ს.ფ. 185,186). 4.3. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის მიერ გადაწყვეტილება სააპელაციო საჩვრით გასაჩივრებულია მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც ნ-----–-- ჟ------ს სს "თ------------ს" სასარგებლოდ 2016 წლის 15 აპრილიდან ვალდებულების შესრულებამდე, არაუმეტეს 2040 წლის 13 აპრილისა დაეკისრა 9995,45 ლარის წლიური 36% გადახდა რაც ყოველთვიურად შეადგენს 299,86 ლარს, ასევე ყოველდღიური პირგასამტეხლო 9995,45 ლარის 0,05% ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა (იხ.: დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნა, ტ. 2, ს.ფ. 13,14). შესაბამისად, სააპელაციო პალატა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს ზემოაღნიშნულ ფარგლებში. 4.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 4.5. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ფულადი ვალდებულების შემთხვევაში, ასეთი ზიანის მოცულობას კანონი განსაზღვრავს მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობით, რომლის გადახდაც მოვალეს ეკისრება დავალიანების დაფარვამდე. ყველა შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ის დანაკლისი, რაც კრედიტორმა შეიძლება რეალურად განიცადოს ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობით. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე და 411-ე მუხლების ერთობლივი ანალიზის შედეგად განმარტოს, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მსესხებლისათვის საკრედიტო ხელშეკრულებებით კრედიტისათვის გათვალისწინებული სარგებელი, როგორც მიუღებელი შემოსავლი, დაკისრებულია ვალდებულების შესრულებამდე, თუმცა არაუმეტეს საკრედიტო ლიმიტის ამოწურვამდე პერიოდზე, რაც არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე სამართლებრივად დასაბუთებულად უნდა ჩაითვალოს. პალატა მიუთითებს, რომ კრედიტის სახით გაცემული თანხის გამოყენების შეუძლებლობა საკრედიტო დაწესებულებისათვის მიიჩნევა, როგორც ამ თანხის ბრუნვის შედეგად მისაღები შემოსავლის დაკარგვის საფუძველი. პალატა განმარტავს, რომ კრედიტის გამცემის ინტერესი კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების მიმართ დაცულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს კრედიტის ამღების პასუხისმგებლობას კრედიტის ვადამდე დაბრუნების შემთხვევაში. დასახელებული ნორმის მიხედვით, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. ამდენად, კანონმდებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის აუცილებლად მიიჩნევს როგორც კრედიტის ვადამდე დაბრუნებით დაზოგილი სარგებლის, ასევე სასესხო ვალუტის კრედიტის გამცემის მიერ სხვაგვარად გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინებას. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საკრედიტო სამართალურთიერთობაში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტის სახით გაცემულ თანხაზე დარიცხული სარგებელი, თუმცა, აღნიშნული სარგებელი მოვალისათვის საკრედიტო დაწესებულების სასარგებლოდ დაკისრებულ უნდა იქნეს, კრედიტის სახით გაცემული თანხის ნებაყოფლობით თუ იძულებით, საკრედიტო დაწესებულებისათვის სრულად დაბრუნებამდე, რითაც მას აღნიშნული თანხის ბრუნვით კვლავ მიეცემა შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულება უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულების შეწყვეტიდან კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვამდე, თუმცა არაუმეტეს საკრედიტო ლიმიტის ვადისა (13.04.2040-მდე) კრედიტისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდის სახით. 4.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.09.2017წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 0.5%, შემცირდა 10 ჯერ და განისაზღვრა გადაუხდელი ძირითადი თანხის 0,05%-ით ყოველ გადაცილებულ დღეზე (ტ.I, ს.ფ. 192-199). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხევაში ხელშეკრულების საერთო თანხის, ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო წარმოადგენს დარღვევის თანაზომიერ, გონივრული ოდენობას და არ არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. 6. საპროცესო ხარჯები სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა 1. ნ-----–-- ჟ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. 2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.09.2017წ. გადაწყვეტილება. 3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით. 4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი