განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001447057
საქმე №3ბ/2039-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - მ----------–--ნი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი
წარმომადგენელი - ფი--------------–--ლი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ეკ--------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ირ---–--------ა
წარმომადგენელი - არ---–------–-–--ლი
მესამე პირი - მე--------------ე
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ირ---–--------ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ირ---–--------ას ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N-- განკარგულება; ირ---–--------ას ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მე--------------ეს შორის 2009 წლის 11 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 25 მაისის N0------------- წერილი;
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. ირ---–--------ა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოებული აღრიცხვით, თბილისში, კ--–----ის რაიონში, ვ---------ის ქუჩა N--–-, „კ------ის“ შენობაში მცხოვრებ დევნილად იგი 2001 წელს დარეგისტრირდა საოჯახო ნომერზე 0-------- დედასთან - მე--------------ესთან, დასთან - მ------ ს--------ესთან და დისშვილთან - ს--–---- ს--------ესთან ერთად. 2013 წლის დეკემბრიდან ირ---–--------ა ცალკე საოჯახო ნომერზე - 0---------ზე აღირიცხა შვილებთან - ა----------- ლ---- კ-------თან ერთად იგივე მისამართზე, თუმცა მის ფაქტობრივ მისამართად მიეთითა თბილისი, შ. ნ--–-----ის ფ--------ი, I------, I---, კ-----------, ბ------.
მტკიცებულება:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ლ-----------შვილის 2016 წლის 11 აგვისტოს N0------------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 87);
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტები (ს.ფ. 88, 89, 103-105);
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები (ს.ფ. 17-18, 36-37);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 4 დეკემბრის ცნობა (ს.ფ. 16);
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 29, 30).
2.2.2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N-- განკარგულებით სახელმწიფო და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, განკარგულების დანართში მითითებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად დანართშივე მითითებულ ფიზიკურ პირებს (ოჯახის უფროსებს) საკუთრებაში გადაეცათ. მითითებული განკარგულების დანართის თანახმად, თბილისი, ვ---------ის ქუჩა N--–-, მ--- სართულზე 34,00 კვ.მ ფართობის სამი ოთახი (საკადასტრო კოდი №0----------------------) მე--------------ის, მ---- მ-------ის, მ------ ს--------ის, ირ---–--------ასა და ს--–---- ს--------ის ოჯახს გადაეცა. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით ბინის საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება, ოჯახის წევრები საცხოვრებელი ფართობით უზრუნველეყო.
მტკიცებულება:
- საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N-- განკარგულება, დანართი (ს.ფ. 65-66, 67).
2.2.3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N-- განკარგულების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მე--------------ეს შორის 2009 წლის 11 მარტს ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, მე--------------ეს გადაეცა პირობა დადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისში, ვ---------ის ქუჩა N--–-, მ--- სართულზე (საკადასტრო კოდი №0----------------------). დასახელებული ხელშეკრულების 2.2 და 2.5 პუნქტებით მე--------------ეს მისთვის გადაცემულ ქონებაში მ---- ს--------ის, მ------ ს--------ის, ირ---–--------ასა და ს--–---- ს--------ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება დაეკისრა, ხოლო 2.4 პუნქტში აღინიშნა, რომ დასახელებული პირები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღარ იქნებოდნენ უფლებამოსილნი, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისგან კომპენსაცია ან უძრავი ქონების გადაცემა მოეთხოვათ, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.
მტკიცებულება:
- 2009 წლის 11 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 31-32).
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 33-34).
2.2.4. გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნის პასუხად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 25 მაისის N0------------- წერილით ირ---–--------ას მეუღლეს - ს------ო ბ-----ას განემარტა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - ირ---–--------ას ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსაგან საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ვ---------ის ქუჩა N--–- მდებარე ბინა, რის გამოც ირ---–--------ა ითვლებოდა სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი აღარ განიხილებოდა.
მტკიცებულება:
- ს------ო ბ-----ას განცხადება (ს.ფ. 90);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 25 მაისის N0------------- წერილი (ს.ფ. 35).
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 28).
2.2.5. ირ---–--------ას თბილისში, ვ---------ის ქუჩა N--–- 2009 წელს და შემდგომ პერიოდში ფაქტობრივად არ უცხოვრია, არამედ იგი 2008 წლამდე ნათესავთან ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ - სხვადასხვა მისამართებზე დაქირავებულ ბინებში.
დასახელებული გარემოება დასტურდება მოსარჩელის განმარტებით (სარჩელი - ს.ფ. 1-15), ვ---------ის ქუჩა N--–- მცხოვრები მოწმეების - ე-–--- ქ-----–-ას, ტ------- რ-----ისა და ნ------- შ----ას განმარტებებით (2017 წლის 16 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:59:55-17:07:37, 17:09:06-17:10:49, 17:12:21-17:14:13), მოწმე კ--- ჩ---–--–---–ის (ირ---–--------ას ნათესავი) განმარტებით (2017 წლის 16 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:15:38-17:18:20) და მოწმე შ----- ფ--------ის განმარტებით, რომელმაც დაადასტურა ირ---–--------ასათვის 2012-2013 წლებში ბინის მიქირავების ფაქტი (2017 წლის 16 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:56:34-16:58:37). აღნიშნული განმარტებების სარწმუნოობას ამტკიცებს ირ---–--------ას მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის ამსახველი ამონაწერები, რომელთა მიხედვით, 2010-2013 წლებში იგი თბილისში, ნ--–-----ის მ---------ი მდებარე ბინაზე დარიცხულ გადასახადებს იხდიდა (ს.ფ. 19-25).
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება მასზე, რომ ირ---–--------ას თბილისში, ვ---------ის 6-–- დარეგისტრირების ფაქტი მეტყველებდა, რომ 2009 წელს და შემდგომ პერიოდში ირ---–--------ა ფაქტობრივად რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრობდა. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ამ კანონის მიზნებისათვის განმარტავს, რომ დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი ცხოვრობს, მიუხედავად რეგისტრაციისა (მე-4 მუხლის „ე“ პუნქტი), ხოლო დევნილის რეგისტრაციის ადგილად მიიჩნევა სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა (მე-4 მუხლის „დ“ პუნქტი). ამდენად, დევნილის რეგისტრაციას კანონმდებლობა არ უკავშირებს დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მნიშვნელობას. მართალია, 2012 წელს მოქმედი კანონით არ იყო გამიჯნული დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მისი რეგისტრაციის ადგილისაგან, თუმცა ნებისმიერ დროს საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება სწორედ მათი გამიჯვნის საჭიროებას აყენებდა, რამაც ასახვა კანონმდებლობაშიც ჰპოვა.
2.2.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მე--------------ეს შორის 2009 წლის 11 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების სადავო ნაწილის შინაარსის ირ---–--------ასათვის შეტყობინებისა და ხელშეკრულებაზე მისი პოზიციის დაფიქსირების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული აქტის გამოცემისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების საფუძვლების არსებობის მტკიცება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, რომელმაც შესაბამისი აქტი გამოსცა ან ხელშეკრულება გააფორმა. სადავო აქტისა და ხელშეკრულების საფუძვლად წარმოებული ადმინისტრაციული საქმის მასალები სასამართლომ სრულყოფილი სახით გამოითხოვა მოპასუხისაგან, თუმცა წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოკვლეულ იქნა, თუ ფაქტობრივად სად ცხოვრობდა ირ---–--------ა, რა სახის ურთიერთობა აკავშირებდა მე--------------ესთან, ეწეოდა თუ არა მასთან ერთად საერთო შინასამეურნეო საქმიანობას, სურდა თუ არა მის მიერ დაკავებული ბინით დაკმაყოფილება ან/და გამოთქვა თუ არა აღნიშნულზე თანხმობა. სასამართლომ მიიჩნია, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადასტურების გარეშე უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მტკიცება მითითებული გარემოებების სათანადო წესით დადგენასთან დაკავშირებით.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. სახელმწიფო ქონებისა და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N-- განკარგულება, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ირ---–--------ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა.
მითითებული განკარგულების შინაარსიდან გამომდინარე, ამ განკარგულებით რეალიზებულ იქნა ირ---–--------ას, როგორც დევნილის უფლება საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, დადგინდა ირ---–--------ას ოჯახისათვის - ირ---–--------ასთვის, მე--------------ისათვის, მ------ ს--------ისათვის, ს--–---- ს--------ისა და მ---- მ-------ისათვის თბილისში, ვ---------ის 6-–- მდებარე საცხოვრებელი ფართის გადაცემა, რამაც შესაბამისი უფლების ამოწურვა განაპირობა. ამდენად, მნიშვნელოვანია რამდენად ჯეროვნად განხორციელდა ირ---–--------ას უფლება საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ან/და საერთოდ განხორციელდა თუ არა იგი.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებულია დევნილის უფლება, უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით (მუხლი 13). სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით (მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი).
სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე, ითვალისწინებდა დევნილის უფლებას, უზრუნველყოფილი ყოფილიყო დროებითი საცხოვრებლით (მუხლი 5).
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 თებერვლის №47 განკარგულებით იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება დადგინდა, დევნილების გადაწყვეტილების ნებაყოფლობითობა და თავისუფალი არჩევანი, დიალოგი დევნილ მოსახლეობასთან და მისი თანამონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღებაში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპებად განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებები დეტალურად სამოქმედო გეგმაში ჩამოყალიბდა.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამა დამტკიცდა, რომლითაც დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები, ასევე, საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა უნდა განხორციელებულიყო; მითითებული განკარგულების მიხედვით, საპრივატიზებოდ შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მათი რეაბილიტაციის შემდგომ საკუთრებაში ამ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილებს უნდა გადასცემოდათ, მათში რეალურად მცხოვრები დევნილებისა და მათ ოჯახებთან დაკავშირებული მონაცემების დადგენა კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ უნდა მომხდარიყო. უშუალოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზება ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის მიხედვით ხდებოდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც სასამართლომ დაადგინა, 2009 წლის მდგომარეობით და შემდეგ ირ---–--------ას თბილისში, ვ---------ის 6-–- ფაქტობრივად არ უცხოვრია, იგი მე--------------ესთან, მ------ ს--------ესთან, ს--–---- ს--------ესა და მ---- მ-------ესთან ერთად საერთო საოჯახო მეურნეობას არ ეწეოდა, ვერ იქნა დადასტურებელი ირ---–--------ას ბინით დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის პროცესში მისი მონაწილეობა ან/და ამ საკითხზე მისი მხრიდან რაიმე სახის პოზიციის დაფიქსირება (პუნქტი 4.5 და 4.6), რაც ამ აქტის გამოცემის განმაპირობებელი არსებითი გარემოება იყო. მიუხედავად ამისა, მითითებული გარემოებები სადავო განკარგულების გამოცემის საფუძვლად განხორციელებული წარმოებით გაურკვეველი საფუძვლით დადასტურებულად ჩაითვალა და ამ განკარგულების გამოცემის საფუძველი გახდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონებისა და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N-- განკარგულება ირ---–--------ას ნაწილში გამოცემულია კანონის დარღვევით, უსაფუძვლოდ ადგენს ირ---–--------ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ფაქტს, ირ---–--------ას კი ამ უფლების რეალიზების შესაძლებლობას ართმევს. ამდენად, არსებობს მითითებული განკარგულების ირ---–--------ას ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველი.
2.3.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მე--------------ეს შორის 2009 წლის 11 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული აქტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს, ვინაიდან დადებულია მითითებული სამინისტროს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების - სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N-- განკარგულების საფუძველზე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას სამოქალაქო კოდექსის ნორმები აწესრიგებს, ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობას იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა იწვევს, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულება დაიდო.
მოცემულ შემთხვევაში, პრეზიდენტის განკარგულება, რომლის საფუძველზეც სადავო ხელშეკრულება გაფორმდა, სასამართლომ ბათილ აქტად მიიჩნია. ამდენად, სახეზეა ბათილი აქტის შესაბამის ნაწილში ხელშეკრულების გაბათილების საფუძველიც.
გარდა ამისა, ხელშეკრულების სადავო ნაწილი ბათილია სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვითაც. აღნიშნული ნორმის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ირ---–--------ას ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მე--------------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მასზე ირ---–--------ას ინფორმირებისა და მისი მხრიდან მოსაზრების მიღებისა და შეფასების გარეშე გაფორმდა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლი კი ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმებისას ადმინისტრაციული ორგანოს აკისრებს ვალდებულებას, დასადებ ხელშეკრულებაზე აცნობოს იმ პირის, რომლის ინტერესებსაც ხელშეკრულება შეიძლება შეეხოს და მიიღოს მისგან მოსაზრება. ამდენად, 2009 წლის 11 მარტის ხელშეკრულება დადებულია სამინისტროს მხრიდან მითითებული ვალდებულების დარღვევით, ხოლო აღნიშნული დარღვევის შედეგად მოსარჩელის უფლების უგულებელყოფამ განაპირობა მისი, როგორც დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების ჯეროვანი რეალიზების ინტერესის შელახვა (აღნიშნულ უფლებაზე ვრცლად მითითებულია 7.1 პუნქტით).
2.3.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 25 მაისის N0------------- წერილის შინაარსიდან გამომდინარე, იგი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია გამომცემი სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელისათვის უარის თმის შესახებ და ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა.
მითითებული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ირ---–--------ას ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხის განხილვაზე იმაზე მითითებით, რომ ოჯახი იყო დაკმაყოფილებული საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N-- განკარგულებისა და 2009 წლის 11 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით (მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი).
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N-- განკარგულება და 2009 წლის 11 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ირ---–--------ას ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილებულად ჩაითვალა, სასამართლომ ბათილად ცნო (7.1 და 7.2 პუნქტები). ამდენად, არ არსებობს 2016 წლის 25 მაისის N0------------- წერილის საფუძველიც, რაც მის კანონიერებას გამორიცხავს. შესაბამისად, მითითებული აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2.3.4. სასარჩელო მოთხოვნები საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფაქტის არარსებობის აღიარებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებულად აღრიცხვის გაუქმების დავალების თაობაზე წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 25-ე მუხლების დარღვევით, უსაფუძვლოდ წარმოდგენილ მოთხოვნებს, რომელთა ამ სახით დაკმაყოფილების ინტერესი მოსარჩელეს არ გააჩნია. დასახელებული მუხლების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოსთვის ქმედების დავალების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის საფუძველია ამ ქმედებაზე უარის თქმა (24-ე მუხლი), აღიარებითი სარჩელის აღძვრა კი დასაშვებია, თუ მოსარჩელეს დასახული მიზნის მიღწევა ამ კოდექსის 22-24-ე მულებით არ შეუძლია (25-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განკარგულებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოიცავს საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფაქტის არარსებობის აღიარებას და განაპირობებს ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებულად აღრიცხვის გაუქმებას, რაზეც უარი წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ნათქვამი ვერ იქნება.
2.3.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა მოპასუხეების პოზიცია სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ირ---–--------ასათვის 2009 წლის 11 მარტის ხელშეკრულების თაობაზე მისი გაფორმების დროისთვის ან მოგვიანებით ისეთ დროს გახდა ცნობილი, რაც სარჩელის ხანდაზმულობაზე დასკვნას განაპირობებდა.
3. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტების განმარტებით, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები, რასაც მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. ამასთან, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და არსებობს სადავო გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
პალატას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96-ე მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.
სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მიუთითებს მასზე და განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მართებული გადაწყვეტილებაა მიღებული.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები:
აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დაადგინა
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე