განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210118002366537
საქმე №2/ბ-611-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ივლისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: შპს ,,ჰ----2---“
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,-------------–--------------–-“
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 23 მარტს, შპს ,,ჰ--- -2---"-ის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ქ. ბ------------–--------------–-" და მოპასუხეზე 6141, 46 ლარის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს მოპასუხე, შპს ,,ქ. ბ------------–--------------–-ს" მოძრავ ნივთებს, მისი საბალანსო ღირებულების-6141,46 ლარის ფარგლებში, რომელიც განთავსებულია ქ. ბ------–--------------–-------------ში.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მათთვის ცნობილია, რომ შპს ,,-------------–--------------–-“ ფინანსური პრობლემების გამო, აპირებს მისი ქონებისა და აქტივების გასხვისებას, ამიტომ არსებობს სერიოზული ეჭვი იმისა, რომ მოპასუხემ შესაძლოა, მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გაასხვისოს, გადაადგილოს ან უფლებრივად დატვირთოს, რის შედეგადაც, მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. ამ ზიანის აცილება კი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით არის შესაძლებელი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინებით, შპს ,,ჰ----2---“-ის წარმომადგენელს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს მოპასუხისათვის ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვით (ყადაღის დადება), გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვით და სხვა გზით. ამასთან, განმცხადებელს თავად ევალება მიუთითოს განცხადებაში იმ კონკრეტულ გარემოებებზე (ფაქტებზე), რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
განცხადებაში მარტოოდენ გარემოებებზე მითითება არ არის საკმარისი, ვინაიდან, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს უნდა შეექმნას რწმენა და ალბათობის მაღალი ხარისხით დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე, გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადებას, მაგრამ არ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, რაც სასამართლოს არ უქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას განცხადების (შუამდგომლობის) დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ჰ----2---“-ის წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს ,,-------------–--------------–-“ სრული დატვირთვით ვეღარ ფუნქციონირებს, ის გაკოტრების ზღვარზეა. უკვე რამოდენიმე თვეა თანამშრომლებს ვეღარ უხდის ხელფასს და აღნიშნულზე მიმდინარეობს სასამართლო დავა.
გარდა ამისა, მათთვის ცნობილია, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სხვადასხვა მყიდველთან და მაღალი ალბათობით იგი უნდა გაიყიდოს. სავარაუდო მყიდველი კი არის შპს ,,მედინა“.
თუკი მოხდება შპს ,,-------------–--------------–-ს“ გასხვისება, მათი სარჩელი აზრს დაკარგავს და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან საერთოდაც აღუსრულებელი დარჩება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს ,,ჰ----2---“-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
დადგენილია, რომ 2018 წლის 23 მარტს, შპს ,,ჰ--- -2---"-ის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ქ. ბ------------–--------------–-" და მოპასუხეზე 6141, 46 ლარის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს მოპასუხე, შპს ,,ქ. ბ------------–--------------–-ს" მოძრავ ნივთებს, მისი საბალანსო ღირებულების 6141,46 ლარის ფარგლებში, რომელიც განთავსებულია ქ. ბ------–--------------–-------------ში.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინებით შპს ,,ჰ----2---“-ის წარმომადგენელს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ჰ----2---“-ის წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
პალატა ასევე მიუთითებს მასზედ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შემთხვევაში, კანონი იმავდროულად იცავს მოპასუხის ინტერესებსაც.
მართალია, ეს ღონისძიება თავისი სამართლებრივი თვალსაზრისით მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესის შევიწროებას გულისხმობს, თუმცა იგი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მოპასუხის უფლებების უპირობოდ შემზღუდველი ღონისძიება. ამიტომ, სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერების შედეგად უნდა იმსჯელოს, გამოიყენოს თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შესაძლოა ერთი მხარის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მეორისა კი პირიქით.
საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2.”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს, ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება.
გარემოება, რის გამოც საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) ითხოვს შპს ,,ქ. ბ------------–--------------–-ს" მოძრავ ნივთებზე, მისი საბალანსო ღირებულების- 6141,46 ლარის ფარგლებში ყადაღის დადებას, არის ვარაუდი, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან საერთოდაც ვერ აღსრულდება, ვინაიდან, მოპასუხე გაკოტრების ზღვარზეა, ასევე აპირებს კუთვნილი ქონების გასხვისებას, თუმცა, სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ამ გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები არ მიუთითებია და არც წარმოუდგენია, რაც დაუსაბუთებელს ხდის მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თავად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, მხარეები არ უნდა აღმოჩნდნენ ისეთ სამართლებრივ ვითარებაში, რომ ნაცვლად მათი დარღვეული უფლებების რეალური აღდგენისა და ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიისა, უზრუნველყოფის ღონისძიებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი.
როგორც საჩივრის შინაარსით ირკვევა, შპს ,,-------------–--------------–-“ დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს და წარმოადგენს მოქმედ სამშობიარო სახლს, ამასთან მოცემული დავის განხილვა გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული, პალატა მიიჩნევს, რომ სამშობიარო სახლის მოძრავ ნივთებზე, მისი საბალანსო ღირებულების 6141,46 ლარის ფარგლებში ყადაღის დადებით, შესაძლოა მოპასუხე მხარეს წარმოეშვას ისეთი ზიანი, რაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და სარჩელის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დასაბუთებულია და არ არსებობს შპს ,,ჰ----2---“-ის საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ჰ----2---“-ის (წარმომადგენელი-რ----- ჯ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ნანა კალანდაძე