განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2018
საქმის ნომერი
100210118002464112
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100210118002464112

საქმე №2/ბ-618-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ივლისი 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე): ზ----- ტ--------

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): გ---–----- მ----–---

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განჩინება

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2018 წლის 25 მაისს, საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ-----ი ტ--------- წარმომადგენელმა ნ--- ღ--------–---–--, მოპასუხედ დაასახელა გ---–----- მ----–--- და საკომლო წიგნში, კომლის წევრობაზე მოპასუხის ჩანაწერის გაუქმება მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნეს ყველა ის ღონისძიება, რაც გათვალისწინებულია სსსკ 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით მის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა ეფუძნება საფუძვლიან ეჭვს, რომ მოპასუხე გ. მ----–---მ შესაძლოა, ვიდრე სასამართლო დავა არ გადაწყდება მიიღოს მემკვიდრეობა, დაირეგისტრიროს ქონება თავის სახელზე და გაასხვისოს იგი, რადგან უკვე მიმართა ნოტარიუსს და საჯარო რეესტრს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მითითებული არ არის, კონკრეტულად რომელი ღონისძიება, რომელ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით შეიძლება იქნეს გამოყენებული, ასევე არაა მითითებული, თუ რომელ უზრუნველყოფის ღონისძიებას აქვს პრიორიტეტი სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის საკითხში.

განსახილველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ მოპასუხე აგრძელებს მოქმედებებს იმ ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის მიზნით, რომელი ქონების მემკვიდრეც მოსარჩელეა, ამდენად, მოსარჩელეს უფლების დაცვის მიზნით, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ყველა ის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც გათვალისწინებულია სსკ 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განჩინებით, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლი შეიცავს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც შესაძლებელია სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნეს სარჩელის უზრუნველსაყოფად.

ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.

იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია ზოგადი შინაარსის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას, სადაც საპროცესო ნორმა პირდაპირ მიუთითებს მოსარჩელის ვალდებულებაზე, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს განცხადება, ასევე მიუთითოს სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია აუცილებლად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

აღნიშნული საპროცესო ნორმებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ასევე არ არის მითითებული ღონისძიების კონკრეტული სახე რომლის გამოყენების აუცილებლობა დასაბუთებული იქნებოდა სასარჩელო მოთხოვნასთან ურთიერთკავშირში, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ზ----- ტ--------- წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, შუამდგომლობაში გარკვევითაა მითითებული იმის შესახებ, რომ სასამართლომ მიიღოს სარჩელის უზრუნველყოფის ყველა ის ღონისძიება, რომელსაც მოიცავს სსსკ 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამიტომ, სასამართლოს მითითება აღნიშნულზე უსაფუძვლო და გაურკვეველია.

კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არის დასაბუთებული, რომ შუამდგომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, სამკვიდრო ქონებას მიიღებს ის პიროვნება, რომელიც გაყალბებული დოკუმენტებით მოქმედებს დღემდე.

სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა იქნეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ითვალისწინებს სსსკ 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

საჩხერის რაიონული სამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ზ----- ტ--------- საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

დადგენილია, რომ 2018 წლის 25 მაისს, საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ-----ი ტ--------- წარმომადგენელმა ნ--- ღ--------–---–--, მოპასუხედ დაასახელა გ---–----- მ----–--- და საკომლო წიგნში, კომლის წევრობაზე მოპასუხის ჩანაწერის გაუქმება მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნეს ყველა ის ღონისძიება რაც გათვალისწინებულია სსსკ 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განჩინებით, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ზ----- ტ--------- წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის, რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

აღნიშნული ნორმის თანახმად, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი, განმცხადებელმა სასამართლოს უნდა ჩამოუყალიბოს არა ვარაუდი, არამედ დასაბუთებული ვარაუდი უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების საჭიროებისა. დასაბუთებული ვარაუდი კი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის, ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2-ე მუხლში მითითებული კონტრეტული ღონისძიებებიდან სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თუ რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.

პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება თავისი სამართლებრივი თვალსაზრისით მოპასუხის უფლებისა, თუ ინტერესის შევიწროებას გულისხმობს, თუმცა იგი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მოპასუხის უფლებების უპირობოდ შემზღუდველი ღონისძიება. ამიტომ, სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერების შედეგად უნდა იმსჯელოს, გამოიყენოს თუ არა მოსარჩელეს მიერ მოთხოვნილი კონკრეტული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შესაძლოა ერთი მხარის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მეორისა კი პირიქით.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი ზოგადად ითხოვს, სსსკ 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ყველა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-ე, 198.1 და 191.1 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ:

მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და სარჩელის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას ყოველი კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იმის მიხედვით, თუ როგორი ასაბუთებს მოსარჩელე მის მოთხოვნას და არის თუ არა მისი გამოყენების აუცილებლობა.

ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში ზ.ტ--------- შუამდგომლობა არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას, სსკ-ის 198.2 მუხლში მითითებული ცალკეული ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე, მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ სასამართლომ თავისი შეხედულებით განსაზღვროს და გამოიყენოს სსკ-ის 198.2 მუხლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება ან რამდენიმე, რომლითაც მოხდება მოსარჩელეს ინტერესების დაცვა, ეწინააღმდეგება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებს და დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ----- ტ--------- პრეტენზია იმის თაობაზე, რომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე დასაბუთებულია, გაზიარებული ვერ იქნება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, დასაბუთებულია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, ზ----- ტ--------- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ----- ტ--------- (წარმომადგენელი-ნ--- ღ--------–---–-) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: ლაურა მიქავა

 

ნ--- კალანდაძე