განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.07.2018
საქმის ნომერი
080210018002459397
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
18.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018002459397

საქმე #2/ბ-686-18წ.

ganCineba

საქართველოს სახელით

18 ივლისი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

მურთაზ მეშველიანი

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: ჯ----– ი-----–----

მოწინააღმდეგე მხარე: ლ--–- ბ-----, ე----- პ---------

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინება

დავის საგანი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2018 წლის 23 მაისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ჯ----– ი-----–-----, მოპასუხედ დაასახელა ლ--–- ბ-----, ე----- პ--------- და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა, ზუსტი საზღვრის დადგენა და მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, ჯ----– ი-----–---- უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი წარდგენილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლების პირობების დარღვევით, რაც ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ”თ” პუნქტის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია, კერძოდ:

სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით არ იყო ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებებთან დაკავშირებით; გარდა ამისა, წარმოდგენილი ფორმულირებით მოთხოვნის განხილვა და ამ განხილვის შედეგად გადაწყვეტილების მიღება სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია.

დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ჯ----– ი-----–----- და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის სარჩელს ერთვოდა არა მარტო ამონაწერი საჯარო რეესტრისდან, არამედ N3 დანართი-ნასყიდობის ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეძენის შესახებ, აგრეთვე ნასყიდობის ხელშეკრულება იგივე მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის ვლადიმერ ჩაგანავას მიერ სამსონ გრიგალაშვილისაგან შეძენის შეახებ. სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სწორედ ამ გარიგებებზე ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, რაც დაუსაბუთებელს ხდიდა გასაჩივრებულიგანჩინებას.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ ჯ----– ი-----–----ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 23 მაისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ჯ----– ი-----–-----, მოპასუხედ დაასახელა ლ--–- ბ-----, ე----- პ--------- და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა, ზუსტი საზღვრის დადგენა და მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, ჯ----– ი-----–---- უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ჯ----– ი-----–----- და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

პალატა განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის განხილვა, სწორად უთხრა თუ არა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯ----– ი-----–---- სარჩელის მიღებაზე უარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

მართალია, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული, თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს, თუმცა იგი იმავდროულად ვალდებულია, სსკ-ის 177.3. მუხლის შესაბამისად წარადგინოს სარჩელი, რომელიც უპასუხებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს, ასევე სარჩელი შედგენილი იქნება ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. მასში სრულყოფილად და თანამიმდევრობით იქნება ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

ამავე კოდექსის 178-ე მუხლის ,,ე, ვ, ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით, სარჩელში უნდა მიეთითოს მოსარჩელის მოთხოვნა, კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.

ამდენად, მოსარჩელეს ევალება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებიც გამომდინარეობენ შესაბამისი სამართლის ნორმიდან და ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ეს ფაქტები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა დაფიქსირდეს სარჩელის შესაბამის გრაფაში.

განსახილველ შემთვევაში ირკვევა, რომ მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეთა თანასაკუთრებაში რეგისტრირებული 412 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 24 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოთხოვას და ჯ----– ი-----–----ს საკუთრებაში აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე დამატებას, თუმცა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული არ არის ჯ. ი-----–----ს უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, ასევე სადავო 24 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრები.

შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დასაზუსტებელია, რაც უნდა ჩამოყალიბდეს ნათლად და გარკვევით.

პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებული სახით დაფიქსირებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, მოპასუხეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იცოდეს კონკრეტულად ვინ და რას ედავება, რათა განახორციელოს მისი უფლების სრულყოფილი დაცვა, ამასთან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს რა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობისას ან სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, სასამართლოს უნდა შეეძლოს სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების იურიდიულ შესაბამისობაზე მსჯელობა, რაც წარმოდგენილი სარჩელის ბუნდოვანების შემთხვევაში შეუძლებელია.

ვინაიდან, სარჩელში დაფიქსირებული მოთხოვნა ბუნდოვანია, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ----– ი-----–----ს სარჩელის მიღებაზე უარის თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ჯ----– ი---–----- კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი

სიმონ ჩხაიძე