განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 0502-0118002351738
საქმე №2/ბ-637-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ივლისი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
მურთაზ მეშველიანი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოპასუხე): შპს ,,ა------ -2-“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): შპს ,,ა------“
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განჩინება
გამოარკვია:
2018 წლის 15 მარტს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ა------ს წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ა------ 2-" და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების- 24 723,02 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს მოპასუხის-შპს ა------ 2--ის (ს/კ 2--------, მდებარე ჩოხატაური, სოფ. გ-----) სახელზე არსებულ ყველა საბანკო ანგარიშს სასარჩელო მოთხოვნის- 24 723.02 ლარის ფარგლებში.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მოპასუხე ჯიუტად არიდებს თავს მის მიერ არაერთგზის, მათ შორის წერილობით აღიარებული ვალდებულების შესრულებას, რომელიც დღემდე არ დაფარულა. მოპასუხეს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, ხოლო ორ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა.
ეჭვგარეშეა, რომ მოცემული საქმე წარმოადგენს სწორედ ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთმნიშვნელოვანია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გადაუდებელი აუცილებლობა.
შესაბამისად, სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების ერთადერთ მექანიზმს, მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება წარმოადგენს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განჩინებით, შპს ა------ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხის-შპს ა------ 2--ის (ს/კ 2--------, მდებარე ჩოხატაური, სოფ. გ-----) სახელზე არსებულ ყველა საბანკო ანგარიშებს სასარჩელო მოთხოვნის 24 723.02 ლარის ფარგლებში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმრტა:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რაც ნათლადაა ჩამოყალიბებული ამავე კოდექსის 191-ე მუხლში, რომლის თანახმადაც სარჩელის უზრუნველყოფა დასაშვებია, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფა არის სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისთვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, რაც დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის ან დააბრკოლებს მოპასუხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქ/პუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნას ყადაღის დადება ქონებაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობა შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან/და შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, რაც სასამართლოს უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების (შეუძლებლობის) თაობაზე.
შესაბამისად, განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ა------ -2-“-ის წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს, ვალდებული იყო გაეთვალისწინებია, რომ მოპასუხე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ამ საქმიანობის განხორციელების ფარგლებში დადებული აქვს ხელშეკრულებები კონტრაჰენტებთან და გააჩნია ამ ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი უფლება-მოვალეობანი.
გარდა ამისა, მეწარმე სუბიექტს გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე, ასევე საწარმოში დასაქმებულია მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც იღებენ ანაზღაურებას. ფულად სახსრებზე ყადაღის დადებით კი ეკრძალებათ ამ სახსრების გამოყენება და ნებისმიერი ფორმით განკარგვა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას და დააბრკოლოს სამეწარმეო საქმიანობა, ასევე გამოიწვიოს საწარმოს პარალიზება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არის გაუმართლებელი და უნდა გაუქმდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ
შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2018 წლის 15 მარტს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ა------ს წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ა------ 2-" და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების-24723,02 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს მოპასუხის-შპს ა------ 2--ის (ს/კ 2--------, მდებარე ჩოხატაური, სოფ. გ-----) სახელზე არსებულ ყველა საბანკო ანგარიშს სასარჩელო მოთხოვნის- 24723.02 ლარის ფარგლებში.
დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განჩინებით, შპს ა------ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხის-შპს ა------ 2--ის (ს/კ 2--------, მდებარე ჩოხატაური, სოფ. გ-----) სახელზე არსებულ ყველა საბანკო ანგარიშებს სასარჩელო მოთხოვნის 24 723.02 ლარის ფარგლებში.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ა------ -2-“-ის წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს:
სსსკ-ის კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის, მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას.
შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხე ჯიუტად არიდებს თავს მის მიერ არაერთგზის, მათ შორის წერილობით აღიარებული ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომელიც დღემდე არ დაფარულა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება (დავალიანება) შეადგენს 24 723, 02 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს საკუთრების უფლება მყიდველს ქონებაზე და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული თანხა და მიიღოს ნაყიდი საქონელი.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანამხდ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთლსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამ ნორმათა შესაბამისად, შპს ,,ა------ს“ მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივაც.
პალატის აზრით, თუკი დაკმაყოფილდება შპს ,,ა------ს“ სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან მის აღსრულებამდე მოპასუხე მის ანგარიშზე არსებულ თანხას განკარგავს და სხვა ქონება აღარ დარჩება, შესაძლოა გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს მოცემულ საქმეზე სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
ამდენად, მოსარჩელეს მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფა აუცილებელია-დასაბუთებულია.
პალატა იმავდროულად განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება მხარეთა ინტერესების შესაბამისი უნდა იყოს. ერთი მხრივ, მან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა უზრუნველყოს და მეორე მხრივ, მოპასუხეს არათანაზომიერ, გაუმართლებელ ტვირთად არ უნდა დააწვეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო მხედველობაში იღებს სარჩელის პერსპექტიულობას და იმ გარემოებას, რამდენად მოსალოდნელია მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით, ქონების განკარგვა (იქნება ეს უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისება, თუ თანხის გატანა საბანკო ანგარიშიდან).
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ცნობით ირკვევა, რომ შპს ,,ა------ -2-’“-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არაა, ხოლო შსს მოსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, შპს ,,ა-------2-“-ის საკუთრებაში რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა (ს.ფ.32-34).
პალატა ეთანხმება მოსარჩელეს მითითებას, რომ ვინაიდან, მოპასუხეს სხვა ქონება არ გააჩნია, შესაძლოა, საკუთარი შეხედულებით განკარგოს მის ანგარიშზე არსებული თანხა ისე, რომ აღნიშნულის შედეგად საფრთხე შეექმნას სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
ამდენად, მოპასუხის ანგარიშებზე ყადაღის დადება გამართლებულია.
მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დღეისათვის, იურიდიული პირი შემოსავალს ჩვეულებრივ, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით იღებს. წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, სარჩელის ფასი განსაზღვრულია 24, 723,02 ლარი. თუკი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობა 24 723, 02 ლარს არ აღემატება, ასეთ ვითარებაში, ანგარიშებზე ყადაღის დადებამ, შეიძლება მოპასუხე დატოვოს შემოსავლის გარეშე, რის გამოც ვეღარ შეძლებს საწარმოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების გაღებას (საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, საწარმოში დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ანაზღურების გაცემა), ეს კი დაუშვებელია.
შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოპასუხეს, სავარაუდოდ მიღებული ან მისაღები შემოსავლის ნაწილი მაინც დარჩეს.
ამ მსჯელობის გათვალისწინებით, ყადაღა უნდა დაედოს მოპასუხე, შპს ,,ა------ 02-“-ის კუთვნილ 2000 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 24 723, 02 ლარის ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა.
ამდენად, შპს ,,ა-------2-“-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და შპს ,,ა------ს“ მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ყადაღა უნდა დაედოს შპს ,,ა-------2-“-ის კუთვნილ, 2000 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 24,723, 02 ლარის ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ა-------2-“-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განჩინება;
3. შპს ,,ა------ს“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს შპს ,,ა-------2-“-ის კუთვნილ, 2000 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 24 723, 02 ლარის ფარგლებში, ოღონდ, ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა;
5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
6. განჩინება არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
მურთაზ მეშველიანი