განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
090210118002465924
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები, სესხი
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 090210118002465924

საქმე №2/ბ-631-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 აგვისტო 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი: გ------- ლ----------

მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ს----- კ---------“

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების კანონიერება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა

 

გამოარკვია:

ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ს----- კ---------ს“ წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა გ------- ლ---------- და მოპასუხისათვის, შპს ,,ს----- კ---------ს“ სასარგებლოდ, სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7205 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

მოსარჩელეს მითითებით, 2014 წლის 26 ნოემბერს, შპს ,,ს----- კ---------“ და გ------- ლ----------ს შორის გაფორმდა სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ ისესხა 5700 აშშ დოლარი 5.5 % თვიური საპროცენტო სარგებლით, რის სანაცვლოდაც, გირავნობით დაიტვირთა მოპასუხე გ.ლ----------- კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, შპს ,,ს----- კ----------“ გ.ლ----------- ავტოსატრანსპორტო საშუალება გაათავისუფლა გირავნობისაგან, რათა მოვალეს მოეხდინა მისი რელიზაცია და დაეფარა კომპანიის წინაშე არსებული დავალიანება, თუმცა მოვალის მიერ ვალდებულება სრულად შესრულებული არ იქნა და კომპანიის წინაშე გ.ლ----------ს დარჩა დავალიანება 2921.82 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდასაც თავს არიდებს და რამაც განაპირობა სარჩელის წარდგენა.

იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, შპს ,,ს----- კ---------ს“ წარმომადგენელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მოპასუხე გ------- ლ----------- საბანკო ანგარიშებს – 7205 ლარის ფარგლებში.

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორივე, ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. სასამართლო ვალდებულია დაიცვას ბალანსი კრედიტორის კანონიერ მოთხოვნასა და მოვალის, ასევე კანონიერ ინტერესს შორის, არ შეზღუდოს იმაზე მეტად, ვიდრე ეს კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაა აუცილებელი.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნაა მოპასუხისათვის 2014 წლის 26 ნოემბრის სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების – 2921.82 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის-7205 ლარის დაკისრება.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მოპასუხე თავს არიდებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, რაც მოსარჩელეს უქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მოპასუხე მომავალშიც არ შეასრულებს ნებაყოფილობით ვალდებულებას და გადაწყვეტილებას გახდის აღუსრულებელს.

სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლებისა და მხარის მიერ მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის, ასევე დავის საგნის მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ს----- კ---------ს'' შუამდგომლობა საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა გ------- ლ----------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის გამოყენებით, მას შეეზღუდა ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის, ვერ შეძლებს ხელფასის მიღებას, საკვები და საყოფაცხოვრებო ხარჯების გადახდას, რაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.

გარდა ამისა, სარჩელში მითითებული დავალიანება აღარ არსებობს, რაც უსაფუძვლოს ხდის მოსარჩელეს მოთხოვნას.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ

შეცვლის დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ს----- კ---------ს“ წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა გ------- ლ---------- და მოპასუხისათვის, შპს ,,ს----- კ---------ს“ სასარგებლოდ, სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების-7205 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

დადგენილია, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, შპს ,,ს----- კ---------ს“ წარმომადგენელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა გ------- ლ----------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

პალატა განმარტავს:

სსსკ-ის კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის, მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას.

შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე თავს არიდებს 2014 წლის 26 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების-2921.82 აშშ დოლარის გადახდას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანამხდ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთლსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ამ ნორმათა შესაბამისად, შპს ,,ს----- კ---------ს“ მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივაც.

პალატის აზრით, თუკი დაკმაყოფილდება შპს ,,ს----- კ---------ს“ სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან მის აღსრულებამდე მოპასუხე ანგარიშზე არსებულ თანხას განკარგავს და სხვა ქონება აღარ დარჩება, შესაძლოა გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს, მოცემულ საქმეზე სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

ამდენად, მოსარჩელეს მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფა აუცილებელია-დასაბუთებულია.

პალატა იმავდროულად განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ღონისძიება მხარეთა ინტერესების შესაბამისი უნდა იყოს. ერთი მხრივ, მან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა უზრუნველყოს და მეორე მხრივ, მოპასუხეს არათანაზომიერ, გაუმართლებელ ტვირთად არ უნდა დააწვეს.

ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

დღეისათვის, ფიზიკური პირი შემოსავალს, მათ შორის, ხელფასს, ჩვეულებრივ, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით იღებს. მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობა, შესაძლებელია, 2921.82 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს არ აღემატებოდეს. ასეთ ვითარებაში, ანგარიშებზე ყადაღის დადებამ, შეიძლება, მოპასუხე დატოვოს შემოსავლის გარეშე, ეს კი დაუშვებელია.

ამდენად, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოპასუხეს სავარაუდოდ მიღებული ან მისაღები შემოსავლის ნაწილი მაინც დარჩეს.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ყადაღა დაედოს მოპასუხის კუთვნილ 200 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 7205 ლარის ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა.

შესაბამისად, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინება, რომლითაც შპს ,,ს----- კ---------ს“ მოთხოვნის საფუძველზე, ყადაღა დაედო გ------- ლ----------- საბანკო ანგარიშებს 7205 ლარის ფარგლებში და გათვალისწინებული არ იქნა მოპასუხისათვის მინიმალური საარსებო საშუალების განკარგვის უფლებამოსილება-ნაწილობრივ დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

ამდენად, გ------- ლ----------- საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, შპს ,,ს----- კ---------ს“ მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ყადაღა უნდა დაედოს გ------- ლ----------- კუთვნილ, 200 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 7205 ლარის ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ------- ლ----------- საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინება;

3. შპს ,,ს----- კ---------ს“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს გ------- ლ----------- კუთვნილ 200 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 7205 ლარის ფარგლებში, ოღონდ, ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა;

5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

6. განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე